დღიურები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!
დღიური: თეია.
გწერ იმ ქუჩებზე,სადაც ახლა მხოლოდ გზებია,
მხოლოდ გზებია და ამ გზებზე მარხვას იცავენ.
თეია 2022-02-07 02:26:39

მე ვწერდი სხვებზე და სხვებისთვის და შემრჩა მხოლოდ
ღრმა ნაჭდევები, ზოგიერთი სიხლად მდინარი
(ჯერაც) ჭრილობა. არაფერი, უბრალოდ ბოლოს
ვხვდები, რომ მხოლოდ მარტოობის ცივი მდინარის

ფსკერზე დაშვების გამომიტანს წლები განაჩენს.
ალბათ ეს იყო ჩემი ბედი, ბედი უბედო.
მხოლოდ იმედი... ქარი ცამდე აშლის დანარჩენ
გრძნობებს, პირობებს, წარსულ დღეებს და უიმედო

ნაწერებსაც კი. კვამლად ქცევის ძველი სურვილი
ისევ ძველივე თავმდაბლობით ავსებს აივნებს.
მე რა ჯანდაბა უნდა გითხრა? რაღა გირჩიო,
როცა ჩემივე თავისაც კი ვერა გავიგე.

მხოლოდ ის ვიცი, რომ რაც ვიცი, არის ნაცარი,
არის ფერფლი და არაფერი, რასაც ვიწამებ.
ცოტა რამ მქონდა და რაც მქონდა ასად გავყავი
და თითქოს მაინც მარტოდმარტო დავრჩი მიწაზე

რადაც ვიქცევი ნაბიჯ-ნაბიჯ, სიტყვა-სიტყვა და
სულ არაფერი არ დავრჩები გარდა მიწისა.
არაფერს ვნანობ - ვწერდი, ვსვამდი, მძულდა, მიყვარდა
და მერე რა თუ ისტორია გადამივიწყებს,

როგორც მილიონ ჩემს მსგავს ნაჭერს შემთხვევითობის.
დრო ჩემთვის დიდი და დროისთვის ერთი ნამცეცი
წაშლის ყველაფერს სადაც მსურდი და დავდიოდი,
თავის ქუჩებით, პროსპექტებით, გრძედით, განედით.

მხოლოდ დაინდობს, საკუთარ თავს, როგორც ჩვევია
ყველა ნაბიჭვარს, ვინც მარტოც კი სიცილს ახერხებს.
დიდი ხანია, რაც მე ვიცი, ყველა მტვერია -
ვინც ვიწამე და ვიყვარე და ვისზეც დავწერე

ერთი სიტყვაც კი. უსასრულო დროის კი არა
ხელის თითებზე დათვლილ წლებით რამდენს მოვშორდი.
რამდენი გაქრა...
მიილია
და დაიკარგა...
მე კი მიყვარდა.
ვსვამდი,
ვწერდი,
მძულდა,
ვცხოვრობდი...

გიო სარალიძე

ეს ლექსი ჩემი არაა, მაგრამ ჩემიანია ????????❤️????????
* * *
არა, არა ვარ ცხოვრებისგან კარგად ნახარში,
თავი ბოლომდე არ მქონია მგლების ხახაში,
არცერთი ლაქა არ მეტყობა ბნელი წარსულის,
დავდივარ თეთრი პერანგით და წვერგაპარსული,
არა ვარ კარგად ნაცემი და კარგად ნათრევი,
თითქმის არცერთი ღამე არ მაქვს გარეთ ნათევი.
ვეღარ ვუჩივი ფულისა და პურის სიმცირეს,
ვეღაც ძვალ-რბილში მყარად გამჯდარ ნესტს და სიცივეს.
პოეტისათვის სათანადო არ მაქ მიმიკა,
სახეგაბადრულ თამადისას უფრო მიმიგავს.
უნდა შევეშვა ბუხრის პირას ხელის მოთბობას,
საფუძვლიანად უნდა მივყო ხელი ლოთობას.
და ვივლი ასე ბოჰემურად თმაგაბურძგნული,
ოდნავ ბეჭებში მოხრილად და მგლური ძუნძულით.
ქალაქის ღამის მოჩვენებად და სალახანად,
რომ თავი თვითონ შემეჯავროს დასანახავად.
უნდა დავუდგე როსკიპებს და ქურდებს ქომაგად
და რაც არასდროს მომხვედრია მომხვდეს ორმაგად,
რომ ყველა არსით უსაფუძვლო მცირე დავაზე,
დაუფიქრებლად წამოვეგო ყველა დანაზე
და მერე სადმე სიცხიანი ვეგდო უგონოდ
და ხიფათები თავს თვითონვე გამოვუგონო.
მერე როგორმე თუ თვალებში გამოვიხედე,
მოვყვე ტრაბახს თუ ბედი როგორ გამოვიხედნე,
რომ ასატანი თქვენზე მეტი ამიტანია,
ყინვა , შიმშილი, ქუჩის ანტისანიტარია,
ცხოვრების ყველა სიმახინჯე და სიბინძურე,
სადაც თვითონაც საკმარისზე მეტი ვიცურე,
მერე ამოვალ, ამოვტოპავ ისევ ლაფიდან,
(თორემ მომბეზრდა, რომ მოვდივარ სულ არაფრიდან)
და მერე უფრო პირნათელი გამოვალ ხალხში,
ცხოვრებისაგან საკმარისად კარგად ნახარში,
ნიშნის მოგებით მზირალი და წვერგაპარსული,
თეთრი პერანგით და ცოტათი შავი წარსულით.

ლევან კესიდი

"ეPISTOLე" ზ.ბუდაღაშვილი

გავს ეს დღე ფოთოლს,
ფურცელი - ხანჯალს,
თბილისი - როსტოვს,
გორი - ფხენიანს

როცა მარტო ხარ,
არავინ არ ჩანს,
და ზიხართ
შენ და შიზოფრენია.

კედელი - ტილოს,
ოქრო - მუყაოს,
ამ მსგავსებებში
არსებობს ხრიკი.
დიდიხანია
არსად ვმუშაობ,
ჩემივე თავის და,
ოთახს იქით.

ოთახს, რომელსაც
არ ააქვს ფორმა.
(ნუ დაეყრდნობი არქიტექტორებს)
ის, რაც ვიცოდით
აქდე ორმა,
დღეს თავის ოქმში
წერს ინსპექტორი.

რომ "ბუდაღაშვილს ღალატობს ნერვი"
რომ "შურღაია ლანძღავს პარტიებს”
რომ “დეისაძეც ამათი წევრი”
რომ “ხალხი ამდენს არ გვაპატიებს”

წერს ოფიცერი და თან იჯერებს,
(მთელი სისტემა ღორის კოლტია)
დასავლეთიდან კიმ ბესინჯერი,
ჩრდილოეთამდე ყრუ ვალოდია.

შევეცი ამათ პოლიტ-ქრონიკებს.
ყველა აბზაცს და ყველა პარაგრაფს.
ერთდღეს, რომ
მართლა ლოცვა მომინდეს,
არცერთი ხატი
ქრისტეს არა გავს

შევეცი ამათ
ვითომ “ჰერიო”_ს
და მოოქროვილ
სტიქრით გალობას.
როცა ბავშვები
სიკვდილს მღერიან,
და “მაიბახით”
დადის სალოსი.

ასე სრულდება
სულის ნაქარი.
ეს ლექსიც სულის
პოლაროიდი.
მე ბოლო ნერვებს
ამ ლექსს ვაფარებ
და, მაპატიე, რომ
ვერ მოვედი

პროცესიაზე,
სადაც ქალაქი,
გამოიყვანა
სანახაობამ.

mareximemanishvili@gmail.com

დღიური: თემური57.
  დღეს გამოქვეყნდა პრესტიჟული საერთაშორისო ლიტ. კონკურსის ნახევარფინალისტების სია. მასში ჩემი გვარიც აღმოჩნდა. ძალიან გამიხარდა. ფინალური ტური თებერვლის ბოლოს გაიმართება.

აი, რატომ ვთქვი უარი ,,ლილეს" ფინალისტობაზე.  ტენდენციები კარგია მოდაში, არა კონკურსში. ბეჭდონ და იკითხონ.

მადლობა მათ, ვისაც გაუხარდება ჩემი წარმატება. 

ეს ინფორმაციაც შვილიშვილებისთვის, საამაყოდ.
თემური57 2022-01-24 13:50:36

Summertime

გახსოვს
გერშვინი
— ,,პორგი და ბესი",
ქალის თითებზე თამბაქოს
კვალი ?
...და ღმერთო ჩემო
(как оно бесит..!)
უხდება ტუჩზე აფრენა
კვამლის...
თხელი ფალანგა,
მარჯვენა ნები,
რომ იყო
ნელი აღერღვა ჯიშის
და ,,sumertime"
— საღამო ვნებით
ვიყავით ერთად და იყო
შიშიც...
თხელი ტერფები აკავებს
ამ ჭერს,
სასთუმლად ღამის თეთრი
ყდებია,
ოცნებით მღალეს, ოცნებით
დამჭრეს,
მაგრამ ოცნებით აღარ
კვდებიან...
როსკიპებივით ასჯერ
ნახმარი
სიტყვები — ,,სუფლე"
და ,,ნარატივი"
უმთვარო ღამით მწამს
ხელგამხმარი
მიგელ...
რაფაზე სხვა ბარათივით.
მზის ამოსვლისთვის ნაწერი
— ,,კიხოტ..."
გერშვინი
— უცხო ,,კონტრაპუნქტებით"
თუ ვერასოდეს
მოვკვდებით — ვიყოთ,
მგონი, ერთმანეთს მართლა
ვუხდებით.
ჩემს სახეს ნუ ჰგმობ, გეტყვი
ამაზეც,
კარს ნუ ენდობი, მძიმედ
დანახშობს,
დღეს სხვა ღიმილით
მოვიჯამბაზებ,
მერე დილამდე ცრემლი
დამახრჩობს...
ტაში და ტაში, ტაში
და ტაში,
ირევა თვალში რამდენი
კეფა,
რამდენი ქება ირევა
თავში,
ყეფა და ყეფა, ყეფა
და ყეფა.
შეშლის გერშვინი
— ,,პორგი და ბესი",
ჩემი თითები (თამბაქოს
კვალით..)
— შენს თხელ სხეულში გადგმული
ფესვი
და ტუჩებიდან აფრენა კვამლის...

საშა გველესიანი

დღიური: ფლორენცია.
"...
3 წელი, ყოველ დილით სკოლისკენ მიმავალებს სამ გოგონასთან ერთად მაღალი კაცი გვხვდებოდა ჩანთებით ახუნძლული. თოჯინებივით ლამაზი ბავშვები აჩქარებული ნაბიჯით, თითქმის სირბილით მიუყვებოდნენ სკოლისკენ გზას. ერთი განსაკუთრებით იქცევდა ყურადღებას - გამჭირვალე სახის კანით, ნუშისებრი თვალებით,  მზის სხივებად რომ ეფინა თმები. ისეთი ლამაზი  იყო ეს გოგო, თავის სილამაზე თვითონვე რომ ეუხერხულებოდა თითქოს და ლოყებსაც სირცხვილის ოდნავი სიწითლე დაჰკრავდა. არ შეიძლება არ გაჩერებულიყავი, არ შეგეხედა და გულში არ გაგევლო, გაიხაროს შენმა გამჩენმაო. 
სკოლა დაიწყო... ყველაფერი თითქოს ისევ ისეა... ბავშვების სიხარულს საზღვარი არ აქვს, მივიჩქარით ბედნიერები, ფორმებში გამოწკეპილ მოსწავლეების ჟრიამულს ჩიტების ჟღურტული უერთდება. სასიამოვნო ქაოსია სკოლის  გზაზე, მაგრამ ამავე დროს უცნაური სიცარიელეც იგრძნობა. სხვანაირი იერი დასდებია გარემოს,  მიკვირს და ვერ ვხდები, რატომ დაუკარგავს ყველაფერს ძველებური ხიბლი და ჰარმონია; რაღაც აკლია იმ ბედნიერ სურათს წლები რომ გვივსებდა და გვიბედნიერებდა ყოველ დილას. თვალებით ვიღაცას ვეძებ, მაგრამ აღარსად ჩანს ის ლამაზი, ნუშისთვალება გოგო ანგელოზის გამომოტყველებით. აღარ მოაბიჯებს საკუთარი სილამაზით აფაკლული;  აღარ ავსებს და აბედნიერებს ყველას და ყველაფერს გარშემო... და ვხვდები,  კატოს არყოფნის იერი დასდებია გარემოს..."

ნინო ყიფშიძე
ფლორენცია 2022-01-21 11:50:01

(ძველი რვეულიდან)

თუმც გაგაყოლე მზერა - ქამანდი,
ქალს - ცდუნებას და შეფს ადამისა,
ვიცოდი, მე შენ ვერ შეგაბამდი,
და ვერც შეგაბი  - 
შესაბამისად...

მაშინ იყავი ნაშა - ნარჩიტა,
გამზადებული ნაშა სადამედ...
...შენ  სამუდამოდ  ნაშად დარჩი და
დამად ვერ  იქეც -
მაშასადამე!

ვასილ ბესელია

შენ -- ქარო...

სად დაჰქრი ქარო, ხეთა
წვალებად,
ჩემი ბედივით ფრთა
ამაცილე,
ეგებ მოგვირჩეს
დაცალცალება,
შევეჭმებოდე ვიდრე
მაცილებს.
ღამემ არეკა მთვარე
კეციდან,
სიზმრებით სავსე
დადგა ჩარექა,
სად დაჰქრი, სად ხარ,
ღიმილს შესცივდა
და სადაცაა შობა
დარეკავს.
ქარო, სიჩუმის კვნესას
არ იგებ,
ასე, ცა-და-ცა, ვინ დაგეწია,
სულს, ნაჭერ-ნაჭერ, ვხევ
და ვარიგებ,
როგორც ნაჩუქარ
ინდულგენციას,
რომელსაც,
ყველა მშვიდად ირიგებს,
არადა გზები რა შიშვლებია,
აწი დაათოვს,
წამსვლელ ბილიკებს,
კიდევ ცოტაც 
და წაიშლებიან...
სად ხარ და ვისას იცვამ
იალქნებს
ქარო, სად გაქრი, მალე დარეკავს
შობა... და ფიფქი ღამეს
იაკვნებს
— სიზმრებით სავსეს დადგამს ჩარექას...

საშა გველესიანი

ნუციკო დეკანოზიშვილი

მინდა, გითხრა, როგორ არ მიყვარხარ.

ერთი შეხედვით – წარმოუდგენელი ამბავია,

ერთი წაკითხვით – არც დაიჯერებ,

ერთხელ ხმამაღლა, თავშეუკავებლადაც გაგეცინება.

თუმცა, მე  ვეცდები, აგიხსნა,

და მე იმდენად კარგად შევეცდები  ახსნას,

უფრო გაგიჭირდება დაჯერება –

ამდენ სიტყვას რატომ  ვიმეტებ  კაცისთვის,  რომელიც არ მიყვარს.

თუმცა ჩემი ცარიელი  ვნებები დამაჯერებელია,

ჩემი მშვიდი  სიტყვები კი  უშეღავათოდ კლავენ.

რა უცნაურია, რა უცნაურია ეს არსიყვარული –

როცა შემიძლია ასე შეგიკავო, ასე მოგითმინო,

ასეთი მშვიდად  ვიფიქრო შენზე,

და  არ მოგიშორო, და არ მოგიკვეთო

და არ შემძულდე.

ისიც კი შემიძლია, მოგეყრდნო და არ მიყვარდე,

ისიც კი შემიძლია, ქარი ამოვარდეს და არ დაგიძახო,

ისიც კი შემიძლია, წვიმდეს და არ მინდოდე,

ისიც კი შემიძლია, მიდიოდე და არ მტკიოდე,

ისიც კი შემიძლია, რჩებოდე და გულზე ხელები დავიკრიფო.

ისიც კი შემიძლია, რჩებოდე და გულზე ხელები დაგიკრიფო.

და ისეც შემიძლია, რომ არ მოგკლა,

არ მოგკლა, როცა არ გეყვარები,

როცა მიხვდები, რომ ჩემი არსიყვარული

ყველაზე ნამდვილი არსიყვარულია

და ყველა სიყვარულზე მეტია.

და  თქვან ღმერთებმა:

აქ, რაღაც, ძაღლის თავია დამარხული, –

და მხრები უმწეოდ აიჩეჩონ.

და თქვა შენ:

ღმერთო, რა შესანიშნავია, –

ამ ქალს ყველაზე მეტად

არ ვუყვარვარ.

რს ჯი კოდი 80 72 83

Nika Jorjaneli, პოეზიის შემოტევა მაქვს. შენ თუ ნორმალური იყო, მე ვიყო კარგის ტრაკი! ))

საყვარლის გახდის გამო

შენ იხდი ტანთ, და საუკუნის გახდას ვესწრები.
მინავლებული ბედისწერის ღვივდება ღველფი.
აკვარიუმში ხტუნაობენ ოქროს თევზები.
კედლის რუკაზე შრიალებენ ცისფერი ზღვები.
სართულებს შორის, ცარიელი, მიმოდის ლიფტი.
და შენი ტანის ნატიფობას ესწრაფვის შრიფტი.

შენ იხდი ტანთ და ჩემს აქამდე მოწყენილ თვალებს
თითქოს ძეგლს უდგამ, თვითონაც რომ არ იცი, ისე.
რისთვის? ისინი ვერ ნახავენ, თუ როგორ გალევს
თავის გასავლელს ყოველივე ყალბი და მქისე.
და მხოლოდ ერთში თუ მიუძღვით მცირედი ღვაწლი:
მათში არასდროს აღბეჭდილა რისხვა და ღვარძლი.

შენ იხდი ტანთ, და არა დენი, არამედ სისხლი,
სისხლი მოძრაობს სადენებში კედლების მიღმა,
მოტკბო-მომლაშო, ალისფერი, ნამდვილი, მკვირცხლი.
ვისაც შეეძლო სამოსელთა ასეთი მიყრა
ლამის ემღერა კინოლენტზე, როგორც არია,
ის რეჟისორი, სამწუხაროდ, უკვე მკვდარია.

იხდი, და მაღლა თაროებზე წიგნები - ნაშთი
უწინდელ დროთა - იმ ამბებად ჩნდებიან, მათში,
აი, საკუთრივ ამ აწმყოსთვის რომ აისახა.
და ვინც მაგონებს ამა ქვეყნად მოსვლამდე ნანახ
მშვენიერებას (ვერ ვიგონებ მე თვითონ რახან)
და უკვდავებას ვინც მიქადის, სწორედ ისა ხარ.

იხდი, და რაღაც წვეთოვანი, ფაქიზი გზებით
ჩემში შემოდის, საკადრისად რაც ჯერ ვინ აქო,
რასაც საკადრისს ვერც აღუვლენ, განფენილს ზევით.
ვგრძნობ მე იმ მხარეს. წამი მინდა, რომ დავინახო
და იქ აღმოვჩნდე... არ მეძლევა. გარბის. ვერ მიცდის.
წამი მაკლდება, საყვარელო, უკვდავებისთვის.

იხდი, და თითქოს ტოვებენო ტაძარს თათრები.
გარეთ ხეებზე ფრინველების მძაფრი თათბირი
დუნდება, წყდება. არც კეთილი და არც მრისხანე
ხმა აღარ ისმის გარემოსი. აღარც მანქანებს
გააქვთ გუგუნი. სასწაული ტკბილად ახანებს.
მის მოლოდინში ფეხს იკიდებს სრული სიწყნარე.

დღე იჭვრიტება ფანჯარაში, როგორც მნათობი,
და, თბილ მინაზე შუბლმიდებულს, თანდათანობით
გამოეკვეთა პირისახე. ყველა შფოთვა კი
თოვლივით გადნა, ბურუსივით მიმოიფანტა.
შენ იხდი ტანზე და ირხევი, როგორც ინფანტა.
და თითქოს მთელი სამყაროა ერთი ოთახი.

აგერ მთლიანად გახდილი ხარ! და უკეთესად
ჩამდის ჰაერი. არაფერს გთხოვ, გარდა ერთისა -
აქ, აქ დავრჩები, რომ დღედაღამ ვიფხიზლო და ამ
ჭერქვეშ დამესვას მერე ბოლოს სიკვდილის დაღი.
სხვენი სამოთხედ გარდაქმნილა. სარდაფის ცდა კი,
ცდა ჯოჯოხეთად აგზნებისა, ამაო ცდაა.

(ნიკა ჯორჯანელი)

MaReXi1967

Marexi1967&

memanishvili.marekhi@teachers.gov.ge

ოქროსთმიანმა ბავშვმა გამიღიმა  და შერცხვა.
და შებრუნება სახის იყო ძალიან მკვეთრი,
დედას, ან ქალს კი არა - ხელში ეჭირა მერცხალს,
თან გულისპირი ქონდა მარმარილოზე თეთრი.

ესკალატორის კიბის მანძილს თვალებით ვხრავდი,
ხდება როდესაც მზერას ვეღარც ძაღლივით აბამ,
წაუპოტინა ბავშვმა  ცალი ხელი და მხრამდე,
გადაუწია თხელი, საგაზაფხულო კაბა.

შიში მომუჭა მაგრად, შიშიც - ნიბლია ჩიტი,
(ალბათ ეგრეა ახლაც, როცა შილიფად იცვამს)
შვილს გაუღიმა ბოლოს და იმ ღიმილის ჩითილს,
ზრდის და ასველებს დღემდე ჩემი სხეულის მიწა.

როგორც მონეტა ვერცხლი, საღამო ეგდო გარეთ,
კიბეებიდან (მახსოვს) ამოვუყევი მაღლობს,
ქარიან ცაზე სხეულს ძლივს იკავებდა მთვარე
და ისევ მშვიდად იწვა კართან მეზობლის  ძაღლი.

დიმა ბახუტაშვილი

ოქროსთმიანმა ბავშვმა გამიღიმა  და შერცხვა.
და შებრუნება სახის იყო ძალიან მკვეთრი,
დედას, ან ქალს კი არა - ხელში ეჭირა მერცხალს,
თან გულისპირი ქონდა მარმარილოზე თეთრი.

ესკალატორის კიბის მანძილს თვალებით ვხრავდი,
ხდება როდესაც მზერას ვეღარც ძაღლივით აბამ,
წაუპოტინა ბავშვმა  ცალი ხელი და მხრამდე,
გადაუწია თხელი, საგაზაფხულო კაბა.

შიში მომუჭა მაგრად, შიშიც - ნიბლია ჩიტი,
(ალბათ ეგრეა ახლაც, როცა შილიფად იცვამს)
შვილს გაუღიმა ბოლოს და იმ ღიმილის ჩითილს,
ზრდის და ასველებს დღემდე ჩემი სხეულის მიწა.

როგორც მონეტა ვერცხლი, საღამო ეგდო გარეთ,
კიბეებიდან (მახსოვს) ამოვუყევი მაღლობს,
ქარიან ცაზე სხეულს ძლივს იკავებდა მთვარე
და ისევ მშვიდად იწვა კართან მეზობლის  ძაღლი.

დიმა ბახუტაშვილი

დღიური: დევი.
მიდის, დინჯად, ტროტუარზე,
ქურთუკი აქვს „ფიჭა“
- როგორა ხარ? - ვკითხე, მითხრა:
- რავი, არა მიშავს.
- თაფლივით ხარ მაგ ქურთუკში,
რაღა არა გიშავს?
გაიღიმა,
- შინაარსით თითქმის ამას ნიშნავს,
რომ ბოროტი არა ვარ და
ვერ მიწოდებთ პირშავს.
დევი 2021-12-16 16:52:54

*  *  *

დილის მზეს ველოდი, ამოსულს
ხაროდან,
ზამთარი (ვიჭრები) ზამთარი
— ივნისის,
რომ წუხელ, ჩემს ნერვებს შოპენი
ხმარობდა,
და ვწუხვარ, რაც ვიცი, რომ ვიცი
— ვინ იცის...
რა დროა, ჰო, ახლა შვებაა,
სკაბრეზით
დავგეშო ცენტონი, ტანკა
და ტერცინა,
და ვიცი, დღესაც
რომ შემხედავ ამრეზით,
რომ ისევ ბავშვურად გაბუტულს
გეძინა...
ტკივილი, ზედმეტად ჯიუტი
ცდუნება,
თენდება და ქუჩას უთმობენ
სახედრებს,
აქ ყველგან ასეა, არის რა
— ბუნება,
თენდება, ბალიშთან ყვავილს
ვერ გახვედრებ...
მიმაბეს ჯაჭვით და სხვა
იყო ამირან...
არავინ ამოვა ამოთქმულ
სიტყვამდე,
შენ, ის, მე — კიბეა, სამი — ,,ვინ",
სამი -- ,,რამ",
ყველას რომ სურდი
და მარტო მე მიყვარდი...
შორია სიკვდილი, სიმაღლით
მთარსავი,
ჩვენ ვცოცხლობთ კედელზე
დახატულ ,,ჟენშენით",
არადა, ორი რამ ვიცოდი
თვლასავით
— მე და შენ, მე და შენ, მე და შენ,
მე — შენი..!
ვიცინო, ვიტირო, ვაგორებ
კამათელს,
ღიმილი აღარ ღირს და აღარც
ვიტირებ,
ჯიგარი — ბოდიში — გულ-ღვიძლი
ამართვეს
და უკვე შეჩვეულ სიცივეს
ვციტირებ.
მე კი მზეს ველოდი, ამოსულს
ხაროდან,
ზამთარსაც, თუ ზამთარს ივნისი
ილანდებს
და წუხელ, ჩემს ნერვებს შოპენი
ხმარობდა,
ივნისი ?! — ივნისი გაშრება დილამდე.

საშა გველესიანი

დღიური: დევი.
გოგა

ზამთარმა ნუ შეგაშინათ,
ჩაგიხუტებთ, გენაცვალეთ,
სულ რაღაც ოთხმოცდაათი
დღე და ღამე გადათვვალეთ.
გაზაფხულიც  მოვა მალე
და აგივსებთ მწვანით თვალებს,
ღმერთმა მოქცეთ დიდი ძალა,
ოჯახებში გაიხარეთ.
თქვენზე დარდით, სიყვარულით,
დღეც და ღამეც, ძილში ვბორგავ,
ასეთი ვარ, არ ვტყუვარ,
შემოგევლოთ თქვენი გოგა.
დევი 2021-12-02 17:49:06

დღიური: დევი.
ეკა

გზას ვირჩევ...მინდორს ამშვენებს:
მწყერი, გნოლი და მწევრები.
ქარო, მე ჩემთვის ვნავარდობ,
შენ როგორ დაგედევნები?
მინდოს თვალებში ვირეკლავ,
ან შევეხები ხელებით,
შენს დევნას როგორ გავბედავ?
გადავიწვები ცხელებით.
სიყვარულს თქმა რადღა უნდა?
თუ საკმარია ჩურჩული,
აქ, დედამიწის კიდეზე,
დგას ჩემი სახლი უჩუმრად.
დევი 2021-12-01 12:59:25

დღიური: დევი.
ცირა

ინგოროყვაზე ჭორები დადის,
რომ ბრმადა მყვარობ, ჩემო ვაჟიკო,
თითქოს მაგ შენი სიყვარულისა,
მხურვალე გულით ღირსი არ ვიყო.
გითრთის თითებში ასტრომერია,
ისე ნაზი და ისე თოთო,
ვით სიყვარული, აუხდენელი,
გულს მოდებული,
თბილი და ლორთქო.
არ ვიმსახურებ თითქოს და ვითომ,
არ ვაღიარებ, მაგრამ მეც მწადის,
სულ ტყუილია, არ დაიჯერო,
ინგოროყვაზე ჭორები დადის.
დევი 2021-12-01 12:50:39

დღიური: დევი.
მაია

რასაც ვიტყვი, არ გაიგოთ,
პირდაპირი მნიშვნელობით,
წყაროზეც თავად ჩავედი,
ფოთოლიც ვაგროვე წლობით.
მითხრეს აქაც კარგად გაძლებ,
ახლა ქარგე გვირილები,
დაისვენე ზოგჯერ მოლზე,
მხოლოდ ძილს ეძლიე ვნებით.
მე კი ვამბობ:
- ნუ მასვენებთ!
სარეცელთან მიზის მგელი,
გვირილებში მიჯობს ყოფნა,
მგელთან კარგი არა მელის.
დევი 2021-12-01 12:50:04

დღიური: დევი.
მზაღო

არ მიყვარს მოციქულები,
განსაკუთრებით ბნელეთის,
ვდნები და ვლღვები ყოველთვის,
რომ გავაზავო მელეთი.
აქ სხვა ქარები ტრიალებს,
სხვა, პიკანტური სურნელით,
მე ჩემი მომაქვს თქვენამდე,
შაშკვლავი, მოცვი, კუნელი.
ცნობა-არცნობა ძნელია,
დროს თავად მოაქვს სათქმელი,
გულმა კი იცის, ვის, როდის,
გაუღოს ციცქნა სარკმელი.
დევი 2021-12-01 12:49:28

დღიური: დევი.
ნათია

ფიქრის მორევში ყოველთვის,
ციცქნა იმედი ანთია,
ღიმილით გაეცილება,
ბედს თუ რამ არ აპატია.
ვაზის ნაჟურსაც შეირგებს,
მასაც ღიმილით დახვდება,
ხვალემ თავისი იდარდოს
ხვალ იქნებ ქვეყნად რა ხდება?
სიზმრის ბილიკებს ჩაყოლილს,
ვარსკვლავის შუქი უნათებს,
დილით მზე ისევ ამოვა,
შუქს მოფენს ტაძრის გუმბათებს.
დევი 2021-12-01 12:48:48

დღიური: ფლორენცია.
ნიკუშ, ახლა ყველაზე მეტად შემეცოდე. ცხოვრება ხომ არ გქონდა მარტივი და შენს სიცოცხლეში რამდენი კრებული შეგეძლო რომ გამოგეცა, მარა ვის ეცალა შენთვის? ან შენ სად გეცალა შენთვის? ახლა კი, ისინიც კი ვინც შენს სახელს ხმალამოღებულები უნდა იცავდნენ, თითქოს სადღაც გაიწოვა შიშმა, უდროობამ, უხერხულობამ თუ ისევ შიშმა. ასე მახინჯდება მეგობარო ისტორია და ამ კომპრაჩიკოსულ დეფორმაციას ისევ ადამიანთა მოქმედება-უმოქმედობა უწყობს ხელს. ახლა, როცა შენ ერთ სიტყვასაც ვერ იტყვი საკუთარი თავის კი არა, საკუთარი ოჯახის, განსაკუთრებულად კი შვილების ტკივილისგან ასარიდებლად, სისინმა ლამის დაახშოს ყურთა სმენა და ისინი, თუნდაც ვისგანაც შენ სიყვარულს მოელოდი, საკუთარი სახელისპოზიციონირებას, საკუთარი ადგილის მოპოვების მარათონში ჩართულები, აყოლებენ ფსევდო სიყვარულის აჩრდილებსა და მოლანდებებს. სიყვარული თუ სახელი? არჩეულია სახელი და ამ სახელს გადაყოლილია შენი შვილების სიმშვიდე და სტაბილურობა. მინდა ვინატრო რომ ახლა ამ ყველაფერს ვერ ხედავდე, მაგრამ არა, უნდა დაინაახო, რომ როცა შეგხვდებით, ყველას თვალებში ჩაგვხედო და გაგვასამართლო შენი უძირო და ლამაზი თვალებით - მეტი არც იქნება საჭირო, ეგეც საკმარისი იქნება იმათთვის, ვისაც სულ ერთი ბეწოთი მაინც უყვარხარ. ვისაც არ უყვარხარ კი ისინი.... ისინი ჯანდაბასაც წაუღია!!! ნათელი და სიმშვიდე შენს სულს ნიკუშ! და მომიტევე ჩემი უძლურება!
ფლორენცია 2021-11-30 22:58:09

წერილი უნომროდ

მე უფრო მწამდი, ვიდრე
შენ — ღმერთი,
შენ — ასე ცივი
და შიშადქმნილი...
ვთვალე დღეების 
საშინელეთი
და ღამეების მარტივი
სკვნილი...
ჩემი ტკივილი ვერ დაიტიე,
შენ მხოლოდ 
შენით იყავი სავსე,
ღამედქცეულმა ჩუმად გითიე
სიცოცხლე
— ჩემი სიკვდილის ფასი.
მიგიხვდი დუმილს, სიღრმეში
მღერდი
სიჩუმის ნანას — ვერ დააძინებ,
არ დაიძინებს რამეთუ ღმერთი,
და ეგ სიჩუმეც არ გააცინო,
რომ ვერცხლით სავსე
ყოველი ქისა
ცარიელია, ვით, სიტყვა
— ნეტავ...
და თბილი სული დაჰბერე,
ვისაც,
საკუთარ სულზე უყვარხარ
მეტად.
ღიმილი კონკავს სახეს,
შენაბზარს,
კაციც ესაა — დილა და ბინდი,
სიკვდილი მოვა — არა,
ყველა გზა,
თავისი ნებით, სიკვდილთან
მიდის..!
აპრილით — ვეღარ,
ზამთრით უფრო გცნობ,
დრო, სიკვდილი და სიტყვა
მომანდე,
ოჰ, ქალბატონო ციხის უფროსო,
ო, თქვენ უდიდებულესობამდე
ყოფილა შორი და სველი
გზები
და ეს გზაც, რომ ჰგავს ბოლო
სამიჯნეს
— ფუჭი ყოფილა,
ტანჯით და გზნებით...!
— ირჩევდი, მაინც, სულ სხვა
ნაბიჯებს
— უნდა გაექცე საკუთარ
ყინვას,
შორს არა, მანდვე, შენში
— მზე როა,
ვიცნობ რომელსაც
(თორემ, მე, ვინ ვარ...)
მენდე, ტკივილი უნაკეროა...
სიჩუმეს ვტოვებ, რა
ოკრო-ბოკროს
და ვიბადები ჩემი საკნიდან,
თითქოს 
სიწმინდეს უსინჯავს ოქროს,
დრომ სულის კიდე
ჩამომაკვნიტა.
წლები — შავ-თეთრი
მტრედების დათვლა...
დღეები ვშობე ღამესთან
შერთვით,
ყველა ღიმილი ტკივილით
დათვრა,
მე უფრო მწამდი, ვიდრე შენ
— ღმერთი..!

საშა გველესიანი

წერილი

ჩემო, გიგლიუს, რა ტყუილად დაგაპატიმრეს,
ცალი ხელ-ჯოხი, ცალი ფეხი, ცალი პროთეზი
შეაჯლაყუნე ცივ საკანში. არ გაპატიეს
ერთი გინება სიმთვრალეში და ჰიპოთეზის

მარტივი აზრი, რომ ტყუილი უყვარს დახლიდარს,
ფულში ტყუილი და ძაღლივით კუდის ქიცინი,
რომ ახლა ღმერთი ყოველივეს ხედავას მაღლიდან,
ათეისტურად და ბრიყვულად, როცა იცინით.

ძლივს ჩაგიყვანეს პირგაცვეთილ, ბინძურ კიბეზე,
როგორც გვიამბე, მიგათრევდა ვინმე ფეშვანგი,
რა მშობლიურად თბილი იყო თურმე `კაპეზე~,
თვალჟანგიანი. უჟანგესი, ანუ ზეჟანგი.

ჩამოაღწია ცამ მზერაში. რა მიმქრალია...
ზურგსუკან შიში, შიშისაგან უნდა გახევდე,
ზოგიერთები, ძვირფასები, ხომ იქ არიან,
ცა ჩაიგუბე თვალებში და მერე ახედე

წარმოდგენაში და შენ მიხვდი, ვერ აგასხიპეს
იმედი, რითაც არსებობდი, რითაც იწყები,
თუ კი დაგჭირდა მზეს თვითონვე ამოასხივებ
და შენივე მზის მცხუნვარებას მიეფიცხები.

რეაგირება ამ საკითხზე, ალბათ, დროზეა
საჭირო, რადგან შეგიყვარდა შენი ტყუილი,
იხსენებ გალას, როგორ მოწყდა ალბატროსივით
და საუკუნეს ჩაუქროლა ფრთების შხუილით.

არ არსებულა, ვერ იხსენებ ფიქრის ჩამრაზავს
და შენს ცინიკურ გაღიმებას რა შეედრება,
მაგრამ ცხადია, ვერ შეხედავ ხიფათს ამრეზით,
მეტადრე მაშინ, შორი-ახლოს თუ კი ეთრევა.

იხსენებ საფოს, ხან ეზოპეს, ხანაც ალკეოსს,
გოგოზე ფიქრობ მშვენიერზე და მის კაბაზე,
ქარი რომ არწევს, თითქოს ცდილობს გააცალკეოს...
და მშვენიერი მასპინძელი არის `კაპეზე~.

მწყობრი ხმაური _ საბჭოური გახსოვს მარშები,
ვარდების სუნთქვა და სიგრილე ძველი ხეივნის?!
უცნობის თვალი თუ თვალთვალი, ჩვენი ჩამშვები,
შენი სიცილი სარკასტული და არხეინი.

ახდა ოცნება. ვართ უზომოდ თავისუფლები
და მახსენდება ის ლექსები ლესბოსელების,
რომ გვიკითხავდი და გისმენდით ლამის უბრები
და ღამეები უპოვართა შემმოსველები

მოგვაზომებენ ხამის ქსოვილს, მოგვალამბავენ
ახალ ბლუზებს და ახალ შარვლებს და სიკაპასე
გაუვლის დობილს, რომ გაიგო შენი ამბავი
და გადაბმულად ექაჩება ნაპასს ნაპასზე.

პონტო. ტყეები სახომალდე. ვკითხავ კატულუსს:
ტყე მასალაა ხომალდების, ლექსი იმედის,
ხომ შეიძლება კაცმა თავი მოიკატუნოს
და ბედნიერი იყოს ახალ ექსპერიმენტით?!

ჯდება სიზმარი ტრამვაიში, ადის ვერისკენ,
უნივერსიტეტს მიადგება სავსე ვაგონი,
უმჯობესია მღვიძებოდა, არ გამერისკა,
არ ავყოლოდი ყურმოკრულ და სადღაც გაგონილ

სიტყვას, ასე რომ მაღელვებს და მაფორიაქებს,
ფორიაქია ეს ფუსფუსი, ეს მსახურება,
რომ თვალებს ჩემსას, ამოჭყეტილ ამ ორ იაქეს,
მონატრებია დახუჭვა და შენსკენ ყურება.

საბურთალოზე განისვენებთ შენ და იურა,
სოსოც იქვეა, დარჩენილა სოფლად თევდორე,
გიგზავნით წერილს, და ცხადია, ვერ ვიუარებ,
ვარ თქვენი დროის და ამ დღეთა თანამედროვე.

გუშინ შევსრულდი, ჰო, რატომღაც, სამოცდასამის,
გთხოვ პატიებას სიბრაზისთვის, დილანდელისთვის,
რაღაც ვიგრძენი, გულზე ხავსის ამოსვლასავით,
როცა იბანდა ხელს და სინდისს პილატელისტი.

ვარ ამ ვარდებით, იდილიით, დილით, დილემით
და რა თქმა უნდა, ჩემი ლექსით კმაყოფილ ვორდით,
ვათავისუფლებ ამ სტრიქონებს, ვაჭერ delete--ს
და ბედნიერად ვიღიმები, როგორც ბილბორდი.

გივი ალხაზიშვილი


გიშვებ.. სამყარო დიდი არის ..

გიშვებ.. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ -
გიშვებ , რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ.
ხელს კი არ გიშვერ , გიშვებ - მეთქი, ღამის სიგიშრე
ტბები დამიშრა, ცრემლიც არ მაქვს -
უცრემლოდ გიშვებ

მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ
ტკივილით ძილში ,ღვიძილში და მე გიშვებ იმ შენ
ერთადერთ გზაზე , ვიწრო გზაზე და ეს კი ნიშნავს
რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ.

სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლოთის მერე,
ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს
(რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ , წერენ)
ადგილს უცვლიდა , ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს.

ათი მცნებით ვართ აკრძალულნი , ათი უძირო
უკიდეგანო უფსკრული წევს ჩვენს შორის შიშებს
ათასგვარს აღძრავს იგი ჩვენში - უღრმესს, უმძიმესს,
და ამიტომაც სხვა რა გზაა - მე სახლში გიშვებ

ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი
ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს,
ეს მე კი არა - სიყვარულის შეუძლებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს!

გფარავდეს თვითონ ღვთისმშობელი და ასეც იზამს
ჩემი ჩარევის , ხვეწნისა და თხოვნის გარეშე ,
სადმე შევხვდებით სიკვდილამდე ცხადში ან სიზმრად
და ჩავიხედავთ ერთმანეთის დამშრალ თვალებში.

რატი ამაღლობელი


1 2 3 4 5 ... 1421 1422 1423