ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული ზორო
ჟანრი: პროზა
26 თებერვალი, 2013


ჩვენი ცხოვრების ოთხი ეპიზოდი (ეპიზოდი ოთხი)

  მეტროდან ამოვდიოდი ის გოგო რომ შემეფეთა. უფრო სწორად თავად გამომეცხადა. უცოდველი თვალები ქონდა და საოცრად შვენოდა ღიმილი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ისე ვიყავი ჩაფიქრებული საერთოდ ვერ გავიგე როგორ ამომივარდა ჯიბიდან კალამი. ის-ის იყო ესკალატორიდან გადმოვედი და სწორედ ამ დროს მომესმა მისი წკრიალა ხმა კალამი დაგივარდათო. კალამიო ასე თქვა ზუსტად. ხო ყველა პასტას ვეძახით და პირველად  სანამ მის თვალებს შევხედავდი ეს გავიფიქრე, ამ გოგოს ძალიან ყვარებია ქართულად მეტყველებათქო და რაღაც კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა. ეს ყველაფერი წამის მეასედებში მოხდა და როცა უკვე მისი თვალები დავინახე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ხო, უცოდველი თვალები ქონდა და ბედნიერი ღიმილი. ნელ-ნელა ქვემოთ ჩადიოდა მისი სხეული ყელი, თვალები. უხერხულად დავიხარე და კალამი ავიღე. ერთი გაფიქრება ისიც კი ვიფიქრე ხომ არ გავყვე უკანთქო.
ფიქრი ადვილია.
  მეტროდან ამოსვლისთანავე ვიგრძენი სუსხი. მოგეხსენებათ ქვემოთ სითბოა როცა გარეთ თოვს. ბარაქიანად ბარდნიდა. იქვე პარკში ბავშვები თოვლის ბაბუას აკეთებდნენ. ცოტა ხანი დავდგებითქო გავიფიქრე, ჩემი ბავშვობა გამახსენდა და ალბათ იმიტომ. ძალიან პატარებიც იყვნენ აქ, ასე სამი-ოთხი წლისანი. პარკის კიდეში, ოდნავ მოშორებით სავარაუდოდ მათი მშობლები იდგნენ და უყურებდნენ ბავშვების თამაშს, ზოგიც ერთმანეთში საუბრობდა. სწორედ ამ დროს მოვკარი თვალი, ერთი ბავშვი მანქანების სავალ გზისკენ გაიქცა. ყურადღება არავინ მიაქცია. როგორც ჩანს მისი მშობელი ლაპარაკში გაერთო. სწრაფად გავიქეცი ბავშვისკენ, ხელი ჩავკიდე და თანატოლებისკენ მივაბრუნე. სწორედ ამ დროს დავინახე მისი პროფილი.
  ცოტა ხანი გაშეშებული ვიდექი. მგონი არც არაფერი გაუგია რატომ მიაბრუნეს უკან. ბედნიერი ღიმილით და ყვირილით გაიქცა სხვა ბავშვებისკენ. ხელში მისი ასაკისთვის საკმაოდ მოზრდილ გუნდას ათამაშებდა. მე კი ვიდექი გაშეშებული და კადრებად იშლებოდა მისი ყოველი მოძრაობა ჩემს თვალსაწიერში. ოციოდე წლით ადრე მისროლა ქვეცნობიერმა. შავ-თეთრ ფონად გამოისახა ჩემს ცნობიერებაში იგივე ბავშვი: აი როგორ გარბის , როგორ იქნევს გუნდას, როგორ ისვრის...
არა, ეს შეუძლებელია. ისევ პარკის კიდეში თავშეყრილ მშობლებისკენ გამექცა მზერა. დედამისი იქ არ იყო. აუცილებლად ვიცნობდი...
    თავჩაღუნული ინსტიქტურად წამოვედი უკან. ისევ მეტროს ჩასასვლელს მივადექი მოულოდნელად. ფანტელები ზემოდან მოქროდნენ და ქვემოთ თითქოს სადღაც იკარგებოდნენ. დიდხანს ვაკვირდებოდი ამ სცენას. ვფიქრობდი და ვერ გადამეწყვიტა.  საბოლოოდ მაინც მეტროს ჩასასვლელისკენ ავიღე გეზი. იქ ახლა ნამდვილად მელოდა სითბო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები