ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პროზა
15 ივნისი, 2012


სამი გიორგი

დღეა ისეთი, რომ მზეს სულ ყვითლად აბაბანებს.  მაგასაც კი, სიცხე სჭირს და ხვატი.
შარაზე ქვები  გაწოლილან, ქვებზე - ხვლიკები, გაფიცხებულ ზურგებზე მზის მტვერი წაუყრიათ და თვლემენ.  ღობეებს  მაყვლის ბარდებში წაურგავთ თავი, ეზოც მაყვლის ბარდებს ეპოტინება, ჩრდილს ეძებს ისიც.
ეზოში  სახლი დგას.  ათასში ერთგან  თუღაა  შემორჩენილი  ეგეთი - მდინარიდან  მოზიდული ნისლისფერი  ქვით ნაშენი. იქნებ საუკუნისაცაა, რა იცის, აბა, წლებს როგორ დაითვლის, სახლია, ადამიანი ხო არა. თავს იწონებს მაინც: ხავსის ხავერდით გაწყობილი  კრამიტის სახურავი  ჩიხტიკოპივით ადევს, ხაბარდიან კაბასავით გამობერვია რიკულებიანი აივანი. მერე რა, რომ ეს ხაბარდიანი კაბა  წვიმას ურეცხია და თოვლს უხეხია ათასჯერ და მეტჯერ,  გაუხუნებია და გაუცვითავს, სუფთა ხოა...  მშვიდად დგას სახლი.
ეზოს ძველი, მავთულშებმული ჭიშკარი პაპამ შემოაღო.  პაპა იქნება, მაშ ვინ,  ისეა თეთრად დაპენტილი.  შემოვიდა,  ზურგზე თითქოს მინდვრის კუზი ამოსვლია - ბაწრით შეკრული, ახალმოთიბული ბალახის ვეებერთელა ბღუჯა ადევს. ბღუჯა ყვავილებს ახამხამებს - ვარდკაჭაჭებს, ფრინტებს, შავთავებს, კრაზანებს...  წამოწოლილან ამ ყვავილებზე  ერთი ციდა მწერები, გაყურსულან, რა ენაღვლებათ, პაპას ზურგზე არიან მოკალათებულნი,  არც ხტუნვა უწევთ, არც ცოცვა,  ამ სიცხეში  ეგენიც ზარმაცობენ.
პაპამ ცელი მიაყუდა სახლის კუთხეზე, ბღუჯა მოიხსნა, მიწაზე დადო, მხრებში გაიშალა, ოღონდ სულ - ვერა. მოხუცია, სადღა შეუძლია მხრებში გაშლა. არადა, ადრე, კი არ დადიოდა,  ირაოს ჰკრავდა მიწაზე.
მივიდა პაპა, უზარმაზარი, ქოჩორა  მსხლის ქვეშ,  ეზოს სკამზე ჩამოჯდა, ხელები საღებავგადაცლილ  მაგიდაზე დაალაგა.
სახლიდან შავთავსაფრიანმა  ქალმა გამოიხედა, უყვართ ჩვენთან შავი თავსაფარი, ან ეჩვევიან.  ქალიც იმ ასაკშია, რომ ნამდვილად  ბაბოა,  თუმცა პაპასავით ხმელი არაა, მუქ ტანსაცმელში მაინც კრთება სავსე  სხეული,  მზემოკიდებულ სახეზე ცისფერი თვალები ულივლივებს, დრო ჯერჯერობით ვერ ამღვრევს ამ ცისფერ ლივლივს.
-მოხვედი უკვე? - ჰკითხა პაპას, ისევ სახლში შებრუნდა,  იქიდან ლურჯად მოჭიქული, თეთრ-წითლად დაწინწკლული დოქი გამოიტანა, მაგიდაზე დადგა, თლილი  ჭიქაც მოაყოლა, თონის  პური, თოთო კიტრი და მწვანილი, ბელტებად დატეხილი  ყველი, მკვახე პომიდვრის ლაპლაპა მწნილი, ბოლოს მათლაფით ლობიოც ჩამოდგა.
-ბიჭი სადაა? - ჰკითხა პაპამ,  ეზოს მოავლო თვალი.
-სად იქნება, თავის ძმაკაცთანა, - სიყვარული ჩაურაკრაკდა  ხმაში ქალს, ხელით სახე მოიჩრდილა, სივრცეს გასძახა:
-გიოო, გიოო, მოდი, ბაბო, გამოიქე, პაპა მოვიდა!
-გიო კი არა, გიორგია ეგა, გიორგი,  ვეღარ გაიგე? - პაპამ იქით გაიხედა, საიდანაც სავარაუდოდ, ბიჭი უნდა გამოჩნდეს.
ბიჭიო... ბიჭი კი არა,  ნამდვილი  ნაკვერჩახლია - ბუხრიდან ცელქად გადმომხტარი, სულ წითლად უბურბურებს აჩეჩილი თმა,  ალმურადენილ სახეზე ჭორფლის  ქინქლები მიჰკვრია,  ბაბოს თვალები ულივლივებს იმასაც. ოთხიოდე წლისაა, მეტის არა, ცოტა ნაკლებისა - შეიძლება.  მოდის, მოხტის თიკანივით, უკან თავისზე დიდი ძაღლი მოჰყვება დინჯად, ბოროს ეძახიან, მეცხვარეა, იმას ბიჭივით ხტუნვა არ შეშვენის.
ბიჭი ხვნეშით  ააცოცდა მუხლებზე პაპას, იწრიალა, შეაწუხა კაცი.
-ნელა, შე მამაძაღლო, ნელა, - ვითომ გაუწყრა  პაპა, ბიჭი  ჩაიხუტა,  ლოყები დაუკოცნა, ბურბურა თმა უფრო მეტად აუჩეჩა:
- მოდი, კაცო, დამეწვიე, მარტო ხო არ შევჭამ რამესა.
მერე სახლში შესულ ბაბოს გასძახა:
- ჯამი გამოუტა ბალღსა და ჭიქაც მოაყოლე, დღე  დავლოცოთ, უფლისა ვთქვათ.
ბაბო გამოვიდა,  ბიჭს  წყლიანი ჭიქა და ემალის  პატარა, თეთრი  ჯამი დაუდო წინ.  ემალისაა, ხო,  ეგრე  ეძახიან იქ  მინანქარს, უხდება კი და... 
ჯამზე გახუნებული მამალი ხატია, ნახევარი ბიბილოღა აქვს შერჩენილი, ისიც გახუნებული, მაგრამ მერე რა, სამაგიეროდ დეზები ემჩნევა კარგად.  დადის ჯამის შუაგულში, როგორც კი კოვზს დაჰკრავ, გააჟღარუნებს იმ თავის დეზებს, ხუმრობა ხომ არაა,  კიდეებზე მიხატულ  დედლებს პატრონობს! ამაყად აჰყივლებს-ხოლმე გიოს, ერთი შემხედე, ჯერ ისევ რა მაგრადა ვარო.  ალბათ ასე აჰყივლებდა-ხოლმე  ბიჭის მამასაც, როცა ისიც  გიოსხელა იყო.
ახლა დიდია გიოს მამა, ისე დიდი, რომ ადგა და ცხრა მთას იქით წავიდა სამუშაოდ.
პაპამ წყლიან ჭიქაში ცოტა ღვინო გაურია.
-აბა, გაგიმარჯოს,  ბიჭო, გიორგი, - უთხრა ბიჭს და ჭიქა ჭიქაზე მიუჭახუნა.
-გაგიმარჯოს, გიორგი პაპა, - დიდი კაცივით უთხრა ბიჭმა, ხმაც კი დაიბოხა, მერე ჭიქა მოიყუდა და წყალნარევი ღვინო ბოლომდე ჩაიცალა დამოკლებული  მაისურიდან გადმოგდებულ, სასაცილო ღიპში.  ვინა თქვა, პატარააო, დიდი კაცია და ეგაა.
ბაბომ ლობიო გადმოუღო ჯამზე,  პაპამ  პური მოუტეხა, თავად კიდევ, ბიჭი,  მწვანილს გადასწვდა,  შავი თუთით მოთხვრილ პირში ჩაიხვია, თან ლობიოში პური ამოიწო მადიანად.
-კაცია უკვე, კაცი, - გაეცინა პაპას, მწვანილს გადასწვდა თვითონაც,  ბიჭს მიბაძა. ეგრეა, ხანდახან  პაპებიც ბაძავენ შვილიშვილებს.
უცებ გაჩერდა ბიჭი,  როგორც შეეძლო, ისე სწრაფად ჩამოცოცდა პაპას მუხლებიდან,  ხვნეშით გაძვრა მაგიდის  ქვეშ, მერე თავის ჯამს დაავლო ხელი, ერთი მთლიანი შოთიც აიღო და მაგიდასთან გაწოლილი ბოროს გვერდით მოირთხა ფეხი.
ბორომ თავი წამოსწია, ბიჭს შეხედა ჭკვიანი თვალებით. ბიჭმა პურს ბარაქიანი ყუა მოატეხა, ლობიოში ამოავლო და ბოროს დრუნჩთან მიუტანა:
-განა დამავიწყდი,  ჭამე შენცა, მშიერი ხაარ ჩემსავითა.
ბორომ მოთუთხნულ თითებზე  დახედა ბიჭს, მაინცდამაინც არ ესიამოვნა ლობიოში ამოვლებული პურის დანახვა, ერთი კარგი ძვლიანი ხორცის ნაჭერი ერჩივნა, მაგრამ  არც რა,  გიოს  სახე აულოკა  და  ლუკმა ძლიერ ყბებში მოიგდო.
-უიმე! რას აკეთებ, შე გასაზრდელო, ეგ როგორ შეიძლება! - ლოყაზე ხელი იტაცა ბაბომ.
- დააცადე, დააცადე, - გაეცინა პაპას, ინტერესით შეაჩერდა შვილიშვილს.
ბიჭმა ახლა თავისთვის ჩამოიტეხა პური, ამოაწო ისიც ლობიოში, მადიანად გალუკმა.
ბაბომ ხელისგული მიიფარა ტუჩებზე, ჩუმად ჩაიცინა.
ასე იციან აქ ქალებმა, თითქოს  რცხვენიათ თავისი სიცილისა, არადა,  გეკუთვნით გულიანი სიცილი, გეკუთვნით, თქვე კარგებო, ჯაფისგან დაღლილებს მკრთალად, მაგრამ მაინც რომ გიბჟუტავთ სილამაზე  ზამთრის ხეებზე შერჩენილი  შინდის ნაყოფივით...
-ერთი ამას უყურე? -  ბიჭისკენ  ანიშნა ბაბოს პაპამ, - კაცია-მეთქი, აკი ვამბობ, კაცია-მეთქი!
- თქვენი ალი-კვალია, თქვენი, - ბიჭზე თვალმოუშორებლად უთხრა ბაბომ, - შენი და  მამამისისა. ეგრე იცოდა იმანაცა, მარტოკინა ლუკმას არ გატეხავდა.
”ნეტავ ახლა როგორ იცის” - თავისთვის გაიფიქრა პაპამ. 
არ იმჩნევს, თორემ  ისე ენატრება შვილი, ისე, როო...
ბიჭს ხომ ენატრება და ენატრება  მამა და დედა, ბოლოს როდის ნახა, აღარც ახსოვს.
-ახლა სად არი მამაჩემი? ცხრა მთას იქითა, არა? - ეკითხება-ხოლმე  ბაბოს  საღამოობით და მის თბილ მკერდზე თავმიდებული  ცისფრად მოლივლივე თვალებში მისჩერებია.
-ცხრა მთას იქითა, მააშ, - ქოჩორს უჩეჩავს ბაბო და ცისფერი თვალები ეცვარება, კიდევ კარგი, ვერ ამჩნევს ბიჭი.
-მერე, დედა რატოღა წაიყვანა? - ბრაზობს ბიჭი.
-ცოლ-ქმარი ერთად უნდა იყოს, ბაბო გენაცვალოს და იმიტო, - ამშვიდებს  ბაბო.
- შვილი? - მერამდენედ კითხულობს ბიჭი.
-რამდენ კითხვებსა სვაამ, ბიჭო, - ფრთხება-ხოლმე  ბაბო, მერე  ხმაში სულ შროშანებს იშლის, - შენა ბაბო, აქ იმიტო დაგტოვეს, რო  ბებრებს გვიპატრონო. შენ რო არა გვაყვდე,  რა გვეშველებოდა მე და პაპასა, ჰა?
-ჰოო, შენ არაფრისა შეგეშინდეს, ბაბო, აქა ვაარ მეე, აქა,  - უკვე ბუტბუტებს გიო და ისე სწრაფად ეძინება, რომ  სიზმრის  ანგელოზები დახუჭულ თვალებში ბოლომდე შეძრომას ვეღარც ასწრებენ, ასხმარტალებენ გარეთ დარჩენილ პაწია ფეხებს და გიოს ისე ეღიტინება, ისე ეღიტინება, რომ სულ კუჭკუჭებს ძილში.
მერე ბაბოც იძინებს, პაპაც...
სახლში მარტო საწოლებს ღვიძავთ მთელი ღამე, სოფლის ჭორიკნებივით არ იღლებიან:  ხან რკინის საწოლი გადაუჭრიალებს ბაბოს და ბიჭის სიზმრებს ხის ტახტს, ხან ხის ტახტი გადმოუჭრიალებს რკინის საწოლს პაპას სიზმარს.
ღობის გარეთ, კაკლის ხეზე ჩამოყუნცულ მიკიოტებს  საწოლების ჭრიალი ესმით, ყურებს ცქვეტენ,  ახლა ისინი ულუკლუკებენ ერთმანეთს საწოლებისგან გაგონილ ჭორ-სიზმრებს, და ეგ კიდევ რა,  ხედავენ კიდევაც გამოჭყეტილი თვალებით: ბიჭის სიზმარი  სულ ხასხასა ფერებითაა აჭრელებული, ბაბოს სიზმარს სევდიანი იისფერი დაჰყვება და წყლიანი ცისფერი, პაპას სიზმარს  ფოლადისფერი დაჰკრავს, აქა-იქ ჟანგისფერიც, მაგრამ ეგ არაფერი, ჯერ ის ჟანგი მიწისფრად არ ქცეულა.
მერე  რიჟრაჟი მოტანტალებს, მოიპარება, მოაქვს წყაროს წყალში გავლებული, გაკამკამებული ჰაერი ჩუმ მინდორზე გადასაფენად, პაპას მაინც ესმის იმის ლურჯ ყელზე შებმული ცვრისა და ნამის სუსტი წკრიალი,  დგება, გარეთ გადის, ხარბად ისრუტავს  ჰაერს  და  ჭიშკარს აღებს. ჭიშკრიდან ბინდდაკრული მინდორი ჭვრიტება ეზოში, ჩუმია ისევ.
გაჰყურებს პაპა მინდორს,  მინდორზე ცხენი დგას, მბზინავ აბზინდებსა და ქერქეტა ბაბუაწვერებში ჩაურგავს თავი,  თითქოს პატრონს გამოუშვია საბალახოდ.  წმინდა გიორგის ცხენსა ჰგავს, იმისი ცხენივით  თეთრია და  ქვიშისფერი გადაჰკრავს ზურგზე. დგას, არ ინძრევა, ხანდახან  კუდს თუ გაიქნევს და ეგაა.
დგას, თითქოს პატრონს ელოდება,  თითქოს აჰაა და ტყეში შეყუჟული პატარა სალოცავიდან  თავად წმინდა გიორგი ჩამოვა,  გამოსცდება  მთაზე მაწონივით შედედებულ  ნისლს, შემოაბიჯებს ამ ჩუმ მინდორში, თავდახრილ ცხენს  ჩამოუსვამს ხელს ქვიშისფერ ქედზე, მერე  მივა და პაპას დაადებს მოხრილ მხარზე,  შეხედავს თავისი თბილი თვალებით  იმის თბილ თვალებს.
პაპა  კოჟრიან თითებში მოიქცევს მის ხელს  და ასე, ხელჩაკიდებულს შეიყვანს  ეზოში, ქოჩორა მსხლის ძირში,  სკამზე დასვამს, დამელოდეო, შენი ჭირიმე, წმიდა გიორგიო, - შეეხვეწება, თავად მარანში ჩავა,  თიხის შეცვარულ დოქს ამოიტანს,  თიხისავე, პატარა ფიალაში ჩამოასხამს კრიალა, შუქიან  ღვინოს და  დაალოცინებს წმინდა გიორგის.
დალოცავს ისიც -  სალოცავიდან ფეხით ჩამოსული წმინდა გიორგი, მაშ როგორ,  აქაურობის მფარველია, აქაურობაზე ერჩის გული...
მერე წამოდგება, ისევ მხარზე დაადებს ხელს პაპას, ისევ  ჩახედავს თავისი  თბილი თვალებით იმის თბილ თვალებს და გავა ჭიშკრიდან.
უყურებს პაპა,  თეთრ ცხენთან მივა წმინდა გიორგი, ფაფარზე ჩამოუსვამს ხელს და პატარა, ტყეში შეყუჟული სალოცავისკენ გაიყოლებს. მიდის ფეხით წმინდა გიორგი  და მიჰყვება თეთრი ცხენი ქვიშისფერი ქედით. მერე ერთხელაც მოხედავს პაპას თბილი თვალებით  და მთაზე მაწონივით შედედებულ ნისლს შეერევა.
...რაც სამი გიორგი-ღა დარჩა სოფელში, იმის მერე ხო, სულ ამას ხედავს პაპა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები