ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2014


ცოცხალ-მკვდრობისანი



ტბა თავის თავში იხედება,
და არ ადარდებს,
თუკი ხანდახან მთვარის ნამლევი
მის ზედაპირზე ქიმს შეისწორებს,
ან ვარსკვლავები შეუმჩნევლად
ენის წვერით ტუჩს ისველებენ .

ზეციურებმა იციან სიბრძნე სამარადისო,
რომ იმსიღრმემდე არაფერში
შეტოპვა არ ღირს,
სადაც,
რომ გინდა, ისე ლამაზი ვერ იქნები,
არც ხარ დაცული.

მხოლოდ მზე სწვდება
ყველა ცოცხალ-მკვდარს
გულისგულამდე,
მაგრამ მზეა და
მზეობს კიდეც,
სხივს გამყოფინებს.

ჰოდა, ღრუბელი უნდა იყო,
მარადი წყალი,
მარადმოძრავი,
ცვალებადი,
შეგეძლოს ფრენაც,
დადინებაც,
დაგუბებაც და გაქვავებაც,
დაგკრან ხმალი - კვალი არ გეტყოს,
სადაც მიხვიდე - მიემატო,
წახვალ - დააკლდე!



***
ვიდრე არსებობს ადამიანი,
იგი მუდამ ცოცხალ-მკვდარია,
მოქანავე
განუწყვეტელი დაცემიდან ამაღლებამდე,
და რაღა რჩება ყოველ ჯერზე? -
- ცრემლი უკან ჩაიტრიალოს,
და სულმოთქმულმა იოცნებოს,
რომ ერთხელ მაინც,
მზისქვეშეთში დაირღვეს რიგი,
არა წყალსა და არა მიწას,
ცას დაენარცხოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები