ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jaden
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2013


კიდობანი

შენ ახლა

ახლა შენს თვალებში,
ქალი-ქარი-შხალი ვნებების.
ნერვულად ძარღვი კრთის
ქვისგან გამოკვეთილ პროფილზე
და ვითომ გულგრილად,
სიგარეტს უკიდებ სიცივეს
იმედით-
ფილტვებმა სიგიჟის შეტევა გაფილტროს.

ახლა შენს ცხელ თითებს,
გაჟღენთილს კვამლით და კაეშნით,
ვიღაცის კონტურის
ნარჩენი სიმშვიდეც გაცლია.
და მე ცისკენ ვისვრი ოცნების თაიგულს,
ისედაც,
ქუჩა წაულეკავს
ამ ყვითელ, უგულო ნარცისებს.

მერე კი, ჩემს ფიქრებს,
მონასტრის შევაბამ კარიბჭეს,
თორემ ეგ სიყალბე
მიშუშხავს მზისგულა ენძელებს,
იცოდე-
ეს ჩემი,
წლობით ნაშენები სიმაღლე,
გახსოვდეს-
ეს ჩემი,
სიმწრით ნაფრთხილები ღიმილი,
ყველა შენს სიტყვაზე,
ყველა შენს გრძნობაზე
გამძლეა!

22.06.09.

...

არიან კაცები


არიან კაცები - თვალებში დამწველი სიცივით.
არიან კაცები - მუხლებზე გინდება დაცემა.
კაცური კაცები, მამების კაცური შვილები-
დარჩენილ კითხვებზე პასუხის კაცურად გაცემა.

არიან კაცები,ძვლებამდე გატანენ მზერით და
ბროლივით გემსხვრევა სულ ყველა ტაბუ და ტოტემი...
სევდიან ტომებად შეკრული ბავშვობის წლებიდან,
ცოდვა აქვთ სათრევი, ნაშიფრი საკუთარ ფონტებად.

სულ ბოლო შანსია გათვლილი,
სულ ბოლო გარისკვა.
ნერვები თრთიან და დასცინი ატუზულ გიენებს,
ვიცი, შენ არასდროს გჭირდება მომავლის კოზირი,
ძარღვებში ისედაც ფოლადის წარსული გიელავს.

13.04.09.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები