ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანიტა
ჟანრი: პროზა
21 დეკემბერი, 2014


ჩემი ხელის გულიდან შენს ხელის გულამდე

უკვე ერთი წელია ურჩად გღალატობ, არ მეფიქრები.
დღესაც წარმოსახვითმა მარტოობამ მომიყვანა შენს სამყაროსთან.
ისევ იქ ცხოვრობ.
მყუდრო ბინაში- იშვიათად რომ აღწევს მზის სხივი სქელ ფარდებში,
შეშის ღუმელის საკვამურით ვცნობ შენს ფანჯარას.
ალბათ ისევ ოცნებობ ცივი კედლების მიღმა,
პატარა ბიჭივით.
ჩემი თითები...
ტყვეობიდან გათავისუფლებული ჩიტებივით ფრენენ უგზოუკვლოდ,
სითბოს ძიებაში.
მაინც არ მოვალ იქ,
შენს ხელებს არ შეუძლია გასცეს საკმარისი სითბო!
ვიცი, როგორ გტკივა მიტოვებული წარსული,
შიშველი გადახსნილი ვენები,
პირველად რომ თაიგული მაჩუქე,
ვარდების სუნით რომ ვთბებოდით თებერვლის ყინვაში.
შენთვის ასეთი დავრჩები.
ისე კი, სხვა ვარ, ისეთი, როგორიც ვერასდროს გახდები შენ.
მე ყველაფერი მხოლოდ მთელი გულით ვიცი.
(ახლაც არ მესმის, როგორ შევძელი გამექრე მაშინ, ერთ თხოვნაში, კონკიას ჯადოსნური ჯოხით, ისე, რომ არასდროს არსებობდი თითქოს.
მას შემდეგ აღარ გაუღვიძებიხარ ჩემს ზარს.)
იმ დღეს ავირჩიე სიცარიელე,
და ჩემი ახალი ფერადი სამყარო,
ავირჩიე უსასრულო დრო, ყვავილობიდან - შემოდგომამდე.
ჩვენ შორის მარადიული სიჩუმე ჩამოწვა და ჩაინისლა.
ახლა უკვე ჩემი ხელის გულიდან შენს ხელის გულამდე ცხოვრების ხაზია.
ჩემს ამოსუნთქულ ჰაერს არ ამოეფარებიან შენი ფანჯრის მინები.
...
მე ისევ ისეთი ვარ, ბუნებრივი.
ისევ ჩავიცვამ იმ პალტოს, თბილ ჩექმებს,
ყელზე კაშნეთი და მხრებზე ჩამოყრილი თმებით,
მივუშვერ სახეს ცივ ქარს და წავალ იქ, სადაც არ ხარ შენ,
და მელოდება სხვა, მინდვრის ყვავილების თაიგულით, ისეთით, როგორიც მიყვარს მე.
ვიცი, რომ იქ, სადღაც,
არ დაგვჭირდება არაფრის ხმამაღლა თქმა და მტკიცება,
უსიტყვოდ გავუთბობთ ერთმანეთს გასულ ზამთრებში უერთმანეთობით გაყინულ ხელებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები