ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2010


ორი ზამთარი

 
ახლა  ზამთარი სხვანაირია:
პროექტორში ჩაწყვეტილია  შავ–თეთრი ფირი,
შენ  აქეთ, მარტო, უცხო შიშით,
ის იქით, იქით…
ერთ დროს კი, თოვლი მოდიოდა აუარება ბაბუაწვერად,
თითქოს ვიღაც საშობაო ბარათებს გწერდა.

ახლა ზამთარი სხვანაირია:
ეზოში, სახლზე, სახლის კედლებზე
ბერიკაობა გაუმართავთ
ქარისაგან გადამთვრალ ხეებს და ხმაურობენ.
…ერთ დროს კი, ეზო მუსიკალურ ზარდახშას ჰგავდა,
როგორც კი ჭიშკარს შეაღებდი,
შავი შაშვები იწყებდნენ ჭახჭახს
და ხიდან ხეზე გადადიოდნენ.

ახლა ზამთარი სხვანაირია.
მაინც  დგები.
გადიხარ გარეთ
და ამ შავ–თეთრი კადრების ჯიბრზე,
თოკზე გადაფენ მინდვრის ნაკუწებს -
პაწია შვილის ჩითის პერანგებს,
პეპლის ფრთებივით გაუკეთებ ფერად სამაგრებს,
ჩამოიფერთხავ უცხო შიშს და
ხელმეორედ  გაახელ თვალებს,

ახლა ზამთარი ასეთია:

ერთი ბეწო ნისკარტით 
ისე, როგორც ჭიკარტით,
თოვლის ფურცელს ამაგრებს
შენს ეზოში ჭილყვავი.
-  რას დახატავ?
-  სახლს და მზეს…
ჩვენ რომ გვიყვარს, ხომ  ისეთი ზამთარია, დეე…



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები