 | ავტორი: ლელა ცუცქირიძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 აპრილი, 2011 |
ხანდახან, ხდება, ყურს მიუგდებ შენი შვილის უცნაურ სიზმარს და გესმის ხმები – ანგელოსების ფრთების შრიალის. ის ჰგავს ზაფხულის მშვიდ ღამეებში ჭრიჭინების შორეულ ჭრიჭინს. გაგახსენდება, რომ ამ ხმებით შენი სიზმრებიც იყო სავსე და გაიფიქრებ: ჩემი ჭრიჭინა ანგელოსები… ისინი ახლაც ყველგან არიან: ვარსკვლავებში, მინდორში, ტყეში, ღია ფანჯრებთან, ეზოში, ხეში, კენჭებში, მზეში, ქოთნის ყვავილში… ჭრიჭინებივით უკრავენ ფრთებით უცხო მუსიკას, ფრთებით მღერიან ავე–მარიას, იავნანას… ყველა ბავშვისთვის, ვინც გარეთ დარბის ან ვისაც სტკივა, ან ვისაც შია, ან ვისაც სცივა… ფრთხილად შედიან საგულდაგულოდ დაკეტილ სახლში, სადაც ღრმა ძილით სძინავთ ბავშვებს და სიზმრებში ანგელოსებს ელოდებიან. კიდევ კარგი, რომ ყველა სახლს აქვს პატარა ღრიჭო. …სიმშვიდე მოაქვთ ანგელოსებს ბგერებთან ერთად, უნაწილებენ უმწეო ბავშვებს ყველგან, სადაც კი მათ ეშინიათ: ქუჩაში, სახლში, თავშესაფარში, მეტროში, მტვერში… თუ მიწისქვეშა გადასასვლელში, თუ კლინიკებში, თუ სახლებში, მათთვის პატარა ციხეებად რომ გადაქცეულა და თან მოაქვთ უპოვრებისგან შეწირული, რძეში ჩამბალი პურის ლუკმა, როგორც სიტყვები: საცხოვნებლად სულისა და საკურნებლად ხორცისა, ამინ… მათთვის, უმწეო ბავშვებისთვის, ანგელოსების ფრთების მუსიკა ყველაფერია: დედა და მამა და ოჯახი და სიმშვიდე და სიმყუდროვე და ფანჯარაზე შემოდგმული იის ქოთანი და ყურთბალიში, რომელიც თითქოს ჯადოსნური ზარდახშაა: თავს დაადებენ და ჭრიჭინა ანგელოსები იწყებენ მღერას. ჩემი ჭრიჭინა ანგელოსები… იმდენს მღერიან ბავშვებისთვის ფერმკრთალი ფრთებით, რომ ერთმანეთზე ხახუნისგან ფრთებიც კი ეწვით და მაშინ დგება არა ტრუსის და არა დამწვრის მომწარო სუნი, არამედ სუნი – მოთიბული ღიღილოების და გვირილების, რომლებსაც მხოლოდ ბავშვები გრძნობენ და ისუნთქავენ, და მერე დიდხანს, დიდიხანს ასდის მათ ვარდისფურცლა, ციდა ბაგეებს ზაფხულის მწვანე მინდვრების სუნი. ჩემი ჭრიჭინა ანგელოსები, დამწვარი ფრთებით… ცოტა ხნით თითქოს ჩუმდებიან და მაშინ, ისე მრუმეა ღამე, სცივათ და შიათ უმწეო ბავშვებს და ეშინიათ. მათ არ იციან, რომ ჭრიჭინა ანგელოსები ფრთებს იქსოვენ ისევ თავიდან და სწორედ მაშინ, როცა შიში მოცურავს სახლში, მოცურავს, როგორც ჩაძირული ხომალდის ჩონჩხი, როცა ბავშვები ხუჭავენ თვალებს და საბნებში სახეს მალავენ და სამი თითი მიაქვთ შუბლთან და მერე მკერდთან და მერე მარჯვნივ და მერე მარცხნივ, სახლი ნათდება: შიშის ხომალდს მოჰყვებიან ანგელოსები, როგორც ზღვის ციცინათელები, მთელი სხეულით მოაქვთ შუქი: გამჭვირვალე, ფირუზისფერი და ახალი, ღუნღულა ფრთებით იწყებენ მღერას – ავე მარიას და იავნანას… უცნაურია ანგელოსების ფრთებით ნამღერი ავე მარია და იავნანა, დედის ბგერა აქვს და და ფრთებს – ახლად მოქსოვილებს, დედის ვანილის სუნი ასდის, ათასში რომ გამოარჩევ, არ შეგეშლება. და ბავშვებიც ხედავენ დედებს, ფეხმძიმე დედებს, სწორედ ისეთებს, როგორც ზღვის ციცინათელები: ამობურცული მუცლებიდან ჩანასახები ანათებენ, როგორც ოთახში ანთებული აბაჟურები და ბავშვებს ესმით ხმები, რომელიც ჩვენ აღარ გვესმის – დედის მუცელზე დების ან ძმების გაუბედავი მოკაკუნება. ჩემი ჭრიჭინა ანგელოსები… ბგერებთან ერთად ბავშვებისთვის მოაქვთ სიტყვებიც, როგორც დაშლილი სათამაშო, – პაწაწინა ზამბარებით და ჭანჭიკებით: ან და ბან და გან, დონ და ენ და ვინ, ზენ და თან და ინ, კან და ლას და მან… ეს სათამაშო, დიდი ხნის წინათ ჩვენ დავშალეთ და მოვიშორეთ, ფეხი დავდგით, ან გავაფუჭეთ და ბუნკერებში, სხვა ნარჩენებთან ერთად ჩავყარეთ: ღან და მან და ენ და რან და თან და ინ… ანგელოსები ჩურჩულებენ: “ააწყობ და კონწიალა ხიდი გამოვა – მიწიდან ცისკენ” და ბავშვებიც ცნობისმოყვარედ აწყობენ სიტყვებს, ალაგებენ ამ პატარა მექანიზმებს –ასო–ნიშნებს და კითხულობენ, ისე, როგორც იციან კითხვა, დამარცვლით, თითის გაყოლებით: ღ–მ–ე–რ–თ–ი. ღმერ–თი. ღმერთი. ჩემი ჭრიჭინა ანგელოსები… სიზმრებში მხრებზე ისვამენ ბავშვებს, ხიდზე გადაჰყავთ და ცოტა ხნით ცაში მიჰყავთ, ბაბუა ღმერთთან. “ დაბრუნდით?”– ეტყვის ანგელოსებს ბაბუა ღმერთი, – “ხომ დაუკარით ბავშვებისთვის მინდვრის მუსიკა? ხომ უგალობეთ პატარა ბავშვებს ავე მარია? ღინღლის ხიდზე ხომ სულ ხითხითით გადმოატარეთ?“ ის ყველა ბავშვის ბაბუაა – ჩვეულებრივი. ხანდახან ბაღშიც კი მუშაობს, წვიმებით რწყავს დედამიწის ლურჯ–მწვანე მინდვრებს. როცა იღლება, ქულა ღრუბლების ჰამაკში წვება. ხან ისიც ბრაზობს თავის შვილებზე, ყველაფერი რომ დაივიწყეს საკუთარი თავების გარდა – მამაც და ძეც და სახლიმიწაც… მაგრამ არასდროს ბრაზობს ბავშვებზე: ბაბუები ხომ შვილიშვილებს არც არასდროს უბრაზდებიან და ამიტომ, სწორედ ისე, როგორც ბაბუა, ღიმილ–ღიმილით მოჭუტავს თვალებს, ვითომ შემთხვევით, ჩხრიალ–ჩხრიალით გადმოაპნევს ცაზე ვარსკვლავებს, და ეს ბგერები, ვარსკვლავების ჩხრიალ–ჩხრიალის, ესმით ჭრიჭინებს, ციცინათელებს, პატარა ლეკვებს, კნუტებს, ბატკნებს, ონავარ კვიცებს, ბიჟინებს, თიკნებს, დათვის ბელებს, პირღია ბარტყებს, მსუქან ბავშვებს და გამხდარ ბავშვებს… ანუ, ყველას, ვის ხერხემალზეც, ჯერ მყიფეზე, უჩინარი ფრთები იზრდება, რომლებსაც მხოლოდ თვითონ ხედავენ და ჭრიჭინა ანგელოსები და ბაბუა ღმერთი. ჩემი ჭრიჭინა ანგელოსები… დააქვთ მუსიკა და მღერიან ფერმკრთალი ფრთებით. მათი ბგერები უხმოა ჩვენთვის, ის ესმით ბავშვებს: მუცლადმყოფებს, ჩვილებს, პატარებს…მათ, ვინც არ იცის ჯერ საკუთარ თავში ჩავარდნა. ამ მუსიკაზე ოქროს თევზებიც კი მღერიან აკვარიუმში. ეს მერე, როცა ვიღაც გეტყვის: “საკუთარ სულში ჩაიხედე”! და ჩაიხედავ, და რა თქმა უნდა, ჩავარდები, შენ დაინახავ დადუმებულ ოქროს თევზებს, რომლებიც პირში წყალს იგუბებენ, აღარ მღერიან და შენგან, როგორც მღვრიე წყლისგან, ანგელოსების გუნდის თანხლებით, კრიალა ზეცის მღვიმეებისკენ მიცურავენ, საიდანაც თეთრი ღრუბლების სტალაგმიტები დედის რძესავით ეწვეთება ბავშვების სიზმრებს. სიზმრებს, რომლებსაც ჩვენ ვეღარ ვხედავთ…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ლამაზია:)... შენ პ ო ე ტ ი ხარ:) ლამაზია:)... შენ პ ო ე ტ ი ხარ:)
22. ანა-ინა, დიდი მადლობა:) ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის:) ანა-ინა, დიდი მადლობა:) ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის:)
21. "ბაბუა ღმერთი"
ვგიჟდები ამ ნაწერზე! არ მბეზრდება კითხვა, მართალია საიტზე პირველად ვნახე, მე წიგნში მქონდა წაკითხული და ახლა ავტორი რომ ვიცანი ამ ნაწერის სანახავად შემოვედი. ძალიან ძალიან ჭრიჭინა ანგელოსსებურია "ბაბუა ღმერთი"
ვგიჟდები ამ ნაწერზე! არ მბეზრდება კითხვა, მართალია საიტზე პირველად ვნახე, მე წიგნში მქონდა წაკითხული და ახლა ავტორი რომ ვიცანი ამ ნაწერის სანახავად შემოვედი. ძალიან ძალიან ჭრიჭინა ანგელოსსებურია
20. ლელა, დაემთხვა ისე, რომ ორი დღეა თქვენს ამ არაჩვეულებრივ ლექსს ვკითხულობ განუწყვეტლივ, რომ სხვანაირად დავუბრუნდე ყველაფერს "ნამდვილს". ახლაც ამის გამო შემოვედი აქ და........
ორი დღის უკან შევიტყვე თქვენი ტკივილის შესახებაც!
უფალმა გაგაძლიეროთ!
მე მიყვარხართ,ძალიან! ლელა, დაემთხვა ისე, რომ ორი დღეა თქვენს ამ არაჩვეულებრივ ლექსს ვკითხულობ განუწყვეტლივ, რომ სხვანაირად დავუბრუნდე ყველაფერს "ნამდვილს". ახლაც ამის გამო შემოვედი აქ და........
ორი დღის უკან შევიტყვე თქვენი ტკივილის შესახებაც!
უფალმა გაგაძლიეროთ!
მე მიყვარხართ,ძალიან!
19. შენ გაიხარე! ახლა აქ რომ მყავდე ჩემს სიახლოვეს, გულში ჩაგიკრავდი და :-* შენ გაიხარე! ახლა აქ რომ მყავდე ჩემს სიახლოვეს, გულში ჩაგიკრავდი და :-*
18. სულიერება, ინტელექტი, ბავშვური სისუფთავე, საინტერსო და დახვეწილი თხრობის მანერა – შესანიშნავია! სულიერება, ინტელექტი, ბავშვური სისუფთავე, საინტერსო და დახვეწილი თხრობის მანერა – შესანიშნავია!
17. უჰჰ! ახლა ისეთი ბედნიერი ვარ...
რა სიჩუმეა... რა ჰაერია...
,,დააქვთ მუსიკა და მღერიან ფერმკრთალი ფრთებით"
უჰჰ! ახლა ისეთი ბედნიერი ვარ...
რა სიჩუმეა... რა ჰაერია...
,,დააქვთ მუსიკა და მღერიან ფერმკრთალი ფრთებით"
16. მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ:) იმპრესიონისტს: ჟანრი "სხვა" ამ შემთხვევაში, ტექსტის (ჩემთვის ლექსის:) გრაფიკული განლაგების გამო მივუთითე. მეტი არაფერი:) მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ:) იმპრესიონისტს: ჟანრი "სხვა" ამ შემთხვევაში, ტექსტის (ჩემთვის ლექსის:) გრაფიკული განლაგების გამო მივუთითე. მეტი არაფერი:)
15. საოცრად მესიამოვნა! მადლობა, ლელა!:-* საოცრად მესიამოვნა! მადლობა, ლელა!:-*
14. მშვენიერი... და რატომ სხვა? მშვენიერი... და რატომ სხვა?
13. ულამაზესი სულის ადამიანს დიიიდი მოკითხვა და აპლოდისმენტები!!!!! ულამაზესი სულის ადამიანს დიიიდი მოკითხვა და აპლოდისმენტები!!!!!
12. ჩემი ჭრიჭინა ანგელოსები… დააქვთ მუსიკა და მღერიან ფერმკრთალი ფრთებით. მათი ბგერები უხმოა ჩვენთვის............ ----------------------------------- ძალიან მაგარი ნაწერია, გმადლობ ლელა, რომ შექმენით და გმადლობ ნათი, რომ მიმითითე ამის წაკითხვა..... :-* ჩემი ჭრიჭინა ანგელოსები… დააქვთ მუსიკა და მღერიან ფერმკრთალი ფრთებით. მათი ბგერები უხმოა ჩვენთვის............ ----------------------------------- ძალიან მაგარი ნაწერია, გმადლობ ლელა, რომ შექმენით და გმადლობ ნათი, რომ მიმითითე ამის წაკითხვა..... :-*
11. მოვუბრუნდი!
ხმამაღლა ვკითხულობდი...ყოველი ლამაზი ზღაპრული არსება იყო ახლა აქ, ჩემთან... ჭრიჭინა ანგელოსებიდან_ შიშის გემის ჩონჩხამდე!
ამ ნაწერს არ და ვერ განვიხილავ მხატვრულ-ლიტერატურული გადმოსახედიდან, ეს იქნება უმწეო სისულელე! მითუმეტეს რომ, უძლიერესია ყოველმხრივ!
აქ მე სულიერებაზე მინდა ვთქვა - ლამაზი,სუფთა, ბავშვურად სპეტაკი, ყოველმხრივ, ყოველმხრივ ფერადსაბურველიანი! უსაყვარლესი!
აჭრიჭინდნენ შიგნით! :-*
ლელ, ლელ, შენ ძალიან კარგი ლელ ჰყავხარ ამ საიტს და არა მარტო... !!!!!!!! :-* მოვუბრუნდი!
ხმამაღლა ვკითხულობდი...ყოველი ლამაზი ზღაპრული არსება იყო ახლა აქ, ჩემთან... ჭრიჭინა ანგელოსებიდან_ შიშის გემის ჩონჩხამდე!
ამ ნაწერს არ და ვერ განვიხილავ მხატვრულ-ლიტერატურული გადმოსახედიდან, ეს იქნება უმწეო სისულელე! მითუმეტეს რომ, უძლიერესია ყოველმხრივ!
აქ მე სულიერებაზე მინდა ვთქვა - ლამაზი,სუფთა, ბავშვურად სპეტაკი, ყოველმხრივ, ყოველმხრივ ფერადსაბურველიანი! უსაყვარლესი!
აჭრიჭინდნენ შიგნით! :-*
ლელ, ლელ, შენ ძალიან კარგი ლელ ჰყავხარ ამ საიტს და არა მარტო... !!!!!!!! :-*
10. ეს არის პოეზია...ყველაზე სუფთა და ყველაზე ვრცელი, რაც კი წამიკითხავს აქ...:)))) ეს არის პოეზია...ყველაზე სუფთა და ყველაზე ვრცელი, რაც კი წამიკითხავს აქ...:))))
9. მართლაც გენიალურია...შემოდიით!!!! ეს ყველამ უნდა წაიკითხოთ და ბავშვებსაც წაუკითხოთ!!!! საოცრი უნარი აქვს სულზე ზემოქმედების: აფაქიზებს...ასათუთებს...:-* .გესმის ჭრიჭინა ანგელოების ხმა...ნელსურნელისგან თავბრუგესხმის... მადლობა და კიდევ მადლობა ავტორს ამისთვის...5555555555555555555 მართლაც გენიალურია...შემოდიით!!!! ეს ყველამ უნდა წაიკითხოთ და ბავშვებსაც წაუკითხოთ!!!! საოცრი უნარი აქვს სულზე ზემოქმედების: აფაქიზებს...ასათუთებს...:-* .გესმის ჭრიჭინა ანგელოების ხმა...ნელსურნელისგან თავბრუგესხმის... მადლობა და კიდევ მადლობა ავტორს ამისთვის...5555555555555555555
8. მეგენიალურა! მადლობა ავტორო ამ პოეტური ნაწარმოებისთვის,აქ იმდენი ლამაზი და სათუთი სახეა გაოცდები... მეგენიალურა! მადლობა ავტორო ამ პოეტური ნაწარმოებისთვის,აქ იმდენი ლამაზი და სათუთი სახეა გაოცდები...
7. ძალიან, ძალიან მომეწონა ამ შუაღამისას თუ გამთენიისას;;) ძალიან, ძალიან მომეწონა ამ შუაღამისას თუ გამთენიისას;;)
6. "სუნი – მოთიბული ღიღილოების და გვირილების, რომლებსაც მხოლოდ ბავშვები გრძნობენ და ისუნთქავენ, და მერე დიდხანს, დიდიხანს ასდის მათ ვარდისფურცლა, ციდა ბაგეებს ზაფხულის მწვანე მინდვრების სუნი."
სულში ჩამწვდომი ნაწერია! გმადლობთ, ლელა!
"სუნი – მოთიბული ღიღილოების და გვირილების, რომლებსაც მხოლოდ ბავშვები გრძნობენ და ისუნთქავენ, და მერე დიდხანს, დიდიხანს ასდის მათ ვარდისფურცლა, ციდა ბაგეებს ზაფხულის მწვანე მინდვრების სუნი."
სულში ჩამწვდომი ნაწერია! გმადლობთ, ლელა!
5. ნათია, მედი, მადლობა:) ნათია, მედი, მადლობა:)
4. ორჯერ წავიკითხე,ძალიან ღრმააა.
სტალაგმიტები დედის რძესავით ეწვეთება ბავშვების სიზმრებს. სიზმრებს, რომლებსაც ჩვენ ვეღარ ვხედავთ…
ლამაზი გვერდია და მიყვარს შემოსვლა-მადლობა ავტორს! ორჯერ წავიკითხე,ძალიან ღრმააა.
სტალაგმიტები დედის რძესავით ეწვეთება ბავშვების სიზმრებს. სიზმრებს, რომლებსაც ჩვენ ვეღარ ვხედავთ…
ლამაზი გვერდია და მიყვარს შემოსვლა-მადლობა ავტორს!
3. პოეზიაა აქ _ ულამაზესი! პოეზიაა აქ _ ულამაზესი!
2. გეთანხმები, ოტტო:) მადლობა, რომ წაიკითხე:) გეთანხმები, ოტტო:) მადლობა, რომ წაიკითხე:)
1. სტალაგმიტები დედის რძესავით ეწვეთება ბავშვების სიზმრებს. სიზმრებს, რომლებსაც ჩვენ ვეღარ ვხედავთ…
თუ მართლა მასეა მაშინ ასეთებმა დაკარგეს ის რასაც ქვია "ადამიანი" სტალაგმიტები დედის რძესავით ეწვეთება ბავშვების სიზმრებს. სიზმრებს, რომლებსაც ჩვენ ვეღარ ვხედავთ…
თუ მართლა მასეა მაშინ ასეთებმა დაკარგეს ის რასაც ქვია "ადამიანი"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|