ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
5 თებერვალი, 2014


ბედნიერების ფორმულა

- მარტივია თითქოს, მაგრამ ვერც ერთი სიტყვით, ვერც წინადადებით და შეიძლება მთელი ტრაქტატითაც კი ვერ გამოთქვა, ისე როგორც გეფიქრება.
- ესე იგი ვერაფერს ამბობ… ასე გამოდის.
- არც მთლად მასეა საქმე. აბა რას ვუთიე თეთრად ღამეები.
- მე რა ვიცი
- შენ რა შუაში ხარ… მე მინდა გასაგები ვიყო ჩემთვის ჯერ და მერე შენთვისაც, თუ მოვახერხე.
- გინდა თქვა რომ, რასაც შენ გაიგებ, მე ვერ ჩავწვდები?
- ეს არც მიფიქრია და ნუ იბუტები ახლა… უფრო დახმარებას ველი შენგან. სცენარის მხოლოდ სათაური ვიცი, ასე გამოდის… დრო მიდის, მე კიდევ ერთ ადგილს ვტკეპნი.
- სათაურია ძალიან პრეტენზიული “ბედნიერების ფორმულა” … სხვა ვერ შეარჩიეს რაიმე.  რა უბედურებაა ეს.
- რა სხვა… კონკურსია საყვარელო. ფორმა შეარჩიეთო, როგორიც გენებოთო. მე კიდევ ფაბულაც ვერ მომიფიქრებია ჯერ… არა თუ სიუჟეტი
-მერე დავიწყოთ ამით. ბედნიერება უსიყვარულოდ ხომ ვერ იქნება… გსურს განიცადო სამოთხე?...  შეიყვარე!  ეგრე არ იძახდი სადღეგრძელოებში?
- უდავოდ… მოდი ახლა მე ნაფიქრალს ავკრეფ, შენ ყავა იჩალიჩე…

<<< * >>>

- მისმენ ხომ?
- მიდი!

“ერთმანეთისათვის გაჩენილანო, ვერ იტყოდი…
ამურის უკბილო ხუმრობას თუ მიაწერდი მათი ერთურთით გატაცებას - ის კიდევ, ცნობილი ამბავია,  დიდად არ დაგიდევთ საით გაისვრის თავის ისარს და ვის ამოირჩევს სამიზნედ, ხომ  მითუმეტეს. არც ტემპერამენტი აინტერესებს  მათი, არც სარწმუნოება და მენტალიტეტი ხომ საერთოდ არაფრად მიაჩნია, რომ არაფერი ვთქვათ ასაკზე და მიდრეკილებებზე.
არც ამ შემთხვევაში დაფიქრებულა  და ახალგამოღვიძებულზე, წესიერად გაზმორებაც  არ დაემთავრებინა, რომ…”

- როგორი  დასაწყისია?
-  ფაბულის პირობაზე არა უშავს რა.
- მერე რემარკებში მიმოვაბნევ ამ აზრებს.
- შენ იცი, აბა! არ დაიბნე მიმობნევისას…
- ხუმრობ არა?
- გააგრძელე… კარგად იწყება.
- ო რა მატრაკვეცა ხარ ზოგჯერ…
- კაი ერთი!

“ბიჭი ოცი  წლის,  გოგო  ოცდაოთხის
ბიჭი ქერათმიანი, ცისფერთვალება…  გოგო  მუქთმიანი, შავთვალება
სამიზნედ შეიგულა მყისვე.”

- ბიჭი უმცროსია… შემდგომ დამჭირდება მგონია ეს, რატომღაც.

“ბიჭი ზორბა, ათლეტური… გოგო პატარა, თოჯინასავით კოხტა.”

- შენნაირი

“ბიჭი თავშეკავებული, დამთმობი, რბილი…”

- ჩემნაირი, მოკლედ

“ გოგო  ჭირვეული, ჯიუტი, უკომპრომისო…”

- …- გაუღიმა
- …- ენა გამოუყო

“მერე რა… ამური ღმერთის ნებიერაა, მას ვერაფერს დაუშლი.  ისურვა? - გაისვრის კიდეც!
ბიჭი, თითქმის ცარიელ კაფეში ბართან იჯდა, როცა გოგომ თავისუფალ მაგიდასთან მოიმყუდროვა, სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე დადო და  და ხელჩანთაში სანთებლის ძებნა დაიწყო - ვერ იპოვა ალბათ, რაკი უწეოდ მიმოიხედა და ბიჭის მოღიმარ თვალებს შეეფეთა. თავადაც გაუღიმა და…  ამურმაც გაისროლა. 
გოგონამ კი სიგარეტი ამოიღო და ისევ ბიჭს შეხედა… კეკლუცი მუდარითო, შეიძლება ითქვას, რა მომხიბვლელად გამოსდით  ეს  გოგონებს, რომელთაც ბავშვობა ჯერ კიდევ არ ჩამოუბერტყავთ საბოლოოდ…”

- შენსავით

“…  და როგორ მოსწონთ მერე ბიჭებს, რომლებიც ბავშვობას სულაც არ შეელეოდნენ, მათი ნება რომ იყოს. “

- ყველას არ ეხება ეს!
- ვხვდები. მაგალითად შენ, ხომ?
- ჩემი კოხტა… ყველაფერს რომ ხვდები მაინც.

“ამათ კი, სხვა რა გზა ჰქონდათ - ამურს, როგორც ყოველთვის ზუსტად გაესროლა და ამიტომაც ყველაფერი რაც შემდგომ მოხდა, თამამად შეიძლება მას დაბრალდეს.
შემდგომ რაც მოხდა…
ახლა კი ნაჭრილობევიდან სიყვარული ჟონავდა და საოცარი სითბოთი ავსებდა სულს.
ცისა და მიწის კავშირს ჰგავდა წყვილი.”

- ჰა?.. რას იტყვი?
- მერე?
- რა მერე?
- მერე რა ხდება.
- მერე? მერე მიდის რა მოქმედება… სიყვარული, ეჭვიანობა… სამკუთხედი ტრადიციული და როგორც ხდება ხოლმე… მოსაფიქრებელია ყველაფერი.
- აკი თეთრად ვათენეო?
- მოფიქრებული მაქვს… აკრეფა უნდა.
- მერე?
- რა მერე?
- აკრიფე რაღა!
- ეეჰ… კუჭი რომ მიხმება. ხომ ჩაირბენ მაღაზიაში? მითხარი კი-ო.  ოჯახის შექმნაზე დამშეულმა რა უნდა მოვიფიქრო…
- აკი მოფიქრებული მაქვსო?
- შესასწორებელია ცოტა. ოჯახი სერიოზული საქმეა, კი იცი.  თან უნდა დაინგრეს სადღაც ბოლოსკენ.
- და ეს იქნება ბედნიერების ფორმულა? ერთი შენა ხარ  მწერალი და მეორე ჩემი მეზობელი მეწაღე, რა!
- ნახავ მერე რაც იქნება. მეხმარები, მოკლედ?
- თუ არ გეშინია ჯოჯოხეთის, მაშინ იქორწინეო.  მითხრა ერთხელ. ჩვენ რა, დაქორწინებულები ვართ?
- ჩვენ ყველაფერი წინა გვაქვს ძვირფასო.
- დანგრევის პერსპექტივით არა?
- ჭირვეულობ ახლა შენ, ჩემი პერსონაჟივით.
- ერთი ის ამური მანახა ასე რომ გამწირა და მერე მომკლა თუნდაც… გადავამტვრევდი თავზე მაგ მშვილდს… ისრებსაც, ყველას ერთად.
- ვენაცვალე მიზანში… რა ლამაზი ხარ ახლა, რომ იცოდე
- ვიცი… შენ თუ იცი როგორი ხარ?
- მშიერი საყვარელო და შენი მოწყალების მოიმედე
- მაიმუნი ხარ შენ… წავედი ახლა მაღაზიაში!  აკრეფილი დამახვედრე, თორემ ასაკრეფს გაგხდი, იცოდე.
- მმმუჰ… ჩემი მრისხანე გოგო, ჩემი გულუხვი მუზა.
- შენი უკანასკნელი ამოსუნთქვა
- კი ბატონო, თანახმა ვარ!

<<< * >>>

“ ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთხელ, სრულიად მოულოდნელად, ბიჭმა, ანუ უკვე კაცმა,  განაცხადა რომ, ოჯახი მის გეგმებში არანაირად არ მოიაზრებოდა.
არ არის ძნელი მივხვდეთ, თუ რა განწყობა დაეუფლებოდა ქალს.
სხვა რომ ყოფილიყო ვინმე, სიმწრის ცრემლებით ამოიგლეჯდა გულიდან ისარს, ასე მკვიდრად რომ ჩაკირულიყო, და მისი ტემპერამენტიდან გამომდინარე, ჯიუტად გამოიგლოვებდა ტკივილს, მაგრამ არა ხანგრძლივად… მალევე დაივიწყებდა, მოკლედ.
ისიც, კაცივით ჩათვლიდა ამ განშორებას ცხოვრების  სევდიან ეპიზოდად. ერთად გატარებულ  ნეტარების  ღამედ, დილა რომ მხოლოდ მოგონებად აქცევს, მზიანი დღე კი სულაც წაშლის მეხსიერებიდან.”

- რა იყო?
- არაფერი!
- კარგი რა.  მე შენი იმედი მაქვს, შენ კიდევ… რა გატირებს?
- არ ვტირი, მე!!!
- აბა რას შვრები ახლა
- წამესლუკუნა… რა, არ შეიძლება?
- ასე მაგრად ვწერ?
- გეგონოს შენ!
- განვაგრძო?
- ჰო…
- მაშინ ახლოს მომიცუცქდი და მომეხუტე…
- არა!!!
- კი!!!
- …
- აი ასე…  ცოტა აქეთ ჩამოიწი… ჰო, ასე.  ვაგრძელებ, ხომ?
- ჰო.

“მაგრამ ეს მაშინ, სხვა რომ ყოფილიყო!  ოღონდ არა ის, ვინც სინამდვილეში იყო!
მის ძარღვებში მგზნებარე სისხლი ჩქეფდა…  შეიძლება ითქვას, ბორგავდა.
დასავლელი მამის, ჭკვიანი, მიზანმიმართული, წესრიგის მოყვარული და აღმოსავლელი მთიელი დედის, სიყვარულში ფანატიკური, მკაცრი და თუ საჭირო გახდებოდა უსაზღვროდ დაუნდობელი, შურისმაძიებელი…
მართალია, ტანად პატარა იყო და თოჯინასავით კოხტა, მაგრამ ჯიუტი, ამაყი და პრინციპული.
რაც მალევე გამოსცადა თავის თავზე, ქერათმიანმა და ცისფერთვალება ათლეტმა. რომელმაც თავს უფლება მისცა და მხოლოდ საყვარელი ქალის, საწოლის მოზიარე ქალის ხვედრი არგუნა და ეს
არაორაზროვნადაც განუცხადა - დაოჯახება ჩემს გეგმებში არ შედისო.
დაოჯახებაზე არც ქალს ეფიქრებოდა დიდად… ანუ არ ჩქარობდა ამის გადაწყვეტას, მაგრამ ამ საკითხზე მისი აზრის ასე უცერემონიოდ უგულვებელყოფა, შეურაცხყოფად აღიქვა.
რა გამოდის? - მას, ამაყსა და პრინციპულს, თავიდანვე მკაფიოდ განუსაზღვრეს თანაარსებობის, თუ თანაცხოვრების პირობები - არაფერი სერიოზული!
ამას ვერ დავუშვებ - იფეთქა ქალში მთიელი დედის სისხლმა და დასავლელი მამის პრაგმატულობა რომ არა, ვინ იცის რა ცოდვა დატრიალდებოდა, ამურის ყოვლად უპასუხისმგებლო კაპრიზებისა გამო.
არ აღიარებდა ქალი უპასუხო სიყვარულს და გადაწყვიტა ეჭვი გაეღვივებინა ქერათმიანი თავხედის გულში, რომელსაც, მართალია თავისებურად, მაგრამ მაინც უყვარდა - ასე თვლიდა ქალი და არც შემცდარა.
საბედისწერო განცხადებიდან მეორე დღესვე, მის მგობარს გაუჟუჟუნა ვნებიანად მწველი თვალები და მალევე ჩაითრია რომანტიკულ ფლირტში.”

- ფლირტის დეტალები მოგვიანებით… ნამეტნავად უკომპლექსო ხომ არა ჩანს ჩვენი ქალი?
- რატომ? მამაკაცების ქვეცნობიერი ხომ არასოდეს,  თითქმის არასოდეს  ეძებს ქალში პატიოსნებას.
- ჰო  ო?
- მათთვის რაც უარესი, მით უკეთესი. აღაგზნებთ ეს… გამონაკლისები იშვიათია.
- ვააჰ… გამაკვირვე, აი! საიდან მოიტანე ეს?
- ასე რომ არ იყოს, ყველა ბორდელი და პორნოფილმებიც ზედ მიყოლებული, მომენტალურად დაკარგავდა არსებობის აზრს.  არა? დაფიქრდი აბა?
- ვააჰ… რა მაგარი მიგნებაა, ე! სადმე ჩავჩურთავ ამას… დიალოგში.
- რემარკაში ხომ არ აჯობებს?
- ვნახოთ… ვნახოთ…
- წავალ ყავას მოვადუღებ… თუ ჩაი გირჩევნია?
- სულერთია… თან მისმენ ხომ?
- …

“ არ შეიმჩნია კაცმა თავიდან, მაგრამ  ნაჭრილობევმა მალევე გაუხსენა.
ამიტომაც მსუბუქი თანაცხოვრების მოყვარულს, დიდი ძალისხმევა დასჭირდა სასურველი ქალის გულის “მოსაბრუნებლად”. განაწყენებული ქალის და სასიამოვნო გაურკვევლობაში ჩავარდნილი მეგობრის დაუფარავი ფლირტი, ღამეებს უშფოთებდა და დღეებს უმწარებდა ახლობელი ადამიანების ერთგულებაში დაეჭვებულს. და რაც ყველაზე საინტერესო იყო, ოჯახს, როგორც ურთიერთობის პერსპექტივას, უკვე ვერ ხედავდა მიუღებლად. 
ის რაც ასე კომიკურად მიაჩნდა, თანდათანობით გაზავდა დრამატულის ელფერით და სულ უფრო ხშირად ხედავდა თავის სიყვარულს გაუზიარებლად, ვერაგულად მომართული ქალის გულისაგან - დრამა ტრაგედიის ნიშნებს იძენდა.
მას სიყვარულში არ გაუმართლა და უთავბოლო საფიქრალმა ჩაყლაპა…
პატარა, კოხტა ქალი კი, მომთვინიერებლის ამპლუაში, აუჩქარებლად შედიოდა როლში - ხვდებოდა რომ, ქერათმიანი ვეფხვი სულ უფრო და უფრო მორჩილი ხდებოდა.
და ერთხელაც ნანატრისაგან გონებადაბინდულს ისე შეუსრიალდა საწოლში… დილამდე ნეტარის კრუტუნიღა ისმოდა.
მას შემდეგ ვეფხვმა, გენეტიკური წარსული თუ გაიხსენა და კატას ემსგავსებოდა შეუქცევლად.
კატას -  ძალიან ღრმად მასში ჩაძირული ველური თავისუფლების ინსტიქტით”

- ძალიან ხომ არ დამიტკბე?..  როგორია?
- არა… ფილოსოფიურ ტრაქტატს წერდე თითქოს… ვერ გავიგე საით მიდიხარ.
- მე რა… პერსონაჟები მიერეკებიან ერთმანეთს.
- როგორც ავტორმა, მწყემსის ფუნქციაზე უარი თქვი?
- ვააჰ… რა ვქნა ვერ გავიგე. არ გაუმართლა კაცს სიყვარულში და ფილოსოფიისკენ ექაჩება.
- შენ? შენ თუ გაგიმართლა?
- რა ეშმაკუნა ხარ… რა პასუხს ელი ახლა ნეტა?
- რასაც მეტყვი
- კარგი… მე ძალიან მაგრად გამიმართლა! აჰა…
- ესე იგი ლობუტი ხარ, ხომ?
- ე!  რატომ?
- თუ გაგიმართლა, თან ძალიან მაგრად, იმ კაცის ფილოსოფიით ფილოსოფოსი ვერ იქნები და იმიტომ.
- აუტანელი ხალხი ხართ რა… ქალები.  მართლა რატომ მიყვარხარ ასე? უნდა დავფიქრდე ამაზე ერთხელაც.
- იფიქრე, იფიქრე… მე წავალ ვახშამს მოვამზადებ.
- ნუთუ მხოლოდ ამიტომ? წარმოუდგენელია…
- მეტის მისახვედრად არ გყოფნის… შენ ხომ ჩემი ლობუტი ხარ.
- შენ? შენ ვინ ხარ… ჩემი.
- უკანასკნელი ამოსუნთქვა მეთქი, დაგავიწყდა? გინდა ფილოსოფოსობა? _  განეწყვე მარტოობისთვის.
- არ მინდა.
- სანამ მეყვარები, ეგ არ გემუქრება.
- დავრჩენილვარ აბა მარადლობუტი და ეგაა.
- ხო… მარადლობუტი ან მშიერი. აირჩიე.
- არც ერთი, არც მეორე… ვახშამს ვირჩევ მე!
- ვაი, რა მოულოდნელობაა. არის რაღაც შენში ფილოსოფიური, იცი?
- ვიცი! თორემ ასე არ მეყვარებოდი.  ასე ლობუტივით.
- ამიტომაც ამაღამ აქ დავრჩები, შენთან.
- სუნთქვა ხარ ჩემი.
- უკანასკნელი
- ჰო… ვაგრძელებ ესე იგი.

“… ველური თავისუფლების ინსტიქტით.
მას შემდეგ, მისი ერთადერთი საზრუნავი იყო გაფრთხილებოდა მას, რაც ბედისწერით ერგო წილად და ყველგან და ყველაფერში დაედასტურებინა  თავისი უსაზღვრო სიყვარული… “მეგობარი” ხომ არსად გამქრალა - აქვე, შორიახლო დასუნსულებდა, მისთვისაც მოულოდნელი ცვლილებებით შეწუხებული.
ქალი კი მომთვინიერებლის როლში ისე შესულიყო, რომ დღისით მათრახს არ იშორებდა ხელიდან, ღამით კი მუდამ მზად ჰქონდა სასუსნავი.
და მაინც… უფრო სწორედ, ამიტომაც, ყველაფერი ბეწვზე ეკიდა თითქოს.
ძნელი გასარჩევი იყო ვის უყვარდა, ვინ იტანჯებოდა ან ვინ ნეტარებდა.
ქალს სულ მეტი და მეტი სურდა - სრული, უპირობო მორჩილება აზრებსა და გრძნობებზეც ვრცელდებოდა და ბოლოს და ბოლოს მიაღწია კიდეც იმას, რაც გარდაუვალი იყო - თანაცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია.
ერთხელ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი ურთიერთობისა უკვე ვერაფრით შეიცვლებოდა, მწუხარე მიხვდა კაცი ამას… ვერაფრით შეიცვლებოდა რადიკალურად და თუ რაიმეს განიცდიდა, როგორც ცვლილებას - ილუზია იყო მხოლოდ.
ილუზია… და მარტოსულის გაუსაძლისი სევდაც ეწვია.”
შვილი ინატრა კაცმა - ქალმა მოცდა არჩია… როცა თავად ისურვა, უკვე დაგვიანებული იყო.
ამურისაგან  ნაჭრილობევი მხოლოდ ტკივილით ახსენებდა თავს ორთავეს  და დროც, უებარი მკურნალი, ზოზინით აკეთებდა თავის საქმეს.”

- რაო, მოიწყინე?
- არა… გისმენდი.
- მერე? რას იტყვი?
- ჯერ არაფერს.
- კარგი… ხომ ვამბობდი ბოლოსკენ დაინგრევა მეთქი… აი, დროც დადგა მგონი.
- მარტოს დატოვებ?.. ცოდოა
- რომელი?
- ორივე
- მარტოობა სასჯელი არ არის.  თუ გაგტანჯა, შეიყვარე… თუ ვერ შეიყვარებ შენი არჩევანი ეგ ყოფილა, ანუ ბედი შენი და უნდა დაემორჩილო.
- ჰო… ისიც მაგარი მომთვინიერებელია, მხოლოდ არც მათრახი სჭირდება საამისოდ და არც სასუსნავი.
- არა მგონია ეგრე იყოს… ბედმა შენი თავი ხომ მარგუნა
- მე კიდევ შენი
- მერე? სასუსნავები არა ვართ ერთმანეთისთვის?
- ჩემი ლობუტი ფილოსოფოსი ხარ შენ… და მათრახი?
- მათრახს ბედი ჟიურის ხელით გადაგვიტყლაშუნებს, თუ აქედან ვერაფერი გამოვიყვანეთ.
- მე რა შუაში ვარ?
- აბა უშენოდ ხომ არ დავხარჯავ ზღვაზე პრემიას.
- ვაიიი… თურმე რას ცდილობს, ჩემი ნიჭიერი… მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ.
- ამ შენს განცხადებას ამაღამ დიდი გამოცდა ელოდება.
- ვაიმე.  როგორ შემაშინეეე… მართლა დიდი?
- ტუტუც… ახლავე გადი სამზარეულოში!
- გავდივარ, გავდივრ, გავდივარ… და გისმენ, რა თქმა უნდა.

“ … და დროც, უებარი მკურნალი, ზოზინით აკეთებდა თავის საქმეს.
ცამეტი წელი იფაფხურა დრომ.
მათრახიც გაცვდა და სასუსნავსაც დაკარგვოდა ხიბლი.
გულგრილობის აუტანელი სიმძიმე სრესდა ყველაფერს და ქალმაც შანტაჟს მიმართა - უნდა გავიყაროთო განუცხადა ქმარს.
უაზრო პროტესტმა იფეთქა კაცში - ქალი კმაყოფილი დარჩა.
კაცს არ სურდა გაყრა და ქალმაც დაიჯერა, რომ ეს მათრახი არასოდეს გაცვდებოდა.
მაგრამ ერთხელაც,  მოულოდნელად  აზრზე მოსული კაცი დათანხმდა.
ხანგრძლივად და წვალებით იყრებოდნენ…
ყველაფერი მთავრდებოდა და იწყებოდა თავიდან… ერთად ყოფნის აბსურდულობა ორთავეს ესმოდა, მაგრამ უერთმანეთობა ვერაფრით წარმოედგინათ. განსაკუთრებით ქალს - ყოველთვის ახერხებდა რომელიც,  კაცის უკან მობრუნებას. ხან ცრემლით, ხან ფიცით… ხანაც რით.
მაგრამ ყველაფერი შეუჩერებლად მიდიოდა ერთხელ, ნებით თუ უნებლიედ აღებული გეზით .
ბინაც გადაცვალეს ორ ბინაში, მოშორებულ რაიონებში და სტუმრობდნენ კიდეც ერთმანეთს ერთხანს… სულ უფრო იშვიათად რაც დრო გადიოდა.
მერე კიდევ დრო იმდენი გავიდა ბოლო სტუმრობიდან, ვეღარც გაიხსენეს ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილებმა, როდის იყო ბოლოს ფინჯანი ყავა დალიეს ერთად და სად? ხომ მითუმეტეს…
ბოლოს კი კაცს, ღიმილით სახეგაბრწყინებული ქალი რომ მოჰყვებოდა, ქალმა თავი გაარიდა და პირველსავე  მაღაზიაში შევიდა.
ვიტრინიდან მალულად მიადევნა თავი მშვიდი ნაბიჯით მიმავალ წყვილს… ქალს აშკარად ეტყობოდა რომ ორსულად იყო.
მერე სარკესთან გაჩერდა და დიდხანს უყურებდა იქიდან სევდიანად მომზირალს, რომელსაც უშვილობა არგუნა წილად”

- მორჩა. მოდი რა.
- როგორ თუ მორჩა… ბედნიერების ფორმულა?
- გული მიგრძნობს რომ აქ არის სადღაც… ეს ხომ მხოლოდ ფაბულაა. დამუშავებისას გამოჩნდება
-  ???
- ძალიან ბანალურია, არა? პირდაპირ მითხარი… არ მომატყუო.
- მას შემდეგ, ჩემო კარგო,  რაც ადამიანი ლიტერატურას ეზიარა, ყველა სიუჟეტი ბანალურია, რასაც ვერ ვიტყვით ყველა ნაწარმოებზე.
- მაშინებ საყვარელო ზოგჯერ, ისეთ ჭკვიანურ რაღაცეებს მოხევ ხოლმე.
- ეს შენ მოხიე ახლა… მე ვთქვი!
- ვაახ!
- დიახ!
- მოდი ჩაგიხუტო
- თვითონ მოდი… თუ ბიჭი ხარ!

<<< * >>>

- რაზე ფიქრობ?
- ჩვენზე
- და რა მოიფიქრე?
- ვფიქრობ ჯერაც… მკერდზე დაგადებ თავს და შენი გულისცემის რიტმში ვიფიქრებ, კარგი?
- მოდი… ზღვაზე თუ ვერ წავედით, ხომ არ გეწყინება?
- რა სულელი ხარ… მწერლად კი მოგაქვს თავი.
- თუ ლობუტი…
- როგორც გაგიხარდეს…
- ფილოსოფოსი ვერა… ხომ?
- იყავი თუ გინდა.
- არა… უშენობა არ მინდა.
- მეც ვიქნები.
- ასე ვერ იქნები… ასე, როგორც ახლა.
- ეს ხომ არაა შენი “ბედნიერების ფორმულა”?
- ჩემი “ბედნიერების ფორმულა” შენ ხარ
- ჩემი კიდევ, შენ.
- ჰო… ამ აღმოჩენაში პრემიას არ მოგვცემენ ალბათ.
- ჰო… არ მოგვცემენ.
- ჰო…
- …

<<< * >>>


გინდა განიცადო სამოთხე? - შეიყვარე !!!
არ გაშინებს ჯოჯოხეთი? - იქორწინე!
ვერ გაგიმართლა სიყვარულში? - იყავი ფილოსოფოსი!
მოგწონს ფილოსოფოსობა? - განეწყვე სიმარტოვისათვის!
გაგტანჯა მარტოობამ? -  შეიყვარე !!!
მე კიდევ ისე ძალიან მიყვარს, ისე ძალიან, ძალიან… რომ ამ ზაფხულს ზღვაზე წავიყვან, მერე ვიქორწინებ და ჯანდაბას ფილოსოფია, ძირს მარტოობა… და ისა კიდევ…

და აქ გაეღვიძა.
ქალს ბავშვურად უმანკო ღიმილი დასთამასებდა სახეზე…
ზღვა თუ ესიზმრებაო, გაიფიქრა კაცმა.

ვიცოდი რომ იქ სადღაც, რაღაც ამის მაგვარი იყო… როგორ იყო? ჰო… შეიყვარეო. ეგაა რა! რად უნდა ამას რომანი და სცენარი… მოიტა პრემია ეგრევე და… 
ისევ სიზმარეთისკენ აეღო გეზი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები