ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
16 აგვისტო, 2011


მე ნია-გაბუ ვარ... (VIII ნაწილი)

    კიდევ მოვედი ცხელ-ცხელი ამბებით...

    გუშინწინ თბილისში ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მე და დედა სასეირნოდ ვიყავით და სანამ ტაქსი გავაჩერეთ, სულ მთლად გავილუმპეთ. სახლში მოსულებს სევდა შემოგვაწვა. ვერსად წავალთ ასეთ ამინდში სახლში მოგვიწევს ყოფნაო, თქვა დედამ და თვითონაც მიხვდა, რომ მარტოებს სახლში ძალიან გაგვიჭირდებოდა. თავშესაქცევად და გუნება-განწყობის გამოსაკეთებლად კი, აბა სად წავიდოდით? გამოიცანით, თქვენ ხომ კარგად მიცნობთ?.. დიახ, დიახ... სწორედაც, რომ ბათუმში, გიო-მამასთან...
   
    მგზავრობისა ბევრი ვერაფერი გავიგეთ, რადგან ავტომანქანის უკანა სალონში გემრიელად გვეძინა. დედამ ჩემი კომფორტისათვის(ან იქნებ თავისთვის) ბალიში და თხელი პლედი წამოიღო. ასე, რომ სულ 3 გაღვიძებაში(ხაშური-ქუთაისი-ჩაქვი) ჩამოვედით ბათუმში.

    მამამ იცოდა, რომ მოვდიოდით და მგონი გველოდებოდა. სასტუმროს ნომერში მოვკალათდით თუ არა, ამათ კინკლაობა დაიწყეს. მამა ეხუმრებოდა გაზრდილ მკერდსა და მომატებულ წონაზე, ამას ისე  სწყინდა, კინაღამ იტირა...
მე თავს კომფორტულად ვგრძნობდი თანაც საკმაოდ. დედიკო და მამიკო გვერდით მყავდა და სამივე ერთად ჩახუტებულები ვიძინებდით.

    დილით ჩვენ ადრე, შიმშილმა გაგვეღვიძა. მამა წინა დღის გვიანობამდე ნამუშევარი იყო და ეძინებოდა. ვცდილობდით მისი ძილი არ დაგვეფრთხო, ფრთხილად ვეფერებოდით და ვითვლიდით მისი სუნთქვისა და გულისცემის რაოდენობას წუთში...

    დედას მოთმინების ფიალა დღის 2 აათზე აევსო, ჩაიცვა და საჭმელად წასვლას აპირებდა, თუმცა მარტო ვინ გაგვიშვებდა? როგორ იქნა მამამაც გაიღვიძა და წამოგვყვა. წამოგვყვა კი არა, მას ჩვენზე მეტად შიოდა როგორც აღმოჩნდა...

    გემრიელი აჭარულის მირთმევის შემდეგ, ჩვენ ბებოს მეგობარს- ნინას და მის ვაჟს ჟორჟიკას გავუარეთ და ბათუმში გასეირნება გადავწყვიტეთ. გიო-მამა კი სამსახურში წავიდა დავენახები მაინც სირცხვილიაო...

    დრომ ისე გაირბინა, ვერც კი შევამჩნიეთ. ბულვარმა, ათასგვარმა გასართობმა თუ სასუსნავებმა შეგვიტყუა. პირი არ გაგვიჩერებია სულ ვჭამდით. მამას სამსახურშიც ვიყავით, მისი თანამშრომლები ვნახეთ და გემრიელი პიცაც მივირთვით. დედას ეხუმრეობდნენ- მარი, ნუღარ ჭამ ამდენს, სასწრაფო არ გაგვიხდეს გამოსაძახებელიო, თუმცა იქვე აყოლებდნენ- შენ ორის ნაცვლად ჭამ ახლა და ღმერთმა შეგარგოთო.  მერე დედამ გამასეირნა ბულვარის "კუკუშკა" მატარებლით, მივირთვით ნაყინი, ბატიბუტი სიმინდი... გიო-მამამ დაგვირეკა სად ხართ ამდენ ხანს ხომ მშვიდობააო, თურმე უკვე გველოდებოდა სასტუმროში და ამიტომ თანამგზავრებს სასწრაფოდ დავემშვიდობეთ.

    უნდა გენახათ რა სასაცილო სანახავები იყვნენ. ჩვენს წამოსვლამდე დარჩენილი ორი საათის განმავლობაში სამ-ოთხჯერ ჩხუბი და ისევ შერიგება მოასწრეს. დედამ რაღა თქმა უნდა ტირილიც. მამა გვეფერებოდა დაღლილებს, გვეკითხებოდა მთელი დღის ამბებს და ვერც მივხვდით ისე ჩაგვეძინა. დასძინებია მამასაც და მატარებლის გასვლამდე 15 წუთით ადრე გაგვეღვიძა. სასწრაფოდ მოვემზადეთ და მე პირველად ვირბინე(ნუ კარგით, რადგან ყველა სიტყვას მიკონტროლებთ, დავაკონკრეტებ: მას მერე, რაც მე ვყავარ დედამ პირველად ირბინა). სულაც არ მომეწონა რყევა, მაგრამ მამას აღარ ეცალა, ჩვენც თბილისში საქმე გვქონდა და აუცილებლად უნდა მიგვესწრო მატარებლისათვის. ჩვენ ხომ, ამხელა მანძილზე წამოწოლის გარეშე ვერ ვიმგზავრებდით? ჰოდა "ესვე" თუ არა, "კუპე მაინც გვჭირდებოდა. შემდეგი მატარებელი კი დილის 9 საათზე გამოდიოდა. ტაქსის მძღოლს მგონი ჯერ მსგავსი სიჩქარით არ უვლია...

    ფეხი ავდგით თუ არა ვაგონში, მატარებელი დაიძრა კიდეც. გიო-მამასთან დამშვიდობებაც ვერ მოვასწარით ნორმალურად და დედას გული სწყდებოდა, თუმცა ვიცოდით, რომ რამდენიმე დღეში ისიც ჩამოვიდოდა და ამით ვიმშვიდებდით თავს... გაშტერებული მამა ბაქანზე დავტოვეთ და თვალცრემლიანებმა, მაგრამ მაინც ბედნიერებმა დავტოვეთ ჩვენი საყვარელი ქალაქის ტერიტორია ნელა და მოთმინებით, მონოტონურად:

დაგან-დაგან, დაგან-დაგან, დაგან-დაგან,



დაგან-დაგან, დაგან-დაგან, დაგან-დაგან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები