ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოლე
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2011


იანვრის ლექსები

მონატრება (ტრიოლეტი)

ყაყაჩოების სარეცელზე ვწევარ, გულაღმა,
ვეთელვინები მეწამული ღრუბლების რემას.
ის წავიდა და ტკივილებით გზები დანაღმა...
ყაყაჩოების სარეცელზე ვწევარ, გულაღმა,
მკერდში ჩამებნა მარგალიტის ცრემლების ასხმა,
გამიწყდა, როცა მონატრებამ შოლტებით მცემა.
ყაყაჩოების სარეცელზე ვწევარ გულაღმა,
ვეთელვინები მეწამული ღრუბლების რემას.



გივიწყებ

იყო დრო, როცა ჰაერივით ჩაგისუნთქავდი,
ვიხრჩობოდი და ამოსუნთქვა მენანებოდა.
მერე, უთქმელი "მენატრები!", დამაწვა ლოდად...

წეღან, ვიჯექი უშენობის ტბის პირას, მშვიდი
და დავიწყებას მოგონების ხმიადს ვუფშვნიდი.





მამას ბჟოლა

მალე თებერვალიც ბრჭყალებს გამოაჩენს,
გადამემტერება.
ახლა უთქვენობა როგორ მეძნელება,
მოდით ენძელებო!
მერცხლის ნაბუდარში კვერცხი გასტყდომია
სევდას, გამოჟონა.
ქარში შესცივნია მამა, გააჟრჟოლა,
შენს ნაფერებ ბჟოლას.




არამარადმწვანე

ბედნიერების ცრემლის წნულით ირთავდა მზე პირს,
სახეს უშვერდი.
ზღვის საფირონის ნაპირები უყვარდა ზეფირს
და შენი მკერდი.
ვერ გაჯერებდი რომ ყველაფერს ჰქონდა სასრული...
ფარჩა გაგხადეს, მოგახურეს ტანთ ჯვალოს კვართი
დღეს და მოგართვეს სარკოფაგი თეთრი აქატის,
"ძილს" ინებებთო, მეფის ასულო?!




პირველი იანვარი


დღეს, ტანზე თოვლის ლაქებით,
სულ ახლოს ჩამისრიალა,
პრიალა ზანზალაკები
სხვას უჟღრიალა, მე -არა.

მთვარემ  აანთო სანთლებად
ეზოში თეთრი ნაძვები
და ბინდი ტანზე ადნებათ.
ეჰ, დაღლილი ვარ, დავწვები.



მოვლენ, თუ გაიგეს...

მერცხლის ცარიელი ბუდეებით
ისე სევდიანად იყურება,
ცრემლი შეჰყინვია აივანს და
ჭირხლი მოსდებია რიკულებად.
ცას კი შეეჩვივნენ ჭილყვავები,
უბეს უკაწრავენ და უპეებს,
ვინმეს რომ ეამბნა მერცხლებისთვის,
დაუბრუნდებოდნენ ამ ბუდეებს.
ქოთნის ყვავილებს რომ ვერ ვიყვარებ,
მოვლენ, თუ გაიგეს ენძელებმა.
ტანზე სხვის ხელებს რომ ვერ ვიკარებ,
ნეტა, თუ იციან მაგ ხელებმა?
ისევ უშენობის ფსკერზე მძირავს
ახლა, მონატრება-მძიმე ლოდი.
ნეტა, შეგაწუხოს უჩემობამ,
ჩემს გადასარჩენად მოხვიდოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს