ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
15 აპრილი, 2014


სასწაული


შემოდგომის მიწურულს, როცა ფოთოლცვენაც გასრულებულია და ხმელი ფოთლების ხალიჩას ის პეწი აღარ დაჰკრავს,
როცა ცას  გამჭირვალე სილურჯე  ნაცრისფერამდე გახუნებია, დამძიმებულა, დაბლა დაშვებულა,
სიოდ მონაბერიც, მეტად ცივია, ვიდრე სასიამონო და ჯიბეში ხელებით, უფრო კომფორტულად გრძნობ თავს…
მოკლედ, შემოდგომის მიწურულის უკაცრიელ პარკში მოსეირნობდა წყვილი, აუჩქარებლად, რომანტიულ ტემპში…
ანუ როცა კაფემდე სულ ახლოა, მაგრამ ამ გასეირნებას მაინც განსაკუთრებული ხიბლი ახლავს.
განსაკუთრებული და აუხსნელი სიტყვებით, თორემ მოღიღინე სული ფაქიზად გრძნობს, განიცდის, იღიმება…
იღიმება გოგონაც და უსმენს, ბიჭის ნამდვილ თუ მოგონილ ამბებს.
შიგადაშიგ ჩაერთვება ხოლმე მოხერხებული შორისდებულით და თითქოს მინავლულ კოცონს სული შეუბერაო, ახალი გზნებით ავარდება ალი…
მაგრამ ბიჭის გეგმებში არ შედიოდა მარადიული ცეცხლივით ეგიზგიზა.
კაფეში მომყუდროვებამდე მას ფრიად მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა გადასაწყვეტი.
ამიტომაც გაჩერდა.
გოგონასკენ მიბრუნდა და პირდაპირ თვალებში ხაზგასმული სერიოზულობით ჩახედა.
გოგონა უცნაურის მოლოდინში ოდნავდამფრთხალი გაიტრუნა.
- შენ გჯერა სასწაულების?
- მჯერა! - შვებით ამოისუნთქა გოგონამ
- მაშინ მითხარი. რას ისურვებდი ახლა… ძალიან, ძალიან
- ძალიან, ძალიან?
- ხო… ყველაფრზე უფრო ძალიან.
- ყველაფერზე უფრო? - ვითომ სერიოზულად ჩაფიქრდა გოგონა. მიმოიხედა და - გაზაფხულს… აპრილის თვისა
დააზუსტა და  წარბსქვემოდან  კეკლუცად გამოხედა ბიჭს.
ბიჭმა მშვიდად გაუღიმა “შენი ნებააო”  თქვა, ტაში შემოჰკრა და “ინებეო” ხელები გაშალა.
ყველაფერი მყისიერად შეიცვალა.
ცა მაშინვე ლურჯად გამჭირვალე გახდა, ირგვლივ ყველაფერი მწვანედ შეიმოსა, აყვავილდა და სიომაც საამური არომატით ჩამოიქროლა.
ის იყო მზემაც გამოიჭყიტა და საამოდ შეეხო გოგონას ღაწვებს რომ…
პირველი შემთხვევა არ იყო ბიჭისთვის და ხელი მაშინვე შეაშველა.
არც ისე მსუბუქი აღმოჩნდა გონდაკარგული გოგონა, როგორც სეირნობისას ივარაუდა.
ფრთხილად აიყვანა ხელში და იქვე სკამზე ჩამოსვა. თავად გვერდით მიუჯდა ისე, თითქოს გოგონას საყვარელი ვაჟის მხარზე ჩამოსძინებიაო
და სევდიანმა გახედა ასევე მეყსეულად მობრუნებული გვიანი შემოდგომის ცას.
“ეეჰ… იმან, წინათ, ჩიტების გალობამდე მაინც გასძლო. ამისგან მეტს მოველოდი, მაგრამ რა… საოცარია ღმერთმანი”

მართლაც და ღმერთმა თუ უწყოდა რამდენი ხანია, ეს ადამიანებში ჯიუტად დარწმუნებული ანგელოზი,
სწორედ ამ პარკში, ყოველი შემოდგომის მიწურულს დაასეირნებდა გოგონებს,
თავისი ბედნიერების ძიებაში - გამხდარიყო ჩვეულებრივი მოკვდავი, მაგრამ უშედეგოდ.
ახლაც, უკვე მერამდენედ გაწბილებული დაელოდებოდა გოგონას გონზე მოსვლას.
ისე რომ არ შეშინებოდა, დამაჯერებლად, თბილი ღიმილით დაუსდასტურებდა, რომ მისთვისაც მოულოდნელად ჩასთვლიმა
და სიზმრის უცნაურობასაც გუწრფელად გაიოცებდა…
მერე კაფეში დაპატიჟებდა და ჩვეული ოსტატობით დაემშვიდობებოდა.
სამუდამოდ დაემშვიდობებოდა და წავიდოდა ისევ თავისი ბედნიერების საძიებლად.

“რა საინტერესოა რამაა მაინც - ყველას სჯერა სასწაულის და არავინ ელის… ჰმ, საოცარია, საოცარი… “ 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები