ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2010


მატარებელი

აი, ჩავჯექი მარტივ ნახატში,
სასაცილო, აჩხაბაჩხა მატარებელში-
ჩემი შვილის ფერად სიზმარში.
ძლივს შევატიე ოჩოფეხები
და გაფარჩხულთითებიანი, გრძელი ხელები.
გულის მაგივრად გათხაპნილი, წითელი ლაქა
გარედან ფეთქავს:
ან–ბან–გან–დაგან, ან–ბან–გან–დაგან
და სათამაშო ფანარივით ინთება, ქრება, ინთება, ქრება.

გავცდი ცარიელ, ნაცრისფერ ბაქანს.
იქ მარტო მძიმე ჩემოდანი დევს,
ალბათ მე დამრჩა.
ან რად მინდოდა, რომ მოვათრევდი?
რა საჭიროა ამ სასაცილო, აჩხაბაჩხა მატარებელში
ბარგის შეტანა?!

გადავიარე ყვავილებით დაკოპლილი ხასხასა ველი.
ბალახებიდან ბალბა–ბალბა–ბარბალუკების
მარილიანი ბედის კვერი დახუჭობანას მეთამაშება.
ვითომ არ ვიცი, ჩემი შვილის
უმანკო ფშვინვით აფუებული ბალიშის ქვეშ
რომ შეგორდება და იქ დილამდე დამემალება.

მანამდე დროა.
ჯერ მზე წითელი \"მამალოა\",
მთვარე კონკიას ბროლის ქოშია
და ცისარტყელა ყირამალა საქანელაა მაღლა და დაბლა.

მაღლა და დაბლა ფერადი მინის ნამსხვრევებიან
ტელესკოპში ვიჭვრიტები,
ასე მგონია.
სულაც არ ვდარდობ ოჩოფეხებს
და გაფარჩხულთითებიან, ძაფივით ხელებს.

აი, ხომ ვზივარ ჩემი შვილის ფერად სიზმარში,
ახლაც და ხვალაც,
ახლაც და ხვალაც.
მატარებელი მიღიღინებს:
ან–ბან–გან–დაგან,
ან–ბან–გან–დაგან...
მე მიხარია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები