ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანციოლა
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2014


მწვანე პომიდორი / სხვაობა

ყველა ოთახში საკუთრივი პეიზაჟია,
ისევე, როგორც ყველა ტყეში იპოვნი წყაროს,
უბრალოდ უჭირს დაბრუნება, ღმერთი გზაშია,
და ალბათ უცდის, ხვალ ან ზეგ რომ გამოიდაროს.

წყალი დაღვრილა მაგიდაზე, ჭიქაც ძირს გდია,
თეფშზე დააწყობ რამდენიმე მწვანე პომიდორს
იატაკისკენ მზერას შეკრავს თვალთა გილდია
აყრილი ბინა გაგახსენებს, თითქოს ომის დროს

როცა ნაღმები ხმაურობდნენ ფეხის ნაბიჯზე
როცა ეზოში მეზობლები დახვრიტეს მიჯრით
როდესაც ღმერთის არსებობა უფრო გაგიჟებს
დაფლეთილ გვამებს როცა აწყობ საფლავის რიგში.

და თითქოს ყველა წინააღმდეგ მოდის შენს ირგვლივ
ადამიანებს ყრიან ცეცხლში, დააკლდათ შეშა.
მთის ბილიკებზე გამოყრილი ხალხი რომ ივლის
სექტემბრის ყინვა გამზადებულ სიცოცხლეს შეჭამს

ოცი წელია არ გასვენებს მიწის ძახილი
შენს სამშობლოში გძინავს, მაგრამ კოშმარებს ხედავ
და ყოველ ღამით თვალებს ტოვებ ოდნავ გახელილს
რომ უფრო სწრაფად გამოფხიზლდე შენსავე ბედად.

აიღებ ჭიქას,წყალს ამშრალებ და წმენდ მაგიდას
კადრებსაც წაშლი,შენს თვალწინ რომ ხროვად ეყარა
მწვანე პომიდორს დანით დაჭრი ბევრ ტოლ ნაწილად
და დაგაფიქრებს უმწიფარი შენი ქვეყანა.

2011 წელი / სექტემბერი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები