ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
24 ივლისი, 2014


ყვავის ნაამბობი


აუცილებლობას  იმისა რომ, უნდა ამდგარიყო და პირიც ცივი წყლით დაებანა სავსებით მკაფიოდ აცნობიერებდა. მაგრამ არანაკლებ მკაფიოდ ესმოდა ამ ქმედების სრული უაზრობაც.
დიახ სწორედ ასე იყო!
სხვა  შემთხვევაში, ამბავი, რომლითაც თქვენი ყურადრების მოპყრობა განმიზრახავს ასევე სრულ უაზრობად მესახება.
მორიგი დილა კი სარკმელს მიღმა, ტყუპისცალივით ჰგავდა გუშინდელს, გუშინწინდელსაც და თუ გნებავთ საკმაოდ შორეული წარსულის დილასაც - არცერთი მიზეზი საიმისოდ, რომ ადგე და იცხოვრო ეს დღე!
-“სამუშაო?
განა ეს მიზეზია?
თან საქმისთვის, რომელსაც შენი ყოფნა-არყოფნა არანაირად ეტყობა. არც ავად, არც კარგად. დიდი-დიდი გაახსენდე რომელიმე შენნაირს და ამ გახსენებაზე დაამთქნაროს, ეგაა სულ, უფრო სერიოზულს ვერც ის მოიფიქრებს  და ვერც შენ შესთავაზებ რაიმეს”
გაიფიქრა თუ არა ეს, ეგრევე დაამთქნარა კიდეც. ის ელამი გოგო გაახსენდა რატომღაც, სადღაც სივრცეში გაბლანდულ ფოკუსს ღიმილისმომგვრელად რომ უძებნიდა საჭირო ობიექტს. ეს აუცილებლობის შემთხვევაში, თორემ ისე მთელი დღე თვლემაში გაუდიოდა. საქმე ჰქონდა ისეთი, შემოქმედებითს  რომ ჩამოჰგავს რაღაცით.
წამოდგა მაინც.
კარგა ხანია უკვე მიეჩვია ისეთი რამის კეთებას, რაც დიდად არ ეპიტნავებოდა. ახლაც შიშველი ფეხებით მოიძია ფლოსტები და ნამძინარევი თვალების ფშვნეტით  უმცროს დას შეეჩეხა კორიდორში.
ლამის წააქცია გოგო.
მანაც ბრაზიანი რეპლიკით აღნიშნა მოულოდნელი  შეხვედრა. რაღაც გარეგნობასა თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე “წაუკომენტა” სადღაც გაგონილი და მეცნიერულით გაჯერებული ციტატით.
“საიდან მოაქვს მაინც, მალე საერთოდ შეწყვეტს აზროვნებას და ციტატების კრებულად იქცევა!!!”
გაატარა რა თქმა უნდა. აბაზანაში შეძვრა და ცივი წყალი მანამ ისხა ცხვირპირზე, სანამ თავი გამოღვიძებულად არ ჩათვალა. მხოლოდ მაშინ ჩაიხედა სარკეში და გაღიმებაც კი სცადა. თუმცა იქვე მიხვდა რომ არ ღირდა ამის გაკეთება. 
“რას უნდა გავუღიმო კაცმა რომ თქვასო”
გაიფიქრა და მაშინვე არცთუ სასიამოვნო, მაგრამ სავსებით ლოგიკური პასუხები დამფრთხალი ჩიტების  გუნდივით წამოიშალნენ.
“არაფერი საინტერესო რომ არ ხდება მაინც…
საინტერესოს ვინ ჩივის… საერთოდ არაფერი ხდება თითქოს.
ღმერთმა უწყის რას ვსაქმიანობ…
ეშმაკმა უწყის, რისთვის…
მე ხომ თავი ვერ მომიდგამს რაში ვხარჯავ დროს…
ამ მეზობლის გაუთავებელმა “პოპსამ”, პლეიერთან დუეტში, ხომ ტვინი წაიღო… რეგვენი ეგა. ყოველდღე ერთიდაიგივე ან არ მობეზრდა ან არ … თუმცა რა დაღლის უტვინოს.
რამ უნდა გამაღიმოს?
რა უნდა გამიხარდეს?”
რაამ?
რაა?
და სწორედ რომ ზედგამოჭრილი იყო
- ყვააა, ყვააა - მოესმა თუ რა იყო, სარკმელისკენ მოიხედა.
გამოღებული სარკმლის ჩარჩოზე გვარიანად სველი ყვავი წამოსკუპებულიყო და ალმაცერად უმზერდა, ისეთი შავი თვალებით, ისეთი შავით რომ, აბსოლუტურ სიშავეზე წარმოდგენას შეგიქმნიდა, თუ რაიმეში დაიჭირვებ ამას კაცი.
მაგრამ ეგ არაფერი. მთავარი ის იყო რომ მისმა გამოჩენამ, ყოველივე აზრის მაგვარი პირწმინდად გამობერტყა თავიდან. თითქოს არც ეს დილა არსებობდა და არც უჟმური ფიქრები…მხოლოდ ყვავი და ის.
ყვავი, ის და სააბაზანო ოთახი - სულ ეს იყო მთელი სამყარო და შეფასებაც  - ვაა - მოკლე, მაგრამ ადეკვატური
-რრრა  ყვააა, დამცინი ბიჭო? თუ ყვავი არრრ გინახავს
- ვააჰ -სულ სხვა რაიმეს გაესვა ამჯერად ხაზი და ხახაც გაუშრა
- გასაგებია … წყალი მოუშვი რრრა, ძმურრრად, მწყურრრია
მექანიკურად შეასრულა თხოვნა. ძლივს ნერწყვი გადაყლაპა და მეორედ გაიღიმა ამ დილით, თუმცა არც ახლა ესმოდა რა აღიმებდა.
- გაიხარრრე -ხელსაბან  ნიჟარაზე გადმოფრინდა ყვავი და გასაკვირი მოხერხებულობით დალია ონკანიდან  მოთქრიალე წყალი. მერე, რაღაცნაირად საწყლად მოღიმარს გამოხედა და
- ეეჰ, კარრრგია აქ - სევდანარევი ხმით უთხრა - ცივი წყალი, ცხელიც თუ გინდა. გინდა გრრრილა, მოისურრრვებ თბილა. მაცივარრრში სასუსნავები…  ყველიც იქნება ალბათ. ცხოვრრრობ რრრა! მე კიდევ მთელი ღამე წვიმაში გავატარრრე, გავილუმპე. მომბეზრრრდა. რრრას გაჩუმებულხარრრ… შენ რრრა, მარრრთლა პირრრველად ხედავ ყვავს? ამოღერრრღე რრრამე.
ისევ ღიმილი… თუ  ამ მიმიკას გაღიმება ჰქვია.
- არრრც… ბოდიში, არც ვიცი რა ვთქვა. იქნებ ჯერ კიდევ მძინავს, ჰა? - წაილუღლუღა
- არრრა, გენაცვალე, არრრ გძინავს და არრრც გესიზმრრრები. არრრც მე მომიხუჭავს თვალი წუხანდელი წვიმის გადამკიდეს. ოდესმე გძინებია ქუჩაში, თან ქარრრ-წვიმიან ღამეში?
უარის ნიშნად თავი გააქნია მხოლოდ
- სიტყვაზე მენდე, არრრაფერი სასიამოვნო ამაში არრრ არრრის
- კი, ბატონო, გენდობი… მაგრამ აზრზე ვერ მოვსულვარ… მე რა, მოლაპარაკე ყვავი მეწვია?
- აზრრრზე ვერ მოსულხარრრ? რრრა არრრის აქ გაუგებარრრი. გგონია მხოლოდ ადამიანებს შეგიძლიათ ლაპარრრაკი, სხვები კი უტვინო არრრსებები ვარრრთ?
- არა, არა… არასოდეს მიფიქრია ასე. მე მიკვირს რომ მესმის შენი.
- აი თურრრმე რრრა! ამან არრრ დაგაფრრრთხოს. ეს მე ვარრრ ასეთი მაგარრრი ყვავი. ყველასთან ვპოულობ საერრრთო ენას.
- მაინცდამაინც ჩემთან რატომ შემოფრინდი? - თავადაც გაუკვირდა დიალოგში ისე უშუალოდ შევიდა - და არა იმასთან მაგალითად, სართულით ზევით?
ხალისით ალაპარკდა. აღარ უკვირდა უკვე. მეტიც, საოცარი სიმშვიდე დაეუფლა.
- არრრ გამაცინო.  არრრ  გესმის რრრა უნიჭოდ მღერრრის? სმენას თავი დავანებოთ, გემოვნებაც სულელურრრი რრრომ აქვს!
ყვავი ამბობდა ამას
- თანაც ჩვენ “პოპსა” არ გვევასება, რრრომ იცოდე… რრროკ-ენ-რრროლი, აი ნაღდი მუსიკა და ჯაზი  რრრა თქმა უნდა.
ესეც ყვავმა თქვა.
- კარგი გემოვნება გქონია
გაიღიმა, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ყველაფერი ცხადში ხდება და სწორედ მის სააბაზანოში.
კარი ჩაკეტა.
ხომ შეიძლება კაცმა მშვიდ ვითარებაში ისაუბროს ყვავთან?
- სხვა? რას იტყვი კიდევ?
- სხვა რრრა გითხრრრა? აქვე ვცხოვრრრობ, მეზობლად, გზის პირრრას დიდი მუხა რრრომ დგას. საკმაოდ  კოხტა ფუღურრროში. შენი ბინის კომფორრრტს ვერრრ შეედრრრება, გუშინ წვიმამაც შემაწუხა, მაგრრრამ გაძლებს ყვავი, ისეთია. კარრრგა ხანია გაკვირრრდები. ვიცი რრროდის მიდიხარრრ სამსახურრრში, რრროდის ბრრრუნდები, რაღაცნაირრრად მოწყენილი ხარრრ-ხოლმე, ზოგჯერრრ გვიან ღამით მთვრრრალი ჩემი ფუღურრროს ქვეშ ბურრრდღუნებ , უკმაყოფილოდ. ისიც ვიცი რრრა სიგარრრეტს ეწევი, რრრა მუსიკას უსმენ… შენც კარრრგი გემოვნება გაქვს. დღეს კი გადავწყვიტე გაგცნობოდი.
- მოხარული ვარ შენი გაცნობის - ინსტიქტურად ხელი გაუწოდა. ყვავმაც ერთი შეიფრთხიალა და  ხელზე ფრთა გაჰკრა.
- მეც მოხარრრული ვარრრ. ერრრთ დრრროს მეც ადამიანი ვიყავი და მაშინ ხელის ჩამორრრთმევა შემეძლო. ახლა კი ამით უნდა დავკმაყოფილდეთ.
- სამაგიეროდ შენ ფრთები გაქვს - მსუბუქი შურით იყო ნათქვამი. ის რომ ადამიანი იყო, თითქოს არც გაუგია.
- მერრრე  რრრა! თუკი ხელები არრრ მექნება? ეს თქვენ, ადამიანები ოცნებობთ ფრრრთებზე რრრრომ იფრრრინოთ, მაგრრრამ ის რრრომ  ვისაც ფრრრთები აქვს სიამოვნებით გაგიცვლიდათ ხელებში, არრრასოდეს გიფიქრრრიათ? ყველაზე უფრრრო საცოდავ ხელებშიაც კი, რრრადგანაც ხელების შესაძლებლობები უსაზღვრრროა. ეს თქვენი ყველაზე დიდი სიმდიდრრრეა. ფრრრთები კი რრრა? ფრენა --- სხვა არაფერრრი!!!
- მერე რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი ბედნიერება --- შეგეძლოს ფრენა, აფრინდე მაღლა,მაღლა. გაფრინდე საითაც გული გაგიწევს, იყო იქ, სადაც გინდა, როცა გინდა… ღმერთო ჩემო, ალბათ რა თავისუფლებაა არა? ამის წარმოდგენაზეც კი, სუნთქვა მეკვრის.
-ეეჰ… არრრაფერი ისეთი. ვითომ თვითმფრრრინავით გეფრრრინოს, ოღონდ  ლამაზი სტიუარრრდესის გარრრეშე. თუ გსურრრს, შეგიძლია მოსინჯო.- შესთავაზა ყვავმა
სწორედ ამ დროს  კარებზე დაუბრახუნეს კიდეც
- გამოეთრევი ბოლოსდაბოლოს - არავიტარი ციტატა, აშკარად მისი სიტყვები იყო.
- კარგი, ჰო!!! ახლავე გამოვალ. ჩემი დაა - უხერხულად გაუღიმა სტუმარს.
- ვიცნობ, კარგი გოგოა.
- მაგრად გცნობია… კი მაგრამ, როგორ მოვსინჯო, მე ხომ ადამიანი ვარ და ხელებით აბა რას გავხდები?
- ეგ არ იდარდო. ყვავად გაქცევ, მხოლოდ ცოტა ხნით. ადამიანების და ყვავების ბალანსის დარრრღვევა არრრ შეიძლება. ამიტომ მხოლოდ ათი წუთით შემიძლია გიჩვენო ის რაც ასე მიმზიდველად გესახება. მხოლოდ ათი წუთით!!!
- თუნდაც ერთი წუთით იყოს. თანახმა ვარ. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ამას.
- მაშინ გარრრეთ გელოდები, მუხასთან. იჩქარრრე!
ეს თქვა და ღია სარკმელიდან გაფრინდა.
შემდგომი რამდენიმე წუთი მღელვარედ ქაოტური განწყობა დაეუფლა. სააბაზანოდან გამოსულს არც გაკაპასებული დისთვის შეუღრენია ჩვეულებისამებრ და არც დედის საყვედურნარევი დარიგებებისათვის უთხოვებია ყური. აფორიაქებული იცვამდა და ბინიდან გამოსულმა, მხოლოდ სართულით დაბლა დაიჭირა დის ბრაზიანი მოძახილი “კარებს ვინ დაკეტავს, იდიოტო?”- უმცროსი უძახე შენ!
წამით გაუელვა კიდეც, როგორც იტყვიან, ფხიზელმა აზრმა, რომ ეს ყველაფერი მოეჩვენა.
რომ არავითარი მოლაპარაკე ყვავი არ ყოფილა, მაგრამ სადარბაზოდან გარეთ გასულმა მაშინვე შენიშნა გზის პირზე მდგარი მუხის ძირას დინჯად მომლოდინე ყვავი.
შავი, შავი… აბსოლუტურად შავი  თვალი ჩაუკრა თითქოს და თავისკენ იხმო.
მონუსხულივით მივიდა  მუხასთან და გაშეშდა.
ყვავი მიუახლოვდა, ერთი ალმაცერად ამოხედა, რაღაცეები იყრანტალა, იყრანტალა და მერე ფეხზე ისეთი ჩაუნისკარტა, თითქოს ჩაქუჩი დაარტყესო გამეტებით, თვალთ დაუბნელდა, თავბრუც დაეხვა და ისეთი აუტანელი ქავილი იგრძნო, მთელს ტანსა და სახსრებში, ლამისიყო გონი დაკარგა.
ძნელი სათქმელია რამდენი ხანი იყო ამ დღეში, მაგრამ როცა აზრზე მოვიდა…უკვე  ყვავი იყო, შავი, შავი, ისეთი ყვავს რომ ეკადრება.
- აბა! დრრრო მიდის, გავფრრრინდეთ
შესძახა ყვავმა და ცაში აიჭრა
- კი მაგრამ როგორ? მე ხომ ფრენა არ ვიცი?
მიაყრანტალა შეშფოთებულმა, მიუხედავად იმისა რომ კვალში მიყვებოდა.
- შენ უკვე ყვავი ხარრრ, ყვავი. ფრრრენაზე კი არრრ უნდა იფიქრრრო, უნდა იფრრრინო. ადამიანობისას სიარრრულზე ფიქრრრობდი, როგორრრო? ჰოო-და ახლაც ეგრრრეა.
მოკლედ გაფრინდნენ… თუ გააფრინეს, რა მნიშვნელობა აქვს. მიფრინავდნენ კია და!

“თავიდან დაბლა და ენერგიულად ფრთების ქნევით მივფრინავდით, მერე მაღალი სართულების ფანჯრების  გასწვრივ. ფარდებს მიღმა ადამიანთა მთვლემარე სახეები ილანდებოდა.  ადამიანთა, რომელთაც რატომღაც გადაწყვიტეს ეს დღეც ეცხოვრათ ისე როგორც აქამდე არაერთი და ბევრად მეტიც. ასობით და ათასობით ერთნაირი სახლები, უიმედო მოწყენილობის ბურუსში გახვეულები. მათში კიდევ ათეულ ათასობით ბინები, ერთფეროვანი აზრებით გამოჭედილი და ასევე ერთნაირად მჟავე სახეებით. და მე ვიფიქრე, ღმერთო რა ბედნიერება იქნება იქ არდაბრუნება. იქ, იმ ცხოვრებაში.”
აი, ამ განწყობას გაიხსენებს მოგვიანებით და…
თუმცა მანმადე ჯერ ადრეა.
ახლა კი  გვერდით მიფრინავს მეგობარი ყვავი და  მას  აკვირდება, სადღაც სულის სიღრმეში ირონიული ღიმილით და რაღაც სასურველის წინათგრძნობით. თუმცა მისთვის ეს შეუმჩნეველი რჩება და ფართოდ გაშლილი ფრთებით ნებიერ ირაოს კრავს ქალაქის თავზე.
იქ კი, ქალაქში, წუხანდელი წვიმით დამბალი ასფალტი შრებოდა. ავტომობილები ფერადი ხოჭოებივით დაღოღავდნენ და ადამიანებიც ჭიანჭველებს რომ დამსგავსებოდნენ, მირბოდნენ, ჩქარობდნენ, ფორიაქობდნენ გაუგებარი მისთვის მოწადინებით.  ბზინავდნენ კარნიზები, შუშები, გუმბათები და… ცრემლები, ვიღაცის ცრემლები, ასე მოეჩვენა რატომღაც და ისევ ის ელამი გოგო გაახსენდა.
“და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მსურდა იქ დაბრუნება” - ამასაც იტყვის მოგვიანებით.
ახლა კი რაც ძალი და ღონე ჰქონდა ყვიროდა ქალაქის თავზე მონარარე
- არ მინდა დაბრუნებაააააააააააააა!!! სამუდამოდ ყვავი მინდა ვიყოოოოო !!! სამუდამოოოდ !!!
ყველაფერი რაც ქვევით დარჩა უფრო უცხო გახდა მისთვის. ყველაფერი რითაც სუნთქავდა, რითაც ცხოვრობდა, ყოველი დღე იქ გატარებული ჩამქრალიყო, სრულ აბსურდში ჩაძირულიყო და სულ სხვა აზრები იბადებოდა ამ ნეტარებით გაჟღენთილი ქაოსიდან, სულ სხვა რამ იყო საჭიროც და მნიშვნელოვანიც.  აქ სიმსუბუქეს და თავისუფლებას ყოველი ნერვით განიცდიდა, თითქოს სული განთავისუფლებულიყოს გაუსაძლისი ტვირთისაგან, რაც ადრე ასე აწუხებდა.

საოცარი სისწრაფით იცვლებოდა სურათები. ცოტაც იფრინეს და მერე ყვავმა ანიშნა, დავეშვათო.
რომელიღაც  სახლის სახურავზე ჩამოსხდნენ. ჟანგიანი ანტენებით ირგვლივ და ნიავზე მოქანავე კაბელებით. დაბლიდან მანქანების საყვირების ქაოტური ხმა  მოისმოდა, კიდევ რაღაც ხმაური, გამოღვიძებული ქალაქისათვის ჩვეული, მაგრამ ყველაფერი ეს, რაღაცნაირად სხვაგვარად აღიქმებოდა.
- რრრაო, მოგეწონა? - ჰკითხა ყვავმა
- ფანტასტიკურია. არაფერი უფრო მშვენიერი ცხოვრებაში არ განმიცდია - აღელვებული მძიმედ  სუნთქავდა.
სანამ კიდევ რაიმეს იტყოდა, ყვავი ალაპარაკდა.
- მე ვიცი, რრრომ შენ დაბრრრუნება არრრ გინდა… და შემიძლია დაგეხმარრრო კიდეც ამაში, მხოლოდ შენი თანხმობის შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, შესაძლებელია ჩვენ  ადგილები გავცვალოთ. შენ ყვავად დარრრჩები, მე კი ადამიანად ვიქცევი და შენს ადგილს დავიჭერრრ იქ, ქვევით. ჩვენ ძალიან ვგავარრრთ ერრრთმანეთს და რრრაც მთავარრრია კარრრგად გიცნობ. ვერრრავინ ვერრრაფერს შენიშნავს. არრრავისათვის ცუდი არაფერრრი მოხდება. შენ ყოველთვის შეძლებ იფრრრინო, იყო იქ სადაც გინდა და რრროცა გინდა, როგორრრც თავად გსურრრდა. განა ეს არრრ მიგაჩნია თავისუფლებად, ამაზე არრრ ოცნებობთ შენ და შენნაირრრები?
კიდევ ბევრი ილაპარაკა ყვავმა. გონიერი და დამაჯერებელი იყო მისი ყოველი სიტყვა, რაკი სრულ თანხმობას პოულობდა მასში. და ისე უნდოდა ისევ ცაში აჭრილიყო,. ისე უნდოდა, ისე ძალიან, ისე ძალიან, ძალიან რომ…
- რრრამდენიმე წამიღა დარრრჩა… უნდა გადაწყვიტო, სხვა შესაძლებლობა აღარრრ იქნება არრრასოდეს. შენ თანახმა ხარრრ დარრრჩე ყვავად?
-რრრა თქმა უნდა თანახმა ვარრრ - მიაძახა უყოყმანოდ და უკვე მეტის მოთმენა არც შეეძლო, ცაში აიჭრა და ფრიიი… გაფრინდა.

მთელი დღე დაფრინავდა.
სად არ იყო, რა არ ნახა. თავისუფლებით მთვრალი, შეუზღუდავი და უდარდელი, ხან  ნიავს აემგზავრებოდა გაშლილი ფრთებით, ხანაც მოზღვავებული ენერგიით ქარს შეეჭიდებოდა. ბოლოს ქალაქისაკენ იბრუნა პირი.  შთაბეჭდილებებით დაღლილ-დაქანცული  და  სასიამოვნოდ მოთენთილი გზისპირა მუხის მაღალ ტოტზე ჩამოჯდა.
მიმოიხედა.

- ჩემი ეზო.
მუხის  ტოტიდან  ხელისგულივით მოჩანდა…
აი ჩემი ბინის სარკმელიც. სარკმელს მიღმა კი ჩემი ოჯახი – მუდამ სევდიანი დედა და გაუთავებლად მობუზღუნე ჩემი და.
ჩემი წარსული, მოკლედ რომ ითქვას.
წარსული, რომელიც სულაც არ მახარებდა ამ ბოლო დროს… მაგრამ  სრულიად მოულოდნელად, ისეთი უკმარობის, თუ მონატრების, თუ რა ვიცი რანაირი, განცდა დამეუფლა რომ… ჰო! სინანული… რაღაცნაირი სინანული, რომ ასე ადვილად დავთმე ეს ყველაფერი.
… და შემეშინდა.
რისი? რატომ? – არ ვიცი!
ირგვლივ ყველაფერი ჩემი სიცოცხლით იყო გაჟღენთილი.
ჩემი მეგობრები, ჩემი ნაცნობები…
ჩემი სიხარული, ჩემი სევდა…
ჩემი… ჩემი… საითაც არ გავიხედე, ყველაფერი ჩემი იყო.
იყო!..
გუნებაამღვრეული მოვწყდი მუხის ტოტს და ჩემი აბაზანის სარკმელისაკენ გავფრინდი

მეზობელ ყვავს უყვებოდა ამ ამბავს.
იმას კიდევ ნისკარტი ფრთის ქვეშ ამოედო და არც უსმენდა თითქოს.
თვლემდა ალბათ.
ან იქნებ უსმენდა კიდეც… და ვინ იცის რა ეფიქრებოდა.

- სააბაზანოში დედა რეცხავდა. დაღლილ სახეზე ოდნავშესამჩნევი ღიმილი დასთამასებდა.
ყოველთვის, ჩვენს ტანსაცმელს ამ უცნაური ღიმილით რეცხდა –ხოლმე… ეეჰ. მე კი მხოლოდ ახლა ვხვდები, რატომ.
მინდოდა რაღაც სასიამოვნო მეთქვა, რაღაც ისეთი, აი, სიყვარული რომ გათქმევინებს… მაგრამ საზარელი ჩხავილი აღმომხდა და შიშით დაზაფრული ქალი სააბაზანოდან გაფითრებული გავარდა. იმავ წამს ჩემი და გამოჩნდა კარებში, ახლა იმან იკივლა და შეშლილი სახით უკან გაბრუნდა.
და ბოლოს მეც შემოვედი სააბაზანოში… უფრო სწორედ ის შემოვიდა, ვინაც მე ვიყავი ცოტა ხნის წინ. განრისხებულმა მიყვირა და რაღაც მესროლა, ერთი… მეორე… რა უნდა მექნა – თავს ვუშველე, ჩხავილით ავიკლე ეზო და ისევ მუხის ტოტს მივაშურე, ჩემს ახალ სახლს.
მას შემდეგ, რამდენჯერაც არ ვცადე ვინმეს დავლაპარაკებოდი, არაფერი გამომდის. არავის ესმის ჩემი, ისე როგორც მაშინ მე გავიგე იმ ყვავისა. მეტიც, თუ რაიმე ხელთ მოხვდებათ, დაუფიქრებლად მესვრიან… ნეტა ვის რა დავუშავე?.. ერთი საბრალო ყვავი ვარ და ეგ არის.”

მეზობელ ყვავს კი ეძინა თითქოს.
ერთხელაც არაფერი წამოუყრანტალებია… თუნდაც ზრდილობის გულისთვის.
თუმცა ვინ იცის რა ეზმანებოდა თავის ძილში, იქნებ… ეეჰ. ვინ იცის, ვინ იცის?
ერთხელაც თავად მუხის ტოტზე მთვლემარეს ნაცნობი სიცილი მოესმა.
ერთიანად მღელვარებამ მოიცვა.
გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა და რაღაც გაურკვეველმა, მაგრამ უსაზღვროდ სასიამოვნო განცდამ მოიცვა.
მიიხედ-მოიხედა და… უმწეო ხავილიღა აღმოხდა.
ტროტუარზე მოსეირნობდა თავად და იმ ელამ გოგოს, მას რომ მიხუტებოდა  გატაცებით უყვებოდა რაღაც სასაცილოს. ის კიდევ ისე ბრწყინავდა და ისე საყვარლად კისკისებდა , ისე საყვარლად რომ… “რა ლამაზი ყოფილაო” ესღა გაიფიქრა და გახევდა.
მან კი, უფრო სწორედ მან, ვინც თვითონ იყო ოდესღაც, გოგონა მუხის ძირას შეაჩერა, მოღიმარ სახეზე მიეფერა და ღაწვებზე ალმურმოდებულს ტუჩებში ნაზად და გამბით აკოცა. მერე დამორცხვებულსა და თავდახრილს მხარზე ხელი მოხვია და - “ეს ჩემი სახლია. წავიდეთ ჩემები გაგაცნოო”, უთხრა.
წავიდნენ.

-... ზოგჯერ მაღლა ცაში ავიჭრები-ხოლმე, შევკრავ ფრთებს და დაბლა ვვარდები - მინდა დავიმსხვრე, მაგრამ სულ ბოლო წამს ფრთები თავისთავად იხსნებიან და… ეეჰ, ძალიან ძნელი რამ ყოფილა ეგ.
ჰოო და, მეც სხვა რა მრჩება ნუგეშად… ვზივარ მუხის ტოტზე, გავყურებ ოდესღაც ჩემი სახლის სარკმელს და ხანდახან, ისე რომ არავინ შემნიშნოს, ჩამოვჯდები ხოლმე ფანჯრასთან და სულგანაბული ვუსმენ როკ-ენ-როლსა თუ ჯაზს…
ჩვენ, ყვავებს, მაგრრრად გვევასება სწორედ ეს მუსიკა…
ზოგჯერ კიდევ  გადმოვხედავ  მუხასთან თავმოყრილ ათასი ჯურის ფრინველს და თუ მათში გამოვარჩევ  სევდიანად დაფიქრებულ ჩიტს, ასე მგონია, რომ მანაც, თავის დროზე უყოყმანოდ გაცვალა თავისი ცხოვრება ფრენაში დანახული თავისუფლების ილუზიაში…
კიდევ ბევრი რამ მეფიქრება ამ ბოლო დროს… ადრე აინუნშიაც რომ არ მოდიოდა ისეთი რამეები…
რა აზრი აქვს?
რა ვიცი აბა!
როცა ადამიანი ვიყავი, მაშინ არ დავფიქრებულვარ ამაზე და ახლა მართლაც რომ… 
რა აზრი აქვს?

***
აქ უნდა დავასრულოთ ეს ამბავი.
მოგონილი არა გეგონოთ.
ერთმა ყვავამა მიამბო სიზმარში… კიდევ კარგი რომ სიზმარში !!!
:)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები