ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2011


ჭუჭრუტანები

                                                                              მე პატარა ჭუჭრუტანა მქონდა და
                                                                              ყველაფერს ვხედავდი  –  ლიზიკო   


ნეტავ რას ხედავ ჭუჭრუტანიდან?
ყველაფერი სხვანაირია.
თითქოს სამყარომ ჭრელი კაბა ამოიბრუნა
და ატლასის თეთრი პირი გამოიჩინა.

მშვიდად ხარ.
იცი, რომ მე მესმის პარალელური გულისცემა _
შვლის ნუკრივით დამფრთხალი რიტმით:
როცა იცინი, თითქოს პეპლის ფრთები ირხევა
და როცა ტირი ან გეშინია,
თითქოს ბუდიდან ჩიტის ღუნღულა ბარტყი ვარდება.
პაწია ხელის ცერა თითს წუწნი _ ჯოხიან კანფეტს,
გემრიელია?

ნეტავ თუ ჩანს ჭუჭრუტანიდან,
რომ შევიცვალეთ…
მამა ხედავს სხვანაირ მთვარეს , რომელიც ჰგავს
მძინარე ჩვილის ბაგეებზე დაკიდულ ნერწყვს – კამკამას, სუფთას,
დედა  –  მზეს,
შენი ოთახის კედლებზე დაყრილ მზესუმზირის ყვითელ ყვავილებს,
და–ძმა –  წვრილ–წვრილი  ვარსკვლავებია, შენს საბანზე მიმოპნეული.
ყველა ერთად კი, ვსწავლობთ ცხოვრებას, სულ თავიდან
და შენს ნაფეხურს  გლუვ მუცელზე,
ხელის თითებით ისე მივყვებით,
თითქოს პირველად მივდიოდეთ უცხო ბილიკით.
ჩვენ წინ გაგვიშვი.
ზიზია ზიზილები რომ  გაგიხაროთ.

ალბათ ხედავ ჭუჭრუტანიდან,
როგორ დაღამდა.
მთვარემ აივანზე დაივანა,
ღრუბლებს უღიღინა იავნანა,
ღრუბლებს ეამათ და დაიძინეს.
...შენც დაიძინე.
ჩამოაფარე ჭუჭრუტანას ფერადი ფარდა,
დილას კი, როცა  თვალს გაახელ  და სასაცილოდ გაიზმორები,
გამოიხედე.
გელოდებით,  რომ დაგვეწვეთო  –  ვარდისფერი, პატარა ლაქა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები