ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯახუ გიორგიანი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2009


მზის გაცილება


(მისტიური  მინიპოემა)


ის  სიმყუდროვე  სულ  სხვა  იყო,
ჩვენ  რომ  ვეძებდით…
იასამნებიც  იმ  ბაღების  - 
იყო  სხვა  ფერის…
დაუწყდა
წყურვილს
სიყმაწვილის
წყარო
წვეთ-
წვეთად…
აწ  მხარქცეული
ვიცოტავებ
ცრემლის
ქვაფენილს…

და  ჟამით-ჟამზე
ანაცრემლ  სულს
სძლევს  დამუნჯება…
სუსხი  პატრონობს
კერაჩამქრალ
მის  ქოხ-საცხოვრისს…
და  შიშით  ვუმზერ -
სიცივისგნ  თუ  ვით  ლურჯდება
ჯვარზე  გაკრული  მაცხოვრისებრ
- რწმენაც  მაცხოვრის…

მაინც  - 
ყველაფრის  ნაცრადმქცევი
და  მოსისხარი
ყოვლის  -
თვით  ჟამიც
რომ  ვერ  გაკვნეტს  ბასრი  ღოჯებით,
ისე  კერკეტა 
რჩება  რწმენის  რაღაც  მისხალი,
მწედ  და  საწინდრად
არდაცემის,
არდაგონჯების!..

***  ***  ***

გვაფრთხობდა  პიკი
ჩვენ  ქუჩების  ახმაურებით…
და  მოძულენი
ღრიანცელის,
ყურისწამღების,
ერთურთის  სმენად  მიქცეული 
ჩვენი  გულები
ეხიზნებოდნენ  წყნარ  სიმწვანეს
ბებერ  ბაღების…

მაგრამ  მაინც  სხვა 
იყო,  მუდამ  რასაც  ვეძებდით…
ის  ცაც  და  იმ  ცის  ვარსლვლავებიც
იყო  სხვა  ფერის…
და  თანშობილი,
როგორც  სევდა  ნორჩი  ძეწნების,
განუშორებლად 
წინათგრძნობა  გვსდევდა  გაფრენის…

იყო  რესტორნის  ჯაზ-ორკესტრიც,
თრობაც  სურებით…
მაინც  ვარჩევდით
მივიწყებულ
მყუდრო  კაფეებს…
ვერ  მოდიოდა  ჩვენს  გულებთან
რადგან  სრულებით
კაკაფონია
საყვირების  და  დაფდაფების…

***  ***  ***

თითქოს  ეშაფოტს  გვარიდებდა -
ჩურჩულით  ლოცვის,
ზეცად  გვიხმობდა 
იდუმალი  გუმანი  ბავშვის,
ჯერაც  რომ  აჯერა
-  გაექცევა 
პლანეტას,  მოსილს
გრავიტაციის  უხილავ  და  უჟანგავ  ჯავშნით…

***  ***  ***

და  დახშულ  ცასაც  აეხადა  ერთხელ  სარქველი!...
- ვიღაც 
ლაჟვარდით
გალურჯებულ
მაჯებს
გვიწვდიდა!..ანაზდელმაც  გაგვაბრუა 
სუნთქვამ 
საკმევლის…
ანაზდად  იწყო  ამაღლება
სულმაც
მიწიდან!..

რა  სჯა-ყოყმანი,
რა  ფიქრი  ან  ძალდატანება!..
-  გაოგნებული
უცხო  განცდით
და  სახილველით,
სიცოცხლე
წამში
სიგიჟემდე  გახდა  თავნება…
სივრცე  კი  -
ბყმადაც  მისანდობი,
ისე  მჭვირვალი!!!

***  ***  ***

ხომ  დარჩა  ხსოვნა  იმ  წამების
მარადუხრწნელი
და  უხუნარი -
ვით  ლაჟვარდის  ლურჯი  ქსოვილი?!.
ხომ  დარჩა  რაღაც -
სამუდამოდ  ამოუხსნელი
და  უცხო  შუქში  გავლებული
ირგვლივ  ყოველი?!.

… ის  მერე  იყო…
- რომ  გარეცხეს  სივრცე  წვიმებმა…
და  მოყვავილე  ზვრებიც 
თქეშმა  გადიბალახა…
და  შენი  წასვლაც…
რარიგ  ჰგავდა
მზის  გაცილებას,
ხვალვე  აღსავლით  გაგვახარებს
რომლის  დანახვაც!...

***  ***  ***

მაგრამ  გარძელდა
დიდთოვლობის  უდაბურებაც
და  მირაჟებიც -
შემოდგომის 
მძიმე  კალთებით…და  ბილიკებით
გაძარცვული  გაზაფხულების
დღემდის…
ამაოდ…
ერთურთისკენ 
მივემართებით!..

ეს  სანახებიც -
ხეივნებით
მტირალ  ძეწნების,
სიცოცხლემ  ჩვენმა
უხსოვარჯერ
გადიგალობა…
და  შიშს
იმედთა  დაბერების  და  გაბერწების
კვლავაც  აუქშევს
კვლავშეყრათა  გარდუვალობა!!!

და  ჟამის  ზვირთთაც
არ  ემჩნევათ  ჯერ  ამდოვრება…
მეოცნებენიც  გვამხნევებენ
და  მეზღაპრენიც,,,
შეხვედრამდე  კი
ერთმანეთიც  გვემახსოვრება
და  სიხარულიც -
ერთადერთხელ
ერთად  გაფრენის!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები