 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია 15 აგვისტო, 2016 |
* * *
სარკმლის მინები ორთქლით იბურება. დილით გათოვდა… გადიჟივჟივეს ბეღურებმა აივნის თავზე.
24.01.2016
* * *
მთას დაეფინა თეთრი მანდილი, ზამთრის წადილი - და გაიყუჩა.
24.01.2016
* * *
ღამე ამოყროლდა ზენაქარი, ღუმელს მივეყუჩე, კორიანტელი ხორხოში თოვლის, ნამქრავდა ქუჩებს...
29.01.2016
* * * ღმერთო, ეს რა ხმებია... შეხედეთ ამ ბეღურას! ყელი მოუღერია, მღერის ხასანბეგურას.
30.01.2016
* * *
ნავსი გატყდება, უკვე საცაა გაიამინდებს. გავიშილიფებ, მეც გავიხდი დათბუნულ წინდებს.
15.02.2016
უკვე აყვავდა ...
ღირსია ბრავოს, ბისის და ტუშის, თებერვლის ჯერაც სუსხიან ქუჩის ფრთაანგელოსი - ყვავილი ნუშის.
26.02.2016
* * *
სამყაროს ვიღაც ჭკვიანი მართავს, ზის და ჯარაზე დროის ძაფს ართავს, თებერვალს როგორ გადაამარტებს, კაცი არ არის ვინც განმიმარტავს.
29.02.2016
* * *
ღამე ღმერთების ციცინათელებს, ცაზე ვარსკვლავებს, ექნებათ ფართი, ხვალიდან უკვე გაზაფხულია, ხვალიდან უკვე იწყება მარტი.
29.02.2016
გაზაფხულის პირველი დილა
არა, რა მოხდა გასაკვირი ახლა ისეთი?! მაგრამ კალენდრის გადავშალე გვერდი და - დათბა!
01.03.2016
* * *
მარტის ნიავი. ფარვანასავით შემოფრინდა ფანჯრის რაფაზე, ფარდებს მისწვდა და აფრებივით ააფრიალა.
02.03.2016
* * *
და როცა მიხვდა, მარტო იყო, ატირდა ღმერთი. მხოლოდ ის ერთი, გახვეული ბურუსში სევდა ...
სხვა არც რა იყო ...
ღრუბელი ღრუბელს მარტის ცაზე ჩუმად მისდევდა ...
07.03.2016
* * * ალიონიდან შავი შაშვის გალობა მათბობს. ჯერ ვერ ერევა დილის სუსხებს მარტის ცოტამზე.
11.03.2016
* * *
ხან ზამთარივით იგიჟმაჟა, ხან მზით იღიმა, კესანეები გააღვიძა, მერე იწვიმა. ამარტის* ფერად დაუბერა ალვებს კვირტები ... ამ მარტის მეტი რა მოგთარჯო? ვერ შეგპირდები.
15.03.2016
* * *
წყალობას იჩენს ყოველ დილით შაშვთა ბატონი, გალობას იწყებს, მე, ის და მზე თუ ვართ მარტონი.
16.03.2016
* * *
ორომტრიალია ცაზე, ქარი არყევს ანჯამ-რაზებს, ღრუბლის თიკანს ღრუბლის მგელი მისდევს ზეცის შარაგზაზე. გაზაფხული ნიავებით მალე ააყვავებს ბაღებს, ტყემლებზე და ქლიავებზე შემოისევს ფუტკარ-ბაზებს. ორომტრიალია ცაზე, მილალავენ ნახირს გზაზე ... ველოდები, გაიდარებს, ველოდები კაი დარებს ...
18.03.2016
* * *
დილის მზემ რიდით გაარღვია ღრუბლებში ღრიჭო. ყელმოღერილი შაშვი ტოტზე კოხტაობს, ბიჭობს.
22.03.2016
* * *
რა ლამაზია ცისარტყელა თუნდაც პატარა. ყვავილებსა ვრწყავ ხელოვნური საწვიმებელით.
2016
* * *
ძველი უბანი... ერთიმეორეს მიყოლებით ანგრევენ სახლებს, მერე მოდიან, აშენებენ თავიდან ახლებს. მოგონებები ფერმკრთალდება, ხელს ვეღარ ახლებ, ფიქრის ნიავი უმოწყალოდ მიდამოაბნევს.
25.03.2016
* * *
მარტმა ბოლოსკენ მისებურად მაინც იხუმრა, ახლო - მახლო მთებს თოვლის ქურქი წამოახურა.
29.03.2016
* * *
მეძველმანესთან. უკვე დიდი ხნის მივიწყებულს ვეძებ სიახლეს.
01.04.2016
* * *
ხეების ირგვლივ მოაყვითლა ასფალტი წვიმამ, უკვე ჭადრებიც აყვავებულან ...
12.04.2016
ასეთი ამბავი შემემთხვა ... მოკლედ სამარშრუტო ტაქსმა გვერდით ჩაუარა იეზიდების ტაძარს (ვარკეთილში მშვენიერი შენობა ააგეს) და იცით ალბათ, ბოლო დროს ერთგვარ მოდად იქცა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ მზერის არეში რაიმე საკულტო შენობა მოხვდა, ზოგიერთი მგზავრი აღნიშნული ობიექტისკენ მიბრუნდება და პირჯვარს იწერს ... მოკლედ ერთერთი მგზავრი ენერგიულად მიბრუნდა პირით ზიკურატისკენ (მე ზიკურატს ვეძახი რატომღაც ასე უფრო მომწონს) და იწყო ინტენსიური პირჯვრისწერა ... ჯერ გულში გამეცინა, მაგრამ, მერე სხვაგვარად ვიფიქრე და ასეთი მცირე რამ გამოვიდა... (იხილეთ ქვემოთ)
* * *
ღმერთისთვის ალბათ სულერთია ვინ სად ილოცებს, მუხლს თუ მოიყრი ზიკურატში - არ გაიოცებს.
13.04.2016
ჩემი ქალაქი
ავტობუსების გაჩერებაზე, მწვანე გაზონის თავზე ფარფატით ჩუმად დაეშვა ... - დეე! შეხედე, თეთრი პეპელა. აპრილის სიო აქიაქებს დაყრილ ბილეთებს ...
14.04.2016
ჩანაწერებს გადავხედე და თურმე 2014 წელს, 14 აპრილს მოფრენილან მერცხლები, წელს კი ორი თუ სამი დღე გადააცილეს ...
* * *
ესეც ბოლო დღე, ნასესხების, ქარამზიანი, ზეცის მთიბელი მოფრენილა, ნამგალფრთიანი.
17.04.2016
* * * დილიდან ჭყივილი მაღვიძებს მერცხლების, ზეცაში მოსირმეს ღრუბლები - ვერცხლები... ხელს იწვდი, შორია, მას ვეღარ ეხები და ისევ ბეტონის ცივ კედლებს ეხლები.
25.04.2016
იმერეთში ...
* * * კაკლების თავზე ამოვიდა ყორნალს იქედან, მერე შედგა და გადმოგვხედა ცოტა იქედნად... აპრილის თბილი ღამე იყო - მთვარეს იხდენდა.
26.04.2016
* * * სად გაქცეულა აკაცია, ხედავ, ცამდეა, ხარაგოული - ჩემი ური, ჩემი ქალდეა!
27.04.2016
ტინისხევის მაისი ...
* * * არ მიატოვეს მილეული მთვარის ამარა, მაისის ღამე ვარსკვლავებით გადაიპენტა.
01.05.2016
* * * სითბომ წაშალა ყველა კვალი ზამთრის სიავის, სულ ოდნავ არხევს, აფარფალებს ფოთლებს ნიავი ...
02.05.2016
* * * ხმით ბუდიდან, ნამგალების წყვილის, ცით უღრუბლო, ფერად მართლა ლილის, მივულოცავ, მაინც ჩემსას, თბილისს, გათენებას, გიორგობის დილის.
06.05.2016
იმერეთო ...
გადაყარა მზემ ღრუბლები საავდრო, უკვე ხმები ისმის მოლაღურების, შეითვალა ჭროღა ბალიც საადრო, მაქვს იმედი შენი მონახულების. რაც ზამთარმა ხალისები დააზრო, გამიქარვებს აკაციის სურნელი, ტყემ მოირგო მწვანე კაბა საამდრო, მაქვს იმედი შენი მონახულების.
08.05.2016
* * * მართალი იყო, რომ ჩიოდა ეკლესიასტე - ეფემერაა გაზაფხულზე ყვავილთ სურნელი... ეფემერაა ალიონზე სირთა გალობა... მაგრამ ე ჰეი, რომელიც ხარ, ჰქენი წყალობა, იქაც მასმინე, იმქვეყანად როცა წამოვალ.
09.05.2016
* * * მორიდებულად ჩაახველა ცაზე ელიამ... მაისის წვიმა აშრიალებს მწვანე ლელიანს.
10.05.2016
* * * გარეთ ბულბული არ ჩერდება, სტვენს, გრძნობებს ძაბავს, ერთიმეორეს ფანტასტიკურ რულადებს აბამს ... ალბათ უყვება გასული დღის საოცარ ამბავს, მაისის მთვარეს, ღრუბლებში რომ თვალებსა ნაბავს.
15.05.2016
ნასახლარები ...
გაბალახებულა, მწვანეა ბილიკი, ყვავის ნაყორალზე თეთრი აბილილი... გვერდზე მიწოლილა, ძველი, კაფანდარა, ჩლახვი ოწინარიც ყვავის საქანდარე. ცხადი და სიზმარი ჯარად აირია, ზურგს უკან თითქოს-და მომესმა ქილიკი... შამბი მორევია და დროის მორევი, გაბალახებულა, ოდესღაც ბილიკი.
2016
* * * ... და როცა მთვარემ ვარსკვლავები შემოიქუჩა, მაისის ღამემ ხავერდებით შემოსა ქუჩა.
21.05.2016
* * * გაირიჟრაჟა, დაფიონობს დილა ლამაზი. ტყიდან ჩიტების ხმები მოდის - თითქოს ნამაზი.
03.06.2016
ივნისი
მთებზე გადმოდგა, გადმოფინა ჭრელი ხალები*, თქორით გაბანა ჭაუხები, კლდენი სალები. მერე სათიბებს დაუარა, ყველა მოქანდა**... შორს თითქოს ზღვაი - ლილაფერად ზეცა მოჩანდა.
08.06.2016
* * * თითქოს ნისლის ანაცერი - მთაზე ფარა, მზემ სხივებით, ალმაცერით, გადაფარა.
25.06.2016
* * * პაპანაქებამ ცოტა იკლო მზემიწურულზე. გომბეშოების კარაოკე - ხმები ჭალიდან ...
27.06.2016
* * * თითქოს საცაა იალებს და ატკრციალდება - ფერს აწონებენ ყაყაჩოებს ბროწეულები.
28.06.2016
* * * თვალის გუგაში ჩამეღვარა და მყის დაღამდა ... სულ ერთხელ ვცადე, წამიერად შევხედე მხოლოდ.
29.06.2016
მთიულეთში
მზე დილისპირულის ძალას ვერ ატანდა, ნათიბში ზვინები ბოლავდნენ ცვრისოფლით, მთებს შუბლზე ნისლებად მოეხილაბანდად, ტყიდან ხმა გუგულის პატარა ობლის.
03.07.2016
საღიმილო (მე)
ხან უყვარს ლექსი, ხან ვერდი, ხან მწვანე მოლის ხავერდი ...
04.07.2016
* * * ჰა, განეწყობი საძილედ და უკვე გათენდა. ზაფხულის ღამე, მოკლე როგორც წუთისოფელი.
17.07.2016
ვერშემდგარი ჰელიკოპტერი ანუ ყანჩაფეხა ვენტილატორი... ბრუნოს ალუზია და ა.შ.
ბ-რრრ-უნავს დილიდან, და ნერვებს ღუნავს ... ვეღარ ერევა თაკარებას და მაინც ბრუნავს...
20.07.2016
* * * ალბათ მობეზრდა მარტოობა, მარადი მალვა, ასფალტზე ბზარში ამოსულა პატარა ბალბა. თეთრი ესტუმრა პეპელა და დიდხანს ეფერა... ცხოვრება მათი, ოდენ წამი და ეფემერა.
21.07.2016
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგები. უფრო ზამთარი და მარტი მარტი და ზამთარი
ჰა, განეწყობი საძილედ და უკვე გათენდა. ზაფხულის ღამე, მოკლე როგორც წუთისოფელი. ღამეებიც საშინელი აქვს
კარგები. უფრო ზამთარი და მარტი მარტი და ზამთარი
ჰა, განეწყობი საძილედ და უკვე გათენდა. ზაფხულის ღამე, მოკლე როგორც წუთისოფელი. ღამეებიც საშინელი აქვს
5. მადლობა ყველას!
ცხელი აგვისტოს მიუხედავად დრო რომ გამონახეთ გადაგეკითხათ... გარემოებათა გამო ვეღარ ვახერხებდი შემოსვლას და აი, დაგროვდა ...
jonatan, ჭა, მუხა, ელადა ... და სხვებსაც ყველას ... მოგიკითხავთ კეთილი სურვილებით
ნაირიმ მადლობა ყველას!
ცხელი აგვისტოს მიუხედავად დრო რომ გამონახეთ გადაგეკითხათ... გარემოებათა გამო ვეღარ ვახერხებდი შემოსვლას და აი, დაგროვდა ...
jonatan, ჭა, მუხა, ელადა ... და სხვებსაც ყველას ... მოგიკითხავთ კეთილი სურვილებით
ნაირიმ
4. ყველა ძალიან მომეწონა, მარტის თვე განსაკუთრებით. ყველა ძალიან მომეწონა, მარტის თვე განსაკუთრებით.
3. უმრავლესობა კარგებია, ზოგს არაუშავს, მაგრამ ძლივს ჩავედი ბოლომდე, არადა ბოლოს რა კარგი იყო .
ასფალდზე ბზარში ამოსულა პატარა ბალბა. ხშირად ჩემიმჩნევია. უმრავლესობა კარგებია, ზოგს არაუშავს, მაგრამ ძლივს ჩავედი ბოლომდე, არადა ბოლოს რა კარგი იყო .
ასფალდზე ბზარში ამოსულა პატარა ბალბა. ხშირად ჩემიმჩნევია.
2. რა კარგია... -დროთა ცვლა...მასთან ერთად განწყობებიც სხვადასხვა... ცოცხალი, ცოცხალი ემოციები... გამიჭირდა ამდენი ემოციის ერთად მიღება თუ აღქმა...ცოტ-ცოტა დოზით ჯობდა... 555
"სამყაროს ვიღაც ჭკვიანი მართავს, ზის და ჯარაზე დროის ძაფს ართავს, თებერვალს როგორ გადაამარტებს, კაცი არ არის ვინც განმიმარტავს"
მხოლოდ მეორეში...მანდილი, რამდენადაა წადილი, თუნდაც ზამთრის, ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის...
რა კარგია... -დროთა ცვლა...მასთან ერთად განწყობებიც სხვადასხვა... ცოცხალი, ცოცხალი ემოციები... გამიჭირდა ამდენი ემოციის ერთად მიღება თუ აღქმა...ცოტ-ცოტა დოზით ჯობდა... 555
"სამყაროს ვიღაც ჭკვიანი მართავს, ზის და ჯარაზე დროის ძაფს ართავს, თებერვალს როგორ გადაამარტებს, კაცი არ არის ვინც განმიმარტავს"
მხოლოდ მეორეში...მანდილი, რამდენადაა წადილი, თუნდაც ზამთრის, ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის...
1. სეზონებმა ჩაიქროლეს ახლა ჩემს მონიტორზე და ხან ბეღურების ხასანბეგურაზე შემცივდა, ხან პირველმა მერცხალმა გამახარა, ხანაც გომბეშოების კარაოკემ მომჭრა ყური...
რა კარგები იყო, რა კარგები...
სეზონებმა ჩაიქროლეს ახლა ჩემს მონიტორზე და ხან ბეღურების ხასანბეგურაზე შემცივდა, ხან პირველმა მერცხალმა გამახარა, ხანაც გომბეშოების კარაოკემ მომჭრა ყური...
რა კარგები იყო, რა კარგები...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|