ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
22 ივლისი, 2011


მე ნია-გაბუ ვარ... (III ნაწილი)

      კიდევ ერთხელ გამარჯობათ...
      ისევ მე გაწუხებთ, ნია-გაბუ...
      ჩემზე უნდა გიამბოთ ცოტა, თუ არ გამიბრაზდებით...

    მე და დედა ახლახანს ჩამოვედით ზღვიდან, არადა სულ არ მინდოდა წამოსვლა. მთელი დღე ვისხედით სანაპიროზე და გავცქეროდით მზის სხივებთან თამაშში გართულ ზღვას... დედას სუნთქვა ეკვროდა, ლამაზიაო მეუბნებოდა, ამაზე ლამაზს ვერაფერს ვნახავთო. მისი სიამე მეც მედბოდა... გატრუნული მოვკალათდებოდი რომელიმე კუნჭულში და ვიმუხტებოდი. დედას რა თქმა უნდა შეუმჩნეველი არ რჩებოდა ჩემი სიამტკბილობა ზღვასთან, მეუბნებოდა "მამასავით გიყვარს ზღვაო"...  მამ, ნეტა შენ როგორ გიყვარს?..

      გიო-მამა ჩვენთან არ იყო. არც მის სამსახურში დავდიოდით. ყველაფერი სხვანაირად ხდებოდა...

    ერთხელ დედამ ტანზე გაიხადა და ზღვაში შევედით. შემცივდა, არ მესიამოვნა. შორიდან უფრო თბილი და "ჩემიანი" ჩანდა. მერე ნელ-ნელა გათბა და მოგვეფერა. პატარა ხალისიანი ტალღებით ხან დაგვფარავდა, ხანაც გამოგვაჩენდა... ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სახლში ვიყავი. ზღვა ჩემი იყო, მე კი, მისი...  დედა მხოლოდ გვაკავშირებდა ერთმანეთთან... 

      მერე დედამ რაღაცით ზღვაზე გამასეირნა, კატერიაო მითხრა. წყალზე ვიდექით და მივქროდით. დედას თმები გაუშალა ქარმა და ეს პირველი იყო, როდესაც ქარისაგან დასაცავად თმა არ შეიკრა, პირიქით, მიჰყვა ზღვის ზედაპირზე მორბენალი ნიავის თამაშს... წყალში გადახტომა გვინდოდა ორივეს. მაშინ გვიყვარდა ეს ურჩი, ულამაზესი, თბილი, მზრუნველი, მოსიყვარულე და რაც მთავარია უზარმაზარი სტიქია...

      მერე მთელი ღამე ვსეირნობდით გიო-მამას მშობლიურ პატარა და ლამაზ ქალაქში... დედა ცდილობდა არ შეემჩნია მაგრამ მამაზე ფიქრს გაურბოდა. მე მინდოდა გიოს ნახვა, მინდოდა ხელი დაედო ჩემთვის გარედან და როგორც იცის ხოლმე ლაღად, შიშნარევი სიყვარულითა და სითბოთი ეთქვა- "როგორ მყავხარ პატარავ? ხომ არ გაბრაზებს დედიკო? როცა მე შენთან ვარ, ვერავინ გაგაბრაზებს იცოდე..."

    მამ, ნეტავ სად იყავი, ვინმეს რომ გავებრაზებინე, ვინ დამიცავდა, დედას ხომ აქეთ სჭირდება დაცვა?.. იქ სადაც ადრე სამივე ერთად დავდიოდით ახლა მხოლოდ მე და დედა ვიყავით. რაღაც ტკივილამდე მაკლდა. დედაც ასე იყო, მაგრამ არ ამხელდა...

    ერთ საღამოს დედამ თქვა- გვეყოფა აქ ყოფნა დავბრუნდეთ ჩვენს ქალაქში და გპირდები მალე ისევ ჩამოგიყვანო. მამ, შენც ხომ იცი დედა როგორ ასრულებს პირობებს. ჰოდა, ალბათ მალე ჩამოვალთ, ბათუმის უღელტეხილს გადმოვივლით გვირაბს მოვუახლოვდებით, ზურგზე გულებმოკიდებულ გუდიან კაცს დავინახავთ და დედა ჩვეულებისამებრ მეტყვის- "ისევ ბათუმში ვართ პატარავ"... გაიღიმებს და ორივეს სიამოვნების ჟრუანტელი დაგვივლის...     

      მანამდე კი ნამგზავრები, ემოციებისაგან დაცლილები(თუ სავსეები...) "ბებოს" თბილ გულს შევეფარეთ და ვტკბებით იმით, რასაც დედა ოჯახურ სიმშვიდეს ეძახის, რაც ასე ძალიან გვენატრებოდა და გვაკლდა ორივეს...

      დროებით დაგემშვიდობებით, მაგრამ მალე დავბრუნდები. აბა ვიღაცას ხომ უნდა გავუზიარო ფიქრები და შეგრძნებები, დაუსრულებელ კითხებთან ერთად? თქვენს გარდა კი ვერავინ იგებს რასაც ვამბობ...


      შეხვედრამდე,
      ჩემებური სიყვარულით,
      თქვენი ნია-გაბუ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები