ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2011


N 13

ძვირფასო ლელი,
იქნებ გახსნა შენი ბინის საფოსტო ყუთი
(ნომრით – 13) –
ჯართად ქცევას გადარჩენილი.
დიდი ხნის წინათ, ღია ბარათი გამოგიგზავნე.

ღია ბარათზე ჩვენი ქალაქის ფრაგმენტია:
ვიწრო ქუჩით, ქვაფენილით, ლურჯი ტრამვაით,
ძველი კორპუსით…
სადარბაზოსთან შავი კატა ილოკავს თათებს,
ღია ფანჯრიდან შენ იყურები
(ან იქნებ, სულაც, მზეს ირეკლავს ფანჯრის მინები).
ქუჩაზე მოდის ლურჯი ტრამვაი…

დახედე ბარათს და დაუკვირდი
ლურჯი ტრამვაის ფიქრიან მგზავრებს.
მათ შორის მეც ვარ და  ვფიქრობ ჩემთვის:
აი, ჩამოვალ გაჩერებაზე,
ღია ფანჯარას ამოვხედავ,
გვერდს ავუქცევ ცნობისმოყვარე ადამიანებს,
სადარბაზოსთან გაწოლილ კატას
და შენი ბინის საფოსტო ყუთში ბარათს ჩავაგდებ …

ოდესმე ნახავ
(შენს მაგივრად ობობებმა უკვე ათასჯერ გადაიკითხეს! ).
იქ ისეთი ვარ, როგორიც მაშინ,
ლიანდაგებზე რომ დადიოდა ლურჯი ტრამვაი,
ქალაქში ხალხი იყო – მაჟორული,
ჰაერში გამები – მინორული…

მერე კი, ჩემი კარგი ქალაქი
თითებსშუა ისე ჩამეცრა,
თითქოსდა, სველი ქვიშის იყო და ქვიშა გაშრა.

…დღეს ისევ აქ ვარ.
ჩემი და შენი ხალისისგან დაცლილ ქალაქში,
შენი სახლის სადარბაზოსთან.
თუმც ამ ქუჩაზე, აღარ დადის ლურჯი ტრამვაი,
არც მზეს ირეკლავს ფანჯრის მინები.
ხალხი ახლა მინორულია,
გამები – მაჟორული

და ძვირფასო ლელი, ახლა მაინც,
იქნებ გახსნა შენი ბინის საფოსტო ყუთი,
ნახო ბარათი,
რომ იქიდან შენს ოთახში ქვაფენილი გადმოიშალოს,
როგორც ნისლი, შემოცურდეს ლურჯი ტრამვაი –
ერთი მგზავრით, რომელიც გეტყვის, ბოლოსდაბოლოს,
როგორ უყვარდი…

ნახე ბარათი, დროებით მაინც დამაბრუნე
ჩემს ძველ ქალაქში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები