ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პროზა
18 ივნისი, 2012


არც ისე ზღაპრული ამბავი

ეძღვნება ყველა აბიტურიენტს

ერთი პატარა ქალაქის ერთი პატარა უბნის ერთ პატარა ქუჩაზე ერთი პატარა სკოლა იდგა. ეს სკოლა სხვებისგან თითქოს არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც რაღაცით განსხვავდებოდა, და ამ განსხვავებულობას ის ქმნიდა, რომ ის ძალიან დიდი და ძალიან ლამაზი იყო. ჰო, კიდევ ერთი და იქნებ, მთავარი რამ – ამ სასწავლო დაწესებულებას ჰყავდა მეტად საინტერესო, თავისუფალი და კრეატიული დირექტორი, რომელიც მუდამ ცდილობდა, ყოველი დღე გაეფერადებინა მოსწავლეებისათვის და არცერთი ჰგვანებოდა მეორეს, სძულდა შტამპები და დოგმები და არასოდეს ყოფილა სპარტანული და ავტორიტარული აღზრდის მეთოდების მომხრე. ამიტომაც, ყველას განსაკუთრებულად უყვარდა, არავის ეშინოდა მისი, თუმცა, ყველა მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდა.
ერთხელ, ბავშვების დაჟინებული თხოვნით,  ბატონმა მ.ნ–მ გადაწყვიტა, თითოეული მასწავლებლისთვის განსაკუთრებული დავალება მიეცა. მათ საკუთარ საგანში მორიგი გაკვეთილის ახსნის მაგივრად, უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე: რა არის სიყვარული, და საერთოდ, არსებობს თუ არა იგი?
გაკვეთილები, ბუნებრივია, მაღალ კლასებში ჩატარდა. პირველი, ვისაც ამ დილემის გადასაწყვეტა ხვდა წილად, გეოგრაფიის მასწავლებელი იყო.
–გულიკო მასწ, თქვენი აზრით, არსებობს სიყვარული, რომელიც მთელი ცხოვრება ძლებს? – შეეკითხა კლასში ყველაზე გაბედული და აქტიური მოსწავლე.
–ნამდვილად, ჩემო კარგო. სიყვარული ეს ისეთი რამ არის, რომელსაც არც გრძედი გააჩნია და არც განედი, არც ტემპერატურას ექვემდებარება, არც ჰავას და არც ნაციონალობას. მოკლედ, სხვაა სიყვარულის გეოგრაფია და მას საზღვრები არ გააჩნია. მას კი, რასაც სივრცე არ ზღუდავს, ვერც დრო შემოფარგლავს და მუდამ იარსებებს, ისე, როგორც თავად დედამიწა და სამყარო…  მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლებაა, მე მჯერა, რომ ნამდვილი სიყვარული წლებს გაუძლებს და მაინც გადარჩება. მანამ, სანამ ეს ორი ადამიანი, როგორც ერთი მთელი, ამ ქვეყანაზე დაიარება… დაე, თქვენც გეპოვოთ ის თქვენი მეორე პოლუსი!
შემდეგი ბავშვებთან ფიზიკის პედაგოგი შევიდა.
–თამრიკო მასწ, მაინც რა არის სიყვარული? – იკითხა გიომ დიდი ინტერესით.
–ამ ამოცანას მთელი მსოფლიოს მეცნიერები ეჭიდებიან, ჩემო ძვირფასებო, და მაინც ვერ ამოხსნეს. ეს, ალბათ, უფრო მეტაფიზიკაა, ვიდრე ფიზიკა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რაღაც არამატერიალური, სულიერი და ამაღლებული. ამიტომაცაა, რომ სიყვარულს ვერ ხედავენ, არამედ განიცდიან.
–და თქვენ ბედნიერი ხართ? განგიცდიათ ასეთი რამ?
–ბედნიერება ფარდობითია, მაგრამ ვფიქრობ, სიყვარული თუ ნამდვილია, ყველასთან ერთნაირად მოდის. იქ უკვე აღარ ისმება კითხვა – ნეტა მიყვარს თუ არა? სიყვარულს არ ახასიათებს ეჭვები, იცი, რომ ის ერთადერთია და მხოლოდ მასთან გინდა იცხოვრო და სხვასთან არავისთან. ალბათ, შემეკამათებით,  – აკი არ არისო კონკრეტული? უცნაურია, არა? მაგრამ ეს მეტაფიზიკური განცდები ერთ კონკრეტულ ფიზიკასთან მიმართებაში გვეუფლება და ალბათ, ამიტომაც არის, რომ მხოლოდ იმ ადამიანთან გვსურს, გავიზიაროთ ეს ღვთაებრივი გრძნობა და არა სხვა რომელიმესთან.
ახლა ჯერი ქიმიის მასწავლებელზე მიდგა.
–როგორც ვიცი, ახლა უნდა დამისვათ კითხვა, არსებობს თუ არა სიყვარული. მე მეცნიერი ვარ და თუ ამას წმინდა პრაგმატული კუთხით მივუდგებით, არ არსებობს, ვინაიდან ჩვენ ყველაფერს ცდისა და დაკვირვების შედეგად ვადგენთ და ასე კი აშკარაა, რომ ასეთი სახის ნივთიერება, როგორიცაა სიყვარული, ბუნებაში არ მოიპოვება. მაგრამ, რაოდენ უბადრუკი, ღარიბი და სწორხაზოვანი იქნებოდა ადამიანი, მას რომ მხოლოდ ხილული სწამდეს. მართალია, ის მენდელეევის ტაბულაზე არ მოიძევება, მაგრამ მერე რა? თქვენ გგონიათ, მე ჩარჩოში ჩასმული მეცნიერი ვარ? არა, დღეს უნდა დავარღვიო თქვენი სტერეოტიპი. როგორ, ეს საბჭოთა დრო როდია, როცა ნებისმიერი რწმენა ცოდვა იყო. დიახაც, არსებობს სამყარო, რომელსაც თვალით ვერ აღვიქვამთ, მაგრამ შევიგრძნობთ. აბა, კომუნისტებისთვის რომ დაგეჯერებინათ, არც ღმერთი იყო და არც სიცოცხლე სიკვდილის მერე. მთავარი იყო, “მოგეჭამა” ეს ცხოვრება, მოგესწრო და უკაცრავად და შეგეთქვლიფა. კაცს ყველაფრის უფლება ჰქონდა, ქრთამი ჩვეულებრივი რამ იყო, ერთი სიტყვით, უღმერთობა სუფევდა. დიახ, ბავშვებო, არსებობს სიყვარული და მას ხშირად, გაგეცინებათ და,  ქიმიასაც კი ადარებენ – ერთმანეთის მიმართ ქიმია გაუჩნდათო. ეს არის ის ნივთიერება, რომელიც აღმოჩენილი არ არის, მაგრამ რომელსაც ვერცერთი ოქრო და სპილენძი ვერ შეედრება – ის უძვირფასესია ყველა ძვირფას ქვასა და მეტალზე, მეტიც – შეუფასებელი. 
ბავშვები საკმაოდ კმაყოფილნი დარჩნენ ამ ახსნით.  ბევრი კითხვა გაუჩნდათ, თუმცა, არ იკითხეს. განსაკუთრებით გოგონებს მოეწონათ ეს “შეუფასებელი”, მათში რომანტიზმმა ერთი–ორად იელვა და საამოდ აუციმციმდათ თვალები, შეეფაკლათ ატმის ყვავილისფერი ღაწვები თავად ყვავილებს.
ახლა ისტორიის მასწავლებლის ჯერი მოსულიყო.
–დღეს, ალბათ იცით, ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ და ეს ყველა ბავშვს განსაკუთრებით გვახარებს. თქვენ რას გვეტყვით, მიშა მასწ? – ვეღარ მოითმინა თიკომ, რომელსაც ეს საგანი განსაკუთრებულად უყვარდა.
–სიყვარულს იმდენი ისტორია აქვს, რამდენიც წყვილია და რამდენიც ადამიანია. სიყვარულის ისტორია ღვთის მიერ იწერება და ამიტომაც, არავის აქვს არავის გაკიცხვის უფლება. სიყვარულის სახელით ყველაფერი გამართლებულია. ეს გრძნობა კაცობრიობის ისტორიის ასაკისაა, არქაულია, არ ექვემდებარება არც მოდას, არც ეპოქას და არც ქვეყანას– ის მარად იყო და იქნება, უკვდავია, როგორც თავად ღმერთი.
ახლა ბიოლოგიის რიგი დადგა.
–ციცო მასწ, რა არის სიყვარული?
–რაკი ასეთი პოეტური თემა გვაქვს დღეს, მეც პოეტურ ხასიათზე დავდექი. სიყვარული მარადუჭკნობი ყვავილია. მას არ სჭირდება განსაკუთრებული ნიადაგი და წყალი, ის მაინც აღმოცენდება ხოლმე. და ეს იმიტომ, რომ სიყვარული გულებში აღმოცენდება, მსგავსი გული მსგავსს მიელტვის, მონათესავე სულები არიან და ამიტომ.  დაბადების მერე კი გაფრთხილება ნამდვილად უნდა, რომ მსახვრალმა ქარმა არ წაიღოს.
ახლა ჯერი მათემატიკაზე მიდგა.
–მაინც, რა არის, ლეილა მასწ, სიყვარული? ან არსებობს კი ის?
–ნამდვილად არსებობს, ჩემო კარგებო. ჩვენ, მართალია, ლოგიკური ხალხი ვართ და მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა, მაგრამ არა მგონია, ეს სიყვარულში გვიშლიდეს ხელს. მთავარია, თქვენი ციფრებისადმი სიყვარული მერკანტილურ სიხარბედ არ იქცეს და ფული არ გახდეს თქვენთვის მთავარი ცხოვრებაში. სიყვარული ნაკლებად ემორჩილება ლოგიკასო, ალბათ, გიკვირთ ეს არა? როცა შემიყვარდა, კარგად მივხვდი ამას მეც კი – მათემატიკოსი ქალი. თუმც, მე მაინც მოგიწოდებთ, არ იჩქაროთ, რადგან ბოლომდე გონისგან დაცლილი სიყვარული დიდხანს არ ძლებს. თუ ნაზ გრძნობას გონიერებაც ერთვის, ის გაცილებით ხანგრძლივად იცოცხლებს. სიყვარული ისეთი რამაა, რასაც ვერ შეეხები და ყველაფერი ხელშეუხებელი კი ღმერთის თანაზიარია. ნამდვილ სიყვარულს გისურვებთ, ჩემო პატარა მეგობრებო.
ასტრომონიის ჯერიც მოვიდა.
–ო, ეს მართლაც ასტრონომიული გრძნობაა, ყველაზე დიდი გრძნობა, რაც არსებობს. სიყვარულის ფორმულებით გამოხატვა მხოლოდ ერთ გენიალურ ქართულ ფილმში მოხერხდა და ამ იდეის ავტორებიც “შერეკილებად” მონათლეს. სიყვარულის ასტრონომია კი ისაა, რომ ის ვერტიკალურია და თანაც, ბრუნვადი. ისე, თავად დედამიწას სიყვარულის პლანეტას უწოდებენ, რადგანაც ჩვენი მთავარი არსი სიყვარულია. ეს ფართო გაგებით, ისე კი მართლა ამ ღერძის გარშემო ბრუნავს ჩვენი კაცობრიობა და მრავალი ომისა და სტიპიური უბედურების მიუხედავად, ის მაინც ბრუნავს. დაე, იბრუნოს, დაე, გვიყვარდეს მუდამ. შეყვარებულ ადამიანებს კი ციური მნათობები განსაკუთრებულად იზიდავს და ათრობს, მთვარე ხომ მუდამ იყო მიჯნურთა მთავარი მესაიდუმლე.
ბოლოს ქართულის მასწავლებელს კითხეს აზრი.
–“სიყვარული აგვამაღლებს – ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ!” ბრძანა დიდმა შოთამ. “უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე” – გაეპასუხა გალაკტიონი. არაჩვეულებრივი ნათქვამია რომანტიკოსი პოეტისა: “სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს?”  რადგან მისი მონობა სასიამოვნოც კია, თუმც, ზოგნი ცალხმრივად იტანჯებიან და ეს დიდი ტკივილია, მაგრამ მაინც დიდი სიხარული. რომ არა მისი უდიდებულესობა, არ იქნებოდა არც ესოდენ შესანიშნავი პოეზია და ლიტერატურა, არც უნატიფესი ხელოვნება. არც სილამაზეს ექნებოდა ფასი. აკი, ასე გვითხრა ქართული პოეზიის მეფემ: “უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზეო”. სრულიად ულამაზო ადამიანიც კი შეიძლება  დაამშვენოს ამ დიადმა გრძნობამ, რადგან სილამაზე მაინც სულის მდგომარეობა უფროა, ვიდრე სხეულისა. გისურვებთ, მარად შეყვარებულები ყოფილიყავით, რადგან ეს ის შარბათია, რომელსაც ერთხელ რომ დალევ, მისი გემო არასოდეს დაგავიწყდება. ბედნიერ სიყვარულს გისურვებთ, ახალგაზრდებო, რომ ხემ ჯანსაღი ნაყოფი მოისხას და გალაღდეს ერი, დამშვენდეს საქართველო თქვენი სილამაზით.
აი, ასე ჩაიარა თითქოს ერთმა ჩვეულებრივმა დღემ, მაგრამ ეს დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა ბავშვებისათვის.  მათმა შთაბეჭდილებებმა ასახვა ჰპოვა ბევრი მათგანის დღიურში, ზოგმა კი სურათებიც გადაიღო. თავი ნამდვილ ჟურნალისტებად იგრძნეს. მათ პირველად მიეცათ უნიკალური შანსი, ყველა მასწავლებლისგან ჩაეწერათ ინტერვიუ ყველაზე ზოგადსაკაცობრიო თემაზე. ვინ იცის? იქნებ, მათშიც ერია მომავალი ჟურნალისტი? ბევრი შეყვარებულიც ერია მათ შორის, რომლებსაც სხვებზე უკეთ ესმოდათ ამ სიტყვების მნიშვნელობა, რამდენიმემ კი მტკიცედ გადაწყვიტა, დამამთავრებელ ბანკეტზე აუცილებლად აეხსნა სიყვარული თანაკლასელი გოგონასათვის და აღარ განეგრძო ამ დიდი გრძნობის მალულად გულში ტარება. თითქოს, კიდევ უფრო თბილები, კეთილშობილები და ლამაზები გახდნენ ამ დღის მერე, თუმც, ისედაც მალე იწყებოდა მათი ცხოვრების გაზაფხული – სულ მალე ბოლო ზარი დაირეკებოდა და სტუდენტობის ლამაზ ბილიკებს გაუყვებოდნენ.     



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები