ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2011


ქარივით ჩამდგარს

ქარივით ჩამდგარს,
მდინარის ფსკერი შემიფარებს,
იქ გაიშლება თმა - დაშვებული იალქანი,
ეს მდინარეა - უნაპირო, უკალაპოტო.
ყველა მდუმარეს მიაცურებს
წყნარი დინება
ტბებისაკენ, ზღვებისაკენ, ოკეანისკენ...
წყნარი დინება - უძირო ნავი.

წყალნი ბრუნავენ,
წყალნი დიან,
წყალნი მიდიან,
და როცა ღამე კონტრაბასის აკორდით მღერის
და ჩვილებივით, ფსკერის ცურში თავჩარგულებს სძინავთ მიდიებს,
როცა რიფებზე  ვარსკვლავების ლამპა ინთება,
ქარივით დგები,
დაძენძილ თმას - შავ იალქანს  ძაფდაძაფ ირღვევ.

...მხოლოდ მდუმარე სევდას იტევს ახლა ეს წყალი,
მათ სევდას,  ვისაც სასულეთში სიტყვა გადაცდა.
ვინც უთქმელობით გაიგუდა და  აღარც ეს თქვა:
წყალმა წაიღოს ყველაფერი,
წაიღოს წყალმა...
თქვენ არ გინახავთ მდუმარეთა დაბრუნება,
სხვას არაფერს, ზურგის ქარს ვითხოვ...

გასავლელია წყალმცენარეთა ლაბირინთები,
მღვიმის ტალანი, სადაც ცხოვრობს უბგერო  ექო
და სტალაგმიტი სამოწყალოდ გაწვდილი პეშვით
წვეთ-წვეთ აგროვებს სულთა ამბავს, რომელსაც ვერ თმობს
დავიწყებისთვის.

ჩადექ ქარივით,
საგულეში ჩადექი, გულო.
ჩადექ ქარივით,
სასულეთში ჩადექი, სულო.
არყოფნა - ყოფნის ბუმერანგია.
დგება პირქარი და როგორც მიწას,
წყლის ზედაპირსაც შეეხება სველი ტერფები,
ხმაც გესმის თითქოს:
ზურგის ქარია ყველა სიტყვა და ყველა ფიქრი -
რაც არ წამოგცდა.
მშვიდობით გევლოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს