ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2011


ლილოჭრელო

ეს ლილოჭრელო, გაზაფხულის სველ მინდორზე
ყაისნაღით მოქსოვილი თეთრი თავშალი,
შენია, ვიცი.
განა მხრებიდან ჩამოგიცურდა...
ქვრივის მხრებზე თოვლისფერ თავშალს რა უნდაო და
სევდით და თმენით აფუებულ ბალიშს ეფარა.
ზედ შენს ობლებს ედოთ თავები,
ჭრელი სიზმრები რომ ენახათ,
შავი ფერი დავიწყებოდათ დროებით მაინც
და გაეხარათ.
ობლები იყვნენ. მადლი იყო ჭრელი სიზმრები.
ქსოვდი და ქსოვდი თოვლისფერ თავშლებს...
ზედ ამოგყავდა ენძელები, ისეთი სუსტი და სიფრიფანა,
ჩვილის სუნთქვაზეც იფურცლებოდნენ,
გვირგვინებს შლიდნენ
და ცრემლებიც, მარტოობით სავსე ღამეში,
ენძელებად გეშლებოდნენ დაღლილ თვალებზე
და ფურცელ-ფურცელ ცვიოდნენ დაბლა.
ვინ მოგიწყვეტდა აბა, ენძელებს?
აბა, ენძელებს ვინ გაჩუქებდა?
ქვრივი იყავი!

დაღლილ სხეულზე
სამკაულივით ასხმულ ობლებს დაატარებდი,
სხვა სამკაული არც გაგაჩნდა.
შვილები ისე ანათებდნენ საფირონის ათინათებად,
სხვა სამკაული არც გინდოდა.
ერთი იმდენი, არ დამჭკნარიყვნენ შიმშილისაგან ყვავილებივით.
დამშრალ ღელეებს რძით ივსებდი,
კუნტრუშის მერე რომ მოეწოვათ,
ხელებზე  ნეკერს იყვავებდი,
კუნტრუშის მერე რომ ეკიკნათ
და როგორც იქნა, გაახარე შენი ობლები,
შენს სხეულზე ყვავილებად ამოსულები.
*** 

ახლა ისევ ლილოჭრელოა - გაზაფხულის სველ მინდორზე
ყაისნაღით მოქსოვილი თეთრი თავშალი...
და ძველ ოდაში, რომელზეც უკვე, მერამდენედ ამოვიდა სარეველები,
და კრამიტიც ხავსისაგან გადაიოჭორფლა,
ისევ ერთად ხართ: შენ და ობლები.
... ბებო, მოვიდა მამაჩემიც,
თავი დაადო თოვლისფერ თავშალს და მიიძინა.
ბებო, უმღერე იავნანა,
იავნანა უმღერე ბებო, ჩემს დაღლილ მამას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს