ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
14 მარტი, 2014


მოფიქრალი კაცის ამბავი

სარკის ობიექტურობაში ეჭვი არასოდეს შეპარვია - მშვენივრად გამოიყურებოდა დღესაც და შინაგანი ხმის დასტურსაც მოწყალე ღიმილით უპასუხა.
მერე კედლის საათს გახედა, ჰალსტუხი კიდევ ერთხელ შეისწორა და აღმოაჩინა რომ,  აგვიანებდა სამსახურში.
გაჩერებამდე გზა რატომღაც ნახევარწრედ უვლიდა ტრიალ მინდორს. წამით დაფიქრდა და  მოკლეზე მოჭრა.

კინაღამ ფეხი დაადგა ზედ…
ბოლო მომენტში მაინც მოახერხა და გადაახტა თითქოს, თუ რაღაც მსგავსი მოძრაობით, შეძლო ფეხი არ დაედგა კონვერტისთვის.
სუფთა და აკურატული იდო მის წინ და რატომღაც დაფიქრდა აეღო თუ არა.
დაუფიქრებლად არასოდეს არაფერს აკეთებდა და დღემდე ვერ გადაწყვიტა კარგი თვისება იყო ეს, თუ ცუდი.
ახლაც იწრიალა იწრიალა, ანუ იფიქრა იფიქრა, მერე უმწეოდ მიმოიხედა და მაინც გადაწყვიტა - აიღო.
დახედა და შვებით ამოისუნთქა:
“ეს შენია” - ეწერა ზედ.
ჰმ...  რა აწრიალებდა? - მისი ყოფილა.
“გახსენი, ნუ გეშინია” - წაიკითხა სტრიქონით ქვემოთ.
კაი ერთი...  მეშინია არა, ისა...
თუ რა, არ დაუკონკრეტებია, მაგრამ  კონვერტი  გადმოაბრუნა, მაინც, ყოველი შემთხვევისათვის.
სწორადაც მოიქცა.
“ზოგიერთები ძალიან ნანობენ მერე” - ეწერა მანდ.
ისევ აწრიალდა ფიქრი და მოიფიქრა სრულიად უწყინარი რამ -  გვაგვიანდება სამსახურშიო.
რა უნდა ექნა? კონვერტი ჯიბეში ჩაიდო და გაჩერებისკენ გაიქცა.

სამსახურში წამითაც არ დავიწყებია ის სულელური კონვერტი.
ამოიღებდა, დახედავდა,წაიკითხავდა რაც ზედ ეწერა და ისევ გაუხსნელად  უჯრაში ჩადებდა, თუ მანმადე ჯიბიდან იყო ამონაღები. მერე პირიქით და ასე უსაშველოდ.
სხვა არაფრის თავი არ ჰქონდა.
კონვერტი კი რა - ჩვეულებრივი კონვერტი იყო. ასე, ა-5 ფორმატის, საკმაოდ შეყვითლებული, მაგრამ მკვრივი. იგრძნობოდა რომ შიგ რაღაც იდო.
რაღაც ქაღალდი, ალბათ ტექსტით ან რაიმე მსგავსი.

უკან იმავე გზით დაბრუნდა და იმავე ადგილას გაჩერდა სადაც შემთხვევით კინაღამ ფეხი დაადგა კონვერტს.
ერთხელაც ამოიღო ჯიბიდან და ღმერთმა უწყის, მერამდენედ წაიკითხა… განსაკუთრებით მეორე მხარეს ნაწერი.
მერე, როგორც ჩვეოდა დაფიქრდა და თვითონაც გაუკვირდა, ისე უცებ მოიფიქრა.
კონვერტი იქვე დადო სადაც იპოვა.
…და წავიდა.
…სახლში წავიდა.
ერთხელაც არ მოუხედავს უკან, ისე მიდიოდა, მძიმედ და თავჩაქინდრული. იქნებ დაღონებულიც კი... რას გაიგებ მოფიქრალი კაცისას.

სახლში, სანამ ჰალსტუხს შეიხსნიდა, სარკეში ჩაიხედა… ისე შემთხვევით, თუ ინსტიქტურად.
იქიდან სევდიანად ნონანიე  თვალები შემოსცქეროდა.
მერე სინანულმა ერთიანად დარია ხელი,  შინაგანი ხმის საყვედურსაც, საწყლად გაუღიმა და ჰალსტუხი იქვე მიაგდო.
სარკის ობიექტურობაში არც ამჯერად შეპარვია ეჭვი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები