ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პროზა
19 ოქტომბერი, 2013


DEFILE

კაბა პირველი

  ჭრელი კაბა, ჩემი პირველი. დედა ამბობდა, რომ თავდაპირველად ის ყოფილა უფერული, წყაროს  წყალივით, მაგრამ საოცრად ბრწყინავდა თურმე, როცა ფანჯრიდან მზის თბილი სხივი ურტყამდა. ერთ კვირაში ისე აჭრელდა, რომ მნახველს თვალს სჭრიდა. აბა რა იქნებოდა, ხელიდან ხელში გადავდიოდი: დედა, მამა, ბებია, ბაბუა... ყველა გულში მიხუტებდა და ჩემს კაბაზე ყოველი თავის სითბოსა და საკუთარ ფერს ტოვებდა.

კაბა მეორე

    მიყვარხარო, მითხრა... დავიბენი. ლოყები შემეფაკლა. ვერ ვიტყვი, რომ არ ველოდი, მაგრამ მაინც, გული ამიჩქარდა...
    ბევრი არ დასჭირვებია ჩემს მუხლამდე დაგრძელებულ კაბას, მხოლოდ სამი თვე, რომ ყაყაჩოსავით გაწითლებულიყო და მეც ყურებამდე შეყვარებული დავაფრიალებდი მას  ნათელი მზის ქვეშ.

მესამე კაბა

  სარკეში საბოლოოდ ვამოწმებ თავს. ყველაფერი წესრიგშია: ვარცხნილობა, მაკიაჟი, კაბა, ჩემი ულამაზესი კაბა, ყველას რომ თეთრი ჰგონია. მე კი აგერ სარკეც მიდასტურებს რომ ცისარტყელა მაცვია ტანზე.

კაბა მეოთხე_ნარინჯისფერი

  კაბა, რომელიც ზომით გაცილებით დიდია, ვიდრე სხვა ყველა და ამასთანავე ბევრად უფრო თბილი. თითქოს მის შიგნით ჩემთან ერთად მზე იმალებოდეს, მაგრამ მაინც ვერ, გულის ქვეშ მუცელივით ამობურცულა.

მეხუთე, მწვანე

  ბედნიერი ვარ... მწვანე კაბა მართლაც მიხდება... თითქოს მასთან ერთად მეც დავიბადე, სხვანაირი მე. თურმე რამდენი რამ არ მცოდნია, ერთად ვისწავლით მე და ჩემი გოგონა.

კაბა მეექვსე, ლურჯი კაბა

  რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა ყოფილიყო. თვალზე ცრემლი შემომეჩვია. ჯერ მხოლოდ წვიმდა, მერე კოკისპირულად... ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფერი შევცვალე... ვერ ვხვდებოდი კაბა მეცვა ლურჯი, თუ ცრემლის ზღვაში ვიძირებოდი.

მეშვიდე კაბა

  მიჭირს ოჯახზე ხელის აღება. იქნებ, მერე ვერ გამიგოს ჩემმა გოგონამ. გადავწყვიტე ცურვა ვისწავლო, რომ არ დავიხრჩო... ადამიანი იმედით ცოცხლობს, ჰოდა მეც აღვიჭურვე იმედით და მოთმინებით...ვაი,  თუ ვერ შევეგუე ამ იისფერ კაბას, მომიწევს ალბათ გამოვიღო კარადიდან სამგზავრო ჩანთა, რომელშიც ჩაუცმელი მხოლოდ ორი კაბაღა დამრჩა:

ყვითელი კაბა_
შემოდგომის ბაღივით,
მწიფე სიბერე.
&
კაბა უცვეთი,
ჯვრიანი, შავი კაბა,
შორი გზისათვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები