ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2010


ლიზა კითხულობს მარკ ტვენს

იცი, ჩემი სახლის სარდაფშიც ცხოვრობდა
ეგ საყვარელი მაწანწალა_ჰეკლბერი ფინი,
იქ ახლაც დგას მოწეული თამბაქოს სუნი
და კიბეებზე შერჩენილია
ტალახიანი ნაფეხური–ჭორფლიანი, პატარა ბიჭის.

იცი, ჩემი სოფლის ოდაში
დღესაც იმალება ინდიელი ჯო,
სწორედ ამიტომ ვერ მიმყავხარ,
მეშინია, რამე არ გავნოს,
არ გჯერა, ხომ?
როცა იქნება, აუცილებლად გაჩვენებთ იმ სახლს,
შენ, ტომს და ჰეკის,
განძსაც იპოვით,
ბავშვობაში რომ დავმალე შენთვის.
და ბეკი? ბეკი აქ დარჩეს, მარტო,
ტომს შენ მოსწონხარ, მე ასე ვატყობ,
შუშის ბურთულებს სულ შენ არ გჩუქნის?
ვერ მომატყუებ, აბა, გაშალე პაწია მუჭი!

იცი, ჩვენი სახლის ოთახებში
დღესაც დაეძებს ტომს დეიდა:
_ტომ!
პასუხი არა არის.
_ტომ!
პასუხი არა რის.
_რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!
ტომს არაფერიც არ დამართნია,
უყვარს დამალვა და  ხან გაპარვაც...
და თანაც,  შენზე მეტად ცელქია.

შენ კი ტომივით არ დამემალო,
_ელისაბეედ, ლიზიკოო, ლიზიი!_
რომ დაგიძახებ ახლაც და მერეც,
როცა უკვე იქნები დიდი
და შენი სახლის ოთახებში
დაგემალება ტომივით შვილი,
_ბატონო, დედიკოო!_ გამაგონე,
როგორც ყოველთვის და მოდი ჩემთან,
მე დავმშვიდდები, რომ დაგინახავ,
ჩაგეხუტები და გული ისევ დაიწყებს ფეთქვას...

ახლა კი წადი, წადი ტომთან,
რომელიც გელის,
დღეს შენ მიყავხარ ჰეკთან ერთად
ახალი განძის აღმოსაჩენად!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები