ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2011


ძველებს... და ახლებს...

მოდი, ამ ერთხელ ჩამოჯექი
და დაისვენე.
ნუ გახსენდება ასე ხშირად
შავი ზღვის ფსკერზე  (უხმაურო მეგაპოლისში)
დაძირული თეთრი სახლები,
მიქცევისას საკვამურები რომ მოუჩანთ
დასახრჩობად განწირული კაცის ხელივით.
ნუღარ ცდილობ მათ გადარჩენას.
ისინი უკვე დაიძირნენ.

ნუ გახსენდება  მსუყე ბაღები,
ფოთლის თავსაფრით რომ მალავდნენ გათქვირულ სხეულს
და თანაც ატმებს გვიკისკისებდნენ:
ჩვენსკენაც მოდით, ჩამოგვკრიფეთო, ადამიანო!
ისინი სხვებმა ჩამოკრიფეს  და შერცხვენილნი,
ბეღურებითღა  იფარავენ
გაშიშვლებულ, დამტვრეულ ტოტებს .

ნურც მეგობრები გახსენდება.
იცინოდით და  შეფარული შიშით ანგლობდით:
-ომში მიდის ერთი კაცი.
-რათა ერთი?
-მაშ რამდენი?
ბევრნი წახვედით და სათვალავი აგერიათ.

ნურც ის დღეები გახსენდება,
ჩამავალ მზეს  -  წითელ მამალს, 
სალოცავიდან  ღმერთს  რომ ვწირავდით გადარჩენისთვის.
გადავრჩით, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცთ,
რომ  გადარჩენა  უფრო ხშირად, შვება არაა.

და,  საერთოდ!
ასე ხშირად  ნუ გახსენდება
ბოლო  ყლუპივით დაქცეული შენი ქვეყანა.
მოდი, ამ ერთხელ ჩამოჯექი
და მითხარი  თუნდაც სხვისი მშვიდი სიზმარი,
სადაც: 
ცა შაბიამანის ხილვას ბლანდავს,
ნაპირებს შორდებიან გემები.
იქნევენ იალქნებს – აბრეშუმის ხილაბანდებს…

თუმცა…
რას გთხოვ, მეც ასე არ ვარ?
აი, დღესაც, გამოვიღვიძე და სხეულზე
ჩემი ქვეყნის მქრქალი კონტური აღმოვიჩინე…
გაცრეცილი და სევდიანი,
როგორც მინაზე გადმოსული მაცხოვრის ხატი.
არაფერს მთხოვდა.

როგორც შენ, ისიც მოვიდა ჩემთან
და დაღლილმა,
თავი დამადო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები