ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკა ნეზვანოვა
ჟანრი: პროზა
9 მარტი, 2009


წყალი - არაჩვეულებრივი

                                                                                                                                                                                                                                                    "და უცბად, როდესაც წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი ცანი და სული,
                                                                                                            მტრედივით გარდმომავალი მასზე"
                                                                                                                                                მარკოზი 1,10




ვის აღარ ჰგონია, რომ უპასუხისმგებლო ვარ. მაგრამ სინამდვილეში სულაც არა, პირიქით, ძალიან განვიცდი ჩემს არაპუნქტუალურობას, უყურადღებობას და უზნეობას.
გამოსოწორებასაც კი ვცდილობ: ნათლისღებაა და ჩემს ნათლულთან უნდა წავიდე, მაგრამ რომელთან? რათქმა უნდა იმასთან, რომელიც ჩენგან ყველაზე ახლოს იმყოფება.
ვიცი, რომ ნათლისღებას, თვითონ უნდა მესტუმრონ ნათლულები, წესია ასეთი, მარგამ მე და ჩემი ნათლული წესებს არ ვემორჩოლებით - მაგალითად ის უკვე წლის და ორი თვისაა და ჯერ არც ხოხვა უსწავლია და არც სიარული, ათი თვის იქნებოდა პირდაპირ რომ ადგა და გაიქცა. მე კიდევ, თურმე რომ დავიბადე ტირილი და ჭამა არ ვიცოდი, სულ მეძინა და ვკიოდი.

ნათლიაღებაა.  ყოველი წლის ამ დღეს, ქრისტე მდინარეში შედის, რომ მოინათლოს. მაშინ ჩვეულებრივი წყალი არაჩვეულებრივად იქცევა, იზრდება და ნაპირებიდან გამოდის.
არ ვიცი იცის თუ არა ეს ჩემი მეგობრის დაუდგენელი და სადაო ეროვნების უფროსობამ, მაგრამ ფაქტია რომ დღეს არ მუშაობენ, ქრისტეს ყოველწლიური ნათლობის თუ ოცდაერთი საუკუნის წინანდელი მოვლენის საპატივცემულოდ.
ჩემმა ნათლულმა საერთოდ არ იცის ვინ არის ქრისტე, მაგრამ ყველაზე ბედნიერია: დღეს დილის ცხრა საათიდან საღამოს შვიდამდე და მერე შვიდიდან მეორე დღის დილის ცხრა საათამდე დედა მოუვლის და არა ვინმე მოძმერესპუბლიკელი როზანა.
სახლში ყავს დედა, რომელიც დაბადების წუთიდან სიგიჟემდე უყვარს (ალბათ სხვა ბავშვებივით), მოსიყვარულე ბებია და ვიღაც ნინო: ჩემი სახელი ისწავლა, ჩემკენ ხელს იშვერს ხშირშირად და ამბობს - ნი-ნო. თან უხარია, რომ გვიხარია და კისკისებს.


ნია
-----

გგონიათ ბავშვია? არა, ალქაჯის ბავშვობაა. ძალიან ქერა და გაწეწილი თმები უკვე მხრებზე ეყრება. არასდროს ჩერდება. მაშინაც კი როცა ტელევიზორში რეკლამებს აშტერდება რომელიმე ხელს იქნევს, ან ფეხებს აბაკუნებს.

პირველად რომ ვნახე, სამშობიაროში, ხმა ვერ ამოვიღე, თითქოს პირველად ვხედავდი ახალდაბადებულ ბავშვს. მაგრამ იცით? ეს ისეთი ლამაზი იყო თვალები მეტკინა. თვალებდახუჭული იწვა, უზარმაზარ თოვლის ფიფიქს გავდა, მეგონა ხელს თუ მოვკიდებდი დადნებოდა, ესე მეგონა დიდხანს. თან ეს ჩემი უსაყვარლესი მეგობრის დიდი ხნის ნანატრი შვილი იყო, და თან სულ ვიცოდი რომ მე უნდა მომენათლა.
მერე დიდხანს არც ამიყვანია ხელში. ნათლობისას მეორე ნათლიას ეჭირა: ჯერ იყო და მამაისმა ჩემსკენ ხელი გამოიშვირა და ამას არ დააჭერინოთ დაუვარდებაო, მერე ტანსაცმელი რომ გახადეს მღვდელიც აყვა - ამას არ დააჭერინოთ ძალიან ცივი ხელები აქვსო.
როცა ნია მოვნათლეთ ნათლისღება არ იყო. მღვდელს არც აქლემის ბეწვი ემოსა და არც ტყავის ქამარი ერტყა, მე კი სასაცილოდ მიფრიალებდა კაპიშონზე კურდღლის ბეწვი, იქ არავინ ამბობდა, რომ იყვნენ ფარისევლები და სადუკევლები და არავინ გვაფრთხილებდა, რომ როდესმე სული წმიდითა და ცეცხლით მოვინათლებოდით, ახლა კი მხოლოს არაჩვეულლებრივი წყლით, რადგან ჩვეულებრივი წყალი მხოლოდ გარეგნულად წმენდს, როგოც მკვლელს - სისხლს ჩამორეცხავს ხელებიდან მხოლო.
განკარგულებებს და მიმართულებებს მხოლოდ მონდომებული ოპერატორი იძლეოდა. ასე რომ ჩვენ ბავშვს კი არ ვნათლავდით, ფილმში ვმონაწილეობდით.
ჩემმა უწესო ნათლულმა ტირილი მაშინ შეწყვიტა როცა წყალში ჩასვეს და მერე აბა ვინ სთხოვდა მღვდელს ნუ ამოიყვანთ წყლიდან იყოს ცოტა ხანიო და მოკლედ ძლივს დავამშვიდეთ.

ბოლოს, როლში შეჭრილი ოპერატორი, სულ არ დაინტერესდა მამის და მღვდლის ნათქვამით და ეზოში გამოსვლისთანავე მოითხოვა: - ბავშვი გოგო ნათლიას დააჭერინეთო!
მერე ჩემთან მოვიდა და დამავალა მეთქვა რა დავანათლე ნიას. ჯერ დავინები და არა მეთქი, მაგრამ იცით? მე ფილმის ერთერთი მთავარი გმირი ვიყავი და ის რეჟისორ-ოპერატორი, ასე რომ ბოლოს მაინც წარმოვთქვი რამდენიმე აბსტრაქტული სახელი და ნათლობა დამთავრდა.

როცა ნია ცოტა გაიზარდა და თან სიცელქის ზენიტს მიაღწია და თან საერთოდ უარყო ჭამა, ოჯახის წევრების თანდასწრებით და ბედნიერი სახით ხელში ავიყვანე და ზუსტად ორ წამში ჩემს თავზე იდგა. არავის ახსოვს ჩემს თავზე როგორ ავიდა, გვახსოვს მხოლოდ ჩემი განწირული კივილი - მომაშორეთ.

მერე მალე იყო ისიც, რომ ადგა და გაიქცა და

....
ახლა ნათლიღებაა.
"მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეს პირას, იოანესთან, რათა მონათლულიყო მისგან".

ჩემი ნათლული ჩვენ წინ დარბის, უდარდელია და მარტო დიდი თეთრი ბუშტი აშინებს: რომ დაინახავს ჩერდება და სახე ეცვლება, მერე დედამისს გახედავს და იცინის.
ჩემი მეგობარი თამაშს იგონებს: ოთახინ გადის და იმალება. იმის ლამაზ შვილს კი ისევ აშინებ ბოროტი ბუშტი, დედისკენ ტრიალდება და ...
მხიარული სახე უცებ სულ გაუცრემლიანდა, ხელები წინ გაიწვდინა და აქეთ-იქით დარბოდა, დედას ეძებდა და მერე როცა დაინახა, "ჩემი ლამაზიო" - გაეცინა და შვილს მოეფერა ჩემი მეგობარი. იმან კიდე, იმ პატარა ალქაჯმა, თავისი ძალიან თეთრი, ყელამდე ცრემლიანი და გამარჯვებული სახე ჩემსკენ მოატრიალა და ნიშნის მოგებით გამიღრიჟა, თან ისე მაგრად, რომ პატარა ცხვირი შეეჭმუხნა და ვერც მიხვდა როგორ საშინლად მატკინა გული:
მანამდე სულ მეგონა, რომ დედამისზე საინტერესოდ ვცხოვრობდი.

თან მეც მომინდა შემძლებოდა მეტირა უაზროდ, უმიზეზოდ თუნდაც ყოველთვის მაშინ როცა დედას ვერ ვხედავ, მეტირა ისე რომ არავის ეკითხა - რატომ?


და ბოლო (სადაც ოთახის აღწერილობა უნდა შევცვალო)
-----------------------------------------------------------------------

ნათლისღება იყო. ღმერთს ნათლავდა მდინარეში იოანე, რის გამოც კალაპოტიდან გადმოდიოდნენ მთელი სამყაროს მდინარეები. ამ მოვლენასთან დაკავშირებით სამსახურიდან გაანთავისუფლეს ერთი პატარა ქვეყნის მცხოვრები დედები. მათგან ერთი, ოთახში იჯდა და თავის ლამაზ შვილს ეფერებოდა. გარშემო ეყარა სათამაშოები და დიდი თეთრი ბუშტი. იქ არ იყო მოსიყვარულე ბებია, იქ არ ვიყავი მე და იქ ძალიან არ იყო ბავშვის სომეხი ძიძა როზანა.


და ისმოდა "ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები"
                                                                                                              მათე, 3,3

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები