ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
9 თებერვალი, 2014


უჟმური კაცის მოღიმარი მინიატურები


ხდება ხოლმე… ზოგჯერ ხდება - საიდანღაც მეწყერივით მოვარდნილი უხალისობა წაგლეკავს ერთიანად.
ხალისიანს რომ თავი გავანებოთ, უბრალოდ მოღიმარი განწყობისაგანაც ისე დაიცლები, ისე რომ…
(ეეჰ, მეტაფორების კორიანტელს დააყენებდა კაცი აქ თუ ხასიათზეა, მაგრამ მე ახლა სრულიად საპირისპირო პოლუსზე ვზივარ და თვითონ მოიფიქრეთ რაიმე, მაინცადამაინც უამისობა თუ არ გამოდის… კორექტულობა თქვენ არ გესწავლებათ და პოეტური ხომ, მითუმეტეს)
და რა? - დადიხარ ცხვირჩამოშვებული.
ერთხანს, თავადაც ვერ ატყობ თითქოს თავს ამ უჟმურს. მაგრამ რომელი ერთი დაგზარდება და არ გეტყვის:
- რა მოხდა?.. რას დამსგავსებიხარ?... გაწყენინა ვინმემ?...
და ასე შემდეგ
- ამოიღე ხმა… აუ, ნუ გადამრევ ახლა… ვინ? მე მაგის…
და ამ ტიპის სამძიმრებით ხომ არ მოგასვენებენ.
არა და იცოდე მაინც, რა, რას ან ვინ… იტყოდი - რა პრობლემაა. ლაპარაკი ერთადერთია რაც არ გეზარებოდა არასოდეს, მაგრამ ახლა არ იცი რა თქვა და რომც იცოდე, მაინც არ იტყოდი ალბათ.
კი ყოფილა პრობლემა!  ხედავ შენ?
ეს აღმოჩენა ხომ მთლად წაგიხდენს, ისედაც წამხდარს და ვინც დაგელაპარაკება კი არა და, რომც შემოგხედოს, გებრალება უკვე… ყველა ერთნაირად არა, რა თქმა უნდა. ზოგი კიდევ პირიქით - ანუ სულაც არ გებრალება, თორემ კი არ გიხარია… რა გაგახარებს, რა! უხასიათოდ ხარ, რაც არ უნდა იყოს.
ემოციურის მომენტია ეს - ვერ გააყალბებ.
და აი, უკვე მოახერხე და ყველას გადასდე უხალისობა.
ყოჩაღ შენ!!!
განმარტოება თუ გიშველის ახლა.
შენი თავი ჯანდაბას - იმათ რას ერჩი? იმათ უნდა მოშორდე, დროა მიხვდე ამას!
და შენც მიდიხარ.
მიდიხარ იქ სადაც არავის შეაწუხებ… არავინ შეგაწუხებს სადაც.
სახლში? - არა!
ცოლი, შვილი, ერთი, მეორე… სიდედრიც გამოჩნდება მარცხად, მაინცდამაინც დღეს. სასიამოვნოს ტელეპატივით გრძნობს და ახლა მეზობელი კიდევ - მარადუჟმური? შენ ქრონიკული მაინც გჭირს… ეს უკვე კარგია
- ეეჰ… მართლა შედარებითი ყოფილა ყველაფერი.
მოკლედ, პარკში ჯობია.
და ზიხარ მერე სკამზე.
ზიხარ
ზიხარ
და ზიხარ… სულ ეგაა.
იქვე ბეღურამ საქმიანად გაქექა მიწა… რაღაც იპოვა ალბათ, თორემ ასე შეშფოთებით არ შემოგხედავდა.
მერე დაიჟივჟივა და სხვებიც მოფრინდნენ - ძალა ერთობაშია.
იმათაც აგათვალიერეს… ისე რა, ზერელედ - გეწყინა?
არა… მაგრამ მაინც გაფრინდნენ ერთბაშად.
თურმე რაში ყოფილა საქმე...
ორმა ჩამოიარა… საყელოში თავჩარგულებმა, უაზროდ გამოგხედეს.
- იცი რა აზრი მომივიდა თავში?- სათვალიანმა თქვა
- აბა თავი… - ჩაიქირქილა მეორემ
ბეღურების განაქექი გატკეპნეს მაინცდამაინც - გეწყინა!
მაინც მოფრინდნენ. შენთვის ზედაც არ შემოუხედავთ - იმათ მიაჟივჟივეს რაღაც.
ყეფა მოისმა.
ძლივს გაასწრეს საცოდავებმა.
მომბორა ძაღლი დააცხრა ბეღურების ნაქექ-ნაჩხრიკალს.
აღშფოთდი - მიტომაც გამოგხედა გვერდულად.
კონკურენტი ეგონე ვითომ?
მერე ჩხრიკა მაგრამ რა ჩხრიკა - ბეღურების მხარდამჭერი ჟივჟივი ატყდა ერთბაშად.  ომახიანი ყეფით  გაეპასუხა ქომაგებს.
ამასობაში ბერეტიანი კაცი დაადგა თავზე… უცნაურად მოღიმარი კაცი.
- შე ბითურო, შენა - შენ გამოგხედა და ძაღლს მიეალრსა - ყველაფერი ცოცხალი უსაზღვროდ აინტერესებს
არა, არა… ჯერ ძაღლს მიეალერსა და მერე გამოგხედა შენ.
- რა იცის რომ, ყველაფერი ცოცხალი ცილოვანი სხეულების არსებობის ფორმაა მხოლოდ - გაგიღიმა კიდეც, რაღაცნაირად, ბოდიშივით, მაგრამ შენ შეუვალი იყავი.
აბა რა ეგონა - ჯერ მიალერსებოდა, ეთქვა რაც თქვა და მერე მოეხედა.
პატრონის რეპლიკა იუკადრისა ბითურამ და შენსკენ წამოვიდა ზლაზნვით.
გაგაჟრიალა… კი!
თან მაგარი, მაგრამ წარბი მაინც არ გაგიხსნია - უეცრად ატეხილ მუცლის გვრემას მალავდი კაცურად.
- ლორდ!!! ფუ!!! ფუ-მეთქი - მაინც დაგიყნოსა ფეხსაცმელი და უკან გაბრუნდა.
- უკაცრავად - მოიბოდიშა ბერეტიანმა
“წადი შენი!!!” - თავაზიანად არა თუ შეპასუხება, გაფიქრებაც კი  აზრადაც არ მოგსვლია.
- წავედით ლორდ… ლუდი დავლიოთ. აი, სად იგრძნობ რაა სიცოცხლე - დრუნჩზე მიუწკიპურტა სიამით აწკმუტუნებულს.
ბეღურები მოფრინდნენ უმალ… ჯერ ისინი, ადრე რომ იყვნენ და მერე ისეთი ჟივჟივი ატეხეს, მთელი პარკის ბეღურობამ იქ მოიყარა თავი.
ავად თუ კარგად, იმ ბითური ლორდის დამსახურება იყო ეს, სიცოცხლის რაობა რომ ვერ გაეგო ჯერაც.
ბეღურებს ეს საკითხი სულაც არ აიმტერესებდათ, როგორც ჩანდა - ისეთი ნადიმი გაეჩაღებინათ.
ძალიან საყვარელი საზოგადოებაა.
ძალიან.
რაღაც უსაზღვროდ თბილი ჩამოიღვენთა სულში.
იქვე, შორიახლო კაფედან მუსიკა მოისმის და მოხალული ყავის არომატი მოაქვს.
გიკვირს ეს და ის უფრო,  რომ რაღაც გალღვა თითქოს.
ჰაერთან ერთად ბეღურების ჟივჟივიც შეისუნთქე და ყავა ისე მოგინდა ისე რომ…
(მეტაფორების თავი სადა გაქვს ახლა… თვითონ მოიფიქრებენ რაიმეს. გემოვნებიანი მკითხველი გვყავს ჩვენ )
ფინჯანი ყავა - საოცრებაა… თუმცა გააჩნია სად და როდის… და ვისთან ხომ საერთოდ გადამწყვეტია.
ამჯერად არავისთან…
ე! როგორ არავისთან? - მე? მე რა… არ ვითვლები?
შენ?
ხოო… უკაცრავად. შენ ხარ თუ ხარ, ანუ რაცა ხარ…
გალღვა რაღა!
რა სასიამოვნო შეგრძნებაა - შეუდარებელი.
- ან მაგარი დაჭკვიანდნენ, ან ჭიებთან არიან შეკრულები, ტო!
- აბა… მეორე კვირაა გვაშაყირებენ - ზურგს უკან მოისმის და გეღიმება.
როგორც იქნა, რა!!!
აბა ის რა იყო დილიდან რომ ისაო …  მეწყერივითო.
ეეჰ… არ იცი, ვერც ახლა გაიგე რა იყო.
იყო კია და!
მაგრამ იყო და გაქრა …
ანუ ბეღურებმა აკენკეს - უჟმური იმათ ვერაფერს დააკლებს.  შენზე ძლიერები არიან.
ეს იცი… იცი და არ გწყინს რატომღაც.
კარგია ეს… კარგი!



1. სიცოცხლე

- სიცოცხლე, ცილოვანი სხეულების არსებობის ფორმაა, სერ. -  მძიმედ ნაბახუსევმა, მაგრამ ტრადიციულად  ფილოსოფიურად მომართულმა და ამიტომაც სევდიანი ნოტით ხმაში, მიმართა “ლორდს”,  იქვე მისთვის განკუთვნილ ხალიჩაზე იწვა რომელიც და აწკმუტუნებამდე არაფერი აკლდა,  მაგრამ პატრონის ჟესტი ჯერ ნებას არ იძლეოდა საპასუხო რეპლიკის.
- მხოლოდ და მხოლოდ ფორმა, სერ - ნაბახუსევზე აგუგუნებული თავი ლამისაა გამსკდარიყო და ცივი, დაორთქლილი ლუდის ბოთლი შუბლზე მიიდო, ამ პერსპექტივით შეწუხებულმა.
წამოჯდა “ლორდი” და თანაგრძნობით დაიწკმუტუნა.
ლუდი გახსნა “ფილოსოფოსმა”,  სულმოუთქმელად დაცალა და  თვალებში სხივჩამდგარმა, ხმაში კიდევ ოპტიმიზმით განუცხადა ერთგულს
- სიცოცხლე, სერ… რომელიც გვებოძა ღვთისაგან,  ჩვენს შეგრძნებებში აღსაქმელად… დიახ!
და ისეთი დააბოყინა, “ლორდმა” თვალი აარიდა.
მშვენიერ ხასიათზე დადგა.
თავი აღარ გუგუნებდა ისე როგორც ადრე და ამ პროცესის შეუქცევადობას მეორე ბოთლით მხარდაჭერა ჭირდებოდა აშკარად.
აივანზე გავიდა გახსნილი ბოთლით ხელში.
ღრმად შეისუნთქა დილის სასიამოვნო სიგრილით გაჯერებული ჰაერი.
ბოთლი მოიყუდა და ღრუბლებსაც გახედა ნეტარის მზერით.
მოვარდისფრო და ფუმფულა ღრუბლებს.  ზოზინით რომ იცვლიდნენ ფორმას და ხან რას ემსგავსებოდნენ, ხანაც რას.
- ლორდ, მოდი ლორდ… ნახე რა დილაა.
სიცოცხლე ბევრად უფრო საინტერესო ჩანდა ვიდრე მისი ფილოსოფიური რაობა ღაღადებდა ამას… ბეევრად უფრო!
ღრუბლებიც რაღაცნაირად ახერხებდნენ და ხატავდნენ ათასგვარ სიამეს, ზოგჯერ მხოლოდ ერთი მონასმით, მაგრამ ფანტაზიორი გონი მომენტალურად ავსებდა იდეას კონკრეტული შტრიხებით…
საოცარი დილაა, საოცარი.
არც თავი გტკივა და არც რაიმე სხვა, ყველაფერი სიცოცხლის სრულყოფილად შეგრძნებისკენაა მიმართული… ანუ ცილოვანი რამ სხეულაკები, ერთად შეყრილიყვნენ, საინტერესო კომბინაციაში, ნაბახუსევი “ფილოსოფოსის” სახით  და აივანზე  ლუდს მიირთმევდნენ… სხვა კომბინაცია, არანაკლებ საინტერესო, ხალიჩაზე თვლემდა და სულაც არ აინტერესებდა რას ჩალიჩობდნენ ღრუბლები ცაზე.
ღრუბლები კიდევ უფრო აფუთფუთელიყვნენ, რასაც სანახევროდ დაცლილი ბოთლით ხელში და დაუფარავი ინტერესით თვალს ადევნებდა გაოცებისაგან პირდაღებული კაცი.
ღრუბლებს რაღაც ტექსტი გამოყავდათ თითქოს… კი, კი… ტექსტი იყო.
“ სამსახურში გაგვიანდება, ბითურო”
ეეჰ-ო… ღრმად ამოისუნთქა კაცმა და ისევ ატკივდა თავი.
ისე რა, ასატანად.


რეგვენი

- ე! ერთი ამას უყურე რა დღეშია
ბრაზისგან გააჟრჟოლა.
“ჩემს ტერიტორიაზე შემოპარულა და თანაც ასე გამომწვევად იქცევა. თავხედი ეგა!.. “
- შენ ხომ არაფერი შეგშლია, კოხტავ?!
- არ მომეკარო… არ მომეკარო, გაფიცებ ლიფსიტებს.
- ე! რეებს მიბედავ… აზრზე ხაარ?
- შორს… შორს დაიჭირე თავი ჩემგან…  გაი…
“ეს  რა მაგარი ვინმეა, ე!” - არ დააცალა სათქმელი და ყლუმპ… ჩაყლაპა თევზმა ჭიაყელა.
“გაიგე,  რეგვენო !!!” - უთქმელის გაფიქრებაღა მოახერხა ჭიაყელამ … მეთევზის გულის გასახარად.


უსა(თავ)ურო

გაკვირვებული შეხვდა.
მეტიც, განაწყენებულიც ჩანდა, უჩვეულო ვიზიტით - სიმყუდროვე დაურღვია ისე, ვითომც არაფერი…  უცერემონიოდ.
- ბოდიში, უკაცრავად, მომიტევეთ … თავი შემშლიაო - შეწუხდა აზრი და დარცხვენილი გაბრუნდა უკან.
გაბრაზდა.
- დაწანწალებენ  აქ, უპატრონო ძაღლებივითო
და ის მოიქექა… აზრს რომ თავში შეშლოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები