ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2012


***

***
ჩვეულებრივი ჩიტებივით
სტვენენ დღეები.
ცელქი ბავშვივით იჭვრიტება სახლში ალვის ხე,
ქუჩაში დასდევს ქარი, როგორც თეთრი სეტერი
ბაჭიებივით მოცახცახე ტყემლის ყვავილებს.
სტვენენ დღეები,
გაზქურაზე სტვენს ჩაიდანიც -
თითქოს ბუდიდან ფრინდებიან
ორთქლის ჩიტები,
მიყვარხარ-მეთქი, გეუბნები.
სხვა - არაფერი.
მზე ლიმონივით ჩადის მერე, ჩაის ჭიქაში.


*** 
გაზაფხულია.
მინდორს ამოსდის ენძელების თეთრი კიჭები,
მზეს სიხარულით შეჰკიკინებს
როგორც არვე ურჩი თიკნების -
ტყემლის კვირტები.


ცხოვრება
---------------
სარეცხის თოკზე გაფენილი კაბა თანდათან გაიზარდა.
ფერიც იცვალა:
ჯერ ჭრელი იყო,
მერე თეთრი,
მერე შავი,
მერე არა ფერი.

ბედნიერება
-------------
ფარღალალა თავშესაფარი,
წვიმა ჩამოდის,
ქარი უბერავს ღრიჭოებიდან.
კენჭი რომ მოხვდეს,
წამისწამში ჩამოინგრევა.
მაგრამ მაინც თავს ვაფარებთ,
ვერ ვიმეტებთ დასავიწყებლად.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები