ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2012


წერილი

    /შესრულება - ტექსტილი,
                                                                              ქვილთი/
ერთი უბრალო მკერავი ვარ,
სადაც მივდივარ, ფერად-ფერად ნაკუწებს  ვეძებ.
რას არ ვაწყდები:
მინდვრის  ჭინჭებს,
ბილიკების ქვიშისფერ ჯვალოს,
სპილენძისფერი ყანების ტაფტას...
არც მდინარის სელს ვიწუნებ,
არც ჭაობების ბამბაზიას,
არც ხეების მწვანე  სატინას...

გზად სარეველას ტულიც შემხვდება,
შაბიამანის წინწკლებივით მიმზიდველი
ყვავილები გამოუშლია.
მწამლავს და მაინც ვერ ველევი,
მწამლავს ჩუმი გადაძახილი მწვანის და  ლურჯის,
ნაღველისფერი  ძაღლყურძენასი
თუ  შალივით მსუსხავი ჭინჭრის...
მნუსხავს, ვაგროვებ, კალთაში ვიყრი.

ქვილთის მკერავს  რა  შემიძლია...
ხელმეორედ უნდა ავაწყო
ეს სუსხიანი, მაგრამ თბილი  შენი სამშობლო 
მხოლოდ ტექსტილით.
აქ ფერებია ლელის  ქიშმირის, ატმების  პლუშის, ზღვის აბრეშუმის...
სიმწრითაც რომ არ იკვნიტება,
ისეთი ძაფით ვაგო მასზე ლიანდაგები
და მოგატარო  თითებსშორის ჩაცრილი მიწა
უდედმამო  ქალაქებით, ჩუმი ბაღებით...
აქ მაინცაა  სამივე  ფენა ერთიანი, ერთმანეთზე გადაკერილი:
ქვედა - სარჩული,
შუა -  რბილი ქსოვილისა,
ზედა - ჭრელი ნაკუწებისა
(ასეთია ნამდვილი ქვილთი).

ჩვენც, სამი ფენა -
მამა, დედა და შვილი,  ვიყავით ერთად.
ყველა ნაკუწი ხმაურობდა:
ბამბის სახლი თუ ჩითის ეზო...
აღარ ვხმაურობთ, უფრო სწორედ, აღარ ვსაუბრობთ,
მამა ახველებს, მე ვკერავ, ვკერავ...
და ათასღამეგათენებულებს აივნისკენ გაგვირბის თვალი.
იქ  ძველი ხაზის რადიოა - მერცხლების ბუდე,
სიჩუმეს ვუსმენთ.
ჩიტმა ამბავი მოგვიტანოს...
ჩაიკეცოს  შავი თავშალი,
ჩიტმა წერილი მოგვიტანოს
ატლასის თეთრი გულისპირით,
გაიღოს კარი!

მამა ახველებს, მე ვკერავ, ვკერავ...
შენ  - ჯარისკაცი.

ერთი უბრალო მკერავი ვარ.
რა შემიძლია...
ნაკუწებით ვკერავ თბილ საბანს
და წერილის ნაცვლად გიგზავნი.
დაიფარებ, ამღერდება დედის ბგერებით:
”მზევ, შინ შემოდი”.

P.S. ”ჩემი ვაჟი ომშია. ვისაც ჩემი ქვილთი გაათბობს,
        რომელსაც ექვსი დღე-ღამის განმავლობაში ვკერავდი,
        გაიხსენოს თავისი დედა”  - წარწერა ქვილთზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები