ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2012


თვალხილულის...

მე რომ მივედი, ყველაფერი მომხდარი იყო:
ეგდო ვიღაცა.
ვერ ვარჩევდი, ისე იყო მიწას შეზრდილი -
მიწისფერი, მიწისამარა.
ქალი ან კაცი,
ან ახალგაზრდა ან მოხუცი,
ან სულაც ბავშვი...
ამბობდა ხალხი:
სხვა ხარ და სხვა ხარ, ამიტომ ჩაკვდი!

მე ავადმყოფი თვალები მყავს -
ჩემი შავად დაწინწკლული, თეთრი ჩიტები,
ცისკენ ფრენა არ შეუძლიათ.
თანაც ჩიტებს, როგორც ყოველთვის, ჩიტის გული აქვთ
და სანამ სისხლის ნაკადულით, ხორცის ნაფლეთით,
ხელის მტევანში ჩარჩენილი, ტალახიანი პურის ნატეხით...
დაფრთხებოდნენ ჩემი შავად დაწინწკლული, თეთრი თვალები,
ამოვიყვანე ბუდეებიდან,
ჯიბეში ჩავსვი.
მერე კი, რადგან სიმშვიდე მიყვარს,
სახლში წავედი.
ეს ბევრჯერ, ხშირად და ერთხელაც.

...მე რომ მივედი, ყველაფერი მომხდარი იყო:
ის, ვინც იქ დამხვდა, თავდახრილი, როგორც ყოველთვის,
აღარ სუნთქავდა.
იდგა ხალხი და ამბობდა:
სხვა ხარ და სხვა ხარ და იმიტომ!
სხვა ხარ და სხვა ხარ!
ის ჰგავდა ძახველს:
მეძახდა უხმოდ - სისხლის წვეთებით:
-გაუშვი შენი თეთრი ჩიტები, გაუშვი ცისკენ!
ასწავლე ფრენა...
და ის იყო, ჯიბეებისკენ წავიღე ხელი
თეთრი ჩიტების ამოსაყვანად,
რომ ოდნავ მაინც აფრენილიყვნენ,
რომ სამსჭვალები ამოეკენკათ,
რომ ეკალი მოერღვიათ და მის ადგილას,
თუნდაც მინდვრის ყვავილების ბუდე მოეწნათ...
გამახსენდა: ავადმყოფი თვალები მყავდა -
ფრთები არ ჰქონდათ.
გავტრიალდი, წავედი სახლში.

მე რომ მივედი, ყველაფერი მომხდარი იყო.
ასეც რომ არა,
ვიდგებოდი
და ხმასაც არ ამოვიღებდი.
მხოლოდ ხელებს ჯიბეებიდან -
ბრმა თვალებზე ასაფარებლად.
ხომ უნდა მეთქვა ეს სიმართლე:
ვერაფერს ვხედავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები