ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანტსულა
ჟანრი: პროზა
20 თებერვალი, 2009


საფეხურების დროება

აიარა საფეხურები. თან ქოშინებდა, თან ტუჩებს ათამაშებდა და ჩურჩულებდა - სამი, ოთხი, (ჰჰ... ჰჰ...) ექვსი, რვა (ორს ერთად გადაახტა) ... მეცხრეზე უკან მობრუნდა და ახლა ქვევით დაუყვა კიბეს. შემდეგ ისევ თავიდან, თავიდან, თავიდან სანამ ყველაფერი არ დაბზრიალდა და უცხო ხმებმა არ გამოაფხიზლეს.
დასცინოდნენ, ესროდნენ, ნაკლზე მიუთითებდნენ...
სციოდა...
შიოდა...
სტკიოდა...

ეს იყო დროება, როდესაც სამყაროს მართავდნენ ცოდვილი გენიები, განდიდების მანიით შეპყრობილი ღვთაებები, გმირები, ღმერთ-კაცები...
ეს იყო დროება, როდესაც ნაცრისფერი ედო თვითონ ჰაერსაც, გრძნობებსაც, მუსიკასაც, მწერლობას, პოეზიას, მეცნიერებას...
ეს იყო დროება, როდესაც მაიას მსხვერპლის გულები გაფრენილ სულებს ეძებდნენ, იხმობდნენ, ცოცხლდებოდნენ და ისევ კვდებოდნენ, ისევ მსხვერპლებად, ისევ ადამიანის ხელით და ისევ მფეთქავი, თბილი, სისხლიანი გულის შემყურე...
ეს იყო დროება, როდესაც.... როდესაც უყვარდათ....
როდესაც ნაგავსაყრელზე ხვდებოდნენ ერთმანეთს, როდესაც ანარეკლ სარკეში სევდიან თვალებს ჩუქნიდნენ ერთმანეთს, როდესაც ფიფქად წამოსული გრძნობები შეხებამდეც კი დნებოდნენ...
ეს იყო, დროება, როდესაც ქმარი ცოლს ღალატობდა, ცოლი სხეულით ვაჭრობდა, შვილი ხალხს კლავდა...
ეს იყო დროება, როდესაც ადამიანები იბადებოდნენ, იზრდებოდნენ და უსახელოდ კვდებოდნენ...
ამ დროებაში, ყველაფერი ადრინდელზე უფრო ნაცრისფერი იყო, ადრინდელზე უფრო სევდიანი, ფერფლიანი, სისხლიანი, ცხელი, მფეთქავი...

სციოდა...
შიოდა...
სტკიოდა....
დასცინოდნენ, ნაკლზე მიუთითებდნენ, საფეხურებს ითვლიდა, ორს ერთად ახტებოდა, ქოშინებდა (ჰჰ... ჰჰ... ჰჰ...) და მაინც არ კარგავდა! მაინც ხელს უჭერდა! მაინც სწამდა....

ეს იყო დროება, როდესაც ადამიანთა ჯგუფი გამოვიდა სისხლის წინააღმდეგ. როდესაც თოფის ლულებში ყვავილებს დებდნენ, როდესაც შიშვლები დადიოდნენ, როდესაც უყვარდათ, უკრავდნენ, ნარკომანობდნენ!!! და ბედნიერობდნენ!
ეს იყო დროება, როდესაც ადამიანები მშვიდობას ითხოვდნენ! როდესაც ნაცრისფერი მსოფლიოს გაფერადება სცადეს, ცისარტყელები აანთეს შავ თვალებში..

და მაინც...
ეს იყო დროება, როდესაც სციოდა, შიოდა, სტკიოდა....

არ იყო იმედი...
არ იყო გზა...
არ იყო ღმერთი...

აიარა საფეხურები. თან ქოშინებდა, თან ტუჩებს ათამაშებდა და ჩურჩულებდა - სამი, ოთხი, (ჰჰ... ჰჰ...) ექვსი, რვა (ორს ერთად გადაახტა) ... მეცხრეზე უკან მობრუნდა და ახლა ქვევით დაუყვა კიბეს. შემდეგ ისევ თავიდან, თავიდან, თავიდან სანამ ყველაფერი არ დაბზრიალდა და უცხო ხმებმა არ გამოაფხიზლეს.
დასცინოდნენ, ესროდნენ, ნაკლზე მიუთითებდნენ...
სციოდა...
შიოდა...
სტკიოდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები