ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოლე
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2011


დედა

დამჭირდებოდი, ვით კონკიას თეთრი ფერია
და მახსოვს, წამსვე ამომყავდი მოგონებიდან.
ძილისპირული, ვერ ვიხსენებ, თუ  გიმღერია,
იმას-კი, როგორ შემატოვე მოხუც ბებიდას.

როცა წახვედი, ღია დაგრჩა სახლის კარი და
ჩემი ბავშვობა ფეხშიშველი გამოგეკიდა.
ჯერ ისევ შენი "შეკერილი" სუსხის შალითა
"მიცავს"და ვცდილობ გამოგწოვო ჩემივ ნეკიდან.

მინდა იცოდე, რომ იმ დღიდან ცოტას ვიცინი,
რომ ვინც მეხება, ჩემს ტკივილზე იკაწრავს ხელებს,
რომ მოთიბული ოცნებების, იზრდება, ზვინი
და თუ მეტყვიან, მიყვარხარო, ძნელად ვიჯერებ.

ჯერ, უშენობის მატიანეს ცრემლებით ვწერდი
მერე, უცრემლოდ, დამეცალა როცა, თვალები.
უფალმა უწყის, იმ "ფურცლების", მინდოდა დ ე დ ი
საყვედურებად, ერთ დღეს  შენთვის, აფრიალება,
მაგრამ ჩემივე შეცდომებმა თვითონ გამწირეს,
ცოდვებმა სარკე მომისაჯეს,-მკაცრი ვერდიქტი!
მაშინ ჩემს თვალში დავინახე იმხელა დირე,
რომ სანამ შენ განგიკითხავდი, კარგად დავფიქრდი.

რა ვუყოთ მერე, თუ არ მახსოვს "იავ- ნანა" და
ვინძლო, თითებზე ჩამოვთვალო, ისიც წუთები,
დასავიწყებლად ცოტათი რომ დამენანება?..
მაინც მიყვარხარ, მიწას ჯერ ნუ ჩაეხუტები!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს