ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2011


იოანეს გამოცხადება(აპოკალიფსი)

იოანეს გამოცხადება
(აპოკალიფსი) 


როცა მეშვიდე ბეჭედი გაიხსნა, დუმილი ჩამოვარდა ცაში, დაახლოებით ნახევარ საათს
                                                              გამოცხადება. თავი8.1.



და აიხსნა პირველი ბეჭედი:

სველი ხელებით ჩვენ მოვკრიფეთ მთელი სამყარო,
ყველა ხილული, ვერ ხილული ნაწილაკითურთ,
ახლა კი გვიკვირს, ოცნებებიც რომ გვაქვს საპყარი
და გვინდა ავდგეთ, გავიმართოთ წელის ათრევით,
მუხლზე დაყრდნობით ან სხვა რამე, რიგი ხერხებით,
თავი ავწიოთ, შევაფურთხოთ ყოველგვარ მიტრას,
გვირგვინს, წოდებას ამქვეყნიურს (თუ მოვახერხებთ).
ხუთი პური და ორი თევზი- იმ ე.წ. ტრაპეზს,
გავუგოთ გემო, გავიწმინდოთ სულში ლაქები,
გამომშრალ ფიქრებს შემოვავლოთ თეთრი არშია,
მოვინანიოთ ყველა ცოდვა, ვქენით, არ ვქენით,
უნებლიეთ თუ ჩვენი ნებით და ვიდგეთ ქარში.

და აიხსნა მეორე ბეჭედი:

მანამდე ომი, რწმენის, მიწის და სხვათა გამო,
დანომვრის წესით – პირველიდან, მესამეს ჩათვლით,
რომ პირში გვქონდა სისხლისა და მტვრის რაღაც გემო,
ზოგჯერ ლატენტურ პერიოდში ჩვენს თავში ვთვლემდით
და ღმერთს ვაწნიდით სილას, ისევ ჩვენივე ქცევით,
სისულელეა! ახლა ამ სისხლს თვალებთან ვიშრობთ,
ჩვენ დაგვაჯერეს, თითქოს, რწმენა მოძველდა, გაცვდა
და ერთმანეთის ხორცი ვჭამეთ უდაბნოს ქარში.

და აიხსნა მესამე ბეჭედი:

ვცდილობდით ახსნას, ყოველ ღამით, სახით კედლისკენ,
ჩვენი ცოდვების მეტ-ნაკლები სიმძიმის ძალას,
ვაკაკუნებდით ხორცში, სულში, როგორც კოდალა,
გვტკიოდა, ზოგჯერ (სიძველისგან), ის მყიფე ძვლები,
რის გამოც, ვეღარ დავიცავდით წონასწორობას.

და აიხსნა მეოთხე ბეჭედი:

იყო შიმშილი, უპურობა, სიბერე. ღმერთი
გვახსოვდა, მხოლოდ, გარდაცვლილს რომ ვმარხავდით შიშველს.
ქუჩაში, გზაში დავდიოდით ჯგუფ-ჯგუფად, ერთად,
სარჩოს ვეძებდით (გადარჩენის ინსტინქტი), ვიშვით
ჩვენ ხელმეორედ. მოვიპოვეთ სიცოცხლე ბრძოლით
და ხორცი იყო მრავალფერი აპლიკაცია.
ეს არ ყოფილა მეცნიერთა და მათთა ბრალი,
არც რნმ-ის უკუღმართი რეპლიკაციის.

და აიხსნა მეხუთე ბეჭედი:

ჩვენ საკურთხევლის ქვეშ ვიყავით მკვდარი სულები,
ვითხოვდით, მხოლოდ, შურისგებას დარჩენილებზე,
მიწაზე, გვერგო წმინდა სამსონ, როგორც სალბუნი
და ბოლოს ისევ ჩვენს სხეულში გადავიჩეხეთ.

და აიხსნა მეექვსე ბეჭედი:

იყო ქარები, მიწისძვრები, გამოქვაბულებს
თავს აფარებდნენ მეფეები, გლახები და სხვა
განსხვავებული ყველა ნიშნით კაცი თუ ქალი,
არც შავი ჭირი დაგვკლებია, ვიტანდით სახადს,
ციმბირის წყლულსაც (ხელოვნურ თუ ბუნებრივ ვირუსს),
იჩიჰარადან დაწყებული –ცუნამებს, ვულკანს,
გამოვიკეტეთ (გვეშინოდა), საკუთარ არსში,
ეს ყველაფერი მოვიტოვეთ უფალო უკან,
მოვედით შენთან, პირველად და უკანასკნელად!

და აიხსნა მეშვიდე ბეჭედი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები