ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2011


გულჩორა

უდაბნოს სიცხეა, შენ თავს შეაფარებ სილიან მეჩეთებს,
ხვალ მძიმე დღე არის - გახდები შეიხის მეათე მეუღლე,
მე კიდე დავწანი სპილენძის მავთულით ნიშნობის ბეჭედი,
შიგ ამოტვიფრული ინჩები მინდა, რომ მგზავრობით დავღალო...

და ასე მოვყვები აზიის გადაღმა მლოცველთა ქარავანს,
ვშორდები ვერ შემდგარ ევროპას, საუფლოს, ღვთისმშობლის ოაზისს,
გამავალ ჰორიზონტს ოხშივრის კლაკნილი ხაზები ფარავენ
და საკმარისია იმედი ობიან ცომივით მოვზილო,

რადგანაც მელი და იმედგაცრუების ჩადგება მასივი,
რადგანაც გაქცევას ჩემგან და სხვა კაცის სიყვარულს გირჩევენ
მოლები... შეატყობ, რომ პილიგრიმებიც გზაშივე დაშლილან,
სხვადასხვა მხარისკენ წასულან, ვის ახსოვს სპილენძის ინჩები?!

შენც დაგავიწყდება - გვალვისგან დამწარი პოეტი უდაბნოს
ცენტრში წევს ( გახდები შეიხის მეათე მეუღლე გულჩორა )
და ნეშომპალებიც სხეულის გაყოფას მგლებივით ურჩობენ,
ასე რომ დავრჩები თბილისში, ასე რომ მგზავრობას - უარი.

და ჩაგეძინება საღამოს მწუხრისას, სილიან მეჩეთთან,
მე კიდე დავწანი უბრალო ლითონით ნიშნობის ბეჭედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები