ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2012


დაცლა

დაცალეთ ეს ტყე ავეჯისგან!
გამოიტანეთ იქიდან
კომოდები, სკამები, მაგიდები...
საწოლებიც გამოიტანეთ -
ჭრელი ბუმბულის ბალიშებით.
ბალიშებს სიზმრის ნარჩენები მოაყოლეთ -
ჭორფლიანი კვერცხებით და ფრთებს შერჩენილი ცის ნაგლეჯებით.

დაცალეთ ეს ტყე!
დაასწარით,
სანამ ხსენივით ფისი გაუშრება,
სანამ დაჩეხილ შვილებს გამოიგლოვებს
და მათ გვამებს მდინარეებზე დააცურებს
ელდანაცემი ფრინველების ნატირალით.

დაცალეთ ეს ტყე,
წაართვით ხავსში გამოხვეული,
უკვე უძლური სულიც
და ჯადოსავით დაწვით ბუხარში,
რომ საბოლოოდ,
კვამლად და ფერფლად ამოუვიდეს!

დაასწარით!
... თქვენ არ იცით,
რა შურისძიება იციან ხეებმოკლულმა ტყეებმა,
მოვლენ ჩუმად,
მოვლენ უხმოდ
და თქვენს სოფლებზე,
თქვენს ქალაქებზე,
თქვენს ეზოებზე,
თქვენს სახლებზე
თქვენს მაგივრად,
სამუდამოდ დასახლდებიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები