 | ავტორი: დილეტანტი ჟანრი: პროზა 4 დეკემბერი, 2011 |
მწერალი არ იყო... უბრალოდ ეწერინებოდა და წერდა კიდეც... თავისთვის უფრო. თორემ პროფესიით, რაიმეს ჩაწერაც კი არ სჭირდებოდა, თუ არ ჩავთვლით ნაკარნახებ ტელეფონის ნომერს ანაც ხელფასის უწყისზე ხელმოწერას... ხო, კიდევ ახსნა-განმარტებით ბარათს, თვეში ერთხელ მაინც. ძირითადად სამსახურში დაგვიანების გამო. რასაც მისი უშუალოდ უფროსი ისეთი ინტერესით კითხულობდა, რომ ბოლოში გასული თავს სინანულით აკანტურებდა. რაც ალბათ ნიშნავდა -ასეთი ფანტაზიის პატრონს რა უნდა აქო... ანუ სამსახურში სადაც წერა-კითხვის უცოდინარობა სამარცხვინო რამ იყო, მაგრამ დანიშნულებით გამოყენება სისულელედ ითვლებოდა. ლიტერატურის დიდი მოყვარული ჩანდა უშუალოდ უფროსი, თუმცა სერიოზული ავტორების საკითხავად დრო არ ჰყოფნიდა... უფროსი იყო და სად ეცალა საამისოდ. აქ კიდევ თან საქმეს აკეთებდა, უშუალოდ რაც ევალებოდა და თან "დახვეწილ" სტილსაც აგემოვნებდა. შენიშნა ეს ინტერესი ჩვენმა წერის მოყვარულმა, სახელი თქვენ დაარქვით თუ გნებავთ, და ყოველი მომდევნო ბარათი წინამორბედზე უფრო გრძელი და საინტერესოც კი გამოსდიოდა. და რაკი ყოველდღე არ აგვიანებდა, ამიტომაც როცა მოესურვებოდა, უბრალოდ წერდა. რაც მოეპრიანებოდა იმას, თორემ ახსნა-განმარტებითი ბარათები იმდენი ჰქონდა დაწერილი, ერთ მშვენიერ კრებულად გამოიცემოდა და ყველაზე ცოტა ერთი მკითხველი მაინც, ავტორს ავტოგრაფით მოსთხოვდა წიგნს... ვერც იმას ვიტყვით უბრალოდ ერთობოდაო. ისეთი განწყობით წერდა და მერე ხანაც ღიმილით, ხანაც ტანში ჟრუანტელით და ზოგჯერ აცრემლებულიც კი კითხულობდა თავის ნოველებს. სხვა ავტორების კითხვისას უფრო თავშეკავებული იყო რატომღაც. თუმცა ხშირად აღელვებულა კიდეც და ემოციებიც ვერ დაუფარავს... ახმაურდებოდა ხოლმე მაშინ და თუ ვინმე სიახლოვეს რაიმე ინტერესს გამოხატავდა მისი რეპლიკების მიმართ, ნაცნობი თუ უცნობი, მერე დიდხანს და უმწეოდ წრიალებდა ხაფანგში მოხვედრილი ნადირივით, სანამ ზრდილობის ფიალა ბოლომდე არ დაეცლებოდა. ასეთი ფიალა კი, უმრავლესობას ძალიან პატარა აქვს და ზოგიერთს კიდევ საერთოდ არ არგუნა განგებამ. ალბათ ამიტომაც აზრადაც არ მოსვლია ნოველების გამოქვეყნება. აბა სხვა რა უნდა ვიფიქროთ? არათუ არ აქვეყნებდა, ახლობლებისთვისაც კი არ უჩვენებია, ორიოდ , მისი აზრით საზრიანი ახლობლის გარდა და როცა მათაც უნიჭოდ შენიღბული გულგრილობით და უნიათო კომპლიმენტებით დაუბრუნეს უკან კოხტად აკინძული თაბახის ფურცლები, საერთოდ არც უფიქრია კიდევ ვინმესათვის შეეთავაზებინა რაიმე თავისი ნოველებიდან. ახსნა-განმარტებით ბარათებს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, უშუალოდ უფროსი ყოველთვის დიდი ინტერესით კითხულობდა და ზოგჯერ მასზე უფრო დიდ უფროსსაც უკითხავდა. რასაც ეს უკანასკნელი მხოლოდ ზრდილობის გამო იტანდა. ერთხელაც ადგა და მისი სამსახურიდან განთავისუფლების საკითხიც დასვა და ძალიან ჭკვიანურადაც მოიქცა -- მას შემდეგ უშუალოდ უფროსს დიდი უფროსი არ შეუწუხებია და ასევე მას შემდეგ ეჭვის თვალით უყურებდა დიდი უფროსის კომპენტენტურობას არა მარტო ლიტერატურის საკითხებში. ვააჰ... რა კაპიტალურად გადავუხვიეთ თემას, არა? მოკლედ, წერდა კაცი. დროდადრო გადაიკითხავდა თვითონ და ასე...
იმ დილითაც, როგორც ყოველთვის მოულოდნელად, ეტაკა წერის სურვილი და სულ რაღაც ნახევარ საათში, ორ ფურცლიანი ნოველა ჩააწიკწიკა. სხვათაშორის, ეს მისი საყვარელი ფორმატი იყო. ხშირად უთქვამს კიდეც, უფრო თავისთვის - თუ სათქმელი რამ გაქვს, ანუ იცი რა და როგორ თქვა, ორიოდ ფურცელიც ბევრიაო და თუ უბრალოდ გელაპარაკება, ანუ წერას აუტანიხარ, მთელი წიგნიც რომ დაწერო მაინც ვერაფერს იტყვიო. ნუ განვსჯით მკაცრად. ნოველა კი, ასე სახელდახელოდ შექმნილი, იყო ადამიანზე, თითქმის ნახევარი ცხოვრება რომ გაელია უკვე და სულ იმედოვნებდა, აი ახლავე, ან ხვალიდან, მაგრამ ორშაბათიდან ულაპარაკოდ, ბოლოსდაბოლოს დაიწყებდა სულ სხვა ცხოვრებას _ სულიერებით გაჯერებულს უფრო. აქაოდა,ჭკვიანურ წიგნებს ჩავუჯდები, იმოდენა ბიბლიოთეკაში, ათჯერ იმოდენა ფული რომ გადამიხდია, იმათო. შეჭირვებულ მეზობელს წავეშველები, სასიამოვნოდ გავაკვირვებ სხვებსაც და საერთოდ კეთილ საქმეებს ჩავიდენო და კიდევ რაღაც კარგ რამეებსაც მოვიფიქრებ გზადაგზაო. დრო, მოგეცა ლხენა, მე რომ მაქვს იმდენი მკვდარსაც არა აქვსო და ფული ხომ მაქვს და მაქვსო. პლუს ამას ვინმეს შევიყვარებ თავდავიწყებით და რა თქმა უნდა, იმასაც ძალიან შევუყვარდები, რაკი ასეთი დადებითი ვინმე გავხდიო... მაგრამ, ხომ გაგიგიათ, თუ გსურს ღმერთი გააცინო, შენი გეგმების შესახებ უამბეო... ჰოო და, ხან რამ შეუშალა იმ კაცს ხელი, ხან კიდევ რამ. ეს ხვალეები და ორშაბათებიც არ დაილია და ისე დაბერდა, სულიერებისა ვერაფერი შემატა თავის თავს, რომ არაფერი ვთქვათ შეპირებულ სიკეთეზე, რომლის მოლოდინშიაც მეზობელმა კარგა ხანია დალია სული და ამაზე დარდმა ალბათ, ეს საუკეთესოგანზრახვებიანი ადამიანიც შეიწირა. მოკვდა, მოკლედ... შეინდოს უფალმა. აი, ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, საინტერესო ნოველა გამოუვიდა. რომ იტყვიან ერთი ამოსუნთქვითო, ისე დაწერილი და ოთხად გაკეცილი, შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო. დრო გავა, სხვა განწყობით გადავიკითხავ, იქნებ შევიბრალო კიდეც ეგ საცოდავი და ერთი შანსიც მივცეო... ან სულაც ისე გავასწორებ მიწასთან, უბრალოდ სიკვდილი ბაირამად მოეცვენოსო. ან ოქროს კვეთში გადავიყვანო სიუჟეტს... ანუ შანსსაც მივცემ და ერთს ლაზათიანად წავუთაქებ კიდეც, აქამდე რომ ვერ მოიცალა ამ ღვთისგანსაქებარი საქმისთვისო. მოკლედ, ვნახოთ როდის და რა ხასიათზე გადავეყრებიო. "შემოქმედის თავისუფლება მისი ნამოქმედარით იზომება, იწონება და ფასდება თავად შემოქმედისაგანაც და აქ სიფრთხილეზე მეტად გულწრფელობა გვმართებს" - ეს გაიფიქრა მხოლოდ, არ ჩაუწერია. კალამბურივით რამე კი გამოუვიდა... შეიძლება ჭკვიანურიც.
... და გავიდა სახლიდან. სამსახურში კი არ წასულა, როგორც გეგმავდა, არამედ მაღაზიაში, ჩანთით ხელში და მეუღლისაგან ჩამოწერილი ნუსხით ჯიბეში. ნუსხა მართლაც რომ შემაშფოთებლად გამოიყურებოდა -კარტოფილი 3კგ -ვაშლი 2კგ -ხახვი, ნიორი 2+1 კგ აქ ჩანთას დახედა და ინანა რომ მეორეც არ წამოიღო -ხორცი ძროხის, ხილი, ყველი, კარაქი და ასე შემდეგ და ა.შ. ანუ სავსე ჩანთა და მინიმუმ ორი მოზრდილი, გამძლე პოლიეთილენის პარკი. ეს კარგი, მაგრამ პროცესი? ფული ამოიღე, ხურდა მიიღე, ისევ ჯიბეში ჩაიდე, ეს ჩადევი, იმას ადგილი მოუნაცვლე, ერთი სავსეა, მეორე ივსება, მესამე სად არი... და პლუს ამას ახსნა-განმარტებითი ბარათის სიუჟეტზეც იფიქრე, სამსახურში დაგვიანებისა გამო. პერიოდულად კი ნუსხა გადაამოწმე, რომ არაფერი გამოგრჩეს, თორემ მეორე ახსნა-განმარტების მოფიქრებაც დაგჭირდება ექსპრომტად. "ძალიან რთულია ეს ყველაფერი... და საერთოდ ცხოვრებაც ხომ არის და არის, როგორიც მოეხასიათება ისეთი, თავის ჭკუაზე თუ მიუშვი" - ო. არც ეს ჩაუწერია, მაგრამ ახსნა-განმარტებითი ბარათის პასაჟად გამოვიყენებო, გაიფიქრა. და აი, მოხდა რაც მოხდა. როცა, უკვე მერამდენედ რაღაცას რაღაცაში დებდა, ადგილს უნაცვლებდა და ერთი ჯიბიდან მეორეში გადაჰქონდა, მერე ისევ უკან აბრუნებდა და ასე შემდეგ, გაწამაწიაში იყო, ნოველა დაიკარგა. დაუვარდა ალბათ სადღაც, რომელიღაც დახლთან. სხვა რა უნდა ვიფიქროთ აბა?
კარგა ხანს ეგდო დახლთან. თეთრი, ქათქათა. აკურატულად დაკეცილი. რომ შეგენიშნა ფეხს არ დაადგამდი კაცი. გამოჩნდა კიდეც ასეთი ადამიანი, რომელმაც შენიშნა და არათუ ფეხი არ დაადგა აიღო კიდეც და გაშალა. რაიმე დოკუმენტი არ იყოსო, რამდენადმე საჭირო ვიღაცისათვის. მოძებნიდა კიდეც იმ ვიღაცას, ან ეცდებოდა მაინც. ასე კეთილშობილურად მოფიქრალი... ჰო... გაშალა, მოკლედ. და თვალიც გადაავლო. დოკუმენტს არ გავდა ტექსტი, სხვა რამ იყო, არა ტიპიური რაღაცნაირად. ხელნაწერ ჩანახატს გავდა, თუ მოთხრობას. რომელიღაც ფრაზა საინტერესოდაც ენიშნა. გაეღიმა ამიტომაც, ჯიბეში ჩაიდო და დახლსგაღმა შეკვეთის მოლოდინით სავსე თვალებს მიუბრუნდა. ეს ადამიანი, მიუხედავად იმისა რომ ძეხვის საყიდლად იყო მოსული, ერთადერთი ადგილობრივი ჟურნალის რედაქტორთაგანი გახლდათ და სწორედ ლიტერატურის განყოფილებაში რუბრიკა "ჩვენი ქალაქის ნიჭიერი მოქალაქენი" მიჰყავდა. ჟურნალი დიდი ვერაფერი, მაგრამ პროვინციული ქალაქის პირობაზე, ჟურნალი იყო მაინც და კიოსკებში რიგი თუ არ იდგა, ორგანიზაციებს მიჰქონდათ დასტებად, ადგილობრივი კულტურის განვითარების მხარდასაჭერად... სურდათ ეს თუ არა, არაა ამ მოთხრობის თემა და აქ გავიაროთ ერთსულოვანი მარშით. იქ კი, ჟურნალში ესე იგი, პროზას უჭირდა ძალიან. ლექსებს წერდა ყველა, ვისაც წერა არ ეზარებოდა და სულაც არ აინტერესებდათ რითმის იქეთ თუ კიდევ რაიმეს საჭიროებდა პოეზია როგორც ასეთი და მეტნაკლებად ღირებული პროზა ხომ დიდ იშვიათობად იყო ქცეული. ძალიან პოეტური ხალხი ვართ -- ფაქტია. "უცნობი ავტორი. ასე მივაწერ" - გაუღიმა ჩანაფიქრს რედაქტორმა. რასაც ძეხვის გამყიდველმა კეკლუცი ღიმილით უპასუხა და ღმერთმა უწყის რა მიაფიქრა კიდევ.
სწორედ ამ დროს ჩვენმა, რა ვიცი თქვენ რა დაარქვით, კაცს, რომელსაც მწერლობაზე არანაირი პრეტენზია არასოდეს ჰქონია და მითუმეტეს გამოქვეყნებაზე, აღმოაჩინა რომ დაუკარგავს თავისი ნოველა. და რა?.. არც კი სწყენია. ახსნა-განმარტებითი ბარათის სიუჟეტს მიუბრუნდა არხეინად, რომელიც როგორც ყოველთვის სტანდარტულად იწყებოდა - " გაცნობებთ რომ..." წუხდა ამას შემოქმედი ნატურა, მაგრამ ჟანრის კანონებს რომ ვერაფრით შეცვლიდა ესეც კარგად ესმოდა. ნოველას კი სხვასაც დაწერდა. იმაში სულ რაღაც ნახევარი საათი დაეხარჯა. დიდი ამბავი!!! გამოქვეყნებას მაინც არ აპირებდა. რომც დაეპირებინა, ჯერ ერთი, არ იცოდა როგორ უნდა გაეკეთებინა ეს და მეორე, რაც მთავარია, არ ესმოდა რატომ? ჰოო და, ნაშუადღევს, როცა უკვე საკმაოდ დააგვიანა, წავიდა სამსახურში, უშუალოდ უფროსის ლიტერატურულ-საქმიანი ვნებების დასაოკებლად .
ადგილობრივი ჟურნალის რედაქციაში კი, შუადღის ფურშეტი ძეხვის ბუტერბროდებით გასრულდა თუ არა, რუბრიკის "ჩვენი ქალაქის ნიჭიერი მოქალაქენი", რედაქტორმა სხვა რედაქტორების თანდასწრებით წაიკითხა უსათაურო ნოველა ორ ფურცელზე და საერთო აღტაცებას თვითონაც სასიამოვნოდ გაკვირვებული შეუერთდა. ტექსტი უმნიშვნელო რედაქტირებას რა თქმა უნდა საჭიროებდა, მაგრამ აქამდე არსებული მასალის ფონზე -აშკარად გამოირჩევა საინტერესო სტილით და თემის აქტუალობით. ავტორი უდავოდ ნიჭიერი და განათლებული პიროვნება ჩანს და თუ გაგვიმართლა, იქნებ გამოგვეხმაუროს კიდეც-ო იმედი გამოთქვა მთავარმა რედაქტორმა და - სასწრაფოდ ამოყარეთ გრაფომანების ნაცოდვილარი და ეს ნოველა გაუშვით უახლოეს ნომერში - ო, გასცა ბრძანება.
ნოველა გამოქვეყნდა. გამოქვეყნდა ისე, როგორც არასოდეს სხვა რამ ამ რუბრიკით არ გამოქვეყნებულა. წინასიტყვაობა მთავარი რედაქტორისაგან, იტყობინებოდა თუ როგორ იქნა ნაპოვნი, ეს ნაწარმოები. თუ რა პროფესიონალურად მიუდგა საკითხს აღნიშნული რუბრიკის რედაქტორი და ჟურნალის მთელი კოლექტივი და ასე შემდეგ და ა.შ. ბოლოს კი მიმართვა უცნობი ავტორისადმი, თხოვნით -- გამოგვეხმაურეთ, ლირიკული პროზის შესანიშნავ მარგალიტად ჩაჯდა კონტექსტში. რამდენიმე დღის შემდეგ ჟურნალი კიოსკებშიც გამოჩნდა და ორგანიზაციებშიც დარიგდა. და როგორც ადრე, კარგა ხანს იდო თაროებზე, თუ კიოსკის ფანჯარას აკრული და მზით გამოხუნებული. ორგანიზაციებშიც მისთვის გამოყოფილ თაროზე, სხვა ნომრებთან ერთად ეწყო და იშვიათად ვინმეს გადაეფურცლა ლიტერატურული გვერდი. უფრო იშვიათად თანამოქალაქე ნიჭიერებს ხვდებოდათ წილად მკითხველის ყურადღება და ისიც პოეტებს, თორემ პროზა საერთოდ არ იწვევდა არანაირ ინტერესს.
ეეჰ, რა იზამ?.. მაგრამ ერთხელ...
სამსახურში მოსული ახალგაზრდა პროგრამისტი, ღია ფანჯარასთან მიმდგარიყო და სიგარეტს ისე დამშეულის ჟინით ეწეოდა -არ გადაგეყლაპოს - ო, გააფრთხილა ენაკვიმატმა თანამშრომელმა. ავად მოელვარე თვალებით მოხედა არამკითხეს და გულში შეუკურთხა როგორც თავად იტყოდა ხოლმე "ლაითად", რაკი არამარტო კოლეგა, მეგობარიც იყო. მეორეს მოუკიდა. -იმ ამბავშია... შეეშვი ჯობია, თავისი ეყოფა - ესეც მეგობარი იყო და კოლეგა შეთავსებით. ამიტომაც მონიტორისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე ჩაულაპარაკა ენაკვიმატს და ისიც თავის თავსატეხს ჩაუღრმავდა. ახალგაზრდა პროგრამისტი კი გამომშრალი თვალებით მისჩერებოდა დანისლულ სივრცეს და გამეტებით ბოლავდა ისედაც ნაცრისფერ ცას. ასე გახევებული იდგა და არც არავინ აწუხებდა მომაბეზრებელი ყურადღებით. სიგარეტიდან სიგარეტამდე ერთს ამოიოხრებდა და ისევ... და ისევ, სანამ თვალები არ დაუსველდა, ნაცრისფერი არ გაიცრიცა და გულში ოდნავ არ გალღვა. -დავლიოთ რა - თავისთვის ჩაილაპარაკა უფრო უხმოდ გაუგეს მეგობარმა კოლეგებმა. -მე მოვიტან... შენ მაგიდა გაიჩალიჩე - დაუბარა მეორეს ენაკვიმატმა და გავიდა მეორემ მაგიდის კუთხე გაანთავისუფლა და სამი სკამიც მოხერხებულად დადგა. მერე ჟურნალიდან ფურცლები ამოიღო და მაგიდას გადააფარა. მერე სამი ჭიქა და სამიც თეფში დააწყო ზედ და ამით მაგიდის სერვირება დასრულებულად გამოაცხადა. ენაკვიმატიც მობრუნდა გაღიმებულ-გახარებული და - აბა, გთხოვთ ბატონებო - ხელები მოიფშვნიტა - ასეთ შემთხვევაში პირთამდე სავსე ჭიქა მისწრებაა დასაწყისში... ხომ მართალი ვარ? თავის კანტურით დაეთანხმნენ. მერე არაყმა მიხედა თავის საქმეს. პროგრამისტებს ბევრი ლაპარაკი არ უყვართ სიმთვრალეში... სიფხიზლეში იცოცხლე, ილაპარაკებენ, ოღონდ რაღაცნაირად უცნაურად, თითქოს ამ ქვეყნისანი არ იყვნენ, პოეტების არ იყოს...ოღონდ იმათ პირიქით, სიმთვრალეში ვერ გააჩერებ, სამაგიეროდ გაუგებ მაინც რამეს, თუ ყველაფერს ვერა. ერთიც გადაჰკრეს. და სანამ ჭიქას დადგამდა დაღონებული და"იმ ამბავში" მყოფი, თვალი ჰკიდა ჟურნალის ფურცელზე "... და ასე იქნება სანამ არ..." მერე პურის ნაჭრები ელაგა ზედ. ჭიქა გვერდზე გადადგა და ფურცელი გამოაცალა დაჭრილ პურს და ტექსტს დასაწყისიდან ჩამოჰყვა. ანუ იქედან რაც ფურცელზე ჩანდა დასაწყისად. "...და ასე იქნება სანამ არ შეიყვარებ! სანამ არ შეიყვარებ, შენი გული ვერ აძგერდება ღვთაებრივ რიტმში. ყოველი წამი სიცარიელეს შეგმატებს და ისე დაიცლები როგორც ამოყირავებული თუნუქის ვედრო. გაგტანჯავს ეს სიცარიელე და ნებით თუ უნებლიედ ათასი სისულელით ამოივსებ, ოღონდაც თავი დააღწიო უსაგნო ტკივილს. და მთელი შენი ცხოვრება არც რა იქნება, გარდა საკუთარი თავისაგან დაუსრულებელი გაქცევის მცდელობისა. მხოლოდ მაშინ მოხვალ აზრზე, და ისიც წამით, როცა უფრსკულის პირას აღმოჩნდები. უკანასკნელი ძაფით მიბმული სამყაროს, რომელსაც უნებლიედ ზურგი აქციე და მხოლოდ ერთი ნაბიჯი, მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა დაგრჩება გადასადგმელი რომ თავადაც სიცარიელეს შეუერთდე, უძიროს და უკიდეგანოს. არც რა იყავ და არაფრად იქცევი. მხოლოდ იმ ძაფის გაწყვეტაღა დაგრჩა, ცრემლით ამოვსებულ თვალებს და შენზე დარდით სავსე გულს რომ უჭირავს მეორე ბოლოთი. შეშლილივით აკივლებული რომ გიხმობს თავისკენ, შენ კიდევ შეშინებული გარბიხარ და უკვე ვერ გაგირჩევია მისგან თუ საკუთარი თავისაგან... და საერთოდ საით, რატომ, რისთვის..." -დაასხი რა, ძმურად - ხმა გაბზარვოდა და ყელში ბურთივით მობჯენილს, ლამის დაეხრჩო. უსიტყვოდ დალია. იმათ კიდევ მხრები აიჩეჩეს, ერთმანეთს მრავლისმეტყველად თვალი ჩაუკრეს და თავადაც გადაჰკრეს. "შეჩერდი... - კითხვა განაგრძო - სიყვარული ხომ მიწვევაა უცხოდ მშვენიერი სამყაროსი, მიგიღოს და გაგიზიაროს ისეთი როგორიც ხარ. ნუ გეშინია მისცე ყველაფერი რომ მიიღო ბევრად მეტი. გაიხსენი მასში და ისიც აგავსებს ღვთაებრივი ნეტარებით... მაშინ არ იქნები ასე მიუსაფარი... მაშინ შენ იქნები სამყაროს ნაწილი და ისიც შენში სრული სისავსით გაცხადდება, შენსკენ გამოწვდილი ბედნიერების ფიალით... დალიე უკანასკნელ წვეთამდე. დალიე სულმოუთქმელად და იქნებ შეიძლო დაემხო პირქვე მის წინაშე და უთხრა - მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ..." თანამესუფრეებს გამოხედა უცნაურად არეული მზერით. დუმდა. დუმდნენ კოლეგებიც. დუმდნენ მეგობრებიც. დელიკატური საზოგადოებაა პროგრამისტები. -წავალ მე - კი არ თქვა, ამოთქვა თითქოს - ვნახავ... არ შემიძლია ასე... ისიც იქ რა დღეშია ხომ ვიცი და... მოკლედ, წავალ რა... -მიდი, ჰო... წავიდა.
-ჩვენი ჟურნალიდან არის ეგ ფურცელი? -ჰო... -წაიკითხე ერთი, ასე უცებ აზრზე რამ მოიყვანა ეს კაცი? - ითხოვა ენაკვიმატმა. - უცნობი ავტორიო, ბოლოში წერია -შენც თავიდან წაიკითხე მერე -დასაწყისი არაა აქ -ნუ ღლაბუცობ თუ ძმა ხარ! წაიკითხა, ისე რა... დეკლამაციაზე პრეტენზიის გარეშე. -მაგარი შერეკილი ჩანს ვიღაც... დაასხი, დავცალოთ ბარემ. - ჰო, ასე ჯობია... ჩვენს ძმას გაუმარჯოს. -და იმ საწყალ გოგოს კიდევ, მაგისთვის რომ თავი გაუწირავს. -სიყვარულს რას გაუგებ ძმაო? - იმ ტიპს კი გაუგია და,,, -რა ვიცი აბა... მე ამ ნაწერიდან ბრვრი ვერაფერი გავიგე. -შენც იმასავით რომ გეყვარება, გაიგებ მაშინ... აბა, შეგვეწიოს ამური.
"ის ტიპი" კი, თქვენ არ ვიცი რა დაარქვით და მე მაინც ავტორად მოვიხსენიებ, მაშინ ავტობუსში იჯდა და სახლისკენ მიდიოდა. მის წინ მჯდომი სათვალებიანი გოგონა ადგილობრივ ჟურნალში მის ნოველას კითხულობდა და თავისთვის ეღიმებოდა. ეღიმებოდა მასაც და, ასეთს რას კითხულობს ნეტავო, ფიქრობდა. ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე დაივიწყა ეს და აზრადაც არ მოსვლია გაჩერებაზე, კიოსკში, მზისგან გახუნებული ადგილობრივი ჟურნალის ყიდვა. ჟურნალი კიდევ სამი თვე არსებობდა, როგორც ჟურნალი და მერე ისე გაქრა რომ, თავად გამომცემლების გარდა, არავისაც არ შეუმჩნევია. არა და დიდი, საინტერესო პერსპექტივების იმედით სულდგმულობდა გზის დასაწყისში. როგორც ეს ისტორია... დიდი რიხით რომ დავიწყე და ასე უღიმღამოდ კი დამისრულდა. ვფიქრობ დიდსულოვნად მიიღებთ ჩემს ბოდიშს, მოლოდინის გაცრუებისა გამო... თუმცა არის ერთი რამ, ჩემთვის და ვფიქრობ თქვენთვისაც, სასიამოვნო გარემოება. ის ნოველა... აი, იმ კაცზე, ვერაფრით რომ ვერ გადაეწყვიტა ხვალიდან დაეწყო სულიერებით გაჯერებული ცხოვრება, თუ უახლოესი ორშაბათიდან, მაინც წაიკითხა კიდევ სამმა ადამიანმა. ორს მოეწონა კიდეც და მათგან ერთმა, საღამოს მეუღლეს ყვავილებიც კი მიართვა. არ არის ეს ცოტა... სხვა რა უნდა ვიფიქროთ აბა?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ავტორი: დილეტანტი
მოთხრობა ნოველაზე წავიკითხე, მომეწონა! ავტორმა საინტერესო ხედვით დაგვანახა თავისი გმირის სულიერი სამყარო, მწერლად გახდომის სურვილი, ფიქრები, აზრები, იუმორი , დილეტანტი კარგად წერს , სხვა ნაწარმოებებიც წაკითხული მაქვს , აქვს იუმორის შეგრძნება , მდიდარი სიტყვათა მარაგი, ფილოსოფიური აზროვნება ჩანს მის შემოქმედებაში. კონკრეტული შენიშვნები არ მაქვს, ჩემს გემოვნებას მკითხველის თვასაზრისით აკმაყოფილებს, წარმატებებს ვუსურვებ. ავტორი: დილეტანტი
მოთხრობა ნოველაზე წავიკითხე, მომეწონა! ავტორმა საინტერესო ხედვით დაგვანახა თავისი გმირის სულიერი სამყარო, მწერლად გახდომის სურვილი, ფიქრები, აზრები, იუმორი , დილეტანტი კარგად წერს , სხვა ნაწარმოებებიც წაკითხული მაქვს , აქვს იუმორის შეგრძნება , მდიდარი სიტყვათა მარაგი, ფილოსოფიური აზროვნება ჩანს მის შემოქმედებაში. კონკრეტული შენიშვნები არ მაქვს, ჩემს გემოვნებას მკითხველის თვასაზრისით აკმაყოფილებს, წარმატებებს ვუსურვებ.
5. კარგი მოთხრობაა, იუმორნარევი ტონით. კარგი მოთხრობაა, იუმორნარევი ტონით.
4. გვერდით მჯდარიყო. :) გვერდით მჯდარიყო. :)
3. არათუ არ აქვეყნებდა, ახლობლებისთვისაც კი არ უჩვენებია, ორიოდ , მისი აზრით საზრიანი ახლობლის გარდა და როცა მათაც უნიჭოდ შენიღბული გულგრილობით და უნიათო კომპლიმენტებით დაუბრუნეს უკან კოხტად აკინძული თაბახის ფურცლები, საერთოდ არც უფიქრია კიდევ ვინმესათვის შეეთავაზებინა რაიმე თავისი ნოველებიდან.
არა და რა მშვენივრად წერთ!
კარგი იქნებოდა სათვალიანი გოგონას გვერძე მჯდარიყო და არა მოპირდაპირედ, ცალი თვალით გადაეხედა და საკუთარი ნოველაც ამოეცნო, თქვენვე ნუ დაიჩაგრავთ თავს :) ++ არათუ არ აქვეყნებდა, ახლობლებისთვისაც კი არ უჩვენებია, ორიოდ , მისი აზრით საზრიანი ახლობლის გარდა და როცა მათაც უნიჭოდ შენიღბული გულგრილობით და უნიათო კომპლიმენტებით დაუბრუნეს უკან კოხტად აკინძული თაბახის ფურცლები, საერთოდ არც უფიქრია კიდევ ვინმესათვის შეეთავაზებინა რაიმე თავისი ნოველებიდან.
არა და რა მშვენივრად წერთ!
კარგი იქნებოდა სათვალიანი გოგონას გვერძე მჯდარიყო და არა მოპირდაპირედ, ცალი თვალით გადაეხედა და საკუთარი ნოველაც ამოეცნო, თქვენვე ნუ დაიჩაგრავთ თავს :) ++
2. მშვენიერი პროზა. უმშვენიერესი. 5. მშვენიერი პროზა. უმშვენიერესი. 5.
1. "აი, ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, საინტერესო ნოველა გამოუვიდა. რომ იტყვიან ერთი ამოსუნთქვითო, ისე დაწერილი და ოთხად გაკეცილი, შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო. დრო გავა, სხვა განწყობით გადავიკითხავ, იქნებ შევიბრალო კიდეც ეგ საცოდავი და ერთი შანსიც მივცეო... ან სულაც ისე გავასწორებ მიწასთან, უბრალოდ სიკვდილი ბაირამად მოეცვენოსო. ან ოქროს კვეთში გადავიყვანო სიუჟეტს..."
რა კარგად წერთ... ნურავინ ნუ მიწყენს , მაგრამ ასეთი პროზა იშვიათია, რა მარტო აქ, არამედ საერთოდ... ვკითხულობ და... ათასი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ აღადგინეთ ესენი და მაქვს ბედნიერება კიდევ ერთხელ გადავიკითხო...5555 "აი, ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, საინტერესო ნოველა გამოუვიდა. რომ იტყვიან ერთი ამოსუნთქვითო, ისე დაწერილი და ოთხად გაკეცილი, შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო. დრო გავა, სხვა განწყობით გადავიკითხავ, იქნებ შევიბრალო კიდეც ეგ საცოდავი და ერთი შანსიც მივცეო... ან სულაც ისე გავასწორებ მიწასთან, უბრალოდ სიკვდილი ბაირამად მოეცვენოსო. ან ოქროს კვეთში გადავიყვანო სიუჟეტს..."
რა კარგად წერთ... ნურავინ ნუ მიწყენს , მაგრამ ასეთი პროზა იშვიათია, რა მარტო აქ, არამედ საერთოდ... ვკითხულობ და... ათასი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ აღადგინეთ ესენი და მაქვს ბედნიერება კიდევ ერთხელ გადავიკითხო...5555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|