ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2014


... და წავიდა ძილისპირული



სარკმელში გაიხედა თუ არა მაშინვე უგემურად გაჰკრა: 
"რა მოხდებოდა რომ, ერთხელ  მაინც  გადამეღო  სურათი" - ო...
თავადაც გაუკვირდა ისეთი ტკივილით გამოჟონა სინანულმა, სრულიად მოულოდნელმა და ცივად გამჭოლმა.
ადრიანი გაზაფხულის დილა იდგა სარკმელს მიღმა, ცივი და მზიანი, ერთბაშად აფეთქებული,  ხეხილით და უცებ _ "ერთხელ მაინცო… მასთან ერთად ან მხოლოდ მისთვის.  რა ქვეყანა დაიქცეოდა" - ო...
ოთახში თბილოდა.
მანსარდი უცებ თბება, როგორც კი ქვემოთ ღუმელი დაინთება. ღუმელთან დედა საუზმის თადარიგშია.
საუზმე დღის მთავარი ტრაპეზიაო, ყოველ დილით იტყვის-ხოლმე. ეს დილაც ამ აკვიატებული ფრაზით დაიწყება.
არც დღეს იქნება გამონაკლისი და ამან რატომღაც ისე გააღიზიანა რომ, აჩქარებით მოიხურა ქურქი, კიბე ჩაირბინა,  სასაუზმოდ არ მცალიაო,  დააგდო და გარეთ გავარდა. 
-კი მაგრამ…- სულ ეს იყო რაც მის სმენას მისწვდა, საუზმისწინა შეგონების  დარჩენილი ნაწილი, თემის მთავარი თეზით დედამ, მართალია გაოცებულ-განაწყენებულმა,  მაინც ბოლომდე ჩაიბუტბუტა, მოშიშინე ჩაიდანის აკომპანიმენტის ფონზე და უჩვეულო  ფინალით -  რამ გადარია ეს ბიჭი! - ო,  საერთოდ სოფლის სამდურავი გამოთქვა - მერე უცებ აწიწმატებულმა - ჯიშად გასაწყვეტები ესენიო-ო,  გაგულისებით დააყოლა. აქ  შვილთან ერთად მეუღლეც მოიხსენია, ისე, გულის მოსაფხანად. რატომღაც შვილისაგან მოულოდნელი ქცევა ყოველთვის მეუღლეს ახსენებდა.  მერე უღონოდ დაეშვა სკამზე და თვალებზე ცრემლმომდგარმა მწყრალად გახედა აწ გარდაცვლილი მეუღლის მაკვარანჩხულად მოღიმარ სურათს.  მერე საიდანღაც მოვარდნილმა ღიმილიმა გაკვესა აცრემლებულ თვალებში და ხელი აუქნია  უცნაურად ამჩატებულ კაცს - ჯიშად, ჯიშად - ო,  ერთხელაც მიაძახა, უფრო მონატრებით ვიდრე წყრომით და დაიწყო დედის დარდიანი მოლოდინი სახლიდან გასული შვილის.

<<< - >>>

როგორც ყოველთვის, შემოსვლისთნავე ჯერ იქეთ გაიხედა.
მეგობრობით გამორჩეულებმა  მისალმება და სხვა სახის რიტუალური სცენები უკვე კარგა ხანია, მხოლოდ თვალის ჩაკვრამდე შეკუმშეს. 
თავჩაქინდრული იჯდა. არც ამოუხედავს. იშვიათად, მაგრამ ხდებოდა ხოლმე მსგავსი ჩავარდნები.
-ჰა!  მოხდა რამე? - თავისთვის მოზუზუნე თანამშრომლებისკენ მიმართულ რიხიან  “დილამსვიდობისა”-ს დაუყოვნებლივ მოაყოლა.
წესად ჰქონდა ეს.
თან თვლიდა, ამაზე უფრო ჭკვიანური შეკითხვის დასმა დილით შეუძლებელიაო
- რამეთუ, - განმარტავდა პირველ ხანებში - შეუძლებელია ჩვენი ეპოქის გადარეული ტემპის გადამკიდე, დარჩეს წამი ცარიელი, მოვლენის გარეშე, წამი ვაკუუმი - განსაკუთრებით ბოლო სიტყვები ხიბლავდა, ეტყობა რაღაც დიდი აზრით ტვირთავდა, რომლის არსშიც სადღეისოდ თავადაც ვერ გარკვეულიყო.
ეს თავიდან, ნაცნობობის პირველ ეტაპზე და რაკი აქ, ამ ოთახში მისთვის მისაღებ  პასუხს ვერა და ვერ ეღირსა, ამოჩემებულ კითხვას მაინც შესაშური სიჯიუტით სვამდა.  ისე, წესად წესი რომ შეენარჩუნებინა - ტრადიცია, ესე იგი - როგორც თავად ახსნა, როცა თავგაბეზრებულმა თანამშრომლებმა ერთიანი ფრონტით შეუღრინეს, - "რა ამბავს ელოდები მაინც, ჰა?  რა უნდა მოხდეს ამ ჩაფხავებულ ოთახშიო, და საერთოდ, შენი ყურადღების ღირსი თუ რამე მოხდება, ტელევიზორს ვინ დაასწრებს მაგის თქმას" - ო
და აი, როგორც მეხი მოწმენდილ ცაზე. თან სრულიად მოულოდნელი მხრიდან.
- შენ ხომ გაახურე,რა! - მოისმა იქიდან, საიდანაც, ყველაზე ნაკლებ ელოდა - მოხდა,ხო! რა მერე? - წარბქვემოდან გამოხედა და მაშინვე იგრძნო, რომ ცოტა ზედმეტიც  მოუვიდა, ხმას დაუწია - მერე რა? სახლიდან უჭმელიც კი წამოვედი.
მეხის გავარდნას  ეფექტით ვერ შეედრებოდა, მაგრამ შთბეჭდილება დატოვა. 
რამდენიმე წამი სიჩუმეც კი ჩამოწვა.  ჩამოსაკიდებლად გამიზნული ქურქის ჩვეული ტრაექტორია მყისად გაიყინა ყოვლად უაზრო წერტილში და მეგობრისკენ კისერმოღრეცილმა ძლივს ნერწყვი გადაყლაპა.
- ე, ბიჭო, გეშველა  შენც და ჩვენცო - ახმაურდა ოთახი
- მოიცა, მოიცა  - ხელი აუქნია აზუზუნებულ ოთახს  - დედას ხომ არაფერი დამართნია, ბიჭო?
-ახლა აქ ვიქნებოდი? – გაუკვირდა  “ბიჭს”
- ჰო, მართალი ხარ, თუმცა შენც ხარ რა, ცოტა - დანარჩენი ხელით მიანიშნა  დამშვიდებულმა და ნიშნის მოგებით გახედა უჩვეულოს მოლოდინში სმენადქცეულ ოთახს
- რას ვამბობდი მე? - ქურქმა განაგრძო გზა საკიდისაკენ, მერე ქუდი მიყვა, კაშნე, როგორც წესი, ადგილზე დარჩა, ცალი ტოტით ზურგზე მოგდებული. გამეჩხერებულ ქოჩორზეც გადაისვა ხელი და - ა? რას ვამბობდი-მეთქი…  არ არსებობს ამაზე ჭკვიანური კითხვა დილაადრიან, თან სამსახურში-თქო, ვამბობდი?!
სრული თანხმობა გამოუცხადეს.
- აბა, ყმაწვილო, მოხდა რამე?
კიო, თავის დაქნევით დაუდასტურა მეგობარმა და ისეთი ნაღვლიანი მზერით ამოხედა, ისეთი…  შეწუხდა კაცი.
- დედა კარგად ყოფილა, სხვა რა უნდა მომხდარიყო, შენი ამაფორიაქებელი ?
- მოხდა კია და - ამოიხვნეშა
- რა მერე, რა?! - მოუთმენლობამ იმძლავრა ხმაში.
- ეეჰ… როგორ გითხრა არც კი ვიცი
- თანმიმდევრულად და სწორი დიქციით, ეს მთავარია მოვლენის გახმოვანებისას
შეაშველეს ციტატა, კარგა ხნის წინ მივიწყებული  “ლექციებიდან” თემაზე.
კაშნე გაისწორა და მუდარით გახედა ჭკუისკოლოფს. ისიც გაყუჩდა.
- პრინციპში, სწორად თქვა - მეგობარს მიუბრუნდა სრული მზადყოფნით.
- დილით ფანჯარაში გავიხედე - ძალიან მძიმედ დაიწყო მეგობარმა -  გუშინდელი უჟმური ამინდის გახსენებაზეც კი მაჟრიალებდა…
- ნამეტნავად შორიდან ხომ არ იწყებ. ა?
- ოოჰ...  შემეშვი თუ ძმა ხარ!
- კარგი,ჰო… კარგი... მიყევი, როგორც საჭიროდ ჩათვალო.
პაუზა.
- ჰე, ეხლა… ნუ დამტანჯე კაცი!
უცნაურად დაღონებულმა ცოტაც იდროვა...
- ვხედავ ცივი, მაგრამ მზიანი დარია  და  უცებ, გული… გული თითქოს ისე ამწაპნეს ვერც ვიგრძენი და ის სიცარიელე მეტკინა ძალიან, ძალიან…
- მოხდა რამე?
საყვედურით გამოხედა.
- ვაა, სერიოზულად გეკითხები, კაცო.
დაიჯერა
- ეზოში ტყემლები თვალისმომჭრელად თეთრად  აყვავილებულან თურმე… სულ რაღაც ერთ ღამეში, და…- ჩაახველა ერთხელ… მეორედ.  რაღაცას თავს ვერ აბამდა თითქოს, ისე საწყლად გამოხედა.
- უკაცრავად, გეჭრებით, მაგრამ მინდა დავაზუსტო… ეს უჩვეულო ამბავი ყველა ტყემალს დაემართა, თუ იყვნენ გამონაკლისებიც - პაუზით ისარგებლა ჭკუისკოლოფმა.
-კარგი რა! კარგი !!!  გვაცალე თუ კაცი ხარ - კაშნე მოიღეღა - დაჯე აგერ და… - მეტყველი ჟესტით დაასრულა სათქმელი.
არანაკლებ მეტყველი ჟესტით სრული მორჩილება გამოუცხადეს
- მერე?..  მოხდა რამე?... მმმ… მინდოდა მეთქვა, მერე რა მოხდა მეთქი.
ისე წამოიწია, მიხვდა რომ ყური უნდა მიეშვირა.
ასეც მოიქცა, მოხერხებულად  გადაიხარა და იდუმალის მოლოდინში გაირინდა.
- წამო რა, ძმურად,  დავლიოთ - ისეთი მუდარით ჩასჩურჩულეს, რომ გადაწყვეტილება მყისვე მიიღო, თუმცა,  ამ დილაადრიან-ო, მაინც გამოჟონა.
- კარგი… ვნახოთ ადგილზე - მკაფიოდ და ხაზგასმით კოლეგებისკენ მიმართული ფრაზა კოლექტიური ეჭვის კედელმა აირეკლა.
- მოკლედ ასე - მისამართად "ჭკუისკოლოფი" გამოარჩია - თუ ზევიდან დარეკეს, ეტყვი ქვევით წავიდნენ’თქო, ობიექტზე, ესე იგი.
- მოხდა რამე? - არ გააწბილა ჭკუისკოლოფმა, თან თვალები ისე უბრწყინავდაა…
- არ გასვენებს დღეს ეშმაკი, თუ ატყობ - კაშნე ისევ მოიმჭიდროვა და საკიდისკენ გაემართა.
- თუ ქვევიდან დარეკეს? - კართან დააწია იგივე წყარომ. არც მოუხედავს, მსგავსი სიტუაციებისათვის ჟესტების მთელ არსენალს ფლობდა. ერთერთი, თან ყველასათვის გასაგები, გაისროლა კიდეც. ოთახმა ხმამაღალი სიცილით დაუფასა.

<<< - >>>

არც გზაში შეუწუხებია დაკითხვით და ახლაც არ ჩქარობდა. 
მეტისმეტად შორიდან მოდიოდნენ გვერდიგვერდ,  ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, უადგილო შეკითხვა და მორჩა-საკითხი დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა, იხურებოდა.
ასე უბრად მოვიდნენ კარგა ხნის წინ შეგულებულ სახინკლეში, შეკვეთაც მისცეს ტრადიციული მენიუთი, რომელიც ოფიციანტმაც ზეპირად იცოდა და  როგორც კი კოლეგამ ანიშნა შენები მოვიდნენო, საქმესაც შეუდგა.
სწრაფად მოვიდა ხინკალი, არყით და თანმხლები  ლუდით...
- აი ეგა ვართ რა - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს ერთმანეთს და გადაჰკრეს…
სანამ ხინკალი იდო მაგიდაზე, სხვა რამის შემოტანა აკრძალული იყო.
ცივი ხინკალი კიდევ, თავადაც მოგეხსენებათ-საცოდაობაა.
სადრეგრძელოებიც ოხშივარავარდნილი ხინკლის ხათრით ფრიად ლაკონური და , როგორც თავად აღნიშნავდნენ,შინაარსით ტევადი იყო.
- ვინც ღვთისგან შენდობას და ჩვენგან არდავიწყებას იმსახურებსო - მზერა მოისევდიანეს, მიუჭახუნეს, ლუდი, ხინკალი რამე… ეგრევე ჩამოასხეს
- ღირსეული ცხოვრებისა იყოსო - ჩაიღიმილეს  და სანამ გაცივებულაო, ერთიც  ჩამოასხეს
- ესეც კიდე სიცოცხლისაო, ფარავდეს უფალიო -  გადაჰკრეს და ოფიციანტს ანიშნეს პირველი აქტის დასასრული და სანამ მაგიდა გადახალისდებოდა, გააბოლეს.
ხომ მავნებელია არა,  ზედაც აწერია ხომ, მაგრამ რა?  დანაყრებულზე, თან ცოტაც გადაკრულში-ცხონებაა.  ვისაც ოდესმე მოუწევია იცის თუ რა სასიამოვნო სისულელეს ჩადის. განა ყველაფერი რაც სასიამოვნოა, მავნებელიც არ არის?-ო, საკითხის მოფილოსოფიურო ჭვრეტით იმშვიდებენ ხოლმე  თავს…
თუმცა რა დროის ფილოსოფიაა. თუთუნის ბოლში გახვეული სადღაც მეგობრის მხარს მიღმა უსაგნო წერტილს გაჰყურებდა არყისგან დანისლული მზერით…
- იცი რამ დამთრგუნა - დაიწყო - იმის შეგნებამ, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი
ეტყობა გალღვა, ასე იცის ჭაჭამ
-რატომ ერთხელ მაინც არ არ მომივიდა აზრად სურათი გადამეღო, მასთან ერთად ან მხოლოდ მისთვის… გახსოვს ხომ რა ლამაზი იყო. მეც გეკითხები რაღა, რამდენჯერ გინახავს და გითქვამს კიდეც, საოცრებააო.
თანხმობის ნიშნად თავი კი დაუქნია, მაგრამ ვერაფრით მიხვდა  ვის ეძღვნებოდა ეს სევდიანი მონოლოგი.
გადაქექა მეხსიერების ყველა კუნჭული _ ვერა, ვერაფერს მიაგნო!  სადღაც რაღაც გამოკრთებაო და ისევ სმენად იქცა.
უაღრესად ტაქტიანი კაცი იყო.
ამაში, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, კაშნე შველოდა.
ხან მოიღეღავდა, ხანაც შემოიჭერდა და იქვე განიმუხტებოდა ხოლმე.
ახლაც უსიტყვოდ შემოიჭირა კაშნე და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ყურად იქცა.
- მაგრამ შენ ის დილით არასოდეს გინახავს, გაზაფხულის სუსხიან დილით… ისე მოულოდნელად გამომეცხადებოდა, თეთრ კაბაში  საქორწინოდ აღერღილ პატარძალს ჰგავდა,მთელი ღამე სარკესთან კოპწიაობაში რომ გაეტარებინა… თვალს ვერ მოწყვეტდი
ისევ მოიღეღა კაშნე… ეგეთი ვინმე როგორ გამომრჩაო, გაიკვირვა
- გაზაფხული… დილა… ის კიდევ ასე ლამაზი და გულის ამაჩუყებლად მშვენიერი თავისი თეთრი კაბით, ამომავალი მზის სხივებს თითქოს ღიმილად  ირეკლავსო...
პოეზიისკენ ექაჩებაო, აღნიშნა  ფიქრად.  ასეთ დროს მასთან საუბარი სახიფათო საქმე იყო და განსაკუთრებულ სიფაქიზეს ითხოვდა. ეს იცოდა და დიალოგში შესვლას არ ჩქარობდა
- ეეჰ, არაფერი ეს აწი აღარ განმეორდება, ჩემო ძმაო… მივეჩვიე ამას და გამიუფასურდა თვალსა და ხელს შუა.  მეგონა… არა!  კი არ მეგონა, იმაზე არც ვფიქრობდი, რომ ოდესმე რაიმე შეიცვლებოდა… აზრადაც არ მომსვლია, ის ხომ ჩემი ტოლი იყო … მამაჩემი არ მახსოვს ისე მკაფიოდ. ამ დილით მივხვდი ამას და ასე მგონია მამა ჩამაკვდა ხელში… ისევ...
“აუჰ, აქ რაღაც სხვა ამბავია” - გაიფიქრა "ტაქტიანმა". მაგრამ უკვე აუტანელი ხდებოდა ეს გაურკვევლობა.
-  მოდი, იცი რისი ვთქვათ -  კაშნე მოიხსნა და სკამზე გადაჰკიდა - ძალიან, ძალიან ჩვენი რომ არის, ისე ძალიან, რომ მისი დიდებული არსებობის ხიბლს მაშინ ხვდები როცა სამუდამოდ კარგავ, როცა ვერ გაგირჩევია მოგონებაში ტკივილი ჭარბობს თუ სიხარული და თვალზე ცრემლმომდგარი იღიმები.
- მოგონებით აცრემლებული ღიმილის სადღეგრძელო დავლიოთ?
- ჰო…
- მოსულა
გადაჰკრეს…თითო ნაჭერი მწვადიც მიაყოლეს და…
- რა ერქვა, ძმურად?.. შემახსენესავით…
- რა შეგახსენო, რაც თვითონაც არ ვიცი…
- ე! ეს  როგორ?
- რა ვიცი, აბა… არც დედაჩემმა იცოდა, არც მამას სცოდნია… ქუჩაში ნაპოვნი იყო და მიტომ. თან არსად ახლო-მახლო მსგავსი არაფერი ენახათ, თურმე.  ყველაფრით რომ გამორჩეული რომ იყო მაინც…
- მოიცა, მოიცა. რა გზაში, რა ნაპოვნი…ერთი, თანმიმდევრულად და რაღაცნაირად რა…
-შენ რა, არ იცოდი?  მე რომ დავიბადე იმ დღეს, ცხონებული მამაჩემი, საღამოხანს, ჯერაც ჩამობნელებული რომ არ იყო, ცოტა გადაკრულში ბრუნდებოდა სამშობიაროდან და ხედავს, ვიღაცას დარჩენია მესერზე მიყუდებული.  ტილოს ნაჭერში ყოფილა შეხვეული,  თავი მოუჩანდა მხოლოდ…
- ვაა… გაგიჟდება კაცი - კაშნე შემოიხვია და ზურგზე მოგდებული ტოტი ისე დაქაჩა, თვალები ლამის გადმოსცვივდა - მერე, მერე?!
- რა მერე… შემდეგ გაზაფხულზე  ძლივს გაერკვნენ, ისიც სპეციალისტის ჩარევით.
- ნუ გადამრიე ბიჭო - კაშნე მოიღეღა, ლუდი მოსვა და - რაო მერე იმან?
- ვინ?
- ვინ, ვინ…  - გამოაჯავრა. ტაქტიანობის ლიმიტი უიმედოდ ამოწურულიყო.  არც კაშნე შველოდა საქმეს - სპეციალისტმა!
- ოოო, იმან ეტყობა კარგად იცოდა თავისი საქმის… მსხალიაო.
- რა-ააო? - ისე შეჰყვირა, დარბაზი და მომსახურე პერსონალი ერთბაშად მათკენ შემობრუნდა…თავადაც იგრძნო ეს და იუხერხულა - რაო, რა არისო? - ჩურჩულით იკითხა
- მსხალიო! - შეცბუნებული ჩურჩულითვე უპასუხეს
გახევდა, ყელი გაუშრა, ლუდს წაეპოტინა და ისეთი მოწყურებით დალია, შუა ზაფხულის გაგანია სიცხეში რომ სვამენ ხოლმე. კათხა ხმაურით დადგა, ღრმად ამოისუნთქა, უცებ გაახსენდა რაზეც იძახდა “საოცრებაა, აბა რაო” ისიც ისე, მეგობარს რომ სიამოვნებოდა თორემ აყვავილებული მსხლების მეტი რა ენახა…
-მსხალიაო  აბა ხომ?!
-კი, მსხალიაო და მართალიც გამოდგა, მაგრამ სახელდობრ რომელი ვერც იმან თქვა.
ისეთი გადაიხარხარა…  აი, ნაკითხი ხალხი “ჰომერული"-ო  რომ იტყვის.
ამჯერადაც მიიქცია დარბაზის ყურადღება უცნაურმა წყვილმა, იგრძნო კიდეც, მაგრამ სანამ ხველა არ აუტყდა ხარხარს ვერ მორჩა.
იმან კი არ იცოდა რა ექნა, გაბრაზებულიყო, თუ რამე სხვა
ხველის შემოტევაც გასრულდა ბოლოსდაბოლოს, კაშნე მოიხსნა, სკამზე გადაჰკიდა და მეგობარს ისეთი მზერით გამოხედა, შეუძლებელი იყო ბრაზი მოგრეოდა.
- მოდი ერთი გაკოცო, რა - წამოდგა - მე არ ვიცოდი შენ რა ხვითოც მყავხარ - ისიც დაითრია და ისე ჩაიკრა, კაცი იფიქრებდა ეს წამია რაღაც ისეთი გაიგეს, რომლის სხვაგვარად გამოხატვა შეუძლებელი იყო.
ამ კამპანიაში მრავლისმომსწრე ოფიციანტიც ღიმილით შესცქეროდა ამ ლრიკულ სცენას… მოიხმეს კიდეც.
- რაიმე ხომ არ გამომრჩენია? - შეშფოთებულმა იკითხა
- არა, კეთილო,არა…უბრალოდ დღეს ისეთი რამ მოხდა, რომ ამ სცენის მეორე აქტი უნდა გავიმეოროთ…არაყი ერთი გვეყოფა და ერთი ხაჭაპურიც მოაყოლე მოგვიანებით… გავიგეთ ხომ?!

<<< - >>>

-აბა დაუკვირდი რა ლამაზად მოაწყო უფალმა ყოველივე… სანამ იყო ისე ყვავილობდა რომ სულს გითბობდა და გაზაფხულს მოუძღოდა, მერე ნაყოფით  ზაფხულს  გიხალისებდა, შემოდგომაზე ფერშეცვლილი წუთისოფლის ამაოებაზე დაგაფიქრებდა და ბოლოს შეშად გარადაქმნილმა,თუ გარდაცვლილმა,რაც ამ შემთხვევაში სულერთია- სხეული გაგითბო, ზამთარი მოგიმყუდროვა და თავი მოგანატრა… ხედავ რა საოცარი სილამაზით და სიკეთით გაასრულა თავისი გზა მსხალმა… მეცნიერულად რომ ვთქვათ, მსხლის ხემ… ჰოდა გეკითხები ახლა მე შენ… თუ  ღვთისგან ხედ ნაკურთხმა ამდენი შეიძლო, ჩვენ,  ადამიანებად მოვლენილებს ამ სოფლად, რა უფლება გვაქვს… რა უფლება-მეთქი, ვკითხულობ, არ გვიყვარდეს ერთმანეთი ?!.. ა?... მითხარი!
ასე იცის ჭაჭამ, თუ კაცი ხარ-ანგელოზად გაქცევს, თუ არა და,  მტრისას, მაგამ საქმე დაგმართოს.
კაი ბიჭებს იკრავდა ახლა გულში და  გულიანად აღიღინებდა.
- ეეჰ...მე კიდევ დილით დედას ვაწყენინე - საწყლად გამოხედა მეგობარს.
დატუქსეს.
- აბა, შენა ყოფილხარ, რა!
- ახლა, მივალ სახლში და  დავუჩოქებ… დავუჩოქებ და ისე მოვუხდი ბოდიშს…
- და მიყვარხარო, ეტყვი, ხომ?...
- ეგ ხომ ისედაც იცის
- მერე?  სწორედ იმას უნდა უთხრა ვინც იცის, თორემ ვინც არ იცის იმან, შეიძლება, სწორად ვერ გაგიგოს და ისევ საბოდიშოდ გაგიხდეს საქმე.
საოცარი ლოგიკურობით გამოირჩეოდა ყოველთვის.

<<< - >>>

კარგა ჩამობნელებულიყო სახლში რომ მივიდა. მთვრალი და უსაშველოდ მონანიე დილანდელი საქციელის.  მკაცრი მონოლოგისათვის შემართულ დედას ხმის ამოღებაც არ აცალა, გულში ჩაიკრა, მაგრად, მაგრად და ამით კონფლიქტი ამოწურულად ჩაითვალა
- არ დამაღრჩო, შე უსინდისო - ო, დედამ  და სამშვიდობო ხელშეკრულებაც გაფორმდა განუსაზღვრელი ვადით.
მერე  უამრავი დარდით და სიხარულით გასკდომამდე სავსე გული იჯდა თავისი პირმშოს თავთით და იმ ცრემლნარევი ღიმილით დასცქეროდა,  შეზარხოშებული მამაკაცები სიყვარულად რომ მოიხსენიებდნენ თავიანთ არყითნაფერ სადღეგრძელოებში.
- დე,  ახლა რამდენი წლისა იქნებოდა?
- ვიზე ამბობ შვილო?
- ა იმ, მსხალზე, შარშან რომ…
- ის, ხომ შენი ტოლი იყო…დაგავიწყდა? ან ამ სიმთვრალეში რამ გაგახსენა, ძირგასახმობი, რაც მე მაგის ფოთლების გვაში ღონე დამიხარჯავს… ნეტაი იმ დროს…ეჰ…დაიძინე, დაიძინე… არ უნდა დაკაცდე აწი? მსხალი კი არა მე შემოგაბერდი თუ ატყობ… რძალს როდის მაღირსებ… მომასწრო ბებიობას იქნებ…კი ხართ ჯიშად გასაწყვეტები, მაგრამ მაინც…ერთი პატარა ანგელოზი…ჰა?
… და წავიდა ძილისპირული.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები