ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
11 იანვარი, 2014


ლიზი

იანვრის ორში, რატომღაც ბედობის დღედ რომ მოიაზრება რელიგიურად ლოიალურ საზოგადოაბაში და სტუმრობა დიდ  პასუხისმგებლოდაა მიღებული, მოსაწყენი მარტოობით გაბეზრებულმა გადაწყვიტა ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოელხინა…
კაფეში სადმე, სადაც სტუმრად ხომ არა და არ ითვლები და მასპინძლად  მხოლოდ მაშინ, თუ გადამხდელი ხარ.  ამას კი  “ლოიალური” საზოგადოებაც არ აღიარებს “ლეგიტიმურად”.
“მარტოობა არ დამებედოსო” - გონივრული გადაწყვეტილება იყო
“კაფეში კიდევ, თუკი ღია დამხვდა, მარტო ვერაფრით ვერ ვიქნები, ყველაზე ცოტა ერთი ოფიციანტი მაინც დამირღვევს სიმყუდროვეს”-ო,  ლოგიკურია, უდავოდ!
და იქეთ გაემართა სადაც, თუ მართლა ბედი სწყალობდა, მარტო “ის” უნდა დახვედროდა…
ყავაზე დაიწვევდა რამე… წაეფლირტავებოდა კიდეც და ვინ იცის, იქნებ, როგორც საქმეში ღრმად ჩახედულები იტყვიან ხოლმე, მართლაც გახსნოდა ბედი.

არა! არც მარტო იყო, და რაც ყველაზე სამწუხარო, არც “ის”.
“ეეჰ…წელსაც შარშანდელივით”- ო, სევდამოძალებით აღნიშნა და ფინჯანი ყავა შეუკვეთა.
მერე, ეშმაკმა თუ უწყის რა მოსაზრებით, მაგრამ ხელის დაბანა მოისურვა…
იქ კი, სადაც ხელი უნდა დაებანა რაღაც მოსაზრებით, ხელსაბან ნიჟარაზე  კოხტად დაკეცილი ფურცელი იდო…
ბავშვობიდან უზომოდ ცნობისმოყვარე, მაგრამ მაინც ზრდილი არც თუ ურიგოდ, დილემის წინაშე აღმოჩნდა.
მიიხედ-მოიხედა… ნახევრად ღია საპირფარეშოსკენაც გააპარა მზერა - არა, არავინ იყო. ტუალეტის ქაღალდიც სერპანტინად ფრიალებდა და ცხადი იყო რომ ეს, ნიჟარაზე იდო რომელიც და გამომწვევადაც კი გამოიყურებოდა, სკეპტიკურად განწყობილი კლიენტის დანატოვარი თუ იქნებოდა, მაგრამ რატომღაც კოხტად დაკეცილი და ტკიცინა.
პრინციპში ჯობდა ახლავე ენახა და მერე ხელი დაებანა, თუმცა პირიქითაც დიდად არაფერი შეიცვლებაო დაასკვნა და მაინც პირველ ვარიანტზე შეჩერდა…
აიღო
გახსნა
წაიკითხა
ერთხანს თავის ორეულს უყურა სარკეში…  გაკვირვებულს.
გაგულისებით დაკუჭა.
ურნაში ჩააგდო!
სხვა რა უნდა ექნა ასეთი ბარათისთვის, წარმოუდგენელია.

“ერთი წლის შემდეგ !!! ” - ეწერა რომელზეც…  კატეგორიული იყო ბარათი.

ხო… ხელი არ დაუბანია.
დაავიწყდა ალბათ.
ბარათის არსებობაც მალევე დაავიწყდა, კაფეც სადაც ყოვლად უგემური ყავა დალია და საერთოდ…  გაზაფხული იწურებოდა უკვე.
საზაფხულოდ კი, თავადაც მოგეხსენებათ, საფიქრალს რა დალევს.
სწორედ რომ დაფიქრებული და სასიამოვნოდ აფორიაქებული  საზაფხულო გეგმების ანალიზით, მძიმედ, ზოზინით ადიოდა კიბეზე, როცა ქათქათა ლაქამ თვალი მოსჭრა სანახევროდ ჩაბნელებულ მარშზე.
დაუდევრად დაავლო ხელი და ფურცელი შუქს მიუშვირა…
არა, რა… არ შეიძლება ასე ცნობისმოყვარე იყო!

“ნახევარი წლის შემდეგ” - გაკრული ხელით ეწერა ზედ.

მაშინვე გაახსენდა  კაფეც და ყოვლად უგემური ყავაც…
და საკვირველია, მაგრამ ისიც რომ, ხელი არ დაუბანია მაშინ.
შეაჯერა რა ფაქტები, ისედაც მოფიქრალმა,  რაღაც ტენდეციური დაიჭირა ამ მოვლენებში… ეგ კი იყო, არსი თავად მოვლენისა სრულიად გაუგებარი დარჩა, ისევე როგორც მოტივი ხელისარდაბანის გახსენების.
ბარათი ამჯერად არ გადაუგდია… პირიქით, ჯინსის უკანა ჯიბეში  ჩაიდო.
აკურატულად დაკეცა მანამ და აღმასვლა განაგრძო… კიბეზე, რა თქმა უნდა.
შემდეგ დაიწყო ნანატრი შვებულება…
ზღვა
მზე
ქალები
და შვებულებიდან მობრუნებულზე ბარათიც სარეცხი მანქანის კამერაში აღმოჩნდა… საშემოდგომოდ მზადება მარტოხელა კაცმა, სწორედ რომ ჯინსების რეცხვით დაიწყო.

და აი ერთხელაც, შემოდგომის პირველ დღეებში,  როცა ჩვეულებისამებრ სადრბაზო გასასვლელში, მზეზე ნებიერად გაშოტილ უპატრონო ძუკნას, ტრადიციული პანღური ამოარტყა, და სანამ საწყლად მოწკავწკავე კუდამოძუებული გარბოდა, თავად კი,  “ეს რა მაზოხისტი ვინმეაო”  ფიქრობდა… სწორედ მაშინ გრძელ, სამეზობლო სკამზე, ისევ კოხტად დაკეცილ, ქათქათა ფურცელს მოჰკრა თვალი.
ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ მაშინვე დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით გააჟრიალა.
რა თქმა უნდა ზედმეტია.
მაგრამ ტანში ჟრჟოლად დავლილმა. ტვინში სხვა ისეთი უბმნები გააქტიურა, თავიც კი ასტკივდა.
ინსტიქტურად უკანა ჯიბეში ჩაიყო ხელი და იქიდან ისეთი რამ ამოიღო, რომელშიც მხოლოდ საქმეში ჩახედული კაცი თუ ამოიცნობდა ოდესღაც ბარათს.
მიმოიხედა… მიდი-მოდიოდნენ მეზობლები თავიანთი საფიქრალით, არც სალამი ავიწყდებოდათ, არც სხვა რამ რიტუალური, მაგრამ არავის არ აინტერესებდა ბარათი სკამზე - პროტესმა იფეთქა ერთბაშად და მისთვის ყოვლად გაუგებარი მიზეზით.
რაც ხელში ეჭირა ისიც იქვე მიაგდო და გზა განაგრძო.
მთელი დღე უცნაურად აწეწილი დაბორიალებდა… ფიქრით ისევ სკამთან ბრუნდებოდა და უკვე მერამდენედ შლიდა ბარათს… კითხვით ვერა და ვერ კითხულობდა.
მხოლოდ ერთი სიტყვა,  “შემდეგ”,  ჩანდა მკაფიოდ.
საღამოს ცოტა გადაჰკრა კიდეც მეგობართან კამპანიაში და როცა თავის ფორიაქს არყით ამჩატებული ფიქრით გახედა ხმამაღლა გაეცინა… მეგობარმა ეს, მისეული იუმორის უაღრესად ფაქიზ აღქმად ჩათვალა და უფრო მეტი აზარტით განაგრძო დაობებული ანეგდოტების მოყოლა.
აქვს ზოგიერთს სრულიად გაუმართლებელი ამბიცია, საინტერესოდ მთხრობელობაზე.
(ეს ნოველაც შეიძლება ამის მაგალითად გამოდგეს)
ერთიც გადაჰკრა და ჩამობნელდა კიდეც… დაღამდა, ესე იგი.
გულში აღიღინებული მიდიოდა სახლისკენ… სკამსაც შორიდან დააკვირდა და სულაც არ გაკვირვებია რომ ბარათი ადგილზე დახვდა.
ჩამოჯდა
აიღო
კარგა ხანს ატრიალა ხელში. მერე ფანრიანი სანთებელა მოიძია და

“სამი თვის შემდეგ”-ო, წაიკითხა.

ნერვიული ხარხარი აუტყდა… ძლივს ხველებით დაასრულა რომელიც და სიბნელეს უყვირა
- რა სამი თვის მერე?.. რა?!! რა…  მე შენი…
მაგრამ ვისი რო?.. რას გაიგედი.
ბარათის შინაარსი არაფერს ამბობდა იმაზე თუ “რა” და  “რატომ”… მხოლოდ “როდის”, იყო დღესავით ნათელი და წუთის წინ აღიღინებულ სულში აუტანელი სიმძიმით ჩაეშვა გაურკვეველი, უსაგნო დარდი.
იმ დღიდან მოსვენება დაკარგა.
ჩაიკეტა
დანაღვლიანდა
პირველად ცხოვრებაში თავი არასრულფასოვან მოქალაქედ იგრძნო, არარად… ანუ მსხვერპლად საბედისწერო სტიქიის უსასტიკესი თამაშის… სტიქიის, რომელსაც სახელიც კი ვერ დაარქვა.
- ვინ ვარ მე? - დაფიქრებულა ზოგჯერ სამსახურის ლიფტის სარკიდან მომზირალი და სართულს აცდენილი - შენ? - უხმოდ უკითხავს გაკვირვებული, მისი გამომომეტყველებით თამამგზავრისთვისაც - ან თქვენ? თქვენ ვინა ხართ საერთოდ?!- ყვიროდა სამუშაო ოთახში შესული სული  და თანამსრომელთა უდარდელ გამომეტყველებას ხომ წონასწორობიდან გამოჰყავდა.
- თქვენ ოდესმე ფიქრობთ? - იკივლა ერთხელ და პასუხად ისეთი რამ მოისმინა, შემდგომ მსგავსი შეკითხვის დასმის ყველგვარი სურვილი დაკარგა.

დრო კი გადიოდა.
და ნოემბრის მიწურულს, ანუ დეკემბრის დასწყისში, როცა სადარბაზოს შესასვლელში მზეზე გაწოლილ და სევდიანად მომზირალ ძუკნას, უკვე ტრადიციადქცეული პურის ნაჭერი მიართვა, ზედაც ფრთხილად გადაალაჯა და  გამზირზე საქმიანად დაფაცურებულ ხალხში გაერია, ვერც კი გაიგო, როგორ,  და მითუმეტეს რატომ აღმოჩნდა სწორედ მის წინ, ოთხად აკურატულად დაკეცილი ფურცელი.
გაქვავებული იდგა შუა ტროტუარზე.
ხალხი მიდი-მოდიოდა… ვიღაცამ მხარიც კი გაჰკრა. მოუბოდიშა კიდეც, ის კი, მოღუშული დასცქეროდა კოხტად დაკეცილ ტკიცინას და გუმანით გრძნობდა რაც უნდა ამოეკითხა.
ასეც მოხდა

“ერთი თვის შემდეგ” - ავად იუწყებოდა ბარათი და უცებ ელდანაკრავივით შეცბა… ბარათის ცივი  სითეთრიდან საოცრად ნაცნობი თვალები უმზერდა თითქოს.

ჰო… პირველი შემთხვევა იყო როცა ბარათი კიდევ რაღაცას ეუბნებოდა, პირადად მას, თუნდაც წარმოსახვით, მაგრამ მაინც… ირიბად თითქოს.
მთვარეულივით მილასლასდა სამსახურში.
“ავტოპილოტით” თუ  აღმოჩნდა უფროსის კაბინეტში და არეულად, უსაზღვროდ შეწუხებული და გასაცოდავებული, რიგგარეშედ ითხოვდა შვებულებას… ზაფხულის სანაცვლოდ ანუ.
მდივანს უხმო უფროსმა.
მას კი, შენ იქვე დამელოდეო… კარისკენ მიანიშნა.
გავიდა.
მდივანი ტანის კეკლუცი რხევით მიეახლა შეფს… ძნელი მისახვედრი არ იყო, ჩურჩულით აპირებდა რაღაცის თქმას. არც მას გაუპროტესტებია “ინტიმურად ფამილარული” და ლამის იყო ღრმა დეკოლტეში ჩაეშვა ყურით.
მკერდს გააჩნია, რა თქმა უნდა… კონკრეტულად ეს დეკოლტე  შავი ხვრელივით, უსაშველოდ გრავიტაციული იყო, კი!
სუნამოს არომატი  აჩქარებული გულისძგერის ფონზე, გონებას და მზერას ერთნაირად ამღვრევდა
- ვერ არი ეგ ამ ბოლო დროს – ო, კისკისით დააჩურჩულა ყურის სანაცვლოდ მოშვერილ კეფას მდივანმა და ისე ღრმად ამოისუნთქა, უფროსის ყური, უნებურად, მკერდზე მიიჭყლიტა…
(ხო… ახლა თუ ვინმეს არ დავარეკინეთ, ამ ეპიზოდიდან ვერ გამოვძვრებით დღეს… სრულიად უმნიშვნელო ეპიზოდიდან სხვათაშორის)
და სწორედ მაშინ საქალაქო ტელეფონზე დარეკეს. 
დარეკეს და  “შავი ხვრელის” მოქმედებაც მყისიერად შეწყდა…
- გაუფორმეთ -  განკარგულება გასცა უფროსმა  და  ყურმილით ხელში, მზერით კი, ჯერაც მდივნის თეძოებს მიტმასნილმა - რა ბრძანეთ? - იკითხა მოწიწებით… უფროსთუფროსი  თუ იყო მეორე მხარეს.

შვებულების ფულთან ერთად, დანაზოგიც მოხნა ანგარიშიდან და წავიდაა…  წავიდა იმ ავადსახსენებელ კაფეში, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი და იქედან გამოსული, ან იქით მიმავალი ფხიზელი არც არავის უნახავს მას შემდეგ.
ვააჰ… ეს რა ხვითო ყოფილაო - სასიამოვნოდ გაიკვირვეს თავიდან
რამ გაალოთა ასე მოულოდნელადო -  სინანულით იკითხეს მოგვიანებით
ქალის გამო თუ იქნება ეს ამბავიო - დაასკვნეს ერთხმად და ბოლოს
ამოვიდა რა ყელში... ეგ ვინ ყოფილაო - ასევე ერთხმად და პირქუშად.
მას კი ყველაფერი ფეხებზე ეკიდა… ყველაც.
მხოლოდ ბავშვებს და უპატრონო ძუკნას  ექცეოდა ხაზგასმული მოწიწებით და რითაც შეეძლო ახარებდა კიდეც…
ძილი შეუყვარდა ძალიან
სიზმრად, ყოველთვის, ჯერ ის თვალები შემოჰღიმებდა  და მერე თითქოს უხილავი ხელი ნისლისგან ძერწავსო, გამთენიას, ღვიძილისპისრს, უსაშველოდ  ბედნიერს აღმოხდებოდა-ხოლმე სახელი... ჰო, სახელი,  სევდიანად მოღიმარი თვალების…
წამიც და ეღვიძა - არაფერი რჩებოდა, გარდა საიდანღაც ნაცნობი მზერისა… ა-რა-ფე-რი!

შვებულება კი იწურებოდა.
დღეს რატომღაც ჩაუარა ამოჩემებულ კაფეს და კარგა ხნის უთავბოლო ხეტიალის შემდეგ, ღამის ბარში აღმოჩნდა.
ის კი, როგორც ყოველთვის, ისე შემოიპარა, ახლაღა შენიშნა _ მეხუთე თუ მეექვსე სირჩაზე შემოსკუპდა ნეტარება.
გაუღიმა, დრო,  ჩვენი დრო იწურებაო, უთხრა…  იმანაც, დაიკიდე, მოგცლია ერთი, ვის რა მოუტანა დრომ, შენ რომ ასე მისტირიო…  აბა, როდის მივსტირი, გავიგო მინდა უბრალოდ, სხვა არაფერიო... დრო მოვა და ყველაფერს გაიგებო…  ჰო, ალბათო, დაეთანხმა… გადაჰკარი ერთიც  და კიდევ ერთიც, რაკი ასე  გსიამოვნებსო, მიეფერა.  თბილად, როგორც სჩვეოდა.
დაჰყვა.
გადაჰკრა
ერთი
მეორე…
გაყუჩდა.

-უკაცრავად… ტაქსი ხომ არ გამოგიძახოთ? - ბარმენმა ჰკითხა
- არა გმადლობთ… ფეხით გავივლი
-ასეთ მდგომარებაში?
-როგორ მდგომარეობაში, რო?
-ბოდიში, მაგრამ ცოტათი ზედმეტი მოგივიდათ მგონია…
-ჰო ო?
-დიახ… საკუთარ თავს ელაპარაკებოდით
-ჰმ… ჰო ო? ასე რატომ გგონიათ?
-აქ სხვა არავინაა
- აბა ეს ვიღაა…- ჭიქაზე ანიშნა
- ვერ გავიგე…
-აი ეს… ჭიქაზე რომ შემოსკუპებულა
-იქნებ, ტაქსი… ჰა?
-ვერც კი წარმოიდგენ რა კარგი მოსაუბრეა
- გასაგებია… და იქნებ მაინც…
- როგორ გეკადრებათ… ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია… ხომ ლიზი?
და უცებ გახევდა.
რამდენიმე წამი ბრინჯაოს მონუმენტს ჰგავდა.
მერე, თითქოს სული შთაბერესო, ბარმენს ანიშნა ერთიც დამისხიო, როგორც ინებოთო, მანაც…
-ღმერთო ჩემო,  ლიზი…ლიზ…

თენდებოდა როდესაც სახლისკენ შეუხვია.
დაქანცულს, მუხლები უთრთოდა, თავს გუგუნი გაჰქონდა.
ძილი, მხოლოდ ძილი თუ უშველიდა ახლა და მერე _  “ლიზი… ლიზი… ლიზი…”
არც გაკვირვებია როდესაც კარებში აკურატულად გაჩრილი ბარათი დახვდა.
“ჰო რა... სწორედ დღეს გასრულდა თვე”
არც ცნობისმოყვარეობას შეუძრავს
ვითომც არაფერიო, კარები გააღო და დივანთან მილასლასდა… დაჯდა და მხოლოდ მაშინ გაშალა ფურცელი.

“დღეს” - ესღა ეწერა ზედ.

“დღეს?.. ძალიანაც კარგი… იყოს დღეს! “ - ქანცგალეული მიწვა და მაშინვე ჩაეძინა.

ღრმა ძილით ეძინა.
უსიზმროდ.
როცა გაეღვიძა, პირველი რამაც გააკვირვა, ბნელოდა… ოთახის მოპირდაპირე კუთხეში საათის ციფერბლატი მწვანედ ციმციმებდა
00-01
“ნუთუ… ვააჰ, წარმოუდგენელია...  მე რა,  მთელი დღე მეძინა?” -  თავზე შემოიჭირა ხელი. ბუნდოვნად ახსოვდა ბარი, ბარმენი, ბარათი…
“ბარათი?”
მძიმედ წამოდგა
შუქი აანთო
მიმოიხედა… დივანთან ეგდო.
ერთხანს უყურა შორიდან… ერთხელაც გახედა საათს.
00-03
მწვანედ ციმციმებდა.
“ნუთუ ყველაფერი დამთავრდა?.. “
ბარათი აიღო და...

“გუშინ” - ეწერა ზედ -  “ღმერთო,  რა სისულელეა…”


- ვინ გნებავთ ახალგაზრდავ?
- ლიზი, ქალბატონო… ლიზისთან ვარ… და თქვენ?..
- მე ლიზის მეზობელი ვარ
- და ლიზი?
- ლიზი გუშინ გაემგზავრა საზღვარგარეთ.
- როგორ?..საად?
- ჰოლანდიაში… თუ ნიდერლანდებში. რა ვი… ხან რას იტყოდა ხოლმე, ხანაც რას.
იანვრის სუსხიანი დილა იდგა.


***

მაისის მიწურულს, როცა მას მხოლოდ გურმანები ეტანებიან, რამეთუ კერ კიდევ არ არის კომერციული აუცილებლობა, ბარებში გამოტანილი უდღეური ლუდით, მიმნდობ კლიენტს, კათხა  გაუვსო,  სვამდნენ.
ჩუმად.
დაგემოვნებით.
- ექვსი თვის წინ… - ჩაიბუტბუტა თავისთვის
- რა?
- ნახევარი წლის წინ წავიდა აქედან.
- ვინ?
- ლიზი… ჩემი ლიზი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები