ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: იუმორისტული
16 დეკემბერი, 2010


მხსნელი სიდედრი

 

      დღეს ეს რეალური ამბავი ტკივილად გამითენდა,ადამიანი,ვისაც ეძღვნება,თურმე აღარ არის.ვისაც ახსოვს ეს მოთხრობა,მომიტევოს-განმეორებით ვდებ..მინდა ასე გამოვხატო მისადმი გვიანი სითბო,მოგონება.

                                                                          პატივისცემით- მედეა მოლოდინი


      ჩემი ბედი მოგეხსენებათ.სტუმრად დაგვპატიჟეს.მეგობარმა ისე დამიხატა მომავალი სუფრა,რომ იმხელა ნერწყვი გადავყლაპე,კინაღამ დავიხრჩვი.სამუშაო დღეც მთავრდებოდა.დილას ჩემს მიერ აუდუღარი ყავით დავიკმაყოფილე თავი.არ იფიქროთ მეუღლის ძვირს ვამბობდე!სოფელში გახლდათ დედასთან,იმ საღამოს ველოდი მათ დაბრუნებას,ვიფიქრე:წავალ,გულს გავიხალისებ,წინ მძიმე-სიდედრიანი კვირეული მელოდა.კაი ახლა არ მითხრათ:რას ერჩი,მე ვირევი მისთვისო,არც მე მძულს, უბრალოდ სიდედრია..
    ოჯახში მისულებს ისეთი ღიმილიანი სახით შემოგვეგება,მასპინძელი,მიუხედავად იმისა, რომ შიმშილისგან თვალებში მიბნელდებოდა,სული გამინათდა.
    ძველმა მეგობრებმა ჭიშკართანვე გადაკოცნეს და მოისიყვარულეს ერთმანეთი,მეც წარდგენილ გახლდით და გულთბილად დამითმეს გზა ეზოს სიღრმეში.გაუხარდა გულს წალკოტი.ისეთი მოვლილი იყო ეზო,რომ ჩემი უკვე მოწეული,ჩაუმქრალი სიგარეტის ნამწვი ჯიბეში ჩავიდე.
    სამზარეულოში ვიღაც ფუსფუსებდა და თან ბავშვს დაბალ ხმაზე ტუქსავდა:"ფეხებში ნუ მედები,ხელს მიშლი,გადი ეზოში, სირცხვილია,სტუმრები რას იტყვიან"-ო.
  -ელენე,ბაჩანა მომაცილე,თორემ გაილახება და მერე შენს სახეს რა უყურებს!-გამოსძახა სასიამოვნო ხმამ ჩვენს მასპინძელს.
  -ცოტა ხანი გაუძელი,ხომ იცი,ვერ მოვიცილებ,რა მსუნაგიცაა მოგეხსენება,თან სუფრას მოაშორებ მაგას?დააქცევს გარეთ ყველაფერს,იყოს სახლში რას გიშლის?
  -  რას მიშლის და ნერვებს!-პასუხმა არ დააყოვნა.
  სუფრის ხსენებაზე ჩემი საწყალი კუჭი უფრო მიეწება ხერხემალს და თავბრუ დამეხვა.ჩემთან შედარებით პავლოვის საცდელი ძაღლი არაფერი იყო,დუჟი მომადგა.
  -იქნებ ეზოში ყავა დაგველია,სანამ....
  -ყავა..  არა,-ძლივს შევიკავე თავი.-ცოტა წნევას ვუჩივი,-დავიბრალე ჰიპერტონიკობა სასწრაფოდ.ვიცოდი,მთელი ღამე    თვალებდაყვლეპილი ყოფნა მომიწევდა.
- მაშინ შევიდეთ და ნელ-ნელა ყველაფერი შემოგვემატება.-შემოგვთავაზა ელენემ.
ცუდად დაფარული ჩქარი ნაბიჯით გავუტიე სახლისკენ,წინ მანდილოსანი გავატარე და ფეხდაფეხ მივყევი ლეკვივით,კუდი რომ მქონოდა, ალბათ ჩემს სიხარულს გამოამჟღავნებდა ქიცინით.შესასვლელში ნახატებს დავუწყე მოგონილი სიდინჯით თვალიერება,ორი ნაბიჯით ჩამოვრჩი.
მჭიდროდ მიხურული კარის მიღმა ჯერ უცნობი ხმა ისევ ბავშვს უწყრებოდა და თავის ბედსაც წყევლიდა.შემეცოდა,ისეთი სიტყვებით ამკობდა"უჯიშოვ,მარტო ჭამაზე ფიქრობ,გაუზრდელი და ტუტუცი ხარ,ნეტა როგორ გიტანს!".გული ჩამწყდა,კიდევ კარგი, ელენეს არ ესმის,მეთქი გავიფიქრე,ის უკვე მისაღებ ოთახში იყო შესული.ეს რომ ჩემიანმა გაბედოს საშამფურედ მოვაქცევ მეთქი.უკვე მძულდა უცნობი ხმა,მეცოდებოდა ბავშვი.ვერ ვიტან ლანძღვას,დამცირებას,მერე რა, რომ პატარაა!
  მეგობარი უკვე სუფრასთან მოკალათებულიყო.მეც დიდი თავპატიჟი არ გამომიდია და მის პირისპირ დავიკავე ადგილი-მის გვერდზე ელენეს დავუთმე დიდსულოვნად.
  -ამ მხარეს დაბრძანდით,უფრო უკეთესია,მანდ ჩემი ბიჭი არ მოგასვენებთ,-გამიღიმა ელენემ.
  -არაფერია,რა შემაწუხებს.-სიტყვა არ მქონდა დამთავრებული,სამზარეულოს კარი ზალპით გაიღო და ბაჩანა ოთახში აღმოჩნდა,ელვის უსწრაფესად ამოხტა ჩემს გვერდით მდგომ სკამზე და ყოველგვარი რიდის და შიშის გარეშე თავისკენ დაითრია მთლიანი დაბრაწული ვარია,რომლის წარმომავლობის გარკვევა არ დამცალდა:-სადიელი  იყო, კოდელი თუ მუხრანელი.
  -ვაიმე, თითქოს მშიერი მყავდეს,რას იფიქრებს ხალხი,ვერ დატოვე სამზარეულოში?-შეწუხდა ელენე-მართლა,გაიცანით ჩემი და-მარი.ოდნავ წამოვიწიე საჯდომიდან,შიშით:ეს იმისთანაა, რაც ჩემს თეფშზეა იმასაც არ დატოვებს უყურადღებოდ მეთქი თან ავად უყურებდა მასზე მოთავსებულ კატლეტს,ბავშვობიდან ჭკუას ვკარგავ კატლეტზე,არ ვაპირებდი დათმობას.ამ"მიირთვით-გადაიღეთ-ნუ მოგერიდებათ"-ში ბაჩანამ წიწილს წირვა გამოუყვანა ,ვფიქრობ არც დაუღეჭავს?
    პურისკენ გავიწვდინე ხელი და ისეთი თვალებით გადმომხედა-რას გავტოკდებოდი,ცალკე ბოღმით და ცალკე ნერწყვით ვიხრჩობი! მშია.მარიმ ყურში ჩაავლო ხელი და მიაბრძანა ოთახიდან,კარიც მიუხურა.შემარცხვენელი ხარო -მიაძახა.ელენემ ცეცხლი დააკვესა თვალებით დის მიმართულებით. ბაჩანამ ლამის დააქცია იქაურობა.შემოსასვლელში თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
-  დასაბმელი ხდება,რაც იზრდება უფრო ფუჭდება,ვეღარ ვერევი არ მიჯერებს,სტუმარი მომანატრა ამ თავხედმა.ასე იცის ,კაცის ხელი აკლია.-მობოდიშებით გაგვიღიმა ელენემ.ბაჩანა ოთახიდან გაძევებას გულისგამყინველი ხმით აპროტესტებდა.
    კრიჭა შემეკრა.ლუკმა ვეღარ გადავიცდინე პირში.ჩემი ტელეფონის ხმა ჩამესმა.ეკრანს დავხედე და ვაი,როგორ მიყვარდა იმ წამს ჩემი სიდედრი!
-ჩამევეით უკვე,სა ხარ,ამ ჩემ გოგოს გასაღები სახში დარჩენია, არიქა მალე მოი,ჩამოვწყდი ფეხზე,ნამგზავრი და დაღლილი ვარ-ო
  ფაციფუცით წამოვხტი,უზარმაზარი ბოდიში დავტოვე ბაჩანას მიერ გაჩანაგებულ სუფრაზე ,სიტუაცია ავხსენი და გასვლისას ბაჩანას თავზე გადავუსვი ხელი ზრდილობისათვის,თუმცა გამოგიტყდებით- ზიზღით და სახლისკენ გავცუხცუხდი.
  გზაში ისევ ტელეფონმა დარეკა.
  -არ იჩქარო ნენა,იპოვა გასაღები და შით ვართ უკვეო-გამახარა სიდედრმა ნაბიჯი არ შემინელებია.სულმოუთქმელად ავკუნტრუშდი მეოთხე სართულზე.კარზე ზარის დარეკვის ნაცვლად- ფხაჭუნი დავიწყე ბაჩანასავით ფრჩხილებით,კითხვაზე-რომელი ხარო?ყეფისმაგვარი ხმით ამოვთქვი სახელი,კარი რომ გამიღეს, სიხარულის ნიშნად ცოლს ფეხებთან გავუგორდი წკმუტუნით,მერე ტყვიასავით შევვარდი სამზარეულოში-ენა ხმელი ფოთოლივით მედო პირში.წყალს დავეწაფე და მერე გულიანად დავდორბლე ჩემი სიდედრი.ჩამოვჯექი და მათ ჩამოტანილ სანოვაგეს მშიერი თვალებით მივაჩერდი.მოლოდინით კუდსაც კი ვაქიცინებდი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები