ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ____ო____ი
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2009


მარტი

შენდობის კვირა, დღე პირველი...

დილა იქედნური, ღამე და გრანელი,
კუბოსთან გაზრდილი პოეტის ქარაგმა,
უფალიც ვერ ხვდება მე აწი რა მელის,
სიცოცხლის სურვილი დრომ ისე ალაგმა.

ქალაქში გიჟები დადიან ეპოქად
და ამის შესახებ არ იცის ქალაქმა,
გვეყოფა, ჩვენ ჩვენი ცოდვებიც გვეყოფა...
მარტია და ტყემლის ხეები დანაღმა -

ამინდმა, მე კიდევ არ მიყვარს ამინდი,
(ამაზე ქალებმა დაწერონ უბრალოდ)
სიცოცხლეს ლექსებში თუ გავცვლი ამითი
რა ცოდვას ჩავიდენ მითხარი უფალო.

ოთახში ჩრდილები კედლებზე დადიან,
და ასე უშენოდ არ ვიცი რა მელის,
ქუჩაში პოეტი ქალების მარტია,
სულში კი წვიმა და ტერენტი გრანელი...


      და ხუთი სტროფი...

და წვივი ორი, თეთრი და ხალი -
ყელზე და კაბად ზაფხულის ჩაცმა,
ქუჩაში ერთი ლამაზი ქალი
ბათუმის წვიმით გაწუწა ტაქსმა.

დასველდა კაბა დასველდა თეძო,
გაექცა წვეთი ძუძუებს შორის
და ქუჩა-ქუჩა და ეზო-ეზო,
აგროვა ბეეევრი მზერა და ჭორი.

ქალაქი წვიმამ დაახრჩო წვიმით,
ლამაზი ქალი გაწუწა ტაქსმა,
ხალი და ორი კერტი და წვივი,
წვეთი და წვეთი, თავსხმა და თავსხმა.

ლამაზმა ქალმა გაუგო სეზონს
და სადღაც ბევრი სურვილის იქით,
მიუშვა თავის ნებაზე თეძო,
მხარზე კი <ზორტი> წითელი ლიფის.

დღის ბოლოს როცა შენიშნა ცაზე,
პერიოდს როგორ შეაშრა ოფლი,
წავიდა შოოოოორს და წაიღო ასე -
ჭორები, მზერა და... ხუთი სტროფი...


           
            ჩემი ლექსი

იმ ქალს თვალები აქვს კარგო შენი ფერის,
ჩემი თვალთვალთვალიც ასე შეიფერა,
ახლა სურვილები მშია,
თოთქოს გავრისკე და თითქოს ვერაფერი,
თითქოს გარისკა და თითქოს მომეფერა,
იმ ქალს თვალები აქვს ღია -

შავი გაცილებით შენზე ცოტაოდენ,
ღრმად კი ცრემლები და წლები მოძრაობენ,
ჰოდა დავთვერი და აეეეე,
მორჩა ფორიაქი რახან უთავბოლო,
ჩემი ღამეებიც რახან ლოთაობენ,
აწი ასე იყოს დაე -

დავწერ შიგადაშიგ,
წერაც მირაჟია,
მაინც ის პირველი
როგორ მომივიდა,
ახლა წარსული მაქვს კალმად,
ყველა უბინაო
დღეს ჩემს ბინაშია
და მეც იმნაირი
ერთი სტროფი მინდა -
ჩუმად გადიწეროს ქალმა.

მდა... და ავურიე, ისევ ვერაფერი,
რითმას მივახმარე ვიღაც დედაბერი,
მერე დავაბერტყე წარღვნა...

ჩემი სტრიქონებიც კრძალვით შეიფერა,
აუ, თვალები აქვს კარგო შენი ფერის -
იმ ქალს,
მომკალი და რა ვქნა???


             
              # # #

ვკენწლი იგივე მოძრაობას
ნიჭის გარეშე,
რაღაც საკრალულ ინსტრუმენტის,
უბრალოდ
დო,
რე,
და შენი შარმის სასაცილო სითამამეში
ღმერთია მცირე
და ღმერთია არც ისე შორი.

ვაგრძელებ,
მი,
ფა,
პაემნამდე ვხვდები ალიონს,
მერე ვორჭოფობ და მანერებს
კონტროლს ვუღობავ,
თუმც როცა გიცქერ ვნერვიულობ
ისე ძალიან,
რომ ვერ აღვიქვამ თვალთა შენთა
ნერვიულობას...

რიტმია იგივ უნიჭო და რიტმია -
სო,
ლა,
წვიმება ქუჩა უამინდო,
მოხიბლეს ძალით
და თმათა შენთა სისოვლეთა
მნახველს და სულელს,
მომენტში რაღაც თვით უფალიც
მეგონა ქალი...

დღე იყო ცივი, შაბათი და
მაისის ერთი,
მაისშიც ცივა და სტრიქონში
ვერ ნახავ ლაფსუსს,
ამ ერთხელ მაინც ქალის გამო
არ დავლევ მეთქი -
ვთქვი ჩემთვის, მაგრამ ვინ გისმინა?
ვთვრები და აფსუს...

ბაბუაწვერას წყვილი ჰგავდა
კლოუნის პომპონს -

ქარში და ასე
დო,
რე,
მი,
ფა,
სოლ,
ლა,
სი,
სიო, -
არხევდა ხეებს, ნოტებს, ფიქრებს
და ბოლო ბოლო,
დასრულდა რიტმი,
პაემანი და
ლექსიც ვსიო...



(მარტის ვარაუდი მოაქვს კოინდარებს)

მარტის ვარაუდი მოაქვს კოინდარებს
ცოცხალ საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,
მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,
თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან.

თორემ შევიშალე, თორემ პანაშვიდებს
ვითვლი, დავითვალე თითქმის ასიოდე,
ნერვებს ვიზოგავ და რაღა დამამშვიდებს,
კუზის გარეშე რომ დადის ქვაზიმოდო...

ბოღმის მიყოლება სისხლსაც მიხუთავდა,
ჩემი ურწმუნობაც ღმერთს თუ უხარია,
ვინც კი უღალატებს არის იუდა... და
ვისაც ღალატობენ ყველა უფალია? -

აღარ დავიჯერებ, ვეღარ დამაჯერებთ,
ვხედავ ურმიანი ბევრი ტრამალია,
სანამ გადაბრუნდა დროზე გააჩერეთ,
ჩემი ბილიკები ღამით სავალია

და შენც გამომყევი სანამ მატაოცებს
დავსდევ, მივიჩვიე თრობა, ხეტება და
ჩემში არაფერი შენ არ გაგაოცებს,
გარდა პოეტური შემოფეთებათა -

ლექსის, რაღაცის თუ... მარტი კოინდარებს
მოაქვს, საფლავებზე მკვდარი ფოთლებია,
მიდი ერთი ჭიქა ღმერთი მომიტანე,
მხოლოდ ერთი პეშვი ღმერთი მომიტანე,
მარტო ერთი ცალი ღმერთი მომიტანე,
თორემ სტრიქონები ყელში გროვდებიან!



              პოლინდრომი 
(სამოთხიდან პალეოლითამდე, ადამის აღსარება)

იოლო,
ბედნი მეშინია, სად იგი -
მამამ
არარა ამოიარა,
სინათლე წაიღოდ
და მუნ ჩაუქრად ამ
ტოტით  ხატად ოცს ეს
ამავე დირე, წესი,
ხოლო ბილინგ (ვა) არგუნა
და მთავრად იგი ამ ხემ,
აი რა, -
ადრე წვიმა დადო უთუოდ,
ადამი ვწერ და არია მეხმა
იგი და რვა თმად ანუ
გრა (ავ) გნილი
ბოლო ხის ეწერიდ
ევამ ასე სცოდა,
ტახთი 
ტოტმა და რქუა
(ჩ) ნუმად.
დოღია წელთან,
ის
არა იომა, არარა
მამამ  იგი.
და საინი...
შემინდე ბოლო-ი.


         
                      (მე ვარ პოეტი არა იმიტომ)

მე ვარ პოეტი არა იმიტომ მხოლოდ სტრიქონებს გიწერ ლამაზებს,
მზერა გაცივდა ზამთარივითო და ჩამომჯდარა ფანჯრის რაფაზე.
სახლი კი სახლი ისე პატარა, სუნთქვა ათბობს და ქარი აცვია
და ჩემთან ერთად კრძალვით ატარებს, შენს დატოვებულ რადიაციას.

დატოვებულ რადიაციას დიდი ხანია ერთად ვატარებთ,
სუნთქვა ათბობს და ქარი აცვია, სახლია, სახლი ისე პატარა.
მეტაფორები  გაზის  კაბაზე,  ცაა  მაღალი, -  ტაძარივითო,
მხოლოდ სტრიქონებს რომ გწერ ლამაზებს, მე ვარ პოეტი არა იმიტომ.

მე ვარ პოეტი მხოლოდ იმისთვის, რომ სიყვარულზეც გული მერევა,
გაურეცხავი დამაქვს სინდისი, მაგრამ სულ სხვაა ყოფიერება -
ძლიერ ავად ვარ, ვწევარ ეული, პეპელა ირგვლივ უვლის ნათურას
და ხველებასთან ერთად კლებულობს ოთახში სითბოს ტემპერატურა...



          არასრული გამოღვიძება

როგორც გჩვევია ისე იწყებ, პირში მესამე,
არეულ სიზმრებს ქურთუკივით იხდი, ფხიზლდები,
გაღვიძებამდე არასრულად სამჯერ იღვიძებ,
მერე დღის რეჟიმს შარვალივით იცვამ, წითლდება
ზეცა რომელიც გაღელვებდა ადრე ნაკლებად.
ქარი რომელიც დაწოლამდე სახლში ჩაკეტე -
დილით ამოძვრა თერმოსიდან, მერე სარკმელში
არდაწერილი ლექსებივით ჩაწვა მაკეტურ
ფორმით და ასე გაურკვეველ დილის ფორიაქს,
კალენდარივით მიახიე ერთი მაისი,
მერე დარწმუნდი რომ დილამდე ისე შორია,
ისე შორია, ისე, რომ შენ თვითონ არ იცი.
რახან კითხულობ, გესმის აღარ გეპატიება,
აღარ, თუ სადმე გამოტოვე ვიღაც პოეტი,
ხვდები ლიფტივით ვერ აჰყვები მაღლა დიდებას,
ხვდები სულ ბოლოს შემოგრჩება ერთი მოკეთე,
ისიც საშიში, ისე როგორც ქალი საჭესთან
და პირველ პირში დაბრუნება ჩვეულ მეთოდით,
ვორჭოფობ, მსგავსად - გატეხვამდე მარხვის - წინასწარ,
და ვწერ თუ არ ვწერ რა აზრი აქვს მაინც გეტყოდი –
რომ მეშვეობით ქაღალდების რაღაც ბეჭდიან,
გადასახადს რომ გახსნებენ კომუნალური,
სინონიმია იმ გრძნობის თუ ისევ ეჭვია?
თვეში ერთჯერ რომ შემოძვრება?.. მორჩა, ვრთულდები...
თმებივით მცვივა აზრი თუმცა გავიმეორებ -
ჩვენს გრძნობებს შორის დისტანცია ისე ვრცელია,
როგორც ოცდაცხრა თებერვლიდან ასე მეორე
თებერვლის რიგით ოცდაცხრამდე, დაახლოებით.
და მაინც ბოლოს ყველაფერი რჩება იგივედ,
მხოლოდ სხვა რიტმით ანაცვლებ და ფუთავ გამოვლილს,
როგორ იყავი, ან რას წერდი გემახსოვრება -
ისე წყალივით, როგორც თითზე ათის ჩამოთვლა.
და რეჟიმს არღვევ თავისთავად, ანუ უშარვლოდ
დადიხარ ნაცნობ ოთახებში, დასკვნა გიწყდება,
მოდი დაფიქრდი და მოასწრო იქნებ არასრულ
გაღვიძებამდე, ერთი სრული გამოღვიძება...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები