ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2011


ამბავი ჩემი ცნობისმოყვარე მეზობლისა

ჩემი ცნობისმოყვარე მეზობელი
სახლში ვეღარ დაეტია და
ჩემს აივანზე გადმოვიდა საცხოვრებლად.
გამოძვრა ქოთნის ყვავილებს შორის,
ძლივს რომ ვახარებ და მერე ვყიდი:
ინტერიერის სამშვენისებად,
გასაჩუქებლად ან გასახმობად...

საერთოდ, ასე იქცევიან ცნობისმოყვარე მეზობლები:
კარს თუ არ უღებ,
ფანჯრიდან ან აივნიდან შემოდიან,
სხვა მეზობლების ცხოვრების ნამწვით რომ გაავსონ ძველი საფერფლე,
მერე, შენს წლობით გადანახულ სიმყუდროვეს მოუკიდონ
და ფანჯარაში გააბოლონ,
სხვები კი, თავის ფანჯრებიდან,
ისე ღრმად და სიამოვნებით ისუნთქავენ კვამლს,
რომელიც ხშირად უცეცხლოდ ჩნდება,
თითქოს სუფთაზე სუფთა ჰაერი იყოს,
სასიცოცხლო ჟანგბადით სავსე.

...ცხოვრობს ახლა ჩემს აივანზე ცნობისმოყვარე მეზობელი
(ალბათ ნოყიერ ნიადაგს ეძებს გამოსაკვებად),
და ყოველ ღამით იჭვრიტება უღიმღამო საძინებელში,
სადაც შევდივარ,
ტუმბოზე ვანთებ აბაჟურიან, ძველისძველ ლამპას,
ვიხდი ატლასის ლილისფერ ხალათს - მეორად ღამეს,
ვაგდებ სკამზე,
ვწვები,
უაზროდ ვშლი უაზრო ჟურნალს და მეძინება.


ჩემი ცნობისმოყვარე მეზობელი ჩემს სიზმრებშიც იჭვრიტება
და იქაც ხედავს:
როგორ შევდივარ ოთახში მარტო,
ტუმბოზე ვანთებ აბაჟურიან, ძველისძველ ლამპას
ვიხდი ატლასის ლილისფერ ხალათს - მეორად ღამეს,
ვაგდებ სკამზე,
ვწვები,
უაზროდ ვშლი უაზრო ჟურნალს და მეძინება.
სიზმრის სიზმარშიც შემოდის ჩემი ცნობისმოყვარე მეზობელი
და ასე შემდეგ...

ერთი სული აქვს, დაინახოს,
რომ ლილისფერ ატლასის ხალათს
მე კი არ ვიხდი, არამედ სხვა მხდის.
სასუქივით შეისრუტავს ამ ახალ ამბავს,
ფოთლებს გაშლის და ღერო ისე დაუგრძელდება,
სხვა მეზობლის აივანზე გადასვლას შეძლებს,
სადაც ყვავილებს, როგორც ჭორებს, აინთებს ტანზე.
იქ ხომ, იმ სხვა მეზობელთან,
უაზრო ჟურნალს არ კითხულობენ,
არც ატლასის ხალათი ცურავს თავისით მხრიდან
(ნოყიერი ნიადაგია გახარებისთვის)...

როგორ მინდა, ერთ დღესაც ვუთხრა:
დარჩი ჩემთან, ჩემს აივანზე,
ცნობისმოყვარე მეზობელო.
როცა ფარდიდან იჭვრიტები,
სულ მგონია, რომ ვიღაც მოვა,
პრინცი კი არა, ჩვეულებრივი ადამიანი
და ლილისფერ ხალათს - მეორად ღამეს,
მხრებიდან ჩუმად ჩამომიცურებს.
დარჩი ჩემთან, მარტოხელა მეყვავილესთან,
რომელიც იმდენს აწკრიალებდა  სრულიად უცხო მყიდველებისთვის
ბალბის წითელ ზანზალაკებს
ან დეკემბერას ვარდისფერ ეჟვნებს,
საკუთარ სხეულზე გამოკვირტულ მცენარეებს ვეღარ მიხედა
და კაქტუსის ეკლებად გადაექცა.

დარჩი, დარჩი, შენ მაინც დარჩი, შე ჭორიკანა -
ცნობისმოყვარე მეზობლის აივანზე
ფესვებგადგმულო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები