ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
8 მარტი, 2014


იყო ერთი ადამიანი... (მინიატურები)

1.
იყო ერთი ადამიანი... პატოსანი.
როგორც თავად თვლიდა - უაღრესად პატიოსანი და მცირედითაც კმაყოფილი. იმ მცირედზეც უთქვამს უარი, ყოფილა შემთხვევები.
არავისგან არაფერს ელოდა, არც მოითხოვდა და არც ითხოვდა.
ცხოვრობდა ძველი, კომუნალური ბინის ერთ ოთახში
იკვებებოდა მწირად
ტელევიზორიც შავ-თეთრი
ბიბლიოთეკა, ისე რა, უმეტესად დეტექტივი.
ერთი შეხედვით, ნაცრისფერით ცხოვრობდა, თუ ცხოვრებას ფერი რამდენადმე მაინც ახასიათებს.
თუმცა არც მთლად ისე მარტივი ადამიანი გახლდათ, როგორც იმ  "ერთი შეხედვით" შეიძლება ჩანდეს.
საქმე კი იმაშია რომ, ამ თითქმის სპარტანული ცხოვრების წესს, მისი პიროვნების ყველაზე დიდ ღირსებად თვლიდა.
უდიდეს ღირსებად _ რამეთუ ჰქონდა მოლოდინი.
არა! ზემოთ სწორად აღვნიშნეთ. ვინმესგან კონკრეტულად, ისევ არაფერს ელოდა, მაგრამ კაცობრიობისაგან იმედოვნებდა რომ, ადრე თუ გვიან შენიშნავდნენ მის ამ უდიდეს ღირსებას და ჯეროვნადაც დააფასებდნენ.
(კი ბატონო, კაცობრიობა ნამეტნავად პრეტენზიულად ჟღერს - საზოგადოება იყოს. ხალხი, რომელიც ასე თუ ისე, იცნობდა)
მოკლედ, ჰქონდა ადამიანს ასეთი მოლოდინი. არც მოთხოვნა, არც თხოვნა - მხოლოდ მოლოდინი  - ჩუმი, წყნარი, მოთმინებით სავსე.
მოთმინება კი, მართლაც რომ შესაშური...  მხოლოდ ფიქრები თუ აუწეწდა ხოლმე შიგადაშიგ, ისიც მსუბუქად.
- დიდი ამბავიო - ფიქრობდა ზოგჯერ - თუ დღეს არა, ახლა, ამ წუთას, მერე ხომ დამაფასებენ, მერე... თუ აქ არა, იქ-ო!
- იქ და მერე... უფრო საიმედოც კია-ო - ესეც უფიქრია
- რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ აქ და ახლა და იქაც...  თუნდაც მერე - ცოდვა გამხელილი ჯობია და ასეთი ფიქრიც სწვევია სტუმრად. თუმცა დიდხანს არ მასპინძლობდა... ანუ ის არ დაყოვნებულა.
წლები კი გადიოდა.
აგერ, საპენსიო ასაკიც გამოჩნდა ჰორიზონტზე... ისე თავგამოდებით და სწრაფად უახლოვდებოდა, თითქოს ვიღაც მოუსვენრად მოერეკებაო.
აღიარება კი რატომღაც იგვიანებდა.
არავინ ჩქარობდა არა თუ დაფასებას რამენაირად, არც შეფასებას ამ უმწიკვლო ადამიანის უდიდესი ღირსების.
- არა უშავს რა... - თავისაზე იდგა ჯიუტად - აქ არა, ხომ? არც მინდა... იქ ხომ ნაღდი მაქვს, იქ მაინც უფრო საიმედოა-ო
და საიმედოობის მეტად გამყარებისათვის, ეკლესიაში სიარულსაც მოუხშირა.
ლოცვებს, თავიდან უსმენდა, მერე თავადაც აჰყვა საერთო განწყობას, სანთელიც არა ერთი, წესის სრული დაცვით აანთო და სწორედ მაშინ, როცა რწმენის გამკვრივებას ასე გულმოდგინედ ცდილობდა, რაღაც უჩვეულოდ უცხო ფიქრმა გაჰკრა კლანჭი... შეწუხდა კაცი, მაგრამ დიდად არ მიუქცევია ყურადღება, მითუმეტეს რომ რაღაცნაირად აბსურდული და უთავბოლო ჩანდა, ფიქრი იგი.
პენსიამაც მოირბინა ამასობაში. მძიმედ სუნთქავდა, რიტმი არეოდა თითქოს...
ჩამოჯდა თავის ტოლებში.
და რაღა თქმა უნდა, მთავარი სასუბრო თემა, მისთვის მთავარი - ადამიანური პატოსნება ზოგადად და კონკრეტულად მისი მაგალითი იყო.
რატომღაც ვერც ამ ნაწილში, კაცობრიობას რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებისა, ვერ პოულობდა ჯეროვან გამოხმაურებას.
ზოგიერთმა კი ისეთი თვალებითაც შეხედა, უსიამოვნოდ გასცრა ტანში.
- უვიცები - გაავდა ფიქრად - სულელი თავი გაბიათ... ჰმ... ყველაფერი საინტერესოსთვის ცხოვრებაში ჩაგივლიაო... რა იციან ამ რეგვენებმა, რაა საინტერესო და რა არა... მოგეკითხებათ ყველას, აქ თუ არა და ახლა, იქ... მერე.
ძალიან გაავებული და ერთიანად ფიქრებში ჩაფლული მიდიოდა ეკლესიისკენ.
ფიქრებიც _ აბსურდულად და უთავბოლოდ რომ ეჩვენებოდა, ჯერ კიდევ გუშინ,  დღეს სულ სხვაგვარად გამოიყურებოდნენ თითქოს.
- ქენით სიკეთე... ღვთის გულისათვის, მიწყალობეთ...
- რაა? - გამოერკვა
- მოიღეთ მოწყალება - მშიერი, სევდით გათანგული თვალები ითხოვდა ხელგამოწვდილი.
- რა ვქნა?
- ღვთის გულისათვის...
- ღვთის გულისათვის? რატომ თავად მას არ თხოვ... ეგერ, სულ რაღაც ორ ნაბიჯზეა - ეკლესიისკენ გაიშვირა ხელი
- მართლა? - დამცინავი იყო მზერა... დამცინავი და ცივი - გაიარე!
შეცბა. არეული ნაბიჯით განაგრძო გზა.
- ქენით სიკეთე... - მოესმა ზურგს უკან და მონეტის მჭახე ხმა, არა თუ ყურით, მთელი ტანით შეიგრძნო.
ეკლესიის შესასვლელთან შედგა.
- მართლა? - მოესმა სადღაც მასში ჩაკირული სიღრმიდან.
ძლივს შედგა ფეხი.
გუმბათს ახედა.
- ვაი, თუ არც იქ და მერე... მაშინ? - საბოლოოდ შემოფლეთოდა უჟმურად შემოჩვეულ ფიქრს აბსურდულ-უთავბოლო და შიშად ჩამოზვავებულიყო.

***

-და რაო მერე, მაშინ რაო?
-რა ვიცი აბა?
-ე! როგორ თუ არ იცი... ერთხელაც ხომ შეიძლება ბოლომდე მიიყვანო საქმე.
-ვააჰ... რა გინდა მაინც, ვერ გავიგე
-რა ვერ გაიგე? რისთვის იცხოვრა იმ ადამიანმა, ასე პატიოსნად და უცოდველად, ბოლოსდაბოლოს არ უნდა თქვა?
-რა მაინც?
-ჩაუთვალეს, არ ჩაუთვალეს.  იქ და მერეო, ეიმედებოდაო რომ იძახდი... თუ ამ მოთხრობისთვის ითმინა ამდენი.
-არაა გამორიცხული... კარგი აზრია.  იქ ერთმა ღმერთმა უწყის რა და როგორ. აქ კიდევ, ვინ იცის, იქნებ სწორედ რომ ამ მოთხრობისათვის.
-მათხოვარს მაინც უნდა შესწეოდა, რომ იცოდე... ქვაზე დადე გაიარეო, ეგრე არ არის.
-ჰო, ეგრეა, ეგრე... ოღონდ გააჩნია ვისთვის




2.
იყო ერთი ადამიანი -  დოცენტი
დინჯი და როგორც თავად თვლიდა, მხიარული და გონებამახვილიც. საზრიანობა ხომ პროფესიით მოეთხოვებოდა, მაგრამ ევალებოდაო, ვერ ვიტყვით.
ამიტომაც ლექციებზე ხშირად ხუმრობდა. ყვებოდა სასაცილო და ჭკუისსასწავლებელ ამბებს. გასართობად კი არა  (დინჯი ადამიანი გახლდათ), არამედ ლექციის თემაზე, საილუსტრაციოდ, ასე  ვთქვათ.
მაგრამ რატომღაც არავის ეცინებოდა მის ხუმრობებზე. სწავლობდნენ თუ არა ჭკუას, ძნელი სათქმელია. 
მხოლოდ ირონიულად ჩაღიმება.  ერთმანეთისათვის თვალის ეშმაკურად ჩაკვრა, უსიტყვო კომენტარით “ნახე,  რა მაგარი ოხუნჯიაო” - სულ ეგ იყო მთელი რეაქცია.
დოცენტს ეს ოდნავადაც არ სწყინდა. თუმცა კი უკვირდა ცოტათი.
ერთხელაც, როგორღაც იყო, თუ რატომღაც, შენიშნა რომ სტუდენტებს იუმორის გრძნობა, თითქოს განასაკუთრებით უმახვილდებოდათ საგამოცდო სესიების პერიოდში,
-საინტერესოა, მართლა ასეა თუ მეშლება აქ რაიმეო
გაიფიქრა და გადაწყვიტა გადაემოწმებინა შენიშნულის სისწორე.
და რა?
იგივე “ოხუნჯობანი”,
(რომელთაც ლექციებზე ვერაფერი ხალისი ვერ მოჰგვარეს სტუდენტებს)
იგივე სტუდენტებში
(რომელთაც, ეტყობა ჭკუა ასე თუ ისე ესწავლათ)
სესიების მსვლელობისას ისეთ თავშეუკავებელ სიცილს იწვევდა, ლამისაა აცრემლებულიყვნენ. ზოგიერთი  ციტირებასაც კი ცდილობდა იქვე, გამოცდის მსვლელობისას და სხვა გამოსაცდელების კამპანიაში ისე გულიანად იცინოდა, ისე გულიანად, რომ  დოცენტის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა.
ეს თავიდან, სანამ ახალგაზრდა დოცენტი იყო.
მერე და მერე უფრო ნაკლებად უკვირდა. 
და ერთხელაც როცა, კათედრის გამგის უკბილო ხუმრობაზე ისე გადაფიჩინდა, რომ ლამისაა მუცელი ასტკივდა, საერთოდ შეწყვიტა ამ საკითხზე რამენაირად ფიქრიც კი.
ახლაც კითხულობს ლექციებს - პროფესორია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები