დეიდა პაშა ძველ უბანში ცხოვრობდა. მისი სახლიც, ბინაც, ავეჯიც სიძველეთა მუზეუმის ექსპონატებს მოგაგონებდათ. ყველაფერი ფაქიზად იყო მოვლილი: დაკემსილი ტულის ფარდები, შინდისფერი გობელენი მაგიდაზე, ოვალურ ჩარჩოებში ჩასმული გაცრეცილი ფოტოსურათები, საღებავგადაცლილი იატაკი... თავად დეიდა პაშაც მუზეუმის ექსპონატს ჰგავდა: თხელი, სიბერისგან მილეული ტანით, მოკლედ შეკრეჭილი თეთრი თმით, ღია ნაცრისფერი თვალებით... ძირითადად, ძველი, მაგრამ კარგად შენახული რუხი ფერის უსახელო კაბა ეცვა, წინწკლებიანი თეთრი კოფთა და შავი ჟაკეტი. ის ჩემი მეგობრის დეიდა იყო, უფრო სწორედ, ჩემი მეგობრის დედის ნათესავი. ყველასთვის მოულოდნელად, თავად მოისურვა რაიონიდან სასწავლებლად ჩამოსულ ჩემს მეგობარს მასთან ეცხოვრა, არა მარტო სწავლის პერიოდში, არამედ საერთოდაც. ალბათ სიბერის და მარტოობის შეეშინდა. ასე გახდა ნინო დეიდა პაშას შვილობილი. -ძალიან კარგი ქალია - გვეუბნებოდა ნინო, - დაფუსფუსებს, სულ რაღაცას აკეთებს. არც ჩემს ცხოვრებაში ერევა, არც რაიმეს მიშლის. მოკლედ, ისე გამოდის, რომ ის თავისთვის ცხოვრობს, მე - ჩემთვის. -კარგი რა, არ არსებობს ასეთი იდეალური გაუთხოვარი დეიდა, - გაეცინა ამაზე ნატოს, ჩემს მეორე მეგობარს. -არა, რა თქმა უნდა თავისი უცნაურობები აქვს, მთელი დღეები ისე გავა, შეიძლება ორი სიტყვაც არ მითხრას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაიბუტა ან რაიმე ეწყინა. დაჯდება ამოჩემებულ სავარძელში, ფანჯარაში იხედება და არის ასე. თავისი სამყარო აქვს, სადაც დაუკითხავად არ უნდა შეხვიდე. მეც არ შევდივარ, ის კი არა, არც ვაკაკუნებ, თუ უნდა, თვითონ შემიშვებს იქ, ისევე, როგორც ბინაში შემიშვა. აი, ესაა ჩვენი იდილიური ცხოვრების მარტივი ფილოსოფია. სხვათა შორის, დედაჩემი სულ მეუბნებოდა, გაგიჭირდება, უცხვირპირო ქალია, ნათესავებთან არ ურთიერთობს და ცოტა დაულაგებელი გონებაც აქვსო. მე კი, სიმართლე რომ ვთქვა, კარგად მესმის დეიდა პაშასი, ალბათ სულში ჩაუძვრნენ და იქ კარგად იფუთფუთეს ნათესავებმა, ესეც ადგა და ყველას კარი მიუხურა. მოკლედ, ეს ჩემი გასარჩევი საქმე არაა. უმადური უნდა ვიყო, დეიდა პაშაზე რაიმე ცუდად რომ ვთქვა. მე რამდენჯერმე ვიყავი ამ სახლში ნამყოფი, ჩემს მეგობართან, ასე რომ, დეიდა პაშას ვიცნობდი. მართლა არ იყო ცუდი ქალი, უფრო სწორედ, ვერც გაიგებდი, ცუდი იყო თუ კარგი, არ შეგაწუხებდა. მერე ისე მოხდა, რომ ჩემ მეგობარს დიდი ხნით საზღვარგარეთ მოუხდა გამგზავრება, მივლინებით. წასვლამდე ძალიან წუხდა დეიდა პაშას გამო, ისიც კი უთხრა, დედაჩემს ვთხოვ და სანამ მე არ ვიქნები, თქვენთან გადმოვა საცხოვრებლადო. დეიდა პაშამ ამაზე რა თქმა უნდა, უარი თქვა. ჩემს მეგობარს ძალიან აქტიური დედა ჰყავდა: მთელი დღე ენას არ აჩერებდა. -მაშინ ეკას ვთხოვ, ხშირად გინახულოთ-ხოლმე, - შეეხვეწა ნინო ჩემზე. -ეკა რომელია, გათხოვილი? - ჰკითხა დეიდა პაშამ. -გათხოვილი ნატოა, დეიდა პაშა, - უთხრა ნინომ. - მაგრამ ის ვერ მოგხედავთ. ოთხი შვილი ჰყავს. ეკა მეორეა, გაუთხოვარი. - კარგი, შეუძლია იაროს აქ, - დაეთანხმა დეიდა პაშა. ასე დავიწყე მასთან სიარული. ყოველ მეორე დღეს მივდიოდი, სახლს ვულაგებდი, თუმცა, დასალაგებელი არც არაფერი იყო. სადილს ვუმზადებდი, პროდუქტებიც მიმქონდა... ის ძირითადად, ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში იჯდა, სივრცეს მისჩერებოდა და ფაქტიურად, არც საუბრობდა. რამდენიმე დღე ისე ვიარე, მეგონა, ვერც მამჩნევდა, მერე უფრო შემეჩვია, ყოველ შემთხვევაში, იმდენად მაინც, რომ ხანდახან მარტივ წინადადებებსაც მეუბნებოდა. -მომიტანე ჩემი ალბომი - მითხრა ერთხელ და თვალებით ძველი წიგნებით სავსე, ასევე ძველი კარადისკენ მიმანიშნა. ალბომი მოვძებნე და რადგან საქმე არაფერი მქონდა, დეიდა პაშას გვერდით მივუჯექი. ისედაც, ძალიან მიყვარს ძველი, ოჯახური ალბომების თვალიერება, ფერგახუნებული ფოტოების სიღრმეში შეჭვრეტა. ჩემთვის ეს დროის მანქანით მოგზაურობას ჰგავს, რომლითაც იმ ადამიანებს ვხვდები, ვენურ სკამებზე ან შადრევნებთან რომ ჩამომსხდარან და უხმოდ ჰყვებიან თავიანთ ცხოვრებაზე. ალბომიც ძველი იყო, ისევე, როგორც ყველაფერი ამ სახლში, ყავისფერი ყდა ჰქონდა და სქელი, მუყაოს ფურცლები. დეიდა პაშა ნელ-ნელა ფურცლავდა, დიდხან აკვირდებოდა თითოეულ სურათს და თითებით ეფერებოდა. მე ერთმა ფოტომ მიმიზიდა და ამაფორიაქა განსაკუთრებით: რიკულებიან აივანზე იდგა ახლაგაზრდა ქალი, ხელებით მოაჯირს დაყრდნობოდა. მაღალსამხრეებიანი, ღია ფერის კაბა ეცვა. ძალიან ლამაზი იყო, სახე ბედნიერებით უბრწყინავდა. მის გარშემო, მთელი აივანი ჩემთვის უცნობი ყვავილების მტევნებით იყო დახუნძლული, ქალის თმაც ამ მტევნებს ჰგავდა: შუბლთან წვრილი ლენტით გადაწეული, მხრებზე ეყარა. ისეთი მეტყველი ფოტო იყო, ამ ქალის კისკისიც კი გავიგონე, თითქოს ფერადი შუშის მძივები წკრიალით გადმოგორდა ფოტოდან და მათთან ერთად გადმოღვრილმა ყვავილების უცნაურმა სურნელმაც, რძისფერი ნისლით აავსო ოთახი. -რა ლამაზია!- თავისთავად აღმომხდა და თითი ფოტოს დავადე. დეიდა პაშამ დაკვირვებით შემომხედა. -რას ხედავ აქ? - მკითხა. - ქალს, რომელიც ყველაზე ბედნიერია თავისი სიყვარულით. - ვუთხარი გაუაზრებლად. -და შენ ამას ხედავ?-ისევ მკითხა დეიდა პაშამ. -ვხედავ, - დავუქნიე თავი. - ვინ არის ეს ქალი? - რატომ გაინტერესებს ამ ქალის ამბავი? - კითხვა შემომიბრუნა დეიდა პაშამ. -არ ვიცი, - ავიჩეჩე მხრები, - ისეთი სიყვარული და სინათლე მოდის მისგან... ალბათ მართლა ძალიან ბედნიერი იყო. ფოტოს დავაკვირდი, იქიდან ისევ გადმოიღვარა რძისფერი ნისლი, მთელ სხეულზე მომედო და მეც უცნაური, ჩუმი ბედნიერებით ამავსო. მერე სევდა შემომაწვა. შეიძლება იმიტომ, რომ დამენანა ქალი, რომელიც ალბათ ცოცხალი აღარც იყო, ან შეიძლება იმიტომ, რომ საკუთარი თავი შემეცოდა, რადგან არასდროს ვყოფილვარ მასავით ბედნიერი. - ვინ არის ეს ქალი, დეიდა პაშა? - ვკითხე ისევ, -ეს ქალი მე ვარ, - მითხრა დეიდა პაშამ. - რა ლამაზი ხართ! - გულწრფელად წამოვიძახე. - და ეს, ეს რა ყვავილია? - ფოტოს მივუბრუნდი და ხელი გადავუსვი - იცით, მისი სურნელიც კი ვიგრძენი, თითქოს რძისფერ ნისლად გადმოიღვარა ოთახში. -ეს ჩინური გლიცინიაა - Wisteria sinensis. მას შეუძლია, ხეებს მოეხვიოს და მოკლას ისინი. - თქვა ჩუმად დეიდა პაშამ, მერე დამაკვირდა, - შენ დაინახე რძისფერი ნისლი? თავი დავუქნიე და ისევ ვკითხე: - სად არის ეს ფოტო გადაღებული? -აქ , ამ სახლში, ჩემს აივანზე, - მითხრა ცოტა ხნის შემდეგ, - ასე რატომ დაინტერესდი ამ ფოტოთი? -არ ვიცი, - მხრები ავიჩეჩე მე, - თითქოს დამიძახა, თავისთან მიმიხმო... თუ შეიძლება, მომიყევით, რა, რამე, ამ ფოტოზე, თქვენზე... დეიდა პაშამ ხმა არ გამცა, ალბომი დახურა და ისევ ფანჯარას მიაჩერდა. ასე ჩუმად იყო იმ დღესაც და მომდევნო დღეებშიც. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გავიგონე მისი ხმა. თავდაპირველად მეგონა, პატეფონი ხრიალებდა, მანამდე უფუნქციოდ რომ იდგა პატარა ტუმბოზე - გედის ფიტულივით ყელმოღერებული. მერე მივხვდი, ეს დეიდა პაშას ხმა იყო - ჩვეულებრივზე დაბალი და გაბზარული. ის ისევ ფანჯარაში იყურებოდა, ერთ წერტილზე თვალმიბჯენილი და ლაპარაკობდა:
- გლიცინიები მაშინ ყვაოდა, როცა ალასთან ვიქტორ ვიკი მოდიოდა სტუმრად. სანამ ვიქტორ ვიკი ალასთან იყო, ეზო რძისფერი, სურნელოვანი ნისლით იტბორებოდა. მე და ჩემი ძმა ერთმანეთს ვეჯახებოდით, რადგან ამ ტბორში ვერაფერს ვარჩევდით და ვნატრობდით, დროზე წასულიყო ალასგან ვიქტორ ვიკი, რომ ჩვეულებრივად გვევლო და გვეთამაშა ეზოში. -ვიქტრო ვიკია მოსული, - იტყოდა მამა და ფანჯარას ხურავდა. -გააღე ფანჯარა - ხმადაბლა ეტყოდა დედა და ფანჯარას აღებდა. დედას ძალიან უყვარდა ეს სურნელი. -ბავშვები არიან სახლში, - გადმოგვხედავდა მამა და დედისკენ დანისლულ მზერას გააპარებდა. -ბავშვებისთვის ჯერ არ ყვავის გლიცინიები, - ჩუმად გაიღიმებდა დედა და მამას პერანგის თეთრ საყელოს გაუსწორებდა. ჩვენ ამ დროს სკოლაში მივდიოდით, ერთმანეთს ვეჯახებოდით და ძლივს ვაღწევდით თავს ამ უცნაურ ტბორს. სკოლიდან დაბრუნებულებს ჩვეულებრივი ეზო გვხვდებოდა - უნისლო, უსურნელო. -წასულა ვიქტორ ვიკი, - ხმით მამას ბაძავდა ჩემი ძმა. -ნეტავ როდის აყვავდება ჩვენთვის გლიცინიები- ხმით დედას ვბაძავდი მე. მერე გაკვეთილებს ვამზადებდით და ეზოში ჩავდიოდით სათამაშოდ. ალა ამ დროს აივანზე იდგა-ხოლმე ან ეზოში, ონკანთან ფუსფუსებდა. ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი, იმდენად ლამაზი, რომ მე და ჩემი ძმა თამაშს ვწყვეტდით და ისე პირდაღებულები ვაჩერდებოდით, თითქოს პირველად ვხედავდით. ალა გვიღიმოდა, ხანდახან მოვიდოდა, თბილად მეფერებოდა სახეზე და კანფეტებს მჩუქნიდა. ისეთი კანფეტები არც კი მენახა. -ნახე, შენ უყვარხარ, მე კი არა-ბუზღუნებდა ჩემი ძმა და ცდილობდა, კანფეტები წაერთმია. ალა კი იღიმოდა და სულ ერთი და იგივე მელოდიას ღიღინებდა. ხმა ჰქონდა რაღაცნაირი მშვიდი და ჩუმი, თითქოს აბრეშუმის თოფი იშლებოდა აივნიდან. ამ უსიტყვო სიმღერიდან ჩვენ მაინც ვიგებდით, რომ იყო დიდი, თეთრი ზღვისპირა ქალაქი, თეთრი ნაპირით და ნაპირზე - თეთრი, თაღებიანი სახლით, სადაც ადრე ცხოვრობდა ალა და სადაც ყოველდღე მიდიოდა ვიქტორ ვიკი. ერთ დილას კი, როცა სკოლაში წასასვლელად ვემზადებოდით, ფანჯრიდან გლიცინიას გაშიშვლებული ტოტები დავინახეთ. ისინი კედელს უსიცოცხლოდ ეკვროდნენ და ალას აივანზე ისე იშლებოდნენ, თითქოს ვიღაცა შველას ითხოვდა აწეული ხელებით. -რა მოხდა? - იკითხა ჩემმა ძმამ და უცნაურად დაცარიელებულ ეზოს მოავლო თვალი. -რაღაც მოხდა ალასთან, - შეშფოთებით გადახედა დედამ მამას. მამამ მაშინვე ჩაიცვა, გარეთ გავიდა და კიბეებზე აირბინა. დედაც მას მიჰყვა. ცოტა ხანში უცხო ადამიანებიც მოვიდნენ, მერე კი კიბეებიდან, ზეწარგადაფარებული ცხედარი ჩამოასვენეს საკაცით. ვიქტორ ვიკი იყო, არ დამინახავს, დედამ თქვა. რა თქმა უნდა, მალევე მიმავიწყდა ეს ამბავი, მაშინ პატარა ვიყავი. ამბობდნენ, რომ ვიქტორ ვიკი ალას სიყვარულმა შეიწირა, ამბობდნენ, რომ ალამ ღალატის გამო მოკლა, ამბობდნენ, რომ ალა გაგიჟდა... მოკლედ, ათას რამეს ამბობდნენ მეზობლები, კარგა ხანს ეყოთ ეს ამბავი საჭორაოდ. -მას გული გაუსკდა, - თქვა დედამ. ჩვენ დედას ნათქვამი დავიჯერეთ. თავად ალა იშვიათად-ღა გამოდიოდა გარეთ, ისევ ისეთი იყო - ლამაზი, მაგრამ ჩამქრალი, ჩაფერფლილი... დედას სევდიანი მზერა გაუხდა, ყოველდღე აღებდა ფანჯარას და ჰაერს ისუნთქავდა. არა, აღარ იდგა ჰაერში არც გლიცინიების რძისფერი ნისლი და არც სურნელი. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცხოვრება გავაგრძელეთ: ჩვენ სკოლაში დავდიოდით, მამა- სამსახურში, დედა - პროდუქტებზე. ერთხელ, ღამით, გარედან შემოსულმა უცნაურმა ხმამ გამაღვიძა. ჩავთვალე, რომ ჩვენს დაკეტილ ეზოში ქურდები შემოიპარნენ და შეშინებულმა სასწრაფოდ გავაღვიძე დედა. დედამ მამა გააღვიძა, მერე ყველამ გავიხედეთ ფანჯარაში. სახლის კუთხეში იდგა ალა და გლიცინიას ჩეხავდა. დედა და მამა მაშინვე ეზოში გავიდდნენ. ჩვენ ფანჯარას არ მოვცილებივართ. -რას აკეთებ, ალა, რას აკეთებ? -ეკითხებოდა მამა და მის შეჩერებას ცდილობდა. -მან მოკლა ვიქტორ ვიკი! მოკლა, როგორც კლავს ხეებს, ეხვევა და კლავს! ის ჩემს სხეულში გადმოსახლდა! - ბუტბუტებდა ალა და ყვავილის ძირებს გამეტებით ურტყამდა პატარა ნაჯახს. ჩვენ ბევრი ვერაფერი გავიგეთ მისი ბუტბუტიდან. ჩავთვალეთ, რომ ალა მართლა გაგიჟდა. მერე მამამ და დედამ ძლივს მოაშორეს იქაურობას, სახლში აიყვანეს. გლიცინია უკვე მოჩეხილი იყო, რას ერჩოდა ამ საწყალს, ვფიქრობდი მაშინ, ვიქტორ ვიკის სიკვდილის შემდეგ ისედაც აღარ ყვაოდა. რა თქმა უნდა, ეს ამბავიც დამავიწყდა, ისევე, როგორც დამავიწყდა თავად ალაც. ის თანდათან მიილია, მიილია და გაქრა. გასვენებისას მოვკარი თვალი. იმ უსიცოცხლო გლიცინიას ჰგავდა, თავად რომ მოჩეხა და მისი ტოტები დიდხანს ეყარა ეზოში, სანამ ბავშვებმა ერთ ღამეს ცეცხლად არ ავაგუზგუზეთ. არ ვიცი, მაშინ მომეჩვენა თუ მართლა ასე იყო, როცა ცეცხლი აბრიალდა, ცისკენ რძისფერი სურნელოვანი კვამლი ავარდა, თუმცა ეს სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. მერე აქ ჩვენ გადმოვედით საცხოვრებლად. ეს ალას ბინა იყო - დეიდა პაშა შეჩერდა, ოთახს მოავლო თვალი, ისევ ფანჯარაში გაიხედა. მე ხმას არ ვიღებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ყველაფერს იგონებდა, თუმცა, ვაღიარებ, ერთი სული მქონდა, თხრობა გაეგრძელებინა. -ჩვენ ძალიან ვიწროდ ვცხოვრობდით, პირველ სართულზე, ერთ პატარა ოთახში, აქ კი... მეორე სართული, მზე, სინათლე, რიკულებიანი აივანი... დედას უყვარდა ეს ბინა, მეც მიყვარდა. სხვათა შორის, რაღაც წვრილმანებიც ვიპოვე: სუნამოს ცარიელი ფლაკონი, საპუდრე, სარკე და ძალიან გავიხარე. პატარა გოგოსთვის ეს ნამდვილი განძი იყო... დრო გადიოდა, ათასში ერთხელ მახსენდებოდა ალა, ისიც მაშინ, როცა ამ წვრილმანებს სადმე მიგდებულს გადავაწყდებოდი. ჩვენი ცხოვრება ძალიან ცუდად წარიმართა, ძალიან... სანამ ზრდასრულ ასაკს მივაღწევდი, აღარც დედა მყავდა, აღარც მამა, თითქმის ერთდორულად წავიდნენ ამ ქვეყნიდან, მათი სიკვდილი ძნელად გადავიტანე. ჩემს ძმას აქაურობაზე გული აუცრუვდა, მოსკოვში გადაიხვეწა. იქ ააწყო ცხოვრება. მეხვეწებოდა, შენც წამოდიო, მაგრამ ვერ წავედი, ამ სახლზე ვიყავი მიჯაჭვული. რატომ, ახლაც ვერ ვხვდები. რა თქმა უნდა, ვკონტაქტობდით, ხშირად ჩამოდიოდა, მეც ჩავდიოდი. მერე ისიც გარდაიცვალა. სულ მარტო დავრჩი, სულ მარტო, - დეიდა პაშას თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ არ შეიმჩნია, საუბარი განაგრძო: - და სწორედ მაშინ, როცა წესით ამისთვის არც მეცალა, არანორმალური სიყვარული დამატყდა თავს. ისე შემიყვარდა, ყველა და ყველაფერი დამავიწყდა, ყველა და ყველაფერი! -ერთხელ, როცა ის, ვინც ასე ძალიან მიყვარდა, გამთენიისას ჩუმად გავაცილე ჩემი ბინიდან და უკან შემოვბრუნდი, ოთახი რძისფერი, სურნელოვანი ნისლით დატბორილი დამხვდა. ჩემდაუნებურად, აივანზე გავედი. მთელი აივანი აყვავებული გლიცინიების იასამნისფერი მტევნებით იყო სავსე. არაფერი ჩანდა, გარდა ამ სავსე მტევნებისა. სიგიჟემდე გამეხარდა. რა თქმა უნდა, ცუდზე არაფერზე მიფიქრია, ან რატომ უნდა მეფიქრა მაშინ, როცა ასეთი ბედნიერი ვიყავი?! არც იმაზე მიფიქრია, თუ როგორ ამოიყარა წლების წინ მოჩეხილი ხის ძირიდან ახალი ყლორტები, როგორ გაიზარდა ერთ ღამეში, ჩემს აივანზე ამოვიდა და აყვავდა. ისე აყვავდა, როგორც დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ ყვაოდა, მაშინ, როცა ალასთან ვიქტორ ვიკი მოდიოდა სტუმრად. გამახსენდა ის ფერები, ის სუნი, რაც ბავშვობიდან მომყვებოდა. თითქოს ისევ პატარა გოგო გავხდი, ბედნიერი, მხიარული, ყველა ცოცხალი იყო მაშინ, დედა, მამა, ჩემი ძმა... ღმერთო, რა კარგი იყო! ყვავილები მოვკრიფე, სახლში შემოვიტანე და ლარნაკში ჩავდე, თუმცა, სახლში უამისოდაც იდგა მისი სურნელი, როგორც რძისფერი ნისლი. ბედნიერი ვიყავი, უზომოდ ბედნიერი, არაფერი მახსოვდა, გარდა ჩემი სიყვარულისა, ეს ფოტოც მაშინაა გადაღებული. მან გადამიღო. ის სულ თვალებში შემომყურებდა, ყველა ჩემს სურვილს ხვდებოდა და მისრულებდა. მე მინდოდა, რომ მას მხოლოდ ჩემით ეცხოვრა, ჩემით ესუნთქა, ჩემით გახარებოდა... სხვა ყველა და ყველაფერი დაევიწყებინა. ეს სულაც არ აღიზიანებდა, პირიქით, მოსწონდა კიდეც გადაჭარბებული ყურადღება. ჩემს გარდა ვერავის ხედავდა, ერთი წამითაც არ უნდოდა, მომშორებოდა... ბედნიერები ვიყავით. გლიცინიები ყვაოდა, ჩემთან ერთად იშლებოდა, იფურჩქნებოდა... იმატებდა და იმატებდა მისი მტევნები, ღამით კი, როცა ის ჩემთან რჩებოდა, რძისფერი, სურნელოვანი ნისლით ივსებოდა ეზოც, სახლიც, აივანიც და ოთახიც, სადაც ჩვენ ვიწექით ამ რძისფერ საბანში შეყუჟულები და ერთმანეთით ვტკბებოდით, უზომოდ ბედნიერები. დეიდა პაშა გაჩუმდა, ფოტოს დახედა, მერე ისევ აივნისკენ გაიხედა. -მერე რა მოხდა, დეიდა პაშა? - ცნობისმოყვარეობა მკლავდა. - მერე? მერე არაფერი, - თქვა დეიდა პაშამ, - ერთხელაც, როცა ის გავიდა ჩემი ბინიდან, გავიდა კი არა, იმ რძისფერ ნისლში გაცურა, იქვე, ქუჩაში წაიქცა და მოკვდა. ინფარქტიაო, თქვეს ექიმებმა. წარმოიდგინე, რა დღეში ჩავვარდებოდი! ჩემს თავში ჩავიკეტე, სახლიდან გასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ვერაფერს და ვერავის ვხედავდი. მხოლოდ მასზე ვფქირობდი, ვინც მიყვარდა, ისე მიყვარდა... - გლიცინიები? - არც ვიცი, რატომ, მაგრამ ვიკითხე, ნეტავ რაში მაინტერესებდა იმ დროს გლიცინიები?! - გლიცინიები... ცოტა გონზე რომ მოვედი, აღმოვაჩინე, რომ გლიცინიები აღარ ყვაოდა. ხე იყო თითქოს გამხმარი, გაძარცვული ამ ქაფივით ნისლისგან, სურნელისგან, ყვავილებისგან... მაშინ ის ღამე გამახსენდა, როცა ალა ეზოში იდგა და გლიცინიებს ჩეხავდა. გამახსენდა მისი სიტყვები: ”მან მოკლა ვიქტორ ვიკი! მოკლა, როგორც კლავს ხეებს, ეხვევა და კლავს! ის ჩემს სხეულში გადმოსახლდა!” და დავფიქრდი, საიდან გაჩნდა ამ აივანზე გლიცინია, ისევე, როგორ ჩემს ბავშვობაში, რატომ გაცოცხლდა ასე მოულოდნელად, რატომ აყვავდა... ბევრი აღარ მიფიქრია, ეზოში ჩავედი და სწორედ ისე დავიწყე მისი ჩეხვა, როგორც ალა ჩეხავდა - ჩუმად, გამწარებით... მეზობლები გამოცვივდნენ, რას შვრებიო, ცდილობდნენ, გავეჩერებინე. სულს მიხუთავს- მეთქი, შევეცადე, მშვიდად მეთქვა მათთვის. ალბათ ისეთი სახე მქონდა, აჯობეს, ხმა აღარ გაეცათ, სახლებში შეტრიალდნენ. მე კი მოვჩეხე და მოვისვენე, თითქოს საკუთარი თავი დავსაჯე, გავანადგურე, როგორც მკვლელმა. რადგან დღემდე მჯერა, რომ ის, ჩემმა დიდმა სიყავრულმა მოკლა. გინახავს ხეზე შემოხვეული გლიცინია? თვითონ ყვავის, სიცოცხლითაა სავსე, დღითიდღე ლამაზდება, მშვენდება, ხეს კი ყველა ტოტზე ყულფივით ეხვევა, ნელ-ნელა უჭერს და ახრჩობს, და ხეები კვდებიან, რადგან აღარც სასიცოცხლო ენერგია აქვთ, აღარც ჟანგბადი. ერთიც და მეორეც უკვე გლიცინიას საკუთრებაა. მეც ასე მომივიდა, თითქოს გლიცინია ჩამისახლდა სხეულში. იმდენად მიყვარდა, ქვეცნობიერად ვაიძულებდი, თავისი სიცოცხლე ჩემთვის მოეცა, უფრო ბედნიერი რომ ვყოფილიყავი, უფრო და უფრო... მან კი ვერ გაუძლო. განა შეიძლება, ასეთ სიყვარულს გაუძლოს ნორმალურმა ადამიანმა... -როგორ არ შეიძლება, დეიდა პაშა, - ვუთხარი დასამშვიდებლად, - ასე ნუ ფიქრობთ, ტყუილად იდანაშაულებთ თავს. დეიდა პაშამ შემომხედა, არაფერი უთქვამს. -და იმის მერე, იმის მერე არავინ შეგიყვარდათ? - თავი ვერ შევიკავე და ვკითხე. - იმის მერე მე მეშინოდა, კიდევ ვინმე არ მომეკლა. - თქვა მტკიცედ დეიდა პაშამ.
საღამოს, სახლში მივედი თუ არა, მაშინვე დავუკავშირდი ნინოს და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. -შენ გჯერა ამ ისტორიის? - გაეცინა ნინოს, - ხომ იცი, ცოტა უცნაური ქალია, თავისივე გამოგონილ წარსულში ცხოვრობს. ისე, ის კაცი, ვინც დეიდა პაშას უყვარდა, მის სახლთან კი არა, საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუ არ ვცდები, ჭლექით ან რაღაც ამის მსგავსით. მაშინ ბევრი კვდებოდა ასე. დეიდა პაშამ ძალიან განიცადა, ზედმეტადაც კი, აიჩემა, რომ თვითონ მოკლა თავისი სიყვარული, რომ გლიცინია ჩაუსახლდა სხეულში... დედაჩემი ამბობდა, იმის მერე პაშას დიდხანს მკურნალობდნენო. მერე სულ ჩაიკეტა და რომ იტყვიან, ცოცხლად დაიმარხა თავი. პრინციპში, მესმის მისი, ადამიანურად. -და ალა? -ვკითხე ნინოს, - ალა არსებობდა? -როგორ არა, -თქვა ნინომ.-ის საერთოდ, არანორმალური იყო, საწყალი. იმ თავის ვიქტორ ვიკს ღალატი არ აპატია და მოწამლა. რა ვიცი, ასე ამბობენ ჩემი ნათესავები. აი, მათ რამდენად დაეჯერებათ, ამაზე ვერაფერს გეტყვი. კარგი რა, ეკუშ, როდინდელ ამბებს მაყოლებ, გასულზე გასული საუკუნის. -შენ არ გინახავს პაშას ეზოში აყვავებული გლიცინიები? - ვერ ვისვენებდი მე. -რა გლიცინიები, ასი წლის წინ გახმა ის ხე, მორჩა და გათავდა, გახ-მა. ადამიანები კვდებიან, ხეები ხმებიან. რა არის ამაში გასაკვირი? აქაც აქვს ჩემს მასპინძელს ეგ გლიცინია, საოცრად ლამაზია, მაგრამ არაფერი, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს ცოლ-ქმარი. რაღაც ძალიან ჩაგაფიქრა მაგ ამბავმა, ხომ არ შეგეშინდა? - გაეცინა ნინოს. -კარგი ერთი რა, რისი უნდა შემშინებოდა, უბრალოდ, ხომ იცი, როგორ მიყვარს ასეთი ისტორიების მოსმენა. შენ როდის ჩამოდიხარ? -მალე ჩამოვალ. მანამდე, ეცადე, არავინ შეიყვარო, რა იცი, რა ხდება? - გაეცინა ნინოს და დაამატა: - და კიდევ, გლიცინია ხომ არ ჩამოგიტანო აქედან? - რად მინდა ჩამოტანა, ამოვთხრი იმ ეზოდან, თუ კიდევ რამეა ჩარჩენილი და ჩავრგავ ჩემთან, - გამეცინა მეც, - ისე, კარგი იქნება, ხომ იცი? ფოტოზე ძალიან ლამაზად ჩანდა.
მალე გლიცინიაც დამავიწყდა და დეიდა პაშას უცნაური ისტორიაც. სრულიად მოულოდნელად ყურებამდე შეყვარებული აღმოვჩნდი. ვახო ნატოს მეუღლის, გოჩას დაბადების დღეზე გავიცანი. გავიცანი და არ ვიცი, ამხელა ქალს რა მომივიდა, თითქმის მაშინვე შემიყვარდა. არც ვახო აღმოჩნდა გულგრილი ჩემს მიმართ. -აქამდე სად ვიყავით, - ეუბნებოდა ნატოს გოჩა, - ამათი გაცნობა როგორ ვერ მოვიფიქრეთ. -არა უშავს, სჯობს, გვიან, ვიდრე არასდროს, - ამბობდა ნატო და მთელი გულით გვგულშემატკივრობდა. დეიდა პაშასთან ისე ხშირად ვეღარ მივდიოდი, თუმცა ყურადღებას ვაქცევდი. ამას მოვალეობის გამო ნამდვილად არ ვაკეთებდი, რაღაცნაირად მეცოდებოდა და მენანებოდა. თან მივეჩვიე ამ სუფთა, კაფანდარა ქალს, თავისი გამოგონილი, ტკივილიანი წარსულით რომ ცხოვრობდა. ერთ საღამოს ვახო ჩემთან დარჩა. ღმერთო, რა ბედნიერი ვიყავი, რა სავსე ამ ელვისებური სიყვარულით! დილით დეიდა პაშასთან მიმაცილა. - წამოსვლას რომ დააპირებ, დამირეკე და გამოგივლი, - მითხრა და მაკოცა, მერე თვალებში ჩამხედა - როგორ ვცხოვრობდი უშენოდ? დეიდა პაშასთან კი არ შევედი, შევფრინდი. -შენ გიყვარს ვინმე? - მოულოდნელად მკითხა დეიდა პაშამ, რაღაცნაირად აფორიქებული იყო. -მე ყველა მიყვარს, დეიდა პაშა, ჩემი ოჯახი, მეგობრები,ახლობლები, იქნებ არ დაიჯეროთ და თქვენც მიყვარხართ, - ვუთხარი მე. -არა, მე სხვა სიყავრულზე გეკითხები და შენ ეს მშვენივრად იცი. - შემომხედა. -კი, არის ერთი, - გამოვტყდი, -ისე მოულოდნელად დაიწყო ყველაფერი, არც კი ვიცი, რა ვთქვა. -შენ ის გიყვარს, ძალიან გიყვარს, - დარწმუნებით მითხრა დეიდა პაშამ. -საიდან იცით? - გამიკვირდა მე. -წადი და აქ აღარ მოხვიდე. - მითხრა დეიდა პაშამ. -დეიდა პაშა, გეწყინათ, ისე ხშირად რომ ვეღარ მოვდივარ?- ცოტა არ იყოს, დავიბენი. დეიდა პაშა სავარძლიდან წამოდგა, ხელი მომკიდა და აივანზე გამიყვანა. მთელი აივანი იასამნისფერი ყვავილების უზარმაზარ მტევნებით იყო სავსე. ის ყვაოდა, - Wisteria sinensis, ჩინური გლიცინია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. სრულყოფილების ნიმუშია სრულყოფილების ნიმუშია
22. სულ ახლახანს წავიკითხე ეს მოთხრობა "ლიტერატურულ პალიტრა"-ში.
დავეთანხმები ჯინას და თანანას!
საოცრადაა აკინძული სამი გოგონას სასიყვარულო ისტორია Wisteria sinensis- ისავით.
იცოდა დეიდა პაშამ რასაც ამბობდა: წადი და აქ აღარ მოხვიდე!
თუ ვინმეს აქამდე არ წაგიკითხავთ, დაუჯერეთ კ ა ტ ი ე ს! :)
სულ ახლახანს წავიკითხე ეს მოთხრობა "ლიტერატურულ პალიტრა"-ში.
დავეთანხმები ჯინას და თანანას!
საოცრადაა აკინძული სამი გოგონას სასიყვარულო ისტორია Wisteria sinensis- ისავით.
იცოდა დეიდა პაშამ რასაც ამბობდა: წადი და აქ აღარ მოხვიდე!
თუ ვინმეს აქამდე არ წაგიკითხავთ, დაუჯერეთ კ ა ტ ი ე ს! :)
21. ყველაფერი მომწონს,რასაც წერ:-* ყველაფერი მომწონს,რასაც წერ:-*
20. ლელას მოთხრობას ფერიც აქვს და სურნელიც. საინტერესოდ განვითარდა სამი ქალის სასიყვარულო ისტორია, ავტორმა მძივივით აასხა სამი პერსონაჟი, კარგად დააკავშირა ერთმანეთს... გლიცინიის ლეგენდაც იდუმალ ელფერს სძენს საინტერესოდ განვითარებულ ისტორიას... პროზაც ისეთივე კარგი გამოგდის, როგორიც პოეზია, მომწონს შენი ესთეტიკა... ლელას მოთხრობას ფერიც აქვს და სურნელიც. საინტერესოდ განვითარდა სამი ქალის სასიყვარულო ისტორია, ავტორმა მძივივით აასხა სამი პერსონაჟი, კარგად დააკავშირა ერთმანეთს... გლიცინიის ლეგენდაც იდუმალ ელფერს სძენს საინტერესოდ განვითარებულ ისტორიას... პროზაც ისეთივე კარგი გამოგდის, როგორიც პოეზია, მომწონს შენი ესთეტიკა...
19. ვახ!
გ(ო)ლიცინიები?!! ვახ!
გ(ო)ლიცინიები?!!
18. ძალიან კარგია ! ++ ძალიან კარგია ! ++
17. ... და აქაც დიდი მადლობა, წაკითხვა რომ არ დაიზარეთ:) ... და აქაც დიდი მადლობა, წაკითხვა რომ არ დაიზარეთ:)
16. რა ლამაზია! ძალიან მომეწონა! მიყვარს ასეთი ისტორიების მოსმენა!
ჩემი სკოლის ეზოში ხარობდა ჩინური გლიცინია, ოღონდ მე არ ვიცოდი, რომ მას გლიცინია ერქვა... ახლა მივხვდი ილუსტრაციებით. ბევრჯერ დავფიქრებულვარ ამ ყვავილზე...
+5 რა ლამაზია! ძალიან მომეწონა! მიყვარს ასეთი ისტორიების მოსმენა!
ჩემი სკოლის ეზოში ხარობდა ჩინური გლიცინია, ოღონდ მე არ ვიცოდი, რომ მას გლიცინია ერქვა... ახლა მივხვდი ილუსტრაციებით. ბევრჯერ დავფიქრებულვარ ამ ყვავილზე...
+5
15. ძალზე ლამაზად, მიმზიდველადაა გადმოცემული მთელი ისტორია. ყოჩაღ:) ძალზე ლამაზად, მიმზიდველადაა გადმოცემული მთელი ისტორია. ყოჩაღ:)
14. ბრავო, ლელა, ბრავო! 5! ძალიან მომეწონა! დაეჯერება პაშა დეიდას, მაინც ამხელა ქალია, წადი! [:-bd] ბრავო, ლელა, ბრავო! 5! ძალიან მომეწონა! დაეჯერება პაშა დეიდას, მაინც ამხელა ქალია, წადი! [:-bd]
13. ინტერესით ჩავიკითხე ემოციური ისტორია ულამაზესი, მაგრამ როგორღაც საბედისწერო გლიცენიის ფონსა და სურნელში...
სამი განსხვავებული ქალის სასიყვარულო ისტორია და ნისლისფრად აყვავებული გლიცინია...რძისფერი ნისლი იმ მისტიკურ ფონს აძლიერებს გარკვეულწილად, რომ გლიცინიის აყვავება უბედურების მომასწავებელი ხდება...
ნამდვილად ორიგინალური გადაწყვეტაა – ყვავის გლიცინია, უბედურება ატყდებათ თავს შეყვარებულ წყვილებს (ორ წყვილს)... საინტერესოა, საიდან მოუვიდა ავტორს ასეთი აზრი, რომ გლიცინიის ყვავილობა ავისმომასწავებელ ნიშნად მიეჩნიათ მის პერსონაჟებს (გამახსენდა ვარდისა და პატარძლის ურთიერთობის ქართული ხედვა...მაისი, ვარდი, პატარძალი, ბედნიერება...ნარცისი, მაგალითად სიამაყისა და თავისთავზე შეყვარებული ადამიანის სიმბოლოდ რომ მიიჩნევა, სხვადასხვა ხეებს რომ გარკვეული დატვირთვა ენიჭებათ ადამიანის ფსიქოტიპისა თუ ბედისწერის განსაზღვრისას მითოლოგიასა თუ ლიტერატურაში...)...ჰოდა, მოვქექე ინფორმაცია ამ ულამაზეს, მოთხრობის ავბედით უცნაურ ყვავილზე – იგი Wisteria sinensis, იგივე, ცის ვაზი (კახეთში, თურმე, რუსულ იასამანს უწოდებენ,გურიაში – ცის ვარდს, იმერეთში ვენახა–ვარდს, სამეგრელოში – ყურძენიშ ვარდს, ერთი მცენარიდან მეორეზე გადაადგილდება, იგი გარს ერტყმის ხეებს და კლავს მათ. ცის ვაზს შეუძლია ასე მთელი ტყის სტრუქტურა შეცვალოს. მშობლიური ჩინეთიდან იგი პირველად ამერიკაში გავრცელდა, სადაც დეკორატიული მიზნებისთვის წაიღეს 1816 წელს. მთელ მცენარეში არის შხამი ვისტერინი, რომელიც იწვევს გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, დიარეას). ეტყობა, სწორედ შხამისა და სხვა მცენარეების დაჩაგვრის გამო მიანიჭა ავტორმა ასეთი ავბედითი დატვირთვა...თუ კიდევ არის რაიმე თქმულება ან ლეგენდა?... ისე, რწმენაზეც თუ ცრურწმენაზეც ბევრია დამოკიდებული, თუ ინტუიციაზე...არ ვიცი, როგორ დავარქვა... ადამიანი ხშირად თავად მიაწერს ამა თუ იმ საგანს რაიმე საკრალურ ნიშან–თვისებას (დადებითს, უარყოფითს...), და ზოგჯერ ამ საგანს ამოეფარება ხოლმე... მოთხრობის გმირს ისე სჯერა, რომ გლიცინიას უბედურება მოაქვს, რომ ეკას ურჩევს გასცილდეს იმ გარემოს, სადაც ეს ულამაზესი, მაგრამ საბედისწერო ყვავილი ხარობს უცნაური სურნელითა და რძისფერი ნისლით...
საინტერესო იყო...იდუმალიც...
(ა, ახლა ეს კომენტარი რომ მე–13 –ეა, რა ვუყოთ?!)
ინტერესით ჩავიკითხე ემოციური ისტორია ულამაზესი, მაგრამ როგორღაც საბედისწერო გლიცენიის ფონსა და სურნელში...
სამი განსხვავებული ქალის სასიყვარულო ისტორია და ნისლისფრად აყვავებული გლიცინია...რძისფერი ნისლი იმ მისტიკურ ფონს აძლიერებს გარკვეულწილად, რომ გლიცინიის აყვავება უბედურების მომასწავებელი ხდება...
ნამდვილად ორიგინალური გადაწყვეტაა – ყვავის გლიცინია, უბედურება ატყდებათ თავს შეყვარებულ წყვილებს (ორ წყვილს)... საინტერესოა, საიდან მოუვიდა ავტორს ასეთი აზრი, რომ გლიცინიის ყვავილობა ავისმომასწავებელ ნიშნად მიეჩნიათ მის პერსონაჟებს (გამახსენდა ვარდისა და პატარძლის ურთიერთობის ქართული ხედვა...მაისი, ვარდი, პატარძალი, ბედნიერება...ნარცისი, მაგალითად სიამაყისა და თავისთავზე შეყვარებული ადამიანის სიმბოლოდ რომ მიიჩნევა, სხვადასხვა ხეებს რომ გარკვეული დატვირთვა ენიჭებათ ადამიანის ფსიქოტიპისა თუ ბედისწერის განსაზღვრისას მითოლოგიასა თუ ლიტერატურაში...)...ჰოდა, მოვქექე ინფორმაცია ამ ულამაზეს, მოთხრობის ავბედით უცნაურ ყვავილზე – იგი Wisteria sinensis, იგივე, ცის ვაზი (კახეთში, თურმე, რუსულ იასამანს უწოდებენ,გურიაში – ცის ვარდს, იმერეთში ვენახა–ვარდს, სამეგრელოში – ყურძენიშ ვარდს, ერთი მცენარიდან მეორეზე გადაადგილდება, იგი გარს ერტყმის ხეებს და კლავს მათ. ცის ვაზს შეუძლია ასე მთელი ტყის სტრუქტურა შეცვალოს. მშობლიური ჩინეთიდან იგი პირველად ამერიკაში გავრცელდა, სადაც დეკორატიული მიზნებისთვის წაიღეს 1816 წელს. მთელ მცენარეში არის შხამი ვისტერინი, რომელიც იწვევს გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, დიარეას). ეტყობა, სწორედ შხამისა და სხვა მცენარეების დაჩაგვრის გამო მიანიჭა ავტორმა ასეთი ავბედითი დატვირთვა...თუ კიდევ არის რაიმე თქმულება ან ლეგენდა?... ისე, რწმენაზეც თუ ცრურწმენაზეც ბევრია დამოკიდებული, თუ ინტუიციაზე...არ ვიცი, როგორ დავარქვა... ადამიანი ხშირად თავად მიაწერს ამა თუ იმ საგანს რაიმე საკრალურ ნიშან–თვისებას (დადებითს, უარყოფითს...), და ზოგჯერ ამ საგანს ამოეფარება ხოლმე... მოთხრობის გმირს ისე სჯერა, რომ გლიცინიას უბედურება მოაქვს, რომ ეკას ურჩევს გასცილდეს იმ გარემოს, სადაც ეს ულამაზესი, მაგრამ საბედისწერო ყვავილი ხარობს უცნაური სურნელითა და რძისფერი ნისლით...
საინტერესო იყო...იდუმალიც...
(ა, ახლა ეს კომენტარი რომ მე–13 –ეა, რა ვუყოთ?!)
11. მშვენიერი მოთხრობა. მშვენიერი მოთხრობა.
10. საოცრად მიყვარს ასე, სიმბოლოებში შეფუთული ამბავი.
ძალიან მისტიურია და პოეტური. ბოლო სიყვარული კარგ კადრზე გაშეშდა... საოცრად მიყვარს ასე, სიმბოლოებში შეფუთული ამბავი.
ძალიან მისტიურია და პოეტური. ბოლო სიყვარული კარგ კადრზე გაშეშდა...
9. მე რომ ჟიური ვყოფილიყავი, ამას პრემიას მივცემდი, მაგრამ ახლა მარტო 5-იანის დაწერის უფლება მაქვს. :) 555 მე რომ ჟიური ვყოფილიყავი, ამას პრემიას მივცემდი, მაგრამ ახლა მარტო 5-იანის დაწერის უფლება მაქვს. :) 555
8. რძისფერი, სურნელოვანი ნისლი იღვრება ამ ნაწერიდანაც... :) ლამაზი, პოეტური ტექსტია კარგად მოფიქრებული ფინალით რძისფერი, სურნელოვანი ნისლი იღვრება ამ ნაწერიდანაც... :) ლამაზი, პოეტური ტექსტია კარგად მოფიქრებული ფინალით
7. მშვენიერი - ამბავიც, თხრობაც, გლიცინიაც... იშვიათია, რომ ავტორის პოეზიაც და პროზაც ასე ერთნაირად მომწონდეს და ასეთი სიამოვნებით ვკითხულობდე! მშვენიერი - ამბავიც, თხრობაც, გლიცინიაც... იშვიათია, რომ ავტორის პოეზიაც და პროზაც ასე ერთნაირად მომწონდეს და ასეთი სიამოვნებით ვკითხულობდე!
6. ფინალმა ძალიან შთამბეჭდავი გახადა...555 საოცრად პოეტური ნაწერია...:-*
მეც მჯერა მსგავსი ზღაპრების..:)) სიყვარულის დროს ადამიანის სული ყვავის და...რა გასაკვირია, გლიცინიების რძისფერი ნისლით თუ გამოვლინდა ეს გარეგნულად...რათქმაუნდა მხოლოდ ის დაინახავდა ამ სასწაულს, ვის სულშიც ყვაოდა სიყვარული...:-* და ის ავტორი დაწერდა ასე პოეტურად, როგორიც ცელა ცუცქირიძეა...:-* ;-* :-*
ფინალმა ძალიან შთამბეჭდავი გახადა...555 საოცრად პოეტური ნაწერია...:-*
მეც მჯერა მსგავსი ზღაპრების..:)) სიყვარულის დროს ადამიანის სული ყვავის და...რა გასაკვირია, გლიცინიების რძისფერი ნისლით თუ გამოვლინდა ეს გარეგნულად...რათქმაუნდა მხოლოდ ის დაინახავდა ამ სასწაულს, ვის სულშიც ყვაოდა სიყვარული...:-* და ის ავტორი დაწერდა ასე პოეტურად, როგორიც ცელა ცუცქირიძეა...:-* ;-* :-*
4. ორი მცენარე მიყვარს ძალიან: იასამანი და აკაცია. და გლიცინია მათ ტანდემს მაგონებს, - იასამნისფერ აკაციას!
რა საოცარია, - ვერასოდეს გავახარე გლიცინია, თუმცა კი ძალიან მიყვარს ეს ყვავილი. ალბათ 10-12 ნერგი ჩავრგე (სხვადასხვა დროს) და ყველა გახმა... გახმა ისე, რომ ხეზე შემოხვევაც ვერ მოასწრო...
დამაფიქრა შენმა გლიცინიებმა. ახლა ამაზე ფიქრი ამეკვიატება დიდი ხნით, - ალბათ ვიდრე არ გავახარებ, მანამ! გავახარებ ან მიწაში და ან სულში!!! :))))) 555555555 ორი მცენარე მიყვარს ძალიან: იასამანი და აკაცია. და გლიცინია მათ ტანდემს მაგონებს, - იასამნისფერ აკაციას!
რა საოცარია, - ვერასოდეს გავახარე გლიცინია, თუმცა კი ძალიან მიყვარს ეს ყვავილი. ალბათ 10-12 ნერგი ჩავრგე (სხვადასხვა დროს) და ყველა გახმა... გახმა ისე, რომ ხეზე შემოხვევაც ვერ მოასწრო...
დამაფიქრა შენმა გლიცინიებმა. ახლა ამაზე ფიქრი ამეკვიატება დიდი ხნით, - ალბათ ვიდრე არ გავახარებ, მანამ! გავახარებ ან მიწაში და ან სულში!!! :))))) 555555555
3. ვისტერიის მისტერია :) +5 ვისტერიის მისტერია :) +5
2. რა მოხდებოდა არ აყვავებულიყვნენ რააა.
ერთხელ ვთქვი, მგონი თქვენს "წიწკანაზე",ხმები,სურნელი, ყველა შეგრძნება ირთვება-ხოლმე თქვენი კითვისას და ეს მსუბუქი მისტიკა ხომ საერთოდ ისაა,რაც ბავშვობიდან მომყვება საყვარელ "გასართობად", სულ მიზიდავდა ასეთი ისტორიების მოსმენა.
შემეცოდა დეიდა პაშა. ყველანაირად და კიედვ უფრო იმიტომ, რომ არ სჯეროდათ მისი ადრინდელი ბედნიერების, იქიდან გამომდინარე, რომ უბედურების მიზეზიც არ ეჯერებოდათ. :(
რა მოხდებოდა არ აყვავებულიყვნენ რააა.
ერთხელ ვთქვი, მგონი თქვენს "წიწკანაზე",ხმები,სურნელი, ყველა შეგრძნება ირთვება-ხოლმე თქვენი კითვისას და ეს მსუბუქი მისტიკა ხომ საერთოდ ისაა,რაც ბავშვობიდან მომყვება საყვარელ "გასართობად", სულ მიზიდავდა ასეთი ისტორიების მოსმენა.
შემეცოდა დეიდა პაშა. ყველანაირად და კიედვ უფრო იმიტომ, რომ არ სჯეროდათ მისი ადრინდელი ბედნიერების, იქიდან გამომდინარე, რომ უბედურების მიზეზიც არ ეჯერებოდათ. :(
1. ლელ...ნეტა რატომ გაიკვირვა ბ-ნმა მიშამ შენი პროზა... სხვებიც მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს.. ეს კი...იცი,როგორ ვკითხულობდი? ვხედავდი ყველაფერს. ფილმს ვუყურებდი თითქოს..
აჰა-არაფრისმთქმელი --5. ველი ხვალინდელ00:00საათს... ლელ...ნეტა რატომ გაიკვირვა ბ-ნმა მიშამ შენი პროზა... სხვებიც მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს.. ეს კი...იცი,როგორ ვკითხულობდი? ვხედავდი ყველაფერს. ფილმს ვუყურებდი თითქოს..
აჰა-არაფრისმთქმელი --5. ველი ხვალინდელ00:00საათს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|