ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოსო მეშველიანი
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2014


zona franko

აწვიმდა ქალაქს, სასაფლაოს, საფლავის კოპიტს,
"a line-storm song"- მოხდენილად იტყოდა ფროსტი.
მაროკოელი, თავზე ჩალმით, შუბლზე კი კოპით
ძველ საშაურმეს გაჰყურებდა, სარკმლიდან ფოსტის.

მოულოდნელად წააწყდები, სულის დამდაღავ
სინამდვილეს და ეს ტკივილი არც გაყუჩდება.
არის ქუჩები, სადაც დგომა, ისე, ხანდახან
იაფფასიან მეძავებსაც ძვირად უჯდებათ.

აქ გაფრთხილებენ, შემოსვლის წინ, დარიგებითაც
დაგარიგებენ, თუ სურვილი გექნება ამის.
დაძრწიან ყველგან რუმინელი ბარიგები და
არალეგალი "რჩეულები" ზონზროხა "დამის"

აქ სადმე იაფფასიანი ძველი ბისტრო ან
კაფე იქნება, სადაც შეძლებ მშვიდად ჩამოჯდე.
აქედან უნდა დაახვიო, ახლა ის დროა,
წახვალ და მაინც დღე არ გავა აქ არ გამოჩნდე.

სჯობს გაეცალო, ამდენ ხეპრეს, აფერისტს, მლიქვნელს,
აზრის ან ფიქრის შესაცვლელად, წახვიდე სადაც,
სკვერია ერთი, ბაროხა დგას, ხელჯოხით იქვე
სველ ჩაპელათი, ერთი სიტყვით, ჩაცმული სადად.

დგას სადაც ციხის ნანგრევებთან, ჭიშკარი თუჯის,
გადმოუყვია გალავანზე ტოტი მუშმალას.
უკრავს ხიდებთან მუსიკოსი, ჰაიდნი ქუჩის,
გულში რომ სევდას-უბეში კი თუთიყუშს მალავს.

მწვანე მდინარის ზედაპირზე, მზის სხივის ლივლივს
დააშტერდები, გეგონება ლექსით მაღლდები.
სულ ასე ფიქრებაბურდული ივლი და ივლი,
საბოლოოდ რომ ღმერთმა უწყის, სად ჩაძაღლდები.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები