ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბრუტუსი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

უცნობი ოცნება

ისევ მიჭირს ფიქრის ბადეს დავაღწიო თავი,
სიზმრად ვხედავ მზის სხივებზე მარგალიტთა აცმას.
გრძნობა ისე დაირწევა, ვით მეთევზის ნავი,
ოცნების ზღვამ შენი სახე გამორიყა გვანცა.

სიყვარული? - არა, რაღაც იდუმალმა გრძნობამ,
ფრთხიალისგან გულის ფსკერზე ამიდღვიბა სისხლი.
და უცნაურ ემოციით წაქცევამდე თრობამ,
საფეთქლებზე მომაბჯინა ვარდისფერი ნისლი.

მზე წააგავს ახლად ნაღებ სააღდგომო კვერცხს და
ნესტოებში მიღიტინებს ახლა სუნი დილის,
სხივი ანთებს ცეკვისაგან თეთრ ღრუბელზე ცეცხლს და
თუ დაგვცხება დაგვიფარავს ცისარტყელის ჩრდილი...

ჰოდა ისევ გავირბინოთ ჰორიზონტის კიდეზე,
ფეხშიშვლებმა გადავთელოთ აბურძგნული ტალღა
ვიყოთ ზღაპრის ბედნიერად დასრულების იმედზე,
გვჯეროდეს და ჩანჩქერიც კი აუყვება აღმა.

მომავალზე ოცნებები მაბამს ცხენის ძუაზე,
მზე კი ჩუმად იღიმის და ნაზად ჭუტავს თვალებს.
ჩამავალი მძიმედ უტყამს უკანასკნელ ნაფაზებს
და დრო მოჰგავს საომარი ცხენის ნაცვეთ ნალებს...

ასე გადის ყოველი დღე... ჩემს ცარიელ სულში
დროის ჭინკა ჩასახლდება და დაიწყებს ქილიკს.
მერე ხმას ვეღარ მომაწვდენს განცდა გაგუდული,
ისევ უაზროდ გავყვები უსასრულო ბილიკს...

ოცნებაში ჩამობნელდა, მზე ჩაყლაპა ღრუბელმა,
წვიმა წასკდა, როგორც ცრემლი, შენს თვალების მსგავს ცას.
თუკი გული გამიცივდა, დე იცოდეს უფალმა:
სიყვარულით ვეწირები უცნობ ქალღმერთს _ გვანცას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები