ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ____ო____ი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2009


აპრილი

                ვილაპარაკოთ

მსგავსი დღეების უსაშველო დარჩა ატანა,
დეე, გადაწყდეს ისე როგორც ღამემ განაგოს,
მოდი ჩემთან და ამ დუმილის გასაფანტავად,
თუნდაც სულ მცირე, ამინდებზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ - როგორ ფეთქავს დილა კვირტივით,
წვიმის წვეთებში მზის სხივები როგორ ეტევა,
იცი, მე ახლაც შარშანწინდელ ამინდს მივტირი
და ეს ტირილიც მენანება გასამეტებლად.

ვილაპარაკოთ, შენს უმანკო სულთან მიმიშვი,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ - სიყვარულზე მთელი სიგიჟით
და მოდი მერე სიგიჟეზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ, დანარჩენზეც, ბევრი მხილებით,
სხვებს როგორ უყვართ, როგორ სძულთ ან როგორ ელიან,
როგორ არიან ანგარებით ერთად წყვილები
და ანგარება ჩვენთვის როგორ არაფერია -

რადგან პროცესი დასრულდება მაინც გნიასით,
დაგეგმილ გრძნობებს ჩვეულებრივ ვეღარ განაგებ,
ვილაპარაკოთ - ერთადერთხელ პოეზიაზეც -
ან შენ მისმინე და მე მარტო ვილაპარაკებ...

ვილაპარაკოთ - უსაფუძვლოდ, უხმოდ, უმიზნოდ,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისეც ნუ ვიზამთ,
რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო.


ორი უკიდურესობა

ლუღლუღებს დაღლილი
აღლუმი ღალღათა,
ტალღებში ზღვა თავის
დახრჩობას აპირებს,
გოგონამ სილაში
იესო დახატა
და მერე ამბორით
დაათრო ნაპირი.

მე კიდევ იმ ხანად
სხვა  გოგო მიყვარდა,
უსულო ვნებებიც
ძვლებამდე ვაქეზე,
ხორციელ სურვილს კი
ვიკლავდი იმ ქალთან,
იმ ქალთან - ცის სუნი
რომ შერჩა ბაგეზე...
.
ვიხსენებ და სულში
ღალღათა სისხლია,
შემინდე უფალო
იმ ცოდვის ტარებით -
სუნთქვამდე გარყვნილს და
მუხლამდე ქრისტიანს,
რამეთუ უღირსად
ვარ ნაზიარები....................................



                (თინათინს)

იყო საღამო, იყო ქარი, იყო გზა და გზა,
წვიმდნენ წვეთები ხეში წყალს და ასე თავისებრ,
თვე – თებერვალი გარეთ იდგა როგორც ანდაზა,
მივდიოდით და ნაბიჯ-ნაბიჯ გავითავისე –

ჭეშმარიტების ურთულესი დარჩა მიგნება,
დაკარგვის შიშიც თებერვალთან ერთად მოსულა,
კამათში ორმხრივ დათმობასთან ასოცირდება,
ავტობუსში რომ ადგილს უთმობს ორსულს ორსული.

ანუ ვხვდებოდით ყოველივეს, ანუ პირიქით,
ანუ დავშორდით, ღამე იყო სამგლოვიარო
და იმ გზებიდან ერთადერთი დაგვრჩა ბილიკი
და ის ბილიკიც ჩვენ სხვადასხვა გზებით ვიარეთ...

წვიმის ქალაქში ვიტრინებზე წვიმდა არია,
ბოჰემით მთვრალი დავყვებოდი უკან ხეტიალს,
მე შენ მიყვარდი და მიყვარდი ისე ძალიან,
რომ ოთხ სტრიქონში – ის გრძნობები და ის განცდები,
ის დღეები და ღამეები,
ის ფიქრები და ტკივილები,
ყველაფერი და არაფერი,
არ ჩამეტია!..........


                         
                              # # #

იცინი ნაკლებად და ამთქნარებ სასაცილოდ,
იმდენად კეთილი ხარ გიფრთხიან არასოდეს
მტრედები, რომლებიც ძალგიძს რომ დააძინო
უბეში ჩვეულებრივ... და მინდა გთავაზობდე -

პლანეტებს პეშვებით, მოკრეფილს ხმაურიდან,
სიყვარულს პოეტურად, ჩვეული მეთოდივით,
მე მიკვირს რამდენი რამეა ქალური და
მე მიკვირს რამდენი რამეა დედობრივი -

შენს ბავშვურ თვალებში, თვალებში რომლებითაც
ჩემს ჯერ არ დაწერილ სტრიქონებს ახამხამებ,
იმდენად მიყვარხარ რომ სუნთქვაც მომერიდა,
რომ ცქერაც მომერიდა, რომ ისე დავაღამე -

შეცვლილა არაფერი, ცუდად ვარ გაცილებით,
ზაფხულის ქალაქში ყინულის სახლებია...
დავდივარ უშენოდ და შენს მკერდში ნაძინები
მტრედები, ქუჩაში ფეხდაფეხ დამყვებიან.


         
            ნაელემენტარულევი

იყო და არა იყო რა და რა იქნებოდა
ღვთის უკეთესი, იყო ერთი ერთ დღეს იდეა,
დროგამოშვებით ნარჩენ წვეთებს იფურთხებოდა
სახურავი და დილა ახლაც ისე მშვიდია,

როგორც იმ დილით, როცა ზრახვამ აზრი გათელა,
როცა ცალსახად გადავწყვიტე მოკვლა სიშორის,
მერე შენს სარკმელს დავუმიზნე მახსოვს ანტენა
და სიმარტოვეს აჩვენებდა ტელევიზორი.

მე გავიცანი შემოდგომა ორიათასრვა,
იზაბელა რომ დაასრისა ნასექტემბრალმა
წვიმა კი იყო როგორც ციდან სისხლის გადასხმა
დედამიწაზე და მზე ჩანდა როგორც მემბრანა.

თუმც შენი სახლის მიმდებარე ტალღებს, ამინდებს,
მაინც ვიჭერდი, ქალაქს ქარმა წვიმა ახარა,
საფერფლის გვერდით ბზრიალებდა ბოლოქანქარა
და შემოდგომა შუაღამით ისე გარინდე -

რომ ჭირი იქა, ლხინი აქა და ქატო იქა,
ფქვილი აქა და გადალახვა ჩვენი სიშორის,
რადგან წუხელის ისეც მოხდა გამთენიისას,
რომ ტელევიზორს აჩვენებდა ტელევიზორი...


ზღვა, წვიმა, პორტო ფრანკო

            (ზინიკოს)

თქვენ გახსოვთ ალბათ ძვირფასო ზიზი,
პორტო ფრანკო და წყვილი მიმოზა,
გაგეცინებათ და წვიმის ზიზღი
ქალაქში ისევ წვიმამ მიმოსა.

ქოლგებიც იყო, დარჩენის მოტივს -
არ ჰქონდა არსი, წვეთების დენთიც
დაიმსხვრა ზღვავე და ჩანდა ფლოტი
და მახსოვს ზიზი რომ კარგად წერდით.

შეგეძლოთ გრძელი საუბრის ასხმა,
მე კიდევ ბევრი დუმილი გკადრეთ,
გიყვარდათ მზე და ასე ჩემს მსგავსად
დაკარგეთ მამა ძალიან ადრე.

ჩვენ ვიცინოდით გზა და გზა მაშინ
ძაღლებმა ჰაერს უკბინეს როცა,
დღეს კი ორივე სარკესთან გავშრით
და მზეზეც გავშრით და წლის ვართ ოცის.

მე დაბადებულ ჩემს თავს ვტიროდი,
იყო წარსულის წვიმა ვითარმედ,
თქვენ ერთობოდით სანაპიროთი
როცა ბავშვობა გადმომითარგმნეთ.

და რახან გნახეთ და გნახეთ რახან,
ხანდახან, რა, თუ, არაკი, რაკი -
მე თქვენ ვერაფერს ვერ გეტყვით ახალს,
იყო ზღვა, წვიმა და პორტო ფრანკო.


    მემედ ბიძას მარცხი

პასუხი ჰენრის >>>> ,,ფანცქვალას"

ლექსი ლექს და წელი წელდა
შემისრულდა ცხრამეტი,
აჭარული უფრო მსდევდა
ინნატტემპერამენტი.

ღამდებოდა სოფელი და
თენდებოდა სოფელი,
ქალაქიდან ამევყვანე
ერთ დღეს ლურჯი ოპელი.

დემეხვიენ გოგოები,
მზია, ლალი ციური
და ერთ დღეში ასე გავხდი
ძალზედ სიმპათიური.

მემედ ბიძას მოუვიდა
დღენი ინფაქტიური,
მაფასებდა უპირველეს
სიძედ სოფლის ჟიური.

ცოტა ხანი რომ მევთმინე,
ზვინის კარი გაიღო,
რა ვიცოდი ბრიყვმა მაშინ
ალიმენტი რა იყო.

საქმე როცა გიმირჩიეს,
მე გამოვდექ მტყუანი,
იმ დღის მერე მქვია სწორედ
დონ დილხორა ჟუანი.

ციცას? - ხელი მოვკიდე და
ჯამეს უკან გევედი,
ტინკლი ტინკლი,
ტანკლი ტუნკლი,
ბაი, ბაი მემედიიიიიიიი.............


                # # #

ქალაქს ქალაქში ქალქგარე ხიდზე ეძინა,
აკაციები შემოდგომის ქარით
თვრებოდნენ,
მე გივიწყებდი და ვერაფრით
წარმომედგინა -
ჩემს ლექსებს თუკი
ჩემზე მეტად ეყვარებოდი...

ზოგჯერ მინდოდა
უანგაროდ რომ გედედოფლა,
მაგრამ ქალი ჯერ ქალია და
მერე პოეტი,
თავისუფალი იყო დრო და
იყო საუფლო,
როცა წარსულში ვბრუნდებოდი
სიმარტოვეთი.

ვნახეთ კარ და კარ კარნავალი
მრავალ ნიღაბთა,
დრომ ჩამოლეკა ეპოქა და
მღვრიე ავ-კარგი,
პოეზია კი იმდენად და
ისე გვიყვარდა,
რომ ოცნებისას მახსოვს -
ჩვენს შვილს ლექსო დავარქვით...

ქალაქს ქალაქში ქალაქგარე ხიდზე ეძინა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები